სამართალი

წამება – სისტემური დანაშაული, თუ ცალკეული ბოროტმოქმედები?

24 ივნისი, 2013 • 2449
წამება – სისტემური დანაშაული, თუ ცალკეული ბოროტმოქმედები?

წამება 

 

საქართველოს მთავარი პროკურატურა უკვე ორ თვეზე მეტია გერმანელ ექსპერტთან ერთად მუშაობს იმისათვის, რომ სამართლებრივად დაადგინოს  სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმრების წამების კუთხით დანაშაულის სისტემური ხასიათი.

 

თუმცა იმის მიუხედევად, რომ უკვე დასრულდა 2011-12 წლებში ციხეებში პატიმართა წამების საქმეზე ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს დაწყებული გამოძიება, არ დამდგარა სასჯელაღსრულების მაშინდელი მინისტრის ხათუნა კალმახელიძის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი.

 

ამ ფონზე შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ცდილობს დაასაბუთოს, რომ სამეგრელოს სამალავებში ადამიანების წამების ამსახველი ვიდეომასალების აღმოჩენით დასტურდება, რომ ადგილი ჰქონდა სისტემურ დანაშაულს, რომლის კვალი მაშინდელ შს მინისტრ ვანო მერაბიშვილზე გადის. მისი ლოგიკა ასეთია:

 

“ეს კადრები გადაღებული არის 2011 წელს… რა თქმა უნდა, იკვეთება სერიოზული ეჭვები და კვალი გადის, თუნდაც, ჩემს წინამორბედზე. მინდა შეგახსენოთ, რომ ვანო მერაბიშვილი იყო მინისტრი 2011 წელს.”

 

სისტემურ დანაშაულზე საუბრისას კიდევ უფრო შორს მიდიან საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ აღნიშნულის გამო პასუხისგება საქართველოს პრეზიდენტსაც მოუწევს.

 

მიხეილ სააკაშვილი არ იზიარებს, რომ ადგილი ჰქონდა სისტემურ დანაშაულს და მიიჩნევს, რომ კონკრეტული დანაშაულისთვის კონკრეტული პირები უნდა დაისაჯონ. 20 ივნისს მან ორი კონკრეტული გვარი დაასახელა – მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე დავით ჩხატარაშვილი და კუდ-ის ყოფილი უფროსი ლევან ქარდავა, რომლებსაც ახალ მთავრობასთან გარიგებასა და თანამშრომლობაში დასდო ბრალი, თუმცა სამეგრელოს სამალავების საკითხზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაკავებულ 9 პირს შორის ისინი არ არიან. შსს-ს ცნობით, ამ საქმეში იკვეთება ლევან ქარდავას ძმის – მეგის ქარდავას ბრალეულობა, რომელიც ინტერპოლით იძებნება.

 

წამების წინააღმდეგ ბრძოლა – ძველი და ახალი მთავრობის პოლიტიკა

 

თითქმის ყველა ის სისხლის სამართლის საქმე, რომელზეც საქართველოს ახალმა მთავრობამ ყოფილ მაღალჩინოსნებს წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მუხლით წაუყენა ბრალი, 2011 წელსაა დაფიქსირებული.

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია “საქართველოში არასათანადო მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ ბრძოლის 2011- 2013 წლების სამოქმედო გეგმის განხორციელების ანგარიში”, რომელიც მოიცავს 2010-2011 წლის ივნისის ჩათვლით პერიოდს და რომელიც წინა მთავრობის მიერაა მომზადებული.

 

აღნიშნული ანგარიშის მიხედვით, მთავარი პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველო სისტემატიურად ახორციელებდა საჯარო მოხელეების მიერ არასათანადო მოპყრობის ფაქტების აღრიცხვას. ამ სამმართველოს მიერ წარმოებული სტატისტიკის თანახმად, 2011 წლის პირველ ექვს თვეში წამების მუხლი გახდა გამოძიების დაწყების საფუძველი 7 საქმეზე, თუმცა უცნობია, დაისაჯა თუ არა ამ მუხლით საბოლოოდ ვინმე. შსს-სა და საქსტატის მონაცემებში, ცალკე არ არის აღნუსხული წამების მუხლით დაკავებულთა და მსჯავრდებულთა შესახებ ცნობები.

 

სწორედ 2011 წელს (5 თებერვალს) დააკავეს ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა–შენახვისათვის მ.ა, რომელმაც არაერთხელ, მათ შორის წინა ხელისუფლების პირობებში, განაცხადა, რომ მისგან წამებითა და არადამიანური მოპყრობით ცდილობდნენ აღიარებითი ჩვენების მოპოვებას სხვა საქმეზე.

 

“ჩამიყვანეს ქვემოთ, შემაგდეს კარანტინში და კარები დახურეს. ამის შემდეგ იღება ტუალეტის კარი და გამოდის ორი ნიღბიანი მამაკაცი. ისინი მეცნენ, რომ ჩამეხადა შარვალი, მაგრამ მე წინააღმდეგობა გავუწიე. ერთი ეუბნება მეორეს – „წესიერად დამიკავე ეს ნაბიჭვ…  უნდა მოვტყ…” უცებ გაიღო „კარმუშკა”, საიდანაც იყურებოდა ორი პირი, ვინც მეგის ქარდავას ახლდა და ფოტოების გადაღება დაიწყეს. ამ დროს საკანში დამაგდეს იატაკზე, შარვალჩახდილი და ერთი მეორეს ეუბნებოდა – „ჯერ პირში მივც… და მოვტყ…” – წერდა ჯერ კიდევ პატიმრობაში მყოფი მ.ა. ციხეში მისი წამების შესახებ.

 

მ.ა–ს ციხეში წამების საქმეზე, იმის მიუხედავად, რომ ამ საკითხის თაობაზე ინფორმირებული იყო მაშინდელი სახალხო დამცველი, რომელმაც გარკვეული რეკომენდაციებიც გასცა, წინა ხელისუფლებას არავინ დაუსჯია.

 

მ.ა–ს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი, ის საქართველოში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, პატიმრობიდან ამნისტიის საფუძველზე გაათავისუფლეს, თუმცა, მოთხოვნის მიუხედავად, მისთვის პოლიტპატიმრის სტატუსი არ  მიუნიჭებიათ. მ.ა–მ ახალი ხელისუფლების პირობებშიც მოითხოვა მისი წამების საქმის გამოძიება, თუმცა, მისი ადვოკატის თქმით, იგი დღემდე არ არის ცნობილი დაზარალებულად და, შესაბამისად, პროკურატურას მათთვის არ უცნობებია, რა ეტაპზეა ამ საქმის გამოძიება.

 

ძველი ხელისუფლების პირობებში, 2011 წლის პირველ ექვს თვეში, არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე სულ 406 შსს თანაშრომლის მიმართ მიღებულ იქნა სხვადასხვა სახის დისციპლინური (თუ სხვა სახის) ზომები, აქედან სისხლის სამართლის სხვადასხვა დანაშაულის ჩადენისათვის დაკავებული იქნა 19 თანამშრომელი. უცნობია, რა მუხლებით და რა სასჯელებით იქნენ გასამართლებული აღნიშნული პირები.

 

საქართველოს მთავარი პროკურატურის ცნობით, 2011 წლის მარტიდან ივნისამდე პერიოდში ჩაიდინა ვლადიმერ ბედუკაძემ პატიმრების წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულები, როდესაც ის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების ოპერატიულ მორიგე ინსპექტორად მუშაობდა.

 

მსჯავრდებულის სასჯელისაგან სრულად გათავისუფლება დაუშვებელია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1441 (წამება), 1442 (წამების მუქარა) და 1443 (დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა) მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულთა საქმეებზე.

 

საქართველოს მთავარმა პროკურორმა ბრალდებულ ვლადიმერ ბედუკაძესთან დადო საპროცესო შეთანხმება განსაკუთრებული თანამშრომლობის შესახებ, რომლითაც ბედუკაძე სრულად გათავისუფლდა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან.

 

ბედუკაძის გარდა, პროკურატურამ საპროცესო შეთანხმება გააფორმა ამავე საქმეზე ბრალდებულ კიდევ 8 პირთან: იმის გამო, რომ საპროცესო გარიგების შედეგად განსაზღვრული სასჯელები (9 თვით თავისუფლების აღკვეთა) უკვე მოხდილი ჰქონდათ წინასწარ პატიმრობაში, სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის შემდეგ ციხიდან გათავისუფლდნენ არადამიანური მოპყრობისთვის ბრალდებულები ბორის ფარულავა (მე-8 დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების ყოფილი ინსპექტორი) და მანუჩარ ლომთაძე (მე-8 დაწესებულების კონტროლის ინსპექტორი).

 

ასევე, საპროცესო გარიგების შედეგად სასჯელები შეუმსუბუქდათ წამებისთვის ბრალდებულ მე-8 დაწესებულების ყოფილ თანამშრომლებს: ლევან ფხალაძეს (მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა) და გელა ცომაიას (მიესაჯა 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა), არაადამიანური მოპყრობისთვის ბრალდებულებს – მამუკა ჩხიტუნიძეს (მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა) და კობა ჩიკვატიას (მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა) 

 

14 ივნისს სასამართლოს დარბაზში დააპატიმრეს, თუმცა საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს მერვე საპყრობილის თანამშრომლებს ალექსანდრე ჯანჯღავას (მიესაჯა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა) და დავით მეცხოვრიშვილს (მიესაჯა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა). ხოლო კიდევ ორ ბრალდებულს – თემურ ჭაჭიას და მათე ელბაქიძეს გადაუკვალიფიცირეს ბრალდება და სასამართლომ მათ დანაშაულის შეუტყობინებლობისათვის მიუსაჯა თავისუფლების აღკვეთა 1 წლის და 6 თვის ვადით.

 

აღნიშნულ პირებს, ასევე, დაეკისრათ ფულადი ჯარიმები და შეეზღუდათ სხვადასხვა ვადით თანამდებობის დაკავების უფლება.

 

მთლიანობაში, პატიმრების წამების საქმეზე დაკავებული 17 პირიდან თავდაპირველად პროკურატურამ წამების მუხლით ბრალდება წაუყენა 8 პირს, თუმცა სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს, როგორ თბილისის საქალაქო სასამართლოს პრესსამსახურში განმარტავენ, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ექვს მათგანს (ოლეგ ფაცაცია, ბორის ფარულავა, კობა ჩიკვატია, მამუკა ჩხიტუნიძე, ვლადიმერ ბედუკაძე, ვიქტორ ყაჭეიშვილი) ბრალი არაადამიანური მოპყრობის მუხლით შეეცვალა. წამების მუხლით დაკავებული დარჩენილი ორი პირიდან კი ყველაზე მაქსიმალური სასჯელი – 6 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა ლევან ფურცხვანიძეს მიესაჯა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით, წამება ისჯება ცხრიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთით.

 

საბოლოო ჯამში, დაკავებული 17 პირიდან პროკურატურამ და სასამართლომ თითქმის ყველა მათგანი ჩააყენა შეღავათიან პირობებში, მათ ნაწილს შეეცვალა ბრალი, ნაწილს – გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება და ნაწილს შეეხო ამნისტიის შესახებ კანონი და საკანონმდებლო ცვლილება სასჯელთა შეკრებითობისა და შთანთქმის თაობაზე.

სისტემა უნდა დაინგრეს! – აქცია გლდანის ციხესთან, 2012 წლის სექტემბერი
სისტემა უნდა დაინგრეს! – აქცია გლდანის ციხესთან, 2012 წლის სექტემბერი

 

შეკითხვაზე, თუ რატომ არ გააფორმა ზემოთ აღნიშნულ პირებთან პროკურატურამ საპროცესო შეთანხმება და რატომ არ განხორციელდა იგივე ამავე საქმეზე 6 ბრალდებულთან მიმართებაში, – მთავარი პროკურატურის პრესსამსახურის უფროსი ხათუნა პაიჭაძე პასუხობს:

 

“ზოგმა ითანამშრომლა, ზოგმა – არა. ვისი ინფორმაციაც უფრო ღირებული იყო, ამ ადამიანებს გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება.”

 

სახალხო დამცველის 2011 წლის საპარლამენტო ანგარიშში სასჯელაღსრულების სისტემაში წამების შესახებ არაფერია ნათქვამია, ანგარიშში მხოლოდ არასათანადო მოპყრობის ფაქტებზეა ყურადღება გამახვილებული:

 

“რაც შეეხება 2011 წლის შედეგებს, მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა არასათანადო მოპყრობის  არაერთი ფაქტი, რომელთა შესახებ სახალხო დამცველმა მყისიერად მიმართა საქართველოს პროკურატურას გამოძიების დაწყების წინადადებით”, – ნათქვამია სახალხო დამცველის 2011 წლის საპარლამენტო ანგარიშში.

 

თვალთვალი – კიდევ ერთი სისტემური დანაშაული?

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში შექმნილია სპეციალური ჯგუფი, რომელიც ფარული მიყურადებისა და თვალთვალის შედეგად უკანონოდ მოპოვებული ფოტოვიდეოაუდიო მასალის განადგურების საკითხებზე მუშაობს.

 

აღნიშნული კომისიის წევრის, გაზეთ “რეზონანსის” მთავარი რედაქტორის,  ლაშა ტუღუშის თქმით, კომისიის წევრებს შსს-მ წარუდგინა 300-ზე მეტი დისკი, რომლებზეც 12 888 ფაილია ჩაწერილი. მისი თქმით, ამ ფაილებზე ასახულია პოლიტიკოსების, ჟურნალისტების, სასულიერო პირების, ცნობილი ადამიანების, პოლიტიკური პარტიების, მედიაორგანიზაციების ოფისების უკანონო თვალთვალის შედეგად მოპოვებული მასალები. არსებობს 52 დისკი, რომლებზეც პირადი ცხოვრების შესახებ მასალებია ასახული. აღნიშნული დისკები 23 ივნისს საჯაროდ უნდა განადგურებულიყო, თუმცა 21 ივნისს შსს-მ პირობა შეცვალა და მასალების განადგურების თარიღი ჯერჯერობით უცნობი დროით გადაიდო.

 

დღევანდელი ხელისუფლების წინასაარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი იყო წინა მთავრობის დადანაშაულება “ტოტალურ მოსმენებში”. ერთ-ერთი პირველი გახმაურებული საქმეც, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, პრემიერ ივანიშვილის მთავრობის ძალოვანმა უწყებებმა სწორედ ამ მიმართულებით დადეს.

 

2012 წლის 15 ნოემბერს ბიძინა ივანიშვილის დაცვის წევრის, ბესიკ სურმავას შანტაჟისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთისთვის, ასევე, უკანონო მოსმენებისათვის კუდ-ის 10 თანამშრომელი და შს სამინისტროს კიდევ ორი თანამშრომელი დააკავეს. დაკავებულთაგან ოთხი სასამართლომ მალევე გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

 

მოგვიანებით, ასევე, გაათავისუფლეს კუდ-ის ყოფილი დირექტორი ლევან ქარდავა, მისი მოადგილე ვაჟა ლელუაშვილი და ყოფილი შს მინისტრის მოადგილე შოთა ხიზანიშვილი.

 

ლევან ქარდავას ადვოკატის, კახა შონიას თქმით, ამ საქმეზე დაკავებულ ყველა პირზე მოხდა ბრალდების განრიდება (სასჯელის ალტერნატიულ სახე, რაც საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმის კეთებას გულისხმობს), ზემოთ აღნიშნული სამი ყოფილი მაღალჩინოსნის გარდა.

 

ამ ინფორმაციას ადასტურებენ პროკურატურაშიც:

 

“მხოლოდ ამ სამი ადამიანის საქმე გადაეცა სასამართლოს. დანარჩენებს – ზოგს განრიდება გაუკეთდა, ზოგს – საპროცესო გარიგება. ეს არის გამოძიების უფლება და მიიღო ეს გადაწყვეტილება იმის შესაბამისად, როგორც ჩათვალა საჭიროდ პროკურორმა,” – აცხადებს ხათუნა პაიჭაძე.

 

უკანონოდ მოპოვებული ჩანაწერების გამოქვეყნება გახდა შს მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის პირველი მოადგილის – გელა ხვედელიძის თანამდებობიდან გადაყენების და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის საფუძველი, თუმცა ხვედელიძე გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს და საზღვარგარეთაც იმყოფებოდა ისე, რომ ჯერ მისი საქმის არსებითი განხილვა არც დაწყებულა.

 

უფრო ადრე თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში მისი უკანონო მოსმენა ხორციელდებოდა თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლის მიერ, თუმცა პროკურატურაში აცხადებენ, რომ ამ საქმეს გრიფი საიდუმლო ადევს და ინფორმაციას იმის შესახებაც კი არ იძლევიან, ვინ იყო თავდაცვის სამინისტროს ის თანამშრომელი, რომელიც ახალი ხელისუფლების პირობებშიც ახორციელებდა ოქრუაშვილის უკანონო მოსმენას.

 

სად მიდის სისტემური დანაშაულის კვალი?

 

იმის მიუხედავად, რომ წამებისა და უკანონო თვალთვალის საქმეებზე, ძირითადად, სასჯელაღსრულებისა და შს სამინისტროს ყოფილი თანამშრომლები არიან გამოვლენილნი, ეს მუხლები არ წარუდგენიათ მაშინდელი სასჯელაღსრულების მინისტრ ხათუნა კალმახელიძისა და შს მინისტრ ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ. ამ უკანასკნელს ამ დროისთვის ბრალი წაყენებული აქვს ისეთი მუხლებით, როგორიცაა ამომრჩევლის მოსყიდვა, მითვისება/გაფლანგვა, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება და ბოროტად გამოყენება.

 

ხელისუფლების წარმომადგენლების ნაწილი აცხადებს, რომ სისტემური დანაშაულისთვის ვანო მერაბიშვილი და მიხეილ სააკაშვილი უნდა დაისაჯონ. ამისათვის აუცილებელია, რომ დასაბუთდეს – ჰქონდათ თუ არა მერაბიშვილსა და სააკაშვილს აღნიშნულ დანაშაულებზე ინფორმაცია და როგორ რეაგირებდნენ მათზე.

 

სისხლის სამართლის საერთაშორისო ნორმებით, მოქალაქეების მიმართ სისტემატიურად და მასშტაბურად ჩადენილი განსაკუთრებით მძიმე დანაშაული არის კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაული.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 408-ე მუხლით (დანაშაული ადამიანურობის წინააღმდეგ) – ეს არის ნებისმიერი ქმედება, ჩადენილი სამოქალაქო მოსახლეობაზე ან პირებზე ფართომასშტაბიანი ან სისტემატური თავდასხმის ფარგლებში, რაც გამოიხატა მკვლელობით, ადამიანთა მასობრივი განადგურებით, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებით, დეპორტაციით, თავისუფლების უკანონო აღკვეთით, წამებით, გაუპატიურებით, სქესობრივ მორჩილებაში ყოლით, პროსტიტუციის იძულებით, იძულებით ორსულობით, ძალადობითი სტერილიზაციით, პირთა ჯგუფის დევნით პოლიტიკური, რასობრივი, ეროვნული, ეთნიკური, კულტურული, რელიგიური, სქესობრივი ან სხვა ნიშნის საფუძველზე, აპარტეიდითა და სხვა არაჰუმანური ქმედებით, რომლებიც სერიოზულ ზიანს აყენებს ადამიანის ფიზიკურ ან/და ფსიქიკურ მდგომარეობას.

 

აღნიშნული დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თორმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით.

საქართველოს პარლამენტმა 2003 წლის 16 ივლისს მოახდინა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის წესდების (რომის სტატუტი) რატიფიცირება. რომის სტატუტიდან გამომდინარე, საქართველომ აიღო ვალდებულება ითანამშრომლოს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან (ICC) ისეთი დანაშაულების გამოძიებისა და დასჯის მიზნით, როგორიცაა, მაგალითად, ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო მხოლოდ მაშინ უნდა ამოქმედდეს, როდესაც უფლებამოსილი ქვეყანა უუნაროა ან არ სურს თავად სათანადოდ ჩაატაროს გამოძიება, განახორციელოს სიხლისსამართლებრივი დევნა და მართლსმსაჯულება.

მასალების გადაბეჭდვის წესი