სამართალი

1 მაისის მანიფესტანტების სასამართლო პროცესების შედეგები

13 ივნისი, 2013 • 1463
1 მაისის მანიფესტანტების სასამართლო პროცესების შედეგები

32 პირის ინტერესებს სასამართლოში საია იცავდა, რომელმაც აღნიშნულ საქმეებზე დღეს ანალიზი გამოაქვეყნა. პირველი ინსტანციის სასამართლოს დადგენილებების ნაწილი გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოში და მასზე საბოლოო გადაწყვეტილება ამ დროისათვის არ არის მიღებული. შესაბამისად, ანალიზი მოიცავს პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმეების განხილვის შედეგებს:


“მანიფესტანტთა დაკავების ოქმებში პოლიცია მიუთითებდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს მუშაკის კანონიერი მოთხოვნისადმი ბოროტი დაუმორჩილებლობა) მუხლებს ერთობლივად. პოლიციის მითითებით წვრილმანი ხულიგნობა ვლინდებოდა მანიფესტაციის მონაწილეთა მიერ რუსთაველის გამზირის გადაკეტვასა და ლანძღვა-გინებაში, რითაც ირღვეოდა საზოგადოებრივი წესრიგი, ხოლო ბოროტი დაუმორჩილებლობა გამოიხატებოდა ასეთი ქმედების შეწყვეტისაკენ პოლიციის მოწოდებისადმი დაუმორჩილებლობაში. თუმცა მოგვიანებით პოლიციამ სამართალდარღვევის ოქმი ორივე მუხლის საფუძველზე შეადგინა 10 პირის მიმართ, დანარჩენ 27 შემთხვევაში სამართალდარღვევის ოქმი შედგა მხოლოდ 166-ე მუხლთან მიმართებით. აღსანიშნავია, რომ პოლიციის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი დამაჯერებელი არგუმენტები, ანალოგიური საფუძვლების არსებობის პირობებში რამ განაპირობა მანიფესტაციის 10 მონაწილის მიმართ ორივე მუხლის საფუძველზე სამართადალრღვევის ოქმის შედგენა, რაც აჩენს ეჭვებს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება სუბიექტური ფაქტორებით იყო განპირობებული. 

 

აღსანიშნავია, რომ ბოლო წლების განმავლობაში სხვადასხვა მშვიდობიანი აქციისა თუ მანიფესტაციის მონაწილეთა დაკავება და მათ მიმართ ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემა სწორედ 166-ე/173-ე მუხლების საფუძველზე ხდებოდა. მსგავსი ტიპის საქმეებზე სასამართლო პროცესის მიმდინარეობა და მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ხშირად გამხდარა ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციების კრიტიკის საგანი. საიას განსაკუთრებულ დაინტერესებას, ჩართულიყო პირველი მაისის დროს დაკავებული  პირების უფლებების დაცვის პროცესში, მათ შორის ეს გარემოებაც განაპირობებდა”, – ნათქვამია საიას განცხადებაში. 

 

სასამართლოს გადაწყვეტილებებით, ადმინისტრაციული ჯარიმა 400 ლარის ოდენობით დაეკისრა მანიფესტაციის 6 მონაწილეს, 100 ლარის ოდენობით – 9 მონაწილეს, სასამართლომ მანიფესტაციის 18 მონაწილე გაათავისუფლა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან და შემოიფარგლა სიტყვიერი შენიშვნით, ხოლო 4 პირის მიმართ  შეწყვიტა საქმის წარმოება სამართალდარღვევის შემთხვევის არარსებობის გამო. 

 

“არსებული მანკიერი გამოცდილების გაგრძელებად შეიძლება ჩავთვალოთ ის, რომ  პოლიციის თანამშრომლების მიერ შედგენილი სამართალდარღვევის ოქმები და პატაკები აბსოლუტურად იდენტურ შინაარსს ატარებდა, ხშირად ბუნდოვანი, ურთიერთსაწინააღმდეგო და დაუსაბუთებელი იყო მათ მიერ სასამართლოსათვის მიცემული განმარტებები. დაფიქსირდა არაერთი შემთხვევა, როდესაც პოლიცია დაკავების ოქმსა და პატაკში მიუთითებდა, რომ უშუალოდ მის მიერ მოხდა მანიფესტაციის მონაწილის დაკავება, თუმცა ჩვენ მიერ წარდგენილი ვიდეო და ფოტომასალით საპირისპირო დადასტურდა. მსგავსი ფაქტები სადავოს ხდიდა მათ მიერ სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებების სანდოობას. 

 

აღსანიშნავია, რომ მანიფესტაციის არაერთი მონაწილე საუბრობდა სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული პირების (სავარაუდოდ, პოლიციის თანამშრომლების) მიერ მათი დაკავების ფაქტებზე და იმაზე, რომ სწორედ აღნიშნული პირები ცდილობდნენ მოეხდინათ  მანიფესტანტთა პროვოცირება. სამოქალაქო ტანსაცმელში მყოფი პირების მიერ აქციის მონაწილეთა დაკავების ამსახველი კადრები გავრცელდა არაერთი მედიასაშუალებითაც. ერთ-ერთ პროცესზე პოლიციის თანამშრომელმა განმარტა, რომ ეს პირები იყვნენ “განრისხებული მოქალაქეები, რომლებიც პოლიციას წესრიგის აღდგენაში ეხმარებოდნენ,“ – აცხადებენ საიაში.

 

იმის გასარკვევად, სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული პირები იყვნენ თუ არა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, საიამ 2013 წლის 7 მაისს ოფიციალური განცხადებით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს. სამინისტროს 2013 წლის 06 ივნისს საიასთვის გამოგზავნილ წერილში ნათქვამია, რომ “საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები აღნიშნული მანიფესტაციის ჩატარების ადგილას სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების მომენტში იმყოფებოდნენ საპატრულო პოლიციის ფორმაში“. 

 

“ამდენად, გაურკვეველია, ვინ იყვნენ სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული პირები და რატომ არ მიიღო პოლიციამ შესაბამისი ზომები მათი ქმედებების აღსაკვეთად. 

 

მივესალმებით საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის ერთი მოსამართლის, ქალბატონ ინგა კვაჭანტირაძის გადაწყვეტილებას, რომელმაც 4 პირის მიმართ შეწყვიტა წარმოება სამართალდარღვევის შემთხვევის არარსებობის გამო. მსგავსი ტიპის საქმეებზე საიას ბოლო წლების პრაქტიკაში ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც სასამართლომ არ გაიზიარა პოლიციის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, მიიღო გადაწყვეტილება ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირების სასარგებლოდ და შეწყვიტა წარმოება სამართალდარღვევის შემთხვევის არარსებობის მოტივით. 

 

აღსანიშნავია, რომ სასამართლო განხილვის დროს მოგვეცა შესაძლებლობა, წარგვედგინა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები, რომლებიც სამართალდარღვევის არარსებობის ფაქტებზე მიუთითებდა, თუმცა, ასეთი მტკიცებულებების არსებობის მიუხედავად, არაერთ შემთხვევაში სასამართლომ მიღებული გადაწყვეტილება კვლავაც მხოლოდ პოლიციის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს დააყრდნო. მიგვაჩნია, რომ ამ მიდგომით სასამართლომ მიიღო არა მხოლოდ კონკრეტული ადამიანების მიმართ დაუსაბუთებელი დადგენილება, არამედ, ზოგადად, სასამართლოს, როგორც ინსტიტუტს (რომელიც მოწოდებული უნდა იყოს საქმის ობიექტურ გადაწყვეტაში) და მის მიმართ ნდობას  შეუქმნა საფრთხე და კვლავაც გააჩინა განცდა, რომ მსგავსი ტიპის საქმეებზე შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვა ფორმალურ ხასიათს ატარებს. 

 

ბოლოს, კიდევ ერთხელ გვინდა ხაზი გავუსვათ შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე დემოკრატიული საზოგადოებისათვის. შეკრების თავისუფლებაში ჩარევა მხოლოდ ლეგიტიმური საჯარო ინტერესის არსებობის შემთხვევაშია  გამართლებული. ამასთან, უფლების შეზღუდვის პროცესში ხელისუფლება პროპორციულობის ტესტით არის შეზღუდული. ხელისუფლებამ უფლების ყველაზე უფრო ნაკლებად შემზღუდავი საშუალება უნდა გამოიყენოს და მიიღოს ადეკვატური პოზიტიური ზომები შეკრების ჩატარებისთვის. პირველი მაისის აქციასთან კავშირში ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხანმოკლე და ნაწილობრივი შეფერხება, როდესაც პოლიციამ სათანადო გაფრთხილებაც კი არ მისცა მანიფესტაციის მონაწილეებს,  ისევე როგორც მანიფესტაციის ცალკეული მონაწილეების მიერ ჩადენილი ინდივიდუალური სამართალდარღვევები, არ შეიძლება შეფასდეს, როგორც საკმარისი საფუძველი მთლიანად მანიფესტაციის შეწყვეტისა და მისი მონაწილეების დიდი ნაწილის მასობრივი დაკავებისთვის.     

 

ვიმედოვნებთ, რომ პირველ მაისს დაშვებულ შეცდომებს სახელმწიფო მომავალში გაითვალისწინებს და ყველა პირს მისცემს შესაძლებლობას, სრულყოფილად ისარგებლოს კონსტიტუციით გარანტირებული შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებით”, – ნათქვამია საიას განცხადებაში.

 

შეგახსენებთ, რომ 2013 წლის 1 მაისს “ლაბორატორია 1918”-ის ორგანიზებით გაიმართა შრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით აქცია-მსვლელობა. პოლიციის მიერ მანიფესტაციის მონაწილეთა დაკავება დაიწყო მაშინ, როდესაც მანიფესტაციამ რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლა და მის დასრულებამდე რამდენიმე წუთი იყო დარჩენილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი