სამართალი

მონასტერი – თავშესაფარი ყოფილი პატიმრებისთვის

30 მაისი, 2013 • • 1609
მონასტერი –  თავშესაფარი ყოფილი პატიმრებისთვის

არასამთავრობო ორგანიზაციები პატიმართა რესოციალიზაციასთან დაკავშირებით სამ ძირითად პრობლემაზე საუბრობენ: ჯანდაცვა, დასაქმება და თავშესაფარი. თუმცა, მათ შორის ყველაზე მწვავედ თავშესაფრის საკითხი დგას, რადგან სახელმწიფო ამ მიმართულებით ფულს არ ხარჯავს და ჯერჯერობით, რაიმე რადიკალური ცვლილება ამ მიმართულებით არ იგეგმება.

 

“პირველი და უმთავრესი პრობლემა არის თავშესაფრის პრობლემა. პატიმრების უმრავლესობა, ფაქტობრივად, უსახლ–კაროდ არის დარჩენილი და ჩვენ გვაქვს სტატისტიკა, რომ 38–მა სოციალურად დაუცველმა ყოფილმა პატიმარმა არ იცის სად წავიდეს და სად შეაფაროს თავი, რადგან ბევრ მათგანს ახლობლები, ნათესავები გარდაეცვალა და არ აქვთ თავშესაფარი.  ეს არის უდიდესი პრობლემა, თუ სახელმწიფო არ ჩაერევა, თუ თავის სტრატეგიაში არ გაითვალისწინებს, რომ რესურსები შექმნას ყოფილ პატიმართა დასახმარებლად, შეუძლებელია რაიმე ეფექტური ნაბიჯის გადადგმა“, – განუცხადა “ნეტგაზეთს” ასოციაცია “ქალი და ბიზნესის” წარმომადგენელმა ნინო ელიზბარაშვილმა. აღნიშნული ორგანიზაცია 2007 წლიდან მუშაობს ქალ მსჯავრდებულებთან და ისინი ეხმარებიან მათ ციხის დატოვებამდე შეისწავლონ რაიმე ხელობა, აითვისონ ბიზნეს უნარები, რომ გათავისუფლების შემდეგ შეძლონ საკუთარი ბიზნესის წამოწყება, ან სადმე დასაქმება.

 

ნინო ელიზბარაშვილის განცხადებით, მან ხელისუფლების წარმომადგენლებს გაუზიარა იდეები, თუ როგორ შეიძლება მოგვარდეს ყოფილი პატიმრებისთვის თავშესაფრის არქონის პრობლემა. მისი აზრით, ეფექტური იქნება, თუ სახელმწიფო პატიმრობიდან გათავისუფლებულ პირს, რომელსაც წასასვლელი არსად აქვს, შესთავაზებს ბინის დაქირავებას, უზრუნველყოს ელემენტარული დახმარებით, რათა მან დროებით მაინც შეძლოს კვება, გადაადგილება და ჰიგიენური საშუალებების ყიდვა. როგორც ელიზბარაშვილი ამბობს, მსგავსი პრაქტიკის წარმატებული მაგალითები ძალიან ბევრ ქვეყანაში არსებობს.

 

მსჯავრდებულებისთვის თავშესაფრის არარსებობის პრობლემას სახელმწიფოც აღიარებს და აცხადებს, რომ ყველაფერს აკეთებენ, რათა ელემენტარული მომსახურება შესთავაზონ ყოფილ პატიმრებს.

 

“პირველ რიგში, ეს ძალიან დიდი პრობლემაა. ამ ეტაპზე რაც გვაქვს და რასაც ვთავაზობთ მსჯავრდებულებს, ეს არის საპატრიარქოს  დახმარება. კრიზისულ სიტუიაციაში, როცა ადამიანი ციხიდან გამოდის და წასასვლელი არსად არა აქვს, აქვს გადაადგილების პრობლემა, ვთქვათ, რეგიონში უნდა წავიდეს და 2–3 დღის განმავლობაში ვერ ახერხებენ წასვლას, საპატრიარქო ასეთ დროს ძალიან გვიდგას მხარში. ამისთვის, ფატქობრივად, 10 ათას მადლობას ვუხდით ყოველდღე, რომ ეს ადამიანები დროებით განათავსონ რომელიმე მონასტერში, სადაც მათ უზრუნველყოფენ პირველადი საკვებით და დროებითი საცხოვრებელი ფართით. მონასტერში გაჩერების დრო ინდივიდუალურია თითოეული მონასტრისთვის, შეიძლება იყოს 1 კვირიდან 1 თვემდე”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” დანაშაულის პრევენციისა და ინოვაციური პროგრამების ცენტრის ყოფილი მსჯავრდებულების რეაბილიტაცია–რესოციალიზაციის პროგრამის პროექტების მენეჯერმა მახარე მერებაშვილმა.

 

მერებაშვილის თქმით, აღნიშნული პროგრამა დაიწყო 2012 წლის დეკემბერში იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის  ინიციატივით. პროგრამის მიზანია, რომ იმ პირებს, რომლებიც ამნისტიის საფუძველზე გათავისუფლდნენ საპატიმროებიდან, გაეწიოთ გარკვეული მომსახურება. მომსახურების გაწევაში იგულისხმება სხვადასხვა ტიპის საჭიროებების დაკმაყოფილება ყოფილი მსჯავრდებულებისთვის.

 

როგორც მახარე მერებაშვილი ამბობს, სოციალური მუშაკები შედიან ციხეებში იმ მსჯავრდებულებთან, რომლებსაც გათავისუფლებამდე 3 თვე აქვთ დარჩენილი. აფასებენ მათ საჭიროებებს, აწვდიან მათ ინფორმაციას, თუ რისი შეთავაზება შეუძლია სახელმწიფოს მათთვის.

 

“საჭიროება ბევრია და ვცდილობთ ეს სერვისები ბევრი მიმართულებით განვავითაროთ. ეს შეიძლება იყოს იურიდიული დახმარება, დიდი მოთხოვნაა ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციაზე, ეს შეიძლება იყოს დასაქმების ხელშეწყობა, სხვადასხვა ტიპის არაფორმალური განათლების მიღება, ტრენინგები, სამოტივაციო წერილის დაწერა, სივის შევსება და ა.შ.  ვცდილობთ აქტიურად ჩავრთოთ სპორტის სამინისტრო და სპორტულ აქტივობებში აქტიურად ჩავრთოთ ეს ადამიანები. ჩვენ ასევე ვიყენებთ არასამთავრობო სექტორის რესურსს”, – ამბობს მახარე მერებაშვილი.

 

დანაშაულის პრევენციისა და ინოვაციური პროგრამების ცენტრი, ჯერჯერობით, მხოლოდ თბილისსა და მის შემოგარენში არსებული ციხეების პატიმრებს ემსახურება, თუმცა, იგეგმება რეგიონებში ფილიალების გახსნა. ამ ცენტრის მომსახურებით სარგებლობა კი ნებისმიერი პირისთვის ნებაყოფლობითია.

 

აღნიშნულ ცენტრს სულ 600–მდე ყოფილმა მსჯავრდებულმა მიაკითხა, საყოველთაო ამნისტიის შედეგად კი საპატიმროებიდან 14 ათასამდე პატიმარი გათავისუფლდა.

 

“რეაბილიტაციის პროგრამაში ჩართვის სურვილის მქონე 600  პირიდან 200–მდე იყო წარმატებული შემთხვევა, რომლებმაც ლაპარაკით გადალახეს ფსიქოლოგიური დისკომფორტი, რაც დაკავშირებული იყო მათ ჩაკეტილ სივრცეში, ციხეში ყოფნისას. ჩვენ არასამთავრობო სექტორთან მცირე პროექტების ფარგლებში შესაბამისი სერვისები მოვიფიქრეთ მათთვის”, – განაცხადა თეა წულუკიანმა დღეს, 30 მაისს, “ქორთიარდ მარიოტში” სისხლის სამართლის რეფორმის უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს რესოცოალიზაცია–რეაბილიტაციის გაერთიანებული ჯგუფის შეხვედრაზე. ამ შეხვედრას თეა წულუკიანის გარდა ესწრებოდა სასჯელაღსრულების მინისტრი სოზარ სუბარი, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინიტრაციის უფროსი თამარ ტალიაშვილი და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები.

 

თეა წულუკიანის თქმით, პატარა კომპანიებმა დიდ კომპანიებზე მეტი პასუხისმგებლობა გამოიჩინეს და ყოფილ პატიმრებს სთავაზობენ სამსახურს. მათ შორის არის ერთ–ერთი კომპანია “ვესტ საიდ ჯგუფი”, რომელმაც ერთი ყოფილი პატიმარი დაასაქმა ტაქსის მძღოლად. თეა წულუკაინის თქმით, ამ წარმატებული 200 შემთხვევიდან დასაქმებულია 10 ადამიანი.  მინისტრის შეფასებით, ეს დიდი რაოდენობა არ არის, თუმცა მნიშვნელოვანი ციფირია იმ პრობლემების კვალობაზე, რასაც სახელმწიფო აწყდება. 

 

მინისტრმა სოზარ სუბარმა კი შეხვედრის დაწყებისას განაცხადა, რომ ყოფილი პატიმრები დასაქმდებიან შს სამინიტროსა და იუსტიციის სამინიტროს მშენებლობებზე, მოეწყობა მათთვის სპორტული ღონისძიებები სპორტის სამინისტროს დახმარებით. სოფლის მეურნეობის სამინიტრომ კი უკვე გადაამზადა რამდენიმე პატიმარი და მათ ტრაქტორის მძღოლად დაიწყეს მუშაობა.

 

სოზარ სუბარმა განაცხადა, რომ ციხეშიც დაიწყო პატიმართა რესოციალიზაციაზე ზრუნვა. ციხეში შეიქმნება სამუშაო ზონები, სადაც ის პატიმრები დასაქმდებიან, ვისაც მუშაობა არ ეთაკილება, ქურდული მენტალიტეტის პატიმრები კი სხვა დაწესებულებაში განთავსდებიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი