სამართალი

რა მოხდა 12 მაისს ბარ–რესტორან La Truffe-ში

13 მაისი, 2013 • 2578
რა მოხდა 12 მაისს ბარ–რესტორან La Truffe-ში

როგორც La Truffe–ს მომსახურე პერსონალი იხსენებს, დარბაზში სულ 4 მაგიდა იყო დაკავებული, აქედან ერთ მაგიდასთან “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები – დავით საყვარელიძე, ზაზა გოროზია და გიორგი ვაშაძე ისხდნენ, ხოლო მათ მოპირდაპირე მაგიდასთან, მთაწმინდის რაიონის გამგებელი ნიკა მელია, მამუკა ბაკურია, ბექა მაზიაშვილი და მანანა გიორგობიანი. დარბაზში იმყოფებოდნენ სხვა პირებიც.


“სულ რამდენი ადამიანი იყო, დაზუსტებით არ ვიცი, დაპირისპირება დაახლოებით 00:30 საათზე დაიწყო. მე ნამდვილად არ ვიცი, ვინ დაიწყო  ეს ყველაფერი, რადგან როდესაც დარბაზში შემოვედი, ინციდენტი უკვე მაგიდებს შორის ტერიტორიაზე გრძელდებოდა. ჩხუბი მიდიოდა, როგორც რესტორნებში ხდება ხოლმე, ყველაფრის გამოყენებით – ჭურჭელი, ჩანგლები, ჭიქები, ყველაფერი ჰაერში დაფრინავდა”, – აცხადებს La Truffe–ს ერთ–ერთი თანამშრომელი ნიკოლოზ ჭოხონელიძე.


რესტორნის მზარეულის ნიკოლოზ ქებურიას განცხადებით, ინციდენტი დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა:


“მე ვიყავი სამზარეულოში, ვამზადებდი შეკვეთას. მას შემდეგ, რაც ხმაური გავიგონე, უცებ დავამთავრე და გავედი გარეთ, დარბაზში უკვე არეულობა იყო, იყო მტვრევის ხმა, შუშის ნამსხვრევები ეყარა, ფაქტიურად შევესწარი ომს, თუმცა, მე რომ გავედი, ყველა ერთმანეთს კი აღარ ურტყამდა, უკვე გაშველების მომენტი იყო”, – აცხადებს ნიკოლოზ ქებურია.

მაგიდა რომელთანაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ისხდნენ
მაგიდა რომელთანაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ისხდნენ

მომსახურე პერსონალი იხსენებს, რომ იმ დღეს რესტორანში იმყოფებოდა პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ასევე, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი თავის მეუღლესთან ერთად, თუმცა სააკაშვილმა რესტორანი ინციდენტის დაწყებამდე დატოვა, ხოლო მერაბიშვილი მაშინ გავიდა, როდესაც შეხლა–შემოხლა ახალი დაწყებული იყო.


თავად ინციდენტის მონაწილეები შელაპარაკების დაწყებას განსხვავებულად აღწერენ:


“კაფეში იმყოფებოდა რამდენიმე ადამიანი, რომლებსაც ეტყობოდათ ვიზუალურადაც, რომ იყვნენ ძალიან აგრესიულად განწყობილი და ფაქტიურად გააკეთეს ყველაფერი იმისთვის, რომ მოეხდინათ ჩხუბის პროვოცირება. დეტალურად ვუყურებდი და ვადევნებდი თვალყურს ამ ადამიანების საქცელს, განსაკუთრებით ნიკა მელიათან მიმართებაში”, – აცხადებს დეპუტატი დავით საყვარელიძე “კურიერთან” საუბარში.


ნიკა მელიას თქმით, დამსწრეთაგან ერთ–ერთმა, მაზიაშვილმა მას “არასერიოზული კითხვები” დაუსვა:


“მაზიაშვილმა ხელის გამოწევით გამაჩერა და კითხვა დამისვა, რომელი რაიონის გამგებელი ვიყავი. ამის შემდეგ მკითხა, რომელწლიანი ვიყავი, რომელ წელს დაბადებული და აშკარა იყო, რომ არასერიოზული და არაკეთილგანწყობილი კითხვები იყო”, – აცხადებს მელია.

მაგიდა რომელთანაც ისხდნენ მამუკა ბაკურია, ბექა მაზიაშვილი და სხვა პირები

მამუკა ბაკურიას თქმით კი, ინციდენტი ნიკა მელიას გამო მოხდა, რომელსაც მათთვის ხელის შეშლა უნდოდა და მათ მაგიდასთან არაერთხელ მივიდა:

“ძალიან უცნაურია, რატომ გადაწყვიტა ამ ადამიანმა ჩვენთვის ხელი შეეშალა იმიტომ, რომ ჩვენ არავისთვის ხელი არ შეგვიშლია. ჩვენი მხიარულება თუ ვინმეს აღიზიანებდა, არ ვიცი, ეს ალბათ ფსიქოლოგების, შეიძლება ფსიქიატრების პრობლემაც იყოს. მოვიდა მელია, მიესალმა ბექას ერთხელ, შემდეგ მოვიდა მეორეჯერ და მხარზე წაუპატყუნა ხელი”, – აცხადებს ბაკურია. მისი თქმით, ინციდენტი სწორედ ამის შემდეგ დაიწყო.

მომხდართან დაკავშირებით დღეს, დაახლოებით 5 საათის განმავლობაში იმყოფებოდა დაკითხვაზე ზაზა გოროზია, თუმცა მან პოლიციის

გოროზია დაკითხვაზე
გოროზია დაკითხვაზე

განყოფილება ისე დატოვა, რომ კომენტარი არ გაუკეთებია. ინციდენტის შედეგად მან ხელის მტევანი დაიზიანა.

დავით საყვარელიძემ ინციდენტის შედეგად ტვინის შერყევა მიიღო, რის გამოც ის გამოძიებამ სახლში დაკითხა. მისი თქმით, მან დეტალური ინფორმაცია მიაწოდა გამოძიებას და მომავალშიც მზადაა თანამშრომლობისთვის.


ინციდენტის იმ მონაწილეებს, რომლებიც ჯერ არ დაკითხულან, გამოძიება სავარაუდოდ უახლოეს მომავალში დაკითხავს:

 

“სამართალდამცველები  ჩვენებებში ნახსენებ პოლიტიკოსებს უახლოეს დღეებში დაკითხავენ. მათ შესაბამისი  უწყებები უკვე დაეგზავნათ,”– ნათქვამია შსს–ს განცხადებაში.  

 

მასალების გადაბეჭდვის წესი