სამართალი

რას ნიშნავს რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკის ზრდა

16 აპრილი, 2013 •
რას ნიშნავს რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკის ზრდა

იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ოთარ კახიძე, რომელიც ამჟამად არასამთავრობო ორგანიზაცია „პოლიტიკის ანალიზის ცენტრში“ საქმიანობს, მიიჩნევს, რომ პოლიციის სტატისტიკით დანაშაულის გაზომვა მართებული არ არის:

„თუ პოლიციაში დანაშაული დარეგისტრირდა, ეს შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ უბრალოდ მიმართვიანობა გაიზარდა, პოლიცია უფრო აქტიურად არეგისტრირებს დანაშაულს და ა.შ.

მაგალითად, დანაშაულის ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ევროპაში ყველაზე საშიში სახელმწიფო შვედეთია, მერე მოდის ფინეთი. ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა კი არის ალბანეთი და რუმინეთი იმიტომ, რომ იქ პოლიცია არ არეგისტრირებს დანაშაულს და კორუფციის პრობლემა აქვთ. შვედეთსა და ფინეთში კი პოლიცია ყველაფერს არეგისტრირებს“.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო დანაშაულის აღრიცხვის ახალი მეთოდოლოგიის უპირატესობაზე საუბრობს. შსს-ს ცნობით, ყოფილი ხელისუფლების პირობებში წარმოებით შეწყვეტილი სისხლის სამართლის საქმეები არ აღირიცხებოდა და, შესაბამისად, დანაშაულის დაბალი სტატისტიკა იყო შენარჩუნებული გარკვეულ შემთხვევებში, ახლა კი ყველა დანაშაული აღირიცხება, მიუხედავად იმისა, შემდგომში რა მიზეზით შეწყდება.

შსს–ს ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილი უფროსი შოთა უტიაშვილი მიიჩნევს, რომ ისეთი დანაშაული, რომელშიც ძიების შედეგად დადგინდება, რომ დანაშაული არ მოხდა, რა თქმა უნდა, არ უნდა აღირიცხოს. ასეთ მაგალითად უტიაშვილი ასახელებს თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აღძრულ სისხლის სამართლის საქმეებს, როდესაც დგინდებოდა, რომ ადგილი ჰქონდა სუიციდს და, შესაბამისად, მაშინდელი შსს ამ დანაშაულს არ აღრიცხავდა, მიმდინარე წლიდან კი ასეთი საქმეები თავს იყრის “კრიმ ქეისში”.

სისხლის ელექტრონული სამართალწარმოების პროექტი – იგივე “კრიმ ქეისი”, საქართველოში 2011 წლიდან დაინერგა, თუმცა სრულად ახალი ხელისუფლების პირობებში, 2013 წლის იანვრიდან ამოქმედდა. შსს-ს ცნობით, დანაშაულის აღრიცხვის ახალი მეთოდოლოგია უფრო ზუსტია და დანაშაულის ოპერატიულად აღრიცხვის საშუალებას იძლევა.

აღნიშნული მეთოდოლოგიის შემუშავებაში მუშაობდა წლების წინ იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ოთარ კახიძე. მისი თქმით, თუ საქმეზე ძიების შედეგად დადგინდა, რომ დანაშაული არ მომხდარა, ის საერთო სტატისტიკას არ უნდა მოაკლდეს, არამედ ცალკე უნდა დაიწეროს, რამდენ საქმეზე შეწყდა ძიება და რა მიზნით. მსგავსი მიდგომა კი, მისი თქმით, უფრო ზუსტ მონაცემს დააფიქსირებს.

დანაშაულის სტატისტიკის ახალი მეთოდოლოგიის პრეზენტაცია შსს-ში
დანაშაულის სტატისტიკის ახალი მეთოდოლოგიის პრეზენტაცია შსს-ში

შსს-ში განმარტავენ, რომ წინა ხელისუფლების პირობებში ბრალის წარდგენის კომპონენტის გარეშე დანაშაულების აღრიცხვა არ ხდებოდა, რადგან ამით არ გაზრდილიყო გაუხსნელი დანაშაულების სტატისტიკა: საქმე ის არის, რომ მაშინ საქმის გახსნის ერთადერთ საფუძველს ბრალის წარდგენის შესახებ დადგენილება წარმოადგენდა და იმდროინდელ სააღრიცხვო სისტემას არ გააჩნდა ბრალის კომპონენტის გარეშე საქმის გახსნილად ჩათვლის მექანიზმი, რის გამოც შსს მას საერთოდ არ აღრიცხავდა.

შსს–ს ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილი უფროსი შოთა უტიაშვილი აცხადებს, რომ მას ვერ წარმოუდგენია საქმის გამოძიება ორი შესაძლო შედეგის გარეშე: ან უნდა შეწყდეს საქმე დანაშაულის არარსებობის გამო, ან დამნაშავეს უნდა წაუყენონ ბრალი.

ოთარ კახიძე აცხადებს, რომ საქართველოში რამდენიმე თვის წინ დაინერგა ახალი მექანიზმი – განრიდება, როცა დანაშაულის ჩადენაში მხილებულ პირს ბრალის წარდგენის ნაცვლად სთავაზობენ განრიდებას, შესაბამისად, საქმე სასამართლოში არ მიდის, არ არის ბრალდებული და საქმე იხურება.

კახიძის თქმით, ახალი მეთოდოლოგიით მსგავსი ფაქტების აღწერაც ხდება, რაც მეტ სიზუსტეს უზრუნველყოფს.

თუმცა იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილი უფროსის განცხადებით, დანაშაულის დონის გასაზომად ყველაზე ეფექტური საშუალება არის ვიქტიმოლოგიის კვლევა, რომელიც საქართველოში ჩატარდა 2010, 2011 და 2012 წლებში იუსტიციის სამინისტროს მიერ.

კვლევის არსი იმაში მდგომარეობს, რომ არჩევენ 3 ათას ადამიანს, რომელიც არის ქვეყნის მინიმოდელი, უსვამენ კითხვას, გახდნენ თუ არა დანაშაულის მსხვერპლი და ამ მონაცემებს ადარებენ საქართველოს წინა წლებისა და სხვა ქვეყნების მონაცემებს. კახიძის მტკიცებით, აღნიშნული მეთოდი რეალობასთან ყველაზე მეტადაა მიახლოებული, რადგან დანაშაული შესაძლოა პოლიციას ეცნობოს, მაგრამ პოლიციამ არ დაარეგისტრიროს, ასევე, საერთო სტისტიკაში არ შედის ის დანაშაული, რომელიც მოხდა, მაგრამ არ ეცნობა პოლიციას და ა.შ.

მასალების გადაბეჭდვის წესი