სამართალი

ტრეფიკინგის პირველი საქმე 2013 წელს, რომელიც პოლიციამ გახსნილად გამოაცხადა

29 მარტი, 2013 • 2430
ტრეფიკინგის პირველი საქმე 2013 წელს, რომელიც პოლიციამ გახსნილად გამოაცხადა

აჭარის შს მთავარი სამმართველოს უფროსის, ვალერი თელიას განცხადებით, 2013 წლის 5 თებერვალს დაიწყო გამოძიება უზბეკეთის მოქალაქის ტრეფიკინგის ფაქტზე. პოლიციამ ამ საქმეზე დააკავა და ბრალი წაუყენა თურქეთის მოქალაქე  ჰამზა ბ.-ს.

 

გამოძიების ცნობით, დაკავებული ბათუმში დროებით მყოფ უზბეკეთის მოქალაქე მადინა ე-ს 2000 აშშ დოლარის სანაცვლოდ თურქეთში არალეგალურად გადაყვანას შეჰპირდა. ჰამზა ბ-მ მას პასპორტი გამოართვა, რითაც თავისუფლად გადაადგილების უფლება შეუზღუდა. ჰამზა ბ-მ მოტყუების, შანტაჟისა და იძულების გზით მადინა ე.  პროსტიტუციაში ჩააბა და რამდენიმე კვირის განმავლობაში სექსუალურ ექსპლუატაციას უწევდა: მიჰყავდა იგი ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე მდებარე დისკო-კლუბ “არენა”-ში, სადაც თურქი ეროვნების მამაკაცებს ახვედრებდა, რის შემდეგაც პროსტიტუციის გზით გამომუშავებულ თანხას ითვისებდა.

 

თელიას განცხადებით, მადინა ე.-ს თურქეთის მოქალაქე 2013 წლის 5 იანვრიდან 19 იანვრამდე უწევდა სექსუალურ ექსპლუატაციას ბათუმში მოქმედ დისკო-კლუბებში და ასეთი გზით მას გამოსძალა 1800 დოლარი.

 

შსს-ს ცნობით, 2013 წლის 21 იანვარს ჰამზა ბ-მ  სასტუმრო “მარინა”-ში მადინა ე-სთვის პასპორტის დაბრუნების სანაცვლოდ მის მეგობარ მამაკაცს, ერაყის მოქალაქეს გარკვეული თანხა გამოართვა.

 

გამოძიება სსკ-ის 143-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით (ადამიანით ვაჭრობა-ტრეფიკინგი) მიმდინარეობს, რაც 12-დან 15 წლამდე  თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

“ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში აღნიშნული მუხლით არც ერთი პირი არ ყოფილა პასუხისგებაში მიცემული”, – აცხადებს ვალერი თელია.

 

2013 წლის 25 მარტს გაზეთმა ბათუმელებმა გამოქავეყნა სტატია – სექსი იძულებით – ტრეფიკინგის ფაქტი ბათუმში იმაზე, თუ როგორ აიძულებდნენ უზბეკეთის მოქალაქეებს სექსმომსახურებას ბათუმში მოქმედ დისკოკლუბებში – “სტარს”, “არენა”, “ბომბა”. აღნიშნულ ფაქტზე აჭარის პოლიცია გამოძიებას არა ტრეფიკინგის, არამედ იძულების მუხლით აწარმოებს.

 

2013 წლის 28 მარტს აჭარის შს სამმართველომ უზბეკეთის მოქალაქეზე განხორციელებული ტრეფიკინგის ბრალდებით ერთი პირი დააკავა და ეს არის ამ წელიწადში ამ მუხლით დაფიქსირებული და გახსნილი ერთადერთი საქმე.

 

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, რომელიც ყოველწლიურად აქვეყნებს ანგარიშს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ტრეფიკინგის შესახებ, 2011 წელს საქართველოში 16 საქმის და 18 პირის მიმართ დაიწყო გამოძიება ტრეფიკინგის ფაქტზე, 5 პირი გასამართლდა ამ მუხლით და 18 ადამიანს მიენიჭა ტრეფიკინგის მსხვერპლის სტატუსი.

 

2012 წლის მონაცემების შესახებ ანგარიშს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი რამდენიმე თვეში გამოაქვეყნებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი