სამართალი

“სითი პარკი” ავტომობილებს საჯარიმო სადგომზე ისევ გადაიყვანს

25 მარტი, 2013 •
“სითი პარკი” ავტომობილებს საჯარიმო სადგომზე ისევ გადაიყვანს

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნათია ჯორბენაძემ მიმდინარე წლის 22 მარტს დააკმაყოფილა იურიდიული კომპანია DLG & Case-ის ერთ–ერთი დამფუძნებლის, ლევან მახარაშვილის ადმინისტრაციული საჩივარი და გააუქმა კომპანია “სითი პარკის” მიერ შედგენილი საჯარიმო ქვითარი და უკანონოდ ცნო სატრანსპორტო საშუალების სპეციალურ სადგომზე გადაყვანა.

 

2013 წლის 13 თებერვალს DLG & Case-ის დამფუძნებლებმა წინასწარ გამიზნულად კუთვნილი ავტომობილი დააყენეს თბილისში, ჭავჭავაძის #19–თან ტროტუარზე, სადაც განთავსებულია დგომა–გაჩერების ამკრძალავი ნიშანი და გამაფთხილებელი დაფა, წარწერით – “ექვემდებარება დაცულ ავტოსადგომზე გადაყვანას”. როგორც მოსალოდნელი იყო, “სითი პარკის” თანამშრომლებმა ავტომფლობელი დააჯარიმეს, ავტომობილი კი სპეციალურ სადგომზე გადაიყვანეს ევაკუატორით.

 

ლევან მახარაშვილმა სასამართლოში იჩივლა, რადგან მიიჩნია, რომ “სითი პარკის” აღნიშნული ქმედება და წლების განმავლობაში არსებული პრაქტიკა კანონთან შეუსაბამო იყო.

 

კომპანია DLG & Case-ის კიდევ ერთი დამფუძნებელი დიმიტრი საძაგლიშვილი “ნეტგაზეთთან” საუბარში ამბობს,

დგომა–გაჩერების ამკრძალავი ნიშანი
დგომა–გაჩერების ამკრძალავი ნიშანი

რომ მათ სპეციალურად შეარჩიეს ეს ადგილი და მანქანაც ისე დააყენეს აკრძალულ ადგილას, რომ საგზაო მოძრაობას ხელი არ შეშლოდა.

 

“სითი პარკის” იურისტი ელენე თოთიბაძე არ ეთანხმება სასამართლოს გადაწყვეტილებას და ამბობს, რომ კომპანიის თანამშრომლებმა მახარაშვილის ავტომობილი კანონის შესაბამისად გადაიყვანეს სპეციალურ ავტოსადგომზე, ეს კი გააკეთეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125–ე მუხლის მე–8 პუნქტის შესაბამისად.

 

125–ე მუხლის სათაურია “სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა”, მე–8 პუნქტში კი წერია: “8. ამკრძალავი ნიშნის “გაჩერება აკრძალულია” და “დგომა აკრძალულია” , მოთხოვნის დაუცველობა გამოიწვევს დაჯარიმებას 10 ლარის ოდენობით”. ამავე მუხლს აქვს შენიშვნა, სადაც ასევე ვკითხულობთ:  “მიტოვებულ სატრანსპორტო საშუალებას გადაიყვანენ სპეციალურ დაცულ სადგომზე ან განხორციელდება სატრანსპორტო საშუალების თვლების ბლოკირება სპეციალური საშუალებით, თუ ამის თაობაზე მინიშნება ახლავს ამკრძალავ ნიშანს;  ტრანსპორტირებისა და სადგომზე შენახვის ხარჯები დაეკისრება დამრღვევს”.

 

“სითი პარკის” პოზიციით, სასამართლოს სწორედ ამ მუხლის შესაბამისად უნდა ემსჯელა და არ უნდა გაეთვალისწინებინა საჩივრის ავტორების პოზიცია.

 

იურიდიული კომპანია DLG & Case–ის დამფუძნებელი დიმიტრი საძაგლიშვილი კი აბობს, რომ “სითი პარკი” თბილისში ავტომობილთა დაჯარიმებისას უნდა ხელმძღვანელობდეს არა 125–ე მუხლით, არამედ 125–ე სეკუნდა მუხლით, რომელსაც ჰქვია “დედაქალაქის ტერიტორიაზე ავტოტრანსპორტის პარკირების წესების დარღვევა”.

 

საძაგლიშვილის თქმით, “სითი პარკს” 13 თებერვალს მახარაშვილი ავტომობილის არასწორი პარკირებისთვის ამ მუხლის მიხედვით უნდა დაეჯარიმებინა და არ უნდა გადაეყვანა მისი ავტომობილი ევაკუატორით დაცულ ავტოსადგომზე.

 

125–ე სეკუნდა მუხლში აღნიშნულია, რომ უფლებამოსილი პირი ავტომობილს გადაიყვანს სპეციალურ დაცულ სადგომზე ან მის თვლებს გაუკეთებს ბლოკირებას სპეციალური საშუალებით, თუ ამის თაობაზე მინიშნება ახლავს პარკირების ნიშანს. სპეციალურ სადგომზე გადაყვანა დასაშვებია, თუ ავტოტრანსპორტი აფერხებს საგზაო მოძრაობას ან საშიშროებას უქმნის მოძრაობის უსაფრთხოებას.

 

დიმიტრი საძაგლიშვილის თქმით, მას შემდეგ, რაც დედაქალაქის ტერიტორიაზე მოწესრიგდა პარკირების სისტემა და შემოყვანილი იქნა პარკირების ოპერატორი (ტენდერში გაიმარჯვა “სითი პარკმა”), სპეციალური მუხლი იქნა შემოღებული სამართალდარღვევათა კოდექსში და განსხვავებული რეგულაცია დაწესდა. იგივე მდგომარეობა არის ქალაქ ბათუმთან დაკავშირებითაც. მხოლოდ თბილისი და ბათუმია გამონაკლისი, სხვა ქალაქებში კი შესაძლოა გამოყენებულ იქნეს მხოლოდ 125–ე მუხლი.

 

საპირისპიროს ამბობს “სითი პარკის” იურისტი ელენე თოთიბაძე. მისი განმარტებით, 125–ე სეკუნდა მუხლის მოქმედება ვრცელდება იმ შემთხვევაზე, თუ ავტომობილი დგას პარკირების ზონაში, რაც ასახულია ნიშნით P, რადგან მუხლის სახელწოდებაა “დედაქალაქის ტერიტორიაზე ავტოტრანსპორტის პარკირების წესების დარღვევა”.

 

“თუ P ნიშნის ზონაში პარკირებთ, ამ შემთხვევაში ვრცელდება ეს მუხლი და არა დგომა–გაჩერების ამკრძალავ

პარკინგის ნიშანი
პარკინგის ნიშანი

ნიშანთან”, – ამბობს ელენე თოთიბაძე „ნეტგაზეთთან“ საუბრისას. მისი თქმით, P ნიშნის მოქმედების ზონაში თუ არასწორად გაჩერებული ავტომობილი ხელს უშლის საგზაო მოძრაობას და იქ არის შესაძლო ევაკუაციის შესახებ გაფრთხილება, მაშინ შეიძლება ევაკუაცია. ხოლო, თუ დგომა–გაჩერების ამკრძალავ ნიშანთან დგას ავტომობილი და იქვე არის გაფრთხილება, მისი დაუყოვნებლივ გადაყვანა უნდა მოხდეს სპეციალურ ავტოსადგომზე.

 

მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილება ჯერ გამოქვეყნებული არ არის, DLG & Case–ის დამფუძნებელი მიიჩნევს, რომ იქ ახალი არაფერი  იქნება, რადგან სასამართლომ დააკმაყოფილა მათი საჩივარი, ე.ი. იზიარებს საჩივრის ავტორების პოზიციას.

 

“მოსამართლემ ან ერთი მხარის არგუმენტები უნდა გაიზიაროს, ან მეორის”, – განუცხადა დიმიტრი  საძაგლიშვილმა “ნეტგაზეთს”.

 

მომჩივანიც და მოპასუხეც თანხმდებიან, რომ სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება “სითი პარკს” არ ავალდებულებს შეცვალოს დამკვიდრებული პრაქტიკა ავტომობილების დაჯარიმებისა და ევაკუაციასთან დაკავშირებით.

 

თუმცა დიმიტრი საძაგლიშვილი ამბობს, რომ თუ ბევრი ადამიანი უჩივლებს “სითი პარკს” ამავე მიზეზით, მათ უფრო გაუადვილდებათ საკუთარი პოზიციის დაცვა, რადგან სასამართლომ უკვე შექმნა პრეცედენტი მსგავსი სარჩელის დაკმაყოფილების.

 

“სასამართლო ყოველთვის მხედველობაში იღებს დამკვიდრებულ პრაქტიკას, მოგვიანებით სხვა მოსამართლე უფრო თამამად დააკმაყოფილებს თქვენს საჩივარს. ეს ნიშნავს, რომ თვითონ “სითი პარკი” იქნება იძულებული შეცვალოს პრაქტიკა, რადგან ეს მას მიაყენებს დიდ ფინანსურ ზიანს, რადგან მოქალაქეები მოითხოვენ ზიანის ანაზღაურებას”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” DLG & Case–ის დამფუძნებელმა დიმიტრი საძაგლიშვილმა, რომელიც ამბობს, რომ “სითი პარკის” პირდაპირ ინტერესშია ავტომობილების საჯარიმო სადგომზე გადაყვანა. ამ შემთხვევაში პირველივე დღეს ავტომობილის მფლობელს 60 ლარის გადახდა უწევს, რომელიც კომპანიის ანგარიშზე ირიცხება, ხოლო ჯარიმა 10 ლარი ბიუჯეტში მიდის. შესაბამისად, რაც მეტ ავტომობილს გადაიყვანს კომპანია დაცულ ავტოსადგომზე, მით უფრო მეტ მოგებას ნახავს.

 

“ნეტგაზეთმა” “სითი პარკს” თხოვა ინფორმაცია, თუ რამდენი ავტომობილი გადაიყვანეს, ჯამში, საჯარიმო ავტოსადგომზე, ან საშუალოდ თვეში რამდენი გადაყავთ, თუმცა განგვიცხადეს, რომ ეს არის კომპანიის შიდა, კონფიდენციალური ინფორმაცია, რომელსაც არ გასცემენ. 

 

“მათ განაცხადეს, რომ თურმე “სითი პარკი” არასწორად აჯარიმებს მოქალაქეებს 2007 წლიდან და სამომავლოდ ეს შეიზღუდება, რაც არ შეესაბამება სიმართლეს. როდესაც ავტომანქანა დადგება ამკრძალავ ნიშანზე, მოხდება ევაკუაცია და დაჯარიმება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად. ამას გავასაჩივრებთ და დიდი იმედი გვაქვს, რომ სააპელაციო სასამართლო საფუძვლიანად შეისწავლის საქმეში არსებულ მასალებს”, – ამბობს “სითი პარკის” იურისტი ელენე თოთიბაძე.

 

2007 წელს თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ აუქციონში გაიმარჯვეს კომპანიებმა -“ამაგონი” და “შოჰან პარკინგ სერვისი”, რომელთა გაერთიანების შედეგადაც დაფუძნდა “სითი პარკი”. “სითი პარკის” დირექტორები არიან -ისრაელის მოქალაქეები ნათან შორერი და პილა დავიდი.  ამ კომპანიას ფლობს ასევე ისრაელში რეგისტრირებული შპს “პარკ-კინგ ინთერნეიშენალი”.

მასალების გადაბეჭდვის წესი