სხდომაზე ახალაიამ ბრალდების მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება სადავო გახადა, თუმცა მათ დასაშვებობას დაეთანხმა. მისი თქმით, ბრალდების მხარის მტკიცებულებები დაშვებული უნდა იქნას, რადგან ფაქტობრივი გარემოებები, რაც აღნიშნული სისხლის სამართლის საქმეშია, მის ბრალეულობას ვერ ამტკიცებს.
ახალაიამ განაცხადა, რომ ბრალდედების მხარის მიერ მოყვანილი მოწმეები ისეთივე იქნებიან, როგორც გაგა მკურნალიძეა:
“აქ მოიყვანთ მოწმეებს, იმათგან 80% ჩემს სასარგებლოდ აღმოჩნდება”, – განაცხადა ახალაიამ.
ბრალდების მიერ მტკიცებულებები სადავო გახადა ადვოკატმა გოგიტა გაბაიძემაც, რომელიც მერაბ კიკაბიძისა და გიგი კალანდაძის ინტერესებს იცავს. მისი თქმით, კალანდაძეს ბრალი არასწორად წარედგინა, რადგან ბრალი მისთვის უნდა წაეყენებინა იუსტიციის მინისტრს, რადგან ის არ იყო გადაყენებული თანამდებობიდან 5 დეკემბრამდე, სანამ პრეზიდენტი ხელს არ მოაწერდა გადაყენების შესახებ სასამართლო გადაწყვეტილებას. ასევე, ის იყო გენერალ-მაიორი წოდებით და მას ეს წოდება ახლაც შენარჩუნებული აქვს.
ბრალდების მხარემ უპასუხა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება უკვე გამოტანილი იყო თანამდებობიდან კალანდაძის გადაყენების შესახებ და არ უნდა დალოდებოდნენ პრეზიდენტის ხელმოწერას.
მოსამართლე ეკა არეშიძე ამ წუთებში გასულია გადაწყვეტილების მისაღებად – ჩაითვალოს თუ არა მისაღებად ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები.
საქმეში, რომელსაც დღეს თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს, ბრალდებულია 7 პირი: ბაჩანა ახალაია, გიგი კალანდაძე, გაგა მკურნალიძე, ზურაბ შამათავა, მანუჩარ დარასელია, გიორგი კინწურაშვილი და მერაბ კიკაბიძე. საქმის მასალები რამდენიმე ტომისგან შედგება.
ბაჩო ახალაის ბრალად ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება(სსკ 333-ე მუხლის მესამე ნაწილი), თავისუფლების უკანონო აღკვეთა(სსკ 143-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილები), ასევე, წამება(114–ე პრიმა მუხლი).
ახალაია და სხვა ბრალდებული წაყენებულ ბრალდებაში თავს უდანაშაულოდ მიიჩნევენ და პროკურატურის ბრალდებას პოლიტიკურ დევნად აფასებენ.








