სამართალი

პლუჟნიკოვი 2008 წლის ომში – ჯაშუშობაში ბრალდებულები საქართველოდან

19 თებერვალი, 2013 • 2500
პლუჟნიკოვი 2008 წლის ომში – ჯაშუშობაში ბრალდებულები საქართველოდან

ეპიზოდი I – ალა

 

ბათუმელი მფრინავი ვიაჩესლავ პლუჟნიკოვი, რომელიც სასამართლომ ჯაშუშად გამოაცხადა, თავისი ისტორიის მოყოლას გოგონათი იწყებს. კოპიტნარის აეროპორტიდან გამოსულს გზაზე “პატარა და ლამაზი” გოგო დახვდა. მისი ტელეფონის ნომერი მფრინავს საკუთარ ტელეფონში დღესაც ასე აქვს დაფიქსირებული – “ალა მარშუტკა”.

 

მფრინავი დაუსახლებელ ადგილზე გოგოს გამოჩენამ გააკვირვა, რაზეც გოგომ უპასუხა – “მეგობართან ვიჩხუბე გზაში და მანქანიდან ჩამომსვა”. ბათუმამდე ერთად იმგზავრეს, მფრინავმა მგზავრობის თანხა გადაუხადა გოგოს, ტელეფონის ნომრები გაცვალეს… ორი კვირის განმავლობაში მფრინავსა და გოგოს სმს მიმოწერა ჰქონდათ. ერთ დღესაც ალამ ბათუმში ჩამოსულ მფრინავს აცნობა – მალე გნახავ…

 

შეთანხმდნენ, რომ ბულვარში შეხვდებოდნენ, მერე – თბილისის მოედანზე, ბოლოს კი გოგომ უთხრა, რომ ინტერნეტკაფეში მიაკითხოს.

 

“ვუთხარი, თუ ინტერნეტი გჭირდება, სახლში ინტერნეტიც მაქვს და კომპიუტერიც-მეთქი. მომთხოვა, რომ აუცილებლად ინტერნეტკაფეში მივსულიყავი”, – ჰყვება ვიაჩესლავ პლუჟნიკოვი.

 

ალას მიერ ინტერნეტკაფეში გადაღებული კადრები შემდეგ სპეცსამსახურებმა მტკიცებულებად გამოიყენეს. როცა კაფეში შევედი, მითხრა, დაჯექი, ფულს გადავიხდი და წავიდეთო. მე დავჯექი, ის გავიდა – ეტყობა, ზურგსუკან გადამიღო. ეს ორ წუთსაც არ  გაგრძელებულა. კაფედან გამოსულს ალამ მითხრა, რომ სასწრაფო საქმე აქვს და უნდა გაიქცეს. აღარ გამოჩენილა.

 

ეს ამბავი მოხდა 2010 წლის 18 სექტემბერს, მალე პლუჟნიკოვი დააკავეს, როგორც ჯაშუში. ბრალდების ვერსიით, პლუჟნიკოვმა საიდუმლო ინფორმაცია რუსეთის სპეცსამსახურებს სწორედ ამ ინტერნეტკაფედან მიაწოდა 20 სექტემბერს.

 

პლუჟნიკოვი მოსამართლეს მოუყვა ალას შესახებ და სთხოვა, რომ ამოეღოთ მასსა და 592 80 17 84-ს შორის მიმოწერები. ამონაწერით დადასტურდებოდა, რომ ის ინტერნეტკაფეში გოგოს დაჟინებული მოთხოვნით აღმოჩნდა. გამოძიებას ამის გარეშეც უნდა ჰქონოდა პლუჟნიკოვის მიმოწერები – თქვეს, რომ მას ოთხი წელი უთვალთვალებდნენ, როგორც ჯაშუშს.

 

მოსამართლე გიორგი ქაშაკაშვილმა პლუჟნიკოვს უთხრა, რომ მსგავსი ნომერი არ არსებობს. ავტომოპასუხე კი ახლაც ადასტურებს, რომ ნომერი არსებობს, უბრალოდ, “აბონენტს დროებით ვერ დაუკავშირდებით”.

 

ეპიზოდი II – ალიკა მაისურაძე და ბიძაშვილი

 

ალასთან შეხვედრამდე ვიაჩესლავ პლუჟნიკოვს კონტრდაზვერვის ერთ-ერთი ხელმძღვანელი – ალიკა მაისურაძე ეკონტაქტებოდა. პირველად მაისურაძესთან გამოცხადება პლუჟნიკოვს მეთაურმა სოსო ოსორაულმა დაავალა.

 

“ალიკმა მკითხა ბიძაშვილის შესახებ, რომელიც რუსეთის სამხედრო პირია. ბიძაშვილი უნდა ჩამომეყვანა, ამათ სასარგებლოდ რომ ემუშავა. უარი ვთქვი. ალიკმა მითხრა, რომ ერთ თვეში დამირეკავდა პასუხისთვის. მის ნომერს – 577 19 92 93 და არც ერთ უცხო ნომერს აღარ ვუპასუხე. ეს ამბავი წესით სარდალმა ფოჩხუამაც უნდა იცოდეს.

 

ერთი წლის შემდეგ სწორედ ალიკა მაისურაძემ დამაკავა. გრიბოედოვის ქუჩაზე 7 საათი გამაჩერეს, მაისურაძემ მკითხა – თუ ვიცნობდი კვაჭანტირაძეს. ვუთხარი, რომ მასთან თითქმის ყოველდღიური მიმოწერა მქონდა. აი, მაგ კვაჭანტირაძეს გადასცემ საიდუმლო ინფორმაციასო, მითხრა. შემომთავაზა – ვიდეოკამერის წინ მეთქვა, რომ აგენტი ვარ და 6 თვეში გამიშვებდა. უარი ვუთხარი. თბილისში წამიყვანეს. ორი დღე ვაზიანის ბაზაზე ვყავდი ჰაუპტვახტში. იქ მითხრეს, რომ თუ ბრალს არ ვაღიარებდი 30 წელს მომისჯიდნენ.”

გოჩა დიასამიძე, გელა კაკაბაძე, ვიაჩესლავ პლუჟნიკოვი, არმენ გევორქიანი
გოჩა დიასამიძე, გელა კაკაბაძე, ვიაჩესლავ პლუჟნიკოვი, არმენ გევორქიანი

 

ეპიზოდი III – აგვისტოს ომი

 

“კადრები ხომ გახსოვთ აგვისტოს ომის – რუსული კოლონა როცა შემოდის და ჩვენი მხრიდან იბომბება. კოლონა მე დავბომბე, – ამბობს პლუჟნიკოვი, – ჯაშუში რომ ვყოფილიყავი, მთელი ესკადრელიის კოორდინატებს მივცემდი და ყველას გაწყვეტდნენ.”

 

ის ამბობს, რომ ნებისმიერ უფლებამოსილ პირს შეუძლია გადაამოწმოს, აგვისტოს ომის დღეებში მან დაბომბა რუსული არმიის კოლონა თუ ვინმე სხვამ.

 

ეპიზოდი IV – სასამართლო

 

პლუჟნიკოვს ბრალდების ეტაპზე უთხრეს, რომ ის საიდუმლო ინფორმაციას აწვდიდა კვაჭანტირაძეს. სასამართლოში პროკურორმა ზვიად ფხაკაძემ კვაჭანტირაძეს ვინმე “ვლადიმირი” ჩაანაცვლა – “ანუ დამაკავეს ერთი ბრალდებით და სულ სხვაზე გამასამართლეს”.

 

ხუთი თვის შემდეგ სასამართლოში გაიგო პლუჟნიკოვმა, რომ მისი სახლიდან ამოიღეს “ფლეშკა”, რომელზეც იყო მინისტრის ხელმოწერილი საიდუმლო დოკუმენტები.

 

“მასალების მიხედვით, ეს ორი დოკუმენტი ერთსა და იმავე დღეს მე ავიღე ფოთში და მარნეულში. ანუ შევაღწიე საიდუმლო განყოფილებაში, სადაც ნებართვის გარეშე ამ განყოფილების თანამშრომელიც კი ვერ შევა, დოკუმენტები დავასკანერე და უკან დავაბრუნე. ინფორმაცია გადავეცი, მერე კი ფლეში, რომელზეც ეს ყველაფერი მქონდა სახლში, მაგიდაზე დავტოვე და ბაზაზე წავედი”.

 

პლუჟნიკოვი ამბობს, რომ ბაზიდან წაიღეს მისი კომპიუტერი. კომპიუტერის ჩანთაში კიდევ ერთი ფლეში იდო, რომელიც იქვე დატოვეს.

 

ეპიზოდი V – ციხე

 

“ციხეში ორჯერ ისე მცემეს, მხედველობა დამაკლდა. ყველაფერი საკუთარი თვალით ვნახე, რაც ტელევიზიებმა აჩვენეს და უფრო მეტიც…

 

ჩემი დაკავების დროს ალბათ ფიქრობდნენ, ეს რუსია და ადვილად გატყდებაო. მერე მეხვეწებოდნენ ბრალი მეღიარებინა.

 

თუ მეგობრებთან გამოჩენა გიტყდება, პლასტიკური ოპერაციით ისე შეგცვლით, ვერავინ გიცნობსო, შემომთავაზეს. ჯაშუშობას ვერ დავიბრალებდი”.

 

პლუჟნიკოვი ამბობს, რომ თუ მის ფლეშში მინისტრის ხელმოწერილი დოკუმენტები იყო, სხვა მფრინავების ფლეშებში ის ინფორმაციები იდო, რასაც თავად აწარმოებდა ყოველდღე:

 

“სქემა ასეთი იყო – მე ვარ ჯაშუში, გადავცემ მინისტრის ხელმოწერილ დოკუმენტებს, მაგრამ სხვა მფრინავი ჯაშუშები ჩემგან იპარავენ ინფორმაციას და იმას გადასცემენ. მე თუ აგენტი ვიყავი, თვითონ ვერ შევძლებდი ამის გაკეთებას?! ეს რომ არ გაგვეგო, ჩემი საქმე ცალკე გამოყვეს სასამართლოში”.

 

ეპიზოდი VI – არმენი

 

“ერთი კახელი მოხუცი იყო, 60 წლამდე. ჰკითხეს, რა დააშავა. ცხენი მოვიპარეო. ორჯერ ჩაარტყეს და როცა დავარდა, უბრძანეს ოთხზე ევლო ჭიხვინით. ეს კაცი ყოველდღე ერთსა და იმავე დროს ოთხზე გამოჰყავდათ და აჭიხვინებდნენ” – ამ ამბავს ციხის შესახებ კიდევ ერთი აგენტად გამოცხადებული არმენ გევორქიანი იხსენებს. გევორქიანი მფრინავებისგან განსხვავებით დეტალურად ჰყვება იმას, რაც ნახა ციხეში… გევორქიანის მონაყოლი დაუჯერებელს ჰგავს, რაზეც ამბობს – “თქვენს ადგილას მეც ვერ დავიჯერებდი”.

 

“ვიფიქრე, მოდი ვაღიარებ-მეთქი, მაგრამ მომთხოვეს მფრინავებიც დამეყოლიებინა. მათგან ისეთი უარი მივიღე, შემრცხვა. ამის მერე აღარ მიხსენებია “ვაღიაროთ”.

 

ჩემი ბიზნესიდან ბიუჯეტში ერთ წელში 800 ათასი ლარიც კი შემქონდა. ბიზნესი გაქრა.

 

“ახლა არასამთავრობო უნდა შევქმნათ, რომელიც პატიმრების რეაბილიტაციაზე იმუშავებს. უამრავ ადამიანს სჭირდება დახმარება.”

 

არმენ გევორქიანს მათი დაკავების ოპერაციის შესახებ უფრო მეტი ინფორმაცია აქვს, ვიდრე მფრინავებს. ის ამბობს, რომ მათი საქმე ალექსანდრე გეჯბაიამ – კონტრდაზვერვის საიდუმლო თანამშრომელმა მოამზადა. გეჯბაია ციხეში ვნახე – ჯაშუშობის აღიარების შემდეგ 8 წელი მიუსაჯეს.

 

ეპიზოდი VII – გოჩა დიასამიძე და პრეზიდენტი უშბაზე

 

“გახსოვთ ხომ, მიხეილ სააკაშვილი უშბიდან როგორ ჩამოსრიალდა?! აი, იმ დღეს სწორედ მე ავიყვანე პრეზიდენტი სათხილამურო ბილიკზე. ორი კვირის შემდეგ დამაკავეს. თუ ოთხი წელი მითვალთვალებდნენ, რატომ მანდეს პრეზიდენტი? საქმეს სჭირდებოდა ჩვენი დაკავება – ამერიკას აჩვენეს, რომ რუსეთი ერჩის, ქვეყნის შიგნით კი სამხედროები გააფრთხილეს, სამხედრო ელიტას ეს ვუქენით და ჭკუით თუ არ იქნებით, თქვენ უარესს გაგიკეთებთო.

 

ჩემს ფლეშკაში ჟურნალ “არსენალში” გამოქვეყნებული ფოტო იდო. სასამართლოში კომპიუტერის ექსპერტად მოწვეულ ნონა ვადაჭკორიას ვთხოვე, ეკრანზე ფოტო გაეზარდა, წარწერა რომ ამოგვეკითხა. ეს ის ქალია, რომელიც მთელ ბათუმს უსმენდა. ამაზე პროკურორმა ფხაკაძემ უარი თქვა.”

 

ეპიზოდი VIII – გრიფი

 

სპეცოპერაცია “ენვერი” 2010 წლის შემოდგომაზე ჩატარდა. 14 ადამიანი გაასამართლეს. ბრალი სამმა აღიარა. სხვებს 11-დან 14 წლამდე მიუსაჯეს. პოლიტპატიმრებად აღიარებული პირების საქმეზე გრიფის – “საიდუმლოა” – მოხსნას ითხოვენ. მათ სურთ საზოგადოებამ სპეცოპერაცია “ენვერის” შესახებ ყველაფერი შეიტყოს. უცნობია, გაითვალისწინებს თუ არა სახელმწიფო მათ მოთხოვნას. მათ საჩივარს ევროსასამართლო განიხილავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი