პოლიტპატიმრები საკანონმდებლო ორგანოს სხვადასხვა მოთხოვნების დაკმაყოფილების თხოვნით მიმართავენ, მათ შორის პირველი მოთხოვნა პოლიტიკურ პატიმრებად ცნობილი პირების საქმეებზე “საიდუმლო” გრიფის მოხსნაა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ეკა ბესელიას განცხადებით, უახლოეს მომავალში პარლამენტში სპეციალური კომისია შეიქმნება, რომელიც პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებულ მსჯავრდებულთა თითოეულ საქმეზე ინდივიდუალურად იმსჯელებს:
“შეიქმნება კომისია, რომელიც იქნება პარლამენტის ლეგიტიმაციით და პარლამენტის მიერ შერჩეული პირებით დაკომპლექტებული, რომელიც მიიღებს, პირველ რიგში, იმ საქმეებს, რომლებზეც ითხოვენ მსჯავრდებულები გამოტანილი განაჩენების გადახედვას, ამ კომისიის შემდეგ კონკრეტული საქმეები უკვე დასკვნით გაიგზავნება სასამართლოში, ისეთ სასამართლოში, სადაც არ იქნება ეჭვი მიკერძოებულობაზე და არაობიექტურობაზე. სწრაფად იგეგმება ამ ცვლილების მიღება, მთავრობა უკვე თებერვალში შემოიტანს ამ პაკეტს და ჩვენ სწრაფად ვაპირებთ, რომ ეს განვიხილოთ”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
როგორც სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი აცხადებს, პოლიტპატიმართა საქმეების გადახედვა და გრიფის ახსნა გადაუდებელი ამოცანა უნდა იყოს:
“მე მოხარული ვარ, რომ თქვენ დღეს ხართ თავისუფლები და რომ ზოგადად ქვეყანაში დასრულებული არის პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დევნა, ეს შემიძლია პირდაპირ განვაცხადო. ის პროცესი, რაც დაიწყო თქვენი გათავისუფლებით რამდენიმე კვირის წინ, უნდა გაგრძელდეს, გათავისუფლება არის მხოლოდ დასაწყისი”, – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა პოლიტპატიმრებთან შეხვედრაზე. მისი თქმით, უნდა დაიწყოს საუბარი პოლიტპატიმართა რეაბილიტაციაზე, მათ შორის კომპენსაციის გადახდაზე, თუმცა ყველა საქმის განხილვა ინდივიდუალურად უნდა მოხდეს:
“მე ვერ ვხედავ რაიმე საშიშროებას, რომ თუნდაც მაისაიას შემთხვევაში მოხდეს გრიფის ახსნა, როდესაც საქმეში, როგორც ჩემთვის ცნობილია, არის ძალიან ბევრი წინააღმდეგობა, ანუ საზოგადოებრივი ინტერესი არის ძალიან დიდი და ამ მხრივ უფრო მნიშვნელოვანია, რომ დაკმაყოფილდეს ეს ინტერესი”, – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
მოთხოვნას ჯაშუშობის საქმის მასალების გასაჯაროებასთან დაკავშირებით უერთდება “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაც”:
“აქ არის ძალიან მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი, ასევე, არის სერიოზული ეჭვი, რომ იყო სერიოზული ხარვეზები. უნდა შეფასდეს, თუ მართლაც არის დოკუმენტაცია, რომლის გასაჯაროებაც შესაძლოა სახელმწიფო ინტერესებისთვის საზიანო იყოს, თუმცა ჩვენ ასეთი საშიშროება, რომ სახელმწიფო უსაფრთხოებას რაიმე საფრთხე დაემუქროს, ვერ დავინახეთ ამ საქმეების შესწავლის დროს”, – განაცხადა საიას ხელმძღვანელმა კახა კოჟორიძემ.
პოლიტპატიმრების საქმეებზე გრიფი საიდუმლოს მოხსნას ეხმიანება არასამთავრობო ორგანიზაცია “ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ორგანიზაცია”:
“პოლიტოპატიმრების საქმეებს გრიფი საიდუმლო მხოლოდ მაშინ უნდა მოეხსანას, თუ კონკრეტული საქმე არ შეიცავს სახელმწიფოს საიდუმლოებისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას და არ დააზიანებს სახელმწიფო ინტერესებს, საქმეში ხსენებული ინფორმაციები, მოწმეები, სხვა პირები არ წარმოადგენენ საგარეო თუ შიდა დაზვერვის და სხვა სპეცსამსახურების წარმომადგენლებს, რომელთა მონაცემების განსაჯაროება “არ გაშიფრავს“ სახელმწიფო მოხეელებს თუ სტრატეგიული ინფორმაციებს, აგრეთვე, საქართველოს კანონის სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ აღიარებულ პრინციპებს. აგრეთვე, არ უნდა დააზიანოს სახელმწიფოს რეპუტაცია სტრატეგიულ პარტრნიორ ქვეყნებისა და ორგანიზაციებს წინაშე”.
გარდა საქმეების გასაჯაროებისა, პოლიტპატიმრებს რამდენიმე მოთხოვნა აქვთ, მათ შორის ისინი ითხოვენ დაევალოს მთავარ პროკურატურას, რომ უფლებამოსილება შეუჩეროს პოლიტპატიმართა საქმეებში მონაწილე პროკურორებს და მოსამართლეებს.
პოლიტპატიმართა საინიციატივო ჯგუფის მოთხოვნათაგან ერთ–ერთი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის პარლამენტში გამოსვლასაც შეეხება, რომელიც 8 თებერვალს უნდა გაიმართოს. პოლიტპატიმრები მოუწოდებენ პარლამენტს, არ დაუშვას მიხეილ სააკაშვილი პარლამენტის სხდომაზე, ისინი გეგმავენ მოახდინოს პარლამენტის პიკეტირება. მათი სხვა მოთხოვნები კი ასე გამოიყურება:
- საქართველოს პარლამენტის მიერ პოლიტიკური პატიმრის სტატუსი მიენიჭოს იმ პირებს, რომლებიც ადგილობრივი ან საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ცნობილები იყვნენ ამ სტატუსის მატარებლებად, მაგრამ 2012 წლის 28 დეკემბერს “ამნისტიის შესახებ” კანონის მიღებამდე გათავისუფლდნენ პატიმრობიდან სხვადასხვა ფორმით, სასჯელის ვადის ამოწურვით, პირობით–ვადამდე გათავისუფლებით, შეწყალებით და ა.შ.
- დროულად იქნეს შემუშავებული საკანონმდებლო აქტი, რომელიც ხელს შეუწყობს პოლიტპატიმრების სრულ რეაბილიტაციასა და მათი ღირსების აღდგენას.
- თბილისის #1 საპყრობილის შენობა, რომლის ლიკვიდაციისა და დემონტაჟის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულია წინა ხელისუფლების მიერ, შენარჩუნებულ იქნეს არსებული სახით და მასში განთავსდეს წამების მუზეუმი, რომელშიც განთავსდება ანტიდემოკრატიული რეჟიმის მიერ პენიტენციურ სისტემაში დანერგილი ფორმების და მეთოდების ამსახველი ფოტო, ვიდეო და სხვა სახის მასალები.
- საქართველოს პარლამენტმა ხელი შეუწყოს შეხვედრის მოწყობას პოლიტპატიმრების საინიციატივო ჯგუფის წევრებსა და საქართველოში წარმოდგენილი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შორის, რათა ამ უკანასკნელებს მიეცეთ საშუალება პირველწყაროდან მიიღონ ინდორმაცია პენიტენციურ სისტემაში არსებული მდგომარეობის შესახებ.
- საზოგადოებრივ მაუწყებელზე გარკვეული დრო დაეთმოს პოლიტიკური პატიმრების საქმეების განხილვას, რათა პასუხი გაეცეს მათ მიმართ წარმოებული ცილისმწამებლურ კამპანიას და საზოგადოებისთვის ნათელი გახდეს მათი პატიმრობაში ყოფნის მოტივები.
- საქართველოს პარლამენტმა დაიწყოს მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება სააკაშვილის ჰააგის სასამართლოში წარსადგენად ადამიანობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის.