სამართალი

მოწმეები: ანაზღაურებას “ნაცმოძრაობის” სასარგებლოდ მუშაობისთვის ვიღებდით

2 თებერვალი, 2013 • 1206
მოწმეები: ანაზღაურებას “ნაცმოძრაობის” სასარგებლოდ მუშაობისთვის ვიღებდით

როგორც ჩვენებებიდან ირკვევა, მოწმეები 2010 წლიდან “თბილსერვის ჯგუფის” თანამშრომლებად იყვნენ გაფორმებული და ყოველთვიურად გარკვეული რაოდენობის ანაზღაურებას იღებდნენ, თუმცა მათ ამ ორგანიზაციაში რეალურად არანაირი სამუშაო არ შეუსრულებიათ.

ერთ-ერთი ჩვენება “თეატრალური კვარტეტის” წევრს ლაშა კერვალიძეს ეკუთვნის. ის ადასტურებს, რომ აღნიშნულ ორგანიზაციაში ალპინისტი დამგველის თანამდებობაზე იყო გაფორმებული:

“2010 წლიდან დღემდე არც მე და არც “თეატრალური კვარტეტის” სხვა წევრებს აღნიშნულ საზოგადოებაში რეალურად არ გვიმუშავია და, შესაბამისად, ისეთი სპეციფიკური სამუშაო, როგორიცაა ალპინისტი დამგველის საქმიანობა, არ განგვიხორციელებია”, – აღნიშნულია ჩვენებაში.

ნანული შანყულაშვილი 2009 წელს ნაციონალური მოძრაობის მიკროკოორდინატორად მუშაობდა, შემდეგ კი, 2010 წელს დაგეგმილი თვითმმართველობის არჩევნებისთვის
#22 საარჩევნო უბნის უფროსად გადაიყვანეს:

“პარტიის ხელმძღვანელებმა მითხრეს, რომ ვინაიდან ვიყავი მეოთხე ოლქის ოცდამეორე უბნის უფროსი, პარტია დამინიშნავდა ხელფასს თვეში 320 ლარის ოდენობით. მოგახსენებთ, რომ ხელშეკრულების გაფორმებისას მე მხოლოდ მოვაწერე მასზე ხელი და არ წამიკითხავს. ის, რომ მე ვიყავი გაფორმებული შპს “თბილსერვის ჯგუფში”, თქვენგან მესმის პირველად, არასოდეს არ მიმუშავია “თბილსერვის ჯგუფში” და არ ვიცი, რას აკეთებს აღნიშნული ორგანიზაცია”, – აღნიშნულია მის ჩვენებაში. ის ასევე აცხადებს, რომ
ხელფასს ნაციონალური მოძრაობის პარტია მერობის კანდიდატ გიგი უგულავას და მაჟორიტარობის კანდიდატ მერაბ რაფავას სასარგებლოდ მუშაობისთვის უხდიდა. 2010 წელს ნანული შანყულაშვილს აღებული აქვს ხელფასი 4000 ლარის ოდენობით, ხოლო 2011 წელს- 4830 ლარის ოდენობით.

ნინო გუგეშაშვილი – გლდანის მე-6 მიკრორაიონის მე-15 კორპუსის ამხანაგობის თავმჯდომარე- 2007 წლიდან ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, 2008 წლიდან გლდანის რაიონის კოორდინატორი.

მისი ჩვენებიდან ირკვევა, რომ 2010 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის კანდიდატების მხარდასაჭერად და აღნიშნული სამუშაოს სანაცვლოდ ერიცხებოდა თანხას 400 ლარის ოდენობით, ხელზე კი 320 ლარს იღებდა:

“შპს თბილსერვის ჯგუფისთვის არანაირი სამუშაო არ შემისრულებია და არ ვიცი, სად არის განთავსებული მათი ოფისი”, – აღნიშნულია მის ჩვენებაში.

შეგახსენებთ, რომ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” 764 აქტივისტის მატერიალური უზრუნველყოფის მიზნით შპს “თბილსერვის ჯგუფში” მათ ფიქტიურად დასაქმებასთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.

გენერალური პროკურორის არჩილ კბილაშვილის განცხადებით, ფაქტთან დაკავშირებით უკვე დაკითხულია 200-ზე მეტი მოწმე. მოწმის სტატუსით ხვალ, 13:00 საათზე დაკთხვაზე ქალაქ თბილისის მერი გიგი უგულავაა დაბარებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი