სამართალი

ვინ და როგორ გააკონტროლებს ციხეს

29 იანვარი, 2013 • • 1480
ვინ და როგორ გააკონტროლებს ციხეს

არასამთავრობო ორგანიზაციები, ომბუდსმენის და სასჯელაღსურლების სამინისტრო – ყველა თანხმდება, რომ საჭიროა საზოგადოებრივი მონიტორინგის ჯგუფის შექმნა, რომელიც რეგულარულად გააკონტროლებს სასჯელაღსურლების სისტემაში არსებულ სიტუაციას და მის შესახებ ინფორმაციას მიაწვდის საზოგადოებას.

 

როგორ და რა ფორმით? – უახლოეს დღეებში სწორედ ამ კითხვებზე დეტალური პასუხის გასაცემად იწყებს მუშაობას სასჯელაღსრულების სამინისტრო ომბუდსმენის ოფისთან ერთად, მანამდე კი მხარეები იმ ზოგად პრინციპებზე საუბრობენ, რასაც მონიტორინგის ჯგუფის შექმნა უნდა დაეყრდნოს.

 

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროში მიაჩნიათ, რომ ეს მათგან დამოუკიდებელი ინსტიტუტი უნდა იყოს. ამის შესახებ მინისტრმა სოზარ სუბარმა განაცხადა რამდენიმე დღის წინ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა „პრეს–პრესში“. მინისტრის თქმით, მონიტორინგის ჯგუფი ომბუდსმენის  ოფისთან უნდა ჩამოყალიბდეს და  არ უნდა დაექვემდებაროს სამინისტროს.

 

სასჯელაღსრულების სამინისტროს პოზიციით, მონიტორინგის ჯგუფის წევრობა უნდა შეეზღუდოს მოქმედ ჟურნალისტებსა და ადვოკატებს, რადგან მათი აქვთ ინტერესთა კონფლიქტი თავიანთ საქმიანობასა და მონიტორინგს შორის.

 

სოზარ სუბარის განმარტებით, რომელი ჟურნალისტიც არ უნდა გახდეს ციხეების მონიტორინგის ჯგუფის წევრი, მუდმივად გამოჩნდებიან სხვები, რომლებიც ამის გამო უსაყვედურებენ სამინისტროს.

 

„გარდა ამისა, მედიას აქვს ბიზნესინტერესი, დაასწროს სხვას, სხვაზე მეტი ექსკლუზივი და კარგი მასალა ჰქონდეს“, – ამბობს სოზარ სუბარი, რაც, მისი თქმით, სცდება მონიტორინგის მიზანს.

 

სოზარ სუბარის მოადგილე სოფო ჯაფარიძე „ნეტგაზეთთან“ საუბრისას ხსნის, თუ რა ინტერესთა კონფლიქტი გააჩნია მოქმედ ადვოკატს ციხის მონიტორინგისას.

 

„ინტერესთა კონფლიქტი იქმნება იქიდან გამომდინარე, რომ ვინც ანაზღაურებად საქმიანობას ეწევა და განსაკუთრებით ეს ადვოკატებზე ვრცელდება, შეიძლება ორიენტირებული იყოს, რომ ციხეში კლიენტი მოიზიდოს და რეალურად მისი მიზანი იყოს ახალი საქმეების მოძიება, ან თუნდაც,  უკვე მოძიებულ საქმეებზე თავიანთ კლიენტებთან შეხვედრა  და არა მონიტორინგის შესახებ ინფორმაციის გამოტანა და შესაბამისი ორგანოებისთვის მიწოდება. შეიძლება გამონაკლისი გაკეთდეს უფლებადაცვით ორგანიზაციებში მოღვაწე ადვოკატებზე, რომელთაც დამატებითი შემოსავლის წყარო არა აქვთ და გრანტის ფარგლებში იღებენ ხელფასს და მუშაობენ  მნიშვნელოვან  საქმეებზე. ეს საკითხიც, ჯერჯერობით, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას და ვნახოთ, როგორ გადაწყდება მოლაპარაკების შედეგად“, – განუცხადა სოფო ჯაფარიძემ „ნეტგაზეთს“.

 

აღნიშნულ მოლაპარაკებებში მთავარი მხარე ამ შემთხვევაში საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილია. მისი თქმით, სახალხო დამცველის ოფისთან არსებულ მონიტორინგის სისტემას – პრევენციის ეროვნულ მექანიზმს საფრთხე არ ემუქრება და ჩვეულებრივ გააგრძელებს საქმიანობას, ხოლო ახალი მონიტორინგის სისტემა რა ფორმით დაიწყებს საქმიანობას ომბუდსმენის ოფისის ეგიდით, ჯერ გადაწყვეტილი არ არის.

 

სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი გარკვეულწილად იზიარებს სამინისტროს პოზიციას ადვოკატებისა და ჟურნალისტების ინტერესთა კონფლიქტთან დაკავშირებით, თუმცა შესაძლოა ისეთი ფორმის გამონახვაც, რომელიც პროფესიული ნიშნით მონიტორინგში მონაწილეობას არ შეზღუდავს. ომბუდსმენის მოსაზრებით, უნდა შემუშავდეს ქცევის კოდექსი, ნორმები, რომელსაც დაექვემდებარებიან ციხეების მონიტორინგის ჯგუფის წევრები.

 

“ისინი უნდა იყვნენ პროფესიონალიზმის ნიშნით შერჩეულები და უნდა აიღონ პასუხისმგებლობა. ეს საბჭო ვალდებული და ანგარიშვალდებული უნდა იყოს საზოგადოების წინაშე. უნდა მოხდეს მონიტორინგის შედეგების რეგულარულად გაცნობა და უნდა ხდებოდეს უკუკავშირი, რაც არ ხდებოდა წინა მონიტორინგის ჯგუფის შემთხვევაში“, – მიიჩნევს უჩა ნანუაშვილი. ის მიიჩნევს, რომ მედიისთვის უნდა იყოს ცალკე ფორმატი და მას უნდა მიეცეს ნებისმიერი ფაქტის გაშუქების შესაძლებლობა, რაც განსხვავდება მონიტორინგისგან. ომბუდსმენი განმარტავს, რომ ეს გულისხმობს სიტუაციის შესწავლას, ასევე,  რეკომენდაციებისა და ანგარიშების მომზადებას. ობუდსმენის მოსაზრებით, პრობლემა იქნება, თუკი რომელიმე ჟურნალისტი მონიტორინგის ჯგუფში წევრობას საკუთარი ინტერესების სასარგებლოდ გამოიყენებს.

 

მოქმედი ომბუდსმენისგან განსხვავებით, ყოფილ ომბუდსმენსა და სასჯელაღსრულების ასევე ყოფილ მინისტრ გიორგი ტუღუშს ვერ წარმოუდგენია, თუ რა ინტერესთა კონფლიქტი იქნება, თუკი სასჯელაღსრულების სისტემის მონიტორინგის ჯგუფში იქნებიან მოქმედი ჟურნალისტები და ადვოკატები.

 

„ყოველთვის შეიძლება მონიტორინგის ჯგუფს განუსაზღვრო ქცევის წესები, რომელსაც ისინი დაექვემდებარებიან. შეგიძლია შეუზღუდო ის სხვა მიმართულებითაც, მაგალითად, რა შემთხვევაში შეუძლია საჯარო განცხადების გაკეთება, რა ტიპის ინფორმაცია უნდა გაასაჯაროვოს და ა.შ.“ – განუცხადა გიორგი ტუღუშმა „ნეტგაზეთს“.

 

ყოფილი სახალხო დამცველისთვის ასევე ბუნდოვანია, თუ რა ფორმით შეიქმნება ციხეების მონიტორინგის ახალი ინსტიტუტი სახალხო დამცველის ოფისთან, როცა იქ უკვე არსებობს პრევენციის ეროვნული მექანიზმი.

 

„როცა საუბარია, რომ რაღაც დამატებითი მექანიზმი უნდა გაჩნდეს სახალხო დამცველის მანდატის ქვეშ, ეს ჩემთვის რთულად წარმოსადგენია. რაც უფრო მეტი პარალელური სტრუქტურა არსებობს ქვეყანაში, ეს მით უფრო ეფექტურია. თუ საზოგადოებრივი მონიტორინგის საბჭოს შექმნაზეა საუბარი, ის არ უნდა იყოს დაკავშირებული სახალხო დამცველთან, უკეთეს შემთხვევაში, მან ეფექტურად უნდა ითანამშრომლოს სახალხო დამცველის მექანიზმთან და არ უნდა იყოს კონკურენტი, პირიქით, ეს უნდა იყოს უფრო მეტად ხელშემწყობი და მეტი ინფორმაციის მიღების საშუალება სასჯელაღსრულების სისტემაში არსებულ მდგომარეობაზე“, – აცხადებს გიორგი ტუღუში და დასძენს, რომ საზოგადოებრივი მონიტორინგის ის ჯგუფი, რომელიც მისი მინისტრობისას, გასული წლის შემოდგომაზე შეიქმნა, დროებითი საჭიროებებით და გარემოებებით იყო ნაკარნახევი და მისი დატოვება ხანგრძლივი ვადით არასასურველი იქნებოდა. ტუღუში დასძენს, რომ სრულყოფილი მონიტორინგის ინსტიტუტის შექმნას აუცილებლად სჭირდება პატიმრობის კოდექსის შეცვლა, რადგან სწორედ კანონით უნდა განისაზღვროს იმ ადამიანთა წრე, ვისაც აქვს ციხეში პატიმრის მონახულების უფლება.

 

არასამთავრობო ორგანიზაცია „ციხის საერთაშორისო რეფორმის“ დირექტორი ცირა ჭანტურია ციხეების დამატებითი მონიტორინგის სისტემის შექმნის აუცილებლობაზე საუბრობს:

 

„სამწუხაროდ, ჩვენ დავინახეთ თვალნათლივ, ასეთი საზოგადოებრივი და სამოქალაქო კონტროლის არარსებობამ რა შედეგებამდე შეიძლება მიგვიყვანოს. გარდა ამისა, სხვა მიზნებიც არის – წამებისა და არაადამიანური მოპყრობის პრევენცია, პენიტეციური სისტემის ეფექტური, გამჭვირვალე და კანონის შესაბამისად ფუნქციონირების ხელშეწყობა“,  – განუცხადა ცირა ჭანტურიამ „ნეტგაზეთს“. თუმცა მას ვერ წარმოუდგენია, სახალხო დამცველთან რა ფორმით უნდა შეიქმნას. 

 

„ციხის საერთაშორისო რეფორმის“ დირექტორის თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციამ გასულ წელს მოამზადა მონიტორინგის ჯგუფის პროექტი: „ჩვენი პროექტის მიხედვით, ეს უნდა ყოფილიყო დამოუკიდებელი სტრუქტურა, რომელიც განახორციელებდა საზოგადოებრივ მონიტორინგს ციხეებში. ეს არ უნდა ყოფილიყო რაიმე სახელმწიფო უწყებას დაქვემდებარებული სტრუქტურა. მისი ურთიერთობა სასჯელაღსრულების სამინისტროსთან განისაზღვრებოდა დებულებით. რა თქმა უნდა, ამ მუშაობის რეგულაცია დაემყარებოდა ეთიკის კოდექსს და ამ დებულებაში ჩაწერილ წესებს“.

 

ცირა ჭანტურია ასევე დასძენს, რომ ციხეების საზოგადოებრივი მონიტორინგის ჯგუფის წევრობა პროფესიული ნიშნით არ უნდა მოხდეს და მათი მოქმედების წესები ეთიკის კოდექსით უნდა განისაზღვროს. ის მიიჩნევს, რომ პროცესს ჟურნალისტები და ადვოკატები არ უნდა ჩამოცილდნენ, რადგან „ჟურნალისტების ჩართულობამ ძალიან დიდი როლი ითამაშა ჩაკეტილი სივრციდან ინფორმაციის გამოტანაში, ასევე კონკრეტულმა ადვოკატებმა“.

 

„მგონია, რომ სამოქალაქო სექტორის როლი არის ძალიან დიდი იმაში, რომ ეს სისტემა იყოს გამჭვირვალე და არ მოხდეს ადამიანთა უფლებების მასობრივი დარღვევა“, – ამბობს ცირა ჭანტურია.

 

სასჯელაღსრულების სისტემის საზოგადოებრივი მონიტორინგის ახალი სისტემის შექმნასთან დაკავშირებით სოზარ სუბარი და უჩა ნანუაშვილი მომავალ კვირას შეხვდებიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი