სამართალი

ციხიდან გათავისუფლებულმა “კანონიერმა ქურდებმა” საქართველო დატოვეს

30 იანვარი, 2013 • 8655
ციხიდან გათავისუფლებულმა “კანონიერმა ქურდებმა” საქართველო დატოვეს

სამინისტროს ინფორმაციით, ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტები 17 იანვარს გათავისუფლდნენ სასჯელაღსრულების მე-7 დაწესებულებიდან და 24 საათში მათ საქართველოს ტერიტორია დატოვეს. სამინისტროდან ამნისტიის შედეგად გათავისუფლებული “კანონიერი ქურდების” შესახებ ასეთი ინფორმაცია მოგვაწოდეს:

 

“ესენი არიან: დ.რ. – ე.წ. კანონიერი ქურდი, მცხოვრები თბილისში; დ.ე. – ე.წ. კანონიერი ქურდი, მცხოვრები თბილისში; ძ.ვ – ე.წ. კანონიერი ქურდი, მცხოვრები ქუთაისში; ს.რ – ე.წ. კანონიერი ქურდი, მცხოვრები ფოთში; კ.მ – ე.წ. კანონიერი ქურდი, მცხოვრები ქუთაისში; კ.გ. – ე.წ. კანონიერი ქურდი, მცხოვრები ზუგდიდში.”

 

სამინისტროს ცნობით, ისინი სასჯელს იხდიდნენ სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილითა (ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება) და 2231-ე მუხლით (ქურდული სამყაროს წევრობა, კანონიერი ქურდობა) გათვალისწინებული დანაშაულებისთვის.

 

საქართველოში ამნისტირებული კრიმინალური ავტორიტეტების შესახებ ინფორმაციას ვრცელებენ რუსული წყაროები. სააგენტო “პრაიმ კრაიმის” ცნობით, ამნისტიის შედეგად გათავისუფლდნენ “კანონიერი ქურდები”: ელგუჯა დიღმელაშვილი (“გუჯა”), რევი დარახველიძე, ბესო პაპიაშვილი, ვლადიმერ ძოწენიძე, გიორგი კარანაძე (“იაქიჩი”) და რევაზ სესკურია (“ვეფხო”).

 

ამავე სააგენტოს ცნობით, თებერვლის ბოლოს კიდევ 20 კრიმინალური ავტორიტეტი გათავისუფლდება პატიმრობიდან, ესენი არიან: პოლიკარპე ჯანელიძე, თენგიზ ხოფერია, გიორგი ვიბლიანი, რევაზ მორჩილაძე, ირაკლი ლეჟავა, მამუკა კვიჟინაძე, გოჩა ლომინეიშვილი, რომან ხმალაძე, თეიმურაზ ჭურაძე, გიორგი ქართველიშვილი, ლაშა ჯელაძე, ტარიელ ფოცხვერია, მერაბ ჭეიშვილი, გოჩა ჯინჭარაძე, ბიძინა ბაკურიძე.

 

სასჯელაღსრულების სამინისტროში აცხადებენ, რომ ისინი წინასწარ არ ფლობენ ინფორმაციას, თუ რამდენი კანონიერი ქურდი გათავისუფლდება პატიმრობიდან ამნისტიის შედეგად, რადგან შესაბამისი საქმეები ყოველდღიურად შედის სასამართლოში და ამის შემდეგ ხდება კონკრეტული პირების გათავისუფლება ამნისტიის შესახებ კანონის საფუძველზე.

 

“ყველა “კანონიერ ქურდს”, რომელიც გათავისუფლდება ამნისტიის შედეგად, მიეცემა 24-საათიანი ვადა, რომ დატოვონ საქართველოს ტერიტორია იმიტომ, რომ კანონი ქურდული სამყაროს შესახებ მოქმედებს და იმოქმედებს მათზეც, ამიტომ ისინი ტოვებენ საქართველოს, რომ შემდეგ ისევ საპატიმროში აღარ შებრუნდნენ”, – აცხადებენ სასჯელაღსრულების სამინისტროში.

 

სამინისტროში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ მათ გადაამოწმეს რუსულ წყაროებში გავრცელებული ცნობა ტარელ ფოცხვერიას ამნისტიის საფუძველზე შესაძლო გათავისუფლების თაობაზე თებერვლის თვეში და გამოარკვიეს, რომ ფოცხვერიას, რომელსაც 2006 წელს ციხის ბუნტის ორგანიზებისთვის 14- წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, სასჯელაღსრულების დაწესებულებას 2015 წელს დატოვებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი