სამართალი

კურტანიძე მერაბიშვილის დაკითხვაზე

7 დეკემბერი, 2012 • 1115
კურტანიძე მერაბიშვილის დაკითხვაზე

ორთაჭალაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს ძველი შენობის გვერდით მდებარე ე.წ. მეთორმეტე ოთახში ვანო მერაბიშვილის დაკითხვის მიმდინარეობისას ადგილზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლუკა კურტანიძე მივიდა. კურტანიძის თქმით, ის სხვა საქმეზე იყო მისული და არა მერაბიშვილთან დაკავშირებით. როგორც კურტანიძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, ყალბი პასპორტის გამოყენება არაფერია და ყოფილ პრემიერ–მინისტრს ბევრად მეტი დანაშაული აქვს ჩადენილი:

“ბევრი დანაშაული აქვს ხომ იმ ადამიანს ლუკა კურტანიძის და მისი თანამებრძოლების მიმართ, ხო? ასე რომ მასზეც მოუწევს პასუხისგება ვანო მერაბიშვილს.”

აღნიშნული საუბრიდან რამდენიმე წუთში კურტანიძემ დასძინა, რომ წინმსწრები განცხადებები არ უნდა გააკეთონ:

“წინმსწრები განცხადებები არ უნდა ვაკეთოთ. ეგ არის და ეგ. ჩვენ განვსხვავდებით იმ ადამიანებისგან რომლებიც ყველაფერში ჩვენგან აგენტობას ხედავდნენ, მოღლატეებს ხედავდნენ. ჩვენ არა ვართ ესე”

 

ნეტგაზეთის კითხვაზე, არი თუ არა მისი განცხადებები უდანაშაულობის პრეზუმციის დარღვევა კურტანიძე პასუხობს:

“თქვენ გაეცით პასუხი. მე რა უნდა გითხრათ, მშვიდობით იყავით”

 

 

შეგახსენებთ, რომ შსს სამინისტრო აცხადებს, რომ 30 ნოემბერს ვანო მერაბიშვილი სახელმწიფო დელეგაციის შემადგენლობაში გამოცხადდა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ამავე დელეგაციის შემადგენლობაში ქალაქ ერევანში გამგზავრების მიზნით. საპასპორტო კონტროლის გავლის დროს საქართველოს პრეზიდენტის პროტოკოლის სამსახურის თანამშრომელმა აეროპორტის მესაზღვრე კონტროლიორს წარუდგინა ივანე მერაბიშვილის პასპორტი. მესაზღვრე კონტროლიორმა კანონით დადგენილი პროცედურის გავლის დროს აღმოაჩინა, რომ სინამდვილეში პასპორტი გაცემული იყო ვინმე ლევან მაისურაძის სახელზე, ივანე მერაბიშვილის ფოტოსურათით.

სამინისტრო აცხადებს, რომ სახელმწიფო ვიზიტის შეფერხების თავიდან აცილების მიზეზით, “ივანე მერაბიშვილს მიეცა საშუალება წარმოედგინა სხვა, ნამდვილი პასპორტი და მის მიმართ სამართლებრივი პროცედურები მყისიერად არ განხორციელდა. იმავე საღამოს, 23 საათზე, უკან დაბრუნებულმა მერაბიშვილმა პრეზიდენტის ესკორტთან ერთად დატოვა თბილისის საერთაშორისო აეროპორტი, რის გამოც მის მიმართ კანონით დადგენილი საგამოძიებო მოქმედებები ვერ ჩატარდა.დღეს, ივანე მერაბიშვილი გამოძახებული და დაკითხული იქნება აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით.”-აცხადებს სამინისტრო.

მასალების გადაბეჭდვის წესი