სამართალი

პროკურატურა თეთრაძის საქმეზე ახალაიას წინააღმდეგ მტკიცებულებებს აგროვებს

8 ნოემბერი, 2012 • 2786
პროკურატურა თეთრაძის საქმეზე ახალაიას წინააღმდეგ მტკიცებულებებს აგროვებს

“სამხედრო პოლიციამ ეს ადამიანი, ავღანეთში მებრძოლი, დააკავა შინ და რამდენიმე დღეში უკან მოუსვენეს გვამი ოჯახს. მის საკანში იმყოფებოდა ბაჩო ახალაია, მას ჰკითხავდნენ ბაჩო ახალაია და მეგის ქარდავა და როგორც ჩვენთვის უკვე ცნობილი ინფორმაციის წყარო, ავბედითად ცნობილი ინფორმაციის წყარო ავრცელებს ინფორმაციას, სერგო თეთრაძე შემოაკვდათ ფიზიკური შეურაცხყოფის პირობებში, რომლის სახელიც თქვენ ჩემსავით კარგად იცით”, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა “რუსთავი 2”-ის ეთერში.

 

ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ სერგო თეთრაძე ციხეში წამების დროს შემოაკვდათ, 21 სექტემბერს გაავრცელა გლდანის მე-8 საპყრობილის ყოფილმა ოპერატიულმა მორიგე ინსპექტორმა ვლადიმერ ბედუკაძემ, რომელზეც საქართველოში დღემდე ძებნაა გამოცხადებული.

 

“ეს დასტურდება ცოცხალი მოწმეებით და თავისივე გადაღებული ვიდეომასალით, თუ არსებობს და თუ არ გაანადგურეს.  მე ამას დავადასტურებ სამართლიანი სასამართლოს პირობებში. თეთრაძის წამების ვიდეო გადაიღო ალექსანდრე მუხაძემ, პირადად იღებდა. ესწრებოდა ოლეგ ფაცაცია და გაუპატიურებისას ვეღარ მოზომეს და შემოაკვდათ, გულის პრობლემები ჰქონდა ბატონ თეთრაძეს. გადაიყვანეს უკვე გარდაცვლილი ე.წ. რეზბალნიცაზე, სამკურნალო დაწესებულებაში და იქ გააფორმეს, როგორც ცოცხლად შეყვანილი”, – განაცხადა ბედუკაძემ.

 

სერგო თეთრაძე
სერგო თეთრაძე

ოდნავ გვიან, 27 სექტემბერს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ პროკურატურას პატიმარ ოლეგ რამიშვილის განცხადება მიაწოდა. რამიშვილის განცხადებაში მიუთითეს, რომ თანამშრომლობდა გლდანის #8 საპყრობილის ადმინისტრაციასთან, კერძოდ, ალექსანდრე მუხაძესთან (მეტსახელად “ქილერა”), რომელმაც გასული წლის სექტემბერში მას უთხრა, რომ თავდაცვის სამინისტროს მიერ დაპატიმრებული იყო სამშობლოს ღალატში ეჭვმიტანილი სერგო თეთრაძე:

 

“და მე მისგან უნდა გამეგო, თუ რა ინფორმაციას აწვდიდა იგი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებს… მე ვკითხე, თუ ვისგან მოდიოდა დავალება და ვინ იყო თეთრაძით დაინტერესებული. ა. მუხაძემ მითხრა, რომ დავალება მიღებული ჰქონდა პირადად ბაჩო ახალაიადან,” – წერს პატიმატი ოლეგ რამიშვილი.

 

პატიმარი აღნიშნავს, რომ დაინახა, თუ როგორ შევიდნენ საკარანტინო ოთახში, სადაც ჰყავდათ სერგო თეთრაძე, ალექსანდრე მუხაძე და ოლეგ ფაცაცია:

 

“საკანში შესვლისთანავე მე გავიგონე გინება, რასაც მოჰყვა თეთრაძეზე ფიზიკური ზემოქმედება, ოლეგ ფაცაცია გამეტებით ურტყამდა ხელკეტს, ხოლო ალეკო მუხაძე ხან მუშტებს, როცა თეთრაძე დაეცემოდა –წიხლებს. ეს გრძელდებოდა 15-20 წუთი. ბოლოს ალეკო მუხაძე დაიხარა, თეთრაძე ფეხზე წამოაყენა და მარჯვენა ხელით მუშტი დაარტყა მკერდის არეში, მე გავიგონე განწირული კივილი… თეთრაძე მუხლებზე დაეცა… დავინახე, საკარნტონო საკნიდან როგორ გაათრიეს თეთრაძე”.

 

თადარიგის ოფიცერი, ომის ვეტერანი და ყოფილი მზვერავი, 57 წლის სერგო თეთრაძე, თბილისში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, გასული წლის 17 სექტემბერს დააკავეს თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებმა. ამ პერიოდში ბაჩო ახალაია თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე მუშაობდა, მეგის ქარდავა კი – სამხედრო პოლიციას ხელმძღვანელობდა. მანამდე ქარდავა შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე იყო. მას შემდეგ, რაც შს მინისტრად ბაჩო ახალაია დაინიშნა, ამავე უწყებაში მან თან გაიყოლა როგორც მეგის ქარდავა, ისე ალექსანდრე მუხაძე.

 

სერგო თეთრაძის ოჯახს დაკავებიდან 6 დღეში, 2011 წლის 23 სექტემბერს, ღამით აცნობეს, რომ პატიმარი გლდანის საპყრობილეში გულის შეტევით გარდაიცვალა. თუმცა ოჯახს დღემდე არა აქვს ზუსტი ინფორმაცია, რა გახდა პატიმრის გარდაცვალების მიზეზი ციხეში, ან რისთვის დააკავეს ის. სერგო თეთრაძე სავარაუდოდ ჯაშუშობის ბრალდებით იყო დაკავებული, თუმცა ამაზე ზუსტი ცნობები მაშინ არც ერთ პასუხისმგებელ უწყებას არ გაუვრცელებია.

 

თეთრაძის საეჭვო ვითარებაში გარდაცვალების გამო ჯერ კიდევ ერთი წლის წინ განაცხადეს ამჟამინდელი თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას პარტია “თავისუფალი დემოკრატების” წარმომადგენლებმა, რომ იგი ციხეში წამებით იქნა მოკლული.

 

გლდანის მე-8 საპყრობილის რეჟიმის განყოფილების უფროსი ოლეგ ფაცაცია უკვე დაკავებული ჰყავს პროკურატურას პატიმრების წამების საქმეზე, მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. ამ დროისთვის ასევე დაკავებულია ბაჩო ახალაია, თუმცა ამ ეტაპზე იგი სხვა დანაშაულში – სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამატებაშია ეჭვმიტანილი. გამოძიება ჯერ არ დაინტერესებულა მუხაძისა და ქარდავას ადგილსამყოფელით.

 

“სერგო თეთრაძის მეუღლემ შემოიტანა ბაჩო ახალაიას და სხვების წინააღმდეგ საჩივარი და ეს ცალკე საქმე იქნება ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ. მაგრამ ეს არის საჩივრის სახით შემოტანილი და ჩვენ არ ვჩქარობთ, ჩვენ ვაგროვებთ მტკიცებულებებს, მოხდება შესაბამისი პირების დაკითხვა, რომ საჩივარში მოტანილი პრეტენზიები თუ არგუმენტები გადამოწმდეს მანამ, სანამ გადაწყვეტს პროკურატურა, ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმე უნდა იქნას თუ არა აღძრული”, – აცხადებს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი.

 

დაკავებამდე ერთი დღით ადრე თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ბაჩო ახალაიამ რადიო “თავისუფლებისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მას სჯერა სერგო თეთრაძის გარდაცვალების ოფიციალური ვერსიის:

 

“ზუსტად იგივე ინფორმაცია მაქვს მე, რაც თქვენ, მე ვიცი, რომ ეს ადამიანი გარდაიცვალა ციხეში, გულის შეტევით, მე მჯერა ოფიციალური ვერსიის. ხალხი ამბობდა, რომ მოკლეს, ჩამოახრჩვეს, ფაქტები არ დაიმალება”.

მასალების გადაბეჭდვის წესი