კომენტარისამართალი

სასამართლო გადაწყვეტილებათა ხელმიუწვდომლობა – ინტერვიუ ლევან ავალიშვილთან

24 იანვარი, 2017 • 3680
სასამართლო გადაწყვეტილებათა ხელმიუწვდომლობა – ინტერვიუ ლევან ავალიშვილთან

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) კვლევით, საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა მნიშვნელოვან უპირატესობას ანიჭებს პერსონალური მონაცემების დაცვას საჯარო ინფორმაციის გაცემის ინტერესთან შედარებით; კანონმდებლობა არ ითვალისწინებს შესაძლო საჯარო ინტერესის არსებობას კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით; დახურულია ღია სასამართლოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებები, მიუხედავად იმისა, რომ (გამონაკლისი შემთხვევების გარდა) ნებისმიერ პირს აქვს უფლება, თავისუფლად შევიდეს და დაესწროს სასამართლო პროცესს; სასამართლოები არ გასცემენ ყოფილ მაღალ თანამდებობის პირთა შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებებს; სასამართლოები ფართოდ განმარტავენ დეპერსონალიზაციის ვალდებულებას, რაც ფაქტობრივად შეუძლებელს ხდის სასამართლო გადაწყვეტილებათა გაცემას.

რას უკავშირდება კანონმდებლობის ეს ხარვეზები? რატომ არ ასაჯაროებს სასამართლო ღია პროცესებზე მიღებულ გადაწყვეტილებებს, როდესაც მედია თითქმის პირდაპირ ეთერში აშუქებს სხდომებს? როგორია საერთაშორისო პრაქტიკა და როგორ უნდა შეიცვალოს ის? – ნეტგაზეთის კითხვებს IDFI-ის პროგრამების დირექტორი ლევან ავალიშვილი პასუხობს.

  • მოქმედი კანონმდებლობა სასამართლოს გადაწყვეტილებების ხელმისაწვდომობას განიხილავს, როგორც ორდინარულ საჯარო ინფორმაციას, მასზე ვრცელდება საჯარო ინფორმაციის გაცემის ზოგადი წესები და არ არის გათვალისწინებული მართლმსაჯულების გამჭვირვალობისა და სასამართლოსადმი ნდობის ლეგიტიმური ინტერესები.  რამდენად დიდ პრობლემებს ქმნის ეს კანონმდებლობის მხრივ და როდიდან და როგორ უნდა შეიცვალოს?

პრაქტიკა განსხვავებული იყო წლების განმავლობაში. მე შემიძლია გითხრათ, რომ 2014–15 წლებსა და 2016 წლის დასაწყისში, მაგალითად, ჩვენ სრულყოფილად ვიღებდით სასამართლო გადაწყვეტილებებს, როცა ვითხოვდით. დაახლოებით 2016 წლის გაზაფხულიდან გაჩნდა პრობლემები.

  • რას უკავშირდება ეს პრობლემები?

საქმე ის არის, მიუხედავად იმისა, რომ მედიას, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია დაესწროს ნებისმიერ ღია სასამართლო სხდომას (მათ შორის, მედიას აქვს უფლება, გააშუქოს და პირდაპირი ტრანსლირება განახორციელოს მაუწყებელში), როგორც კი სასამართლო სხდომა სრულდება, არავის, მათ შორის მედიასაც, არ შეუძლია მოითხოვოს ამ სასამართლო სხდომის გადაწყვეტილება. არ შეუძლია მოითხოვოს იქიდან გამომდინარე, რომ როცა ადამიანი ითხოვს კონკრეტულ პიროვნებაზე ან კონკრეტულ საქმეზე გადაწყვეტილებას, დღეს დამკვიდრებული პრაქტიკით და სასამართლო სისტემით, ეს მიიჩნევა პერსონალური მონაცემების შემცველად და ამიტომ არ გასცემენ გადაწყვეტილებებს; მიიჩნევა, რომ შეიძლება მოხდეს სხვის ინტერესების შელახვა მათი პერსონალური მონაცემების დაფარვის შეუძლებლობის გამო. ასეთი ქეისი ჩვენ შეგვექმნა 2016 წელს, როცა ჩვენ მოვითხოვეთ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის, შინაგან საქმეთა მინისტრის, თბილისის ყოფილი მერის,  ე.წ. კაბელების საქმეებზე სასამართლო გადაწყვეტილებები.

ჩვენ მოვითხოვეთ ის გადაწყვეტილებები, რომლებთან დაკავშირებითაც საზოგადოებამ შედეგი იცის. ფაქტობრივად, პროცესების ტრანსლირება ხდებოდა მედიაში, მაგრამ საქმე ის არის, რომ სასამართლო გადაწყვეტილება გაცილებით უფრო მეტ ინფორმაციას იძლევა იმასთან დაკავშირებით, თუ რა პოზიციაზე დგას ორივე მხარე, რა არგუმენტები აქვთ, თვითონ სასამართლოს დასაბუთება რა არის და როგორ მსჯელობს… ეს ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ გამჭვირვალობის კუთხით, არამედ მართლმსაჯულების ეფექტურად და სამართლიანად ფუნქციონირების კუთხით. თუ ჩვენ არ ვიცით, როგორ მსჯელობს მოსამართლე კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით, რა არგუმენტებზე დაყრდნობით გამოაქვს გადაწყვეტილება, საკმაოდ რთულია მონიტორინგის/კონტროლის განხორციელება სასამართლო სისტემაზე. ეს პრობლემა შეიქმნა სწორედ მოქმედი კანონმდებლობის ხარვეზის გამო. მაგალითად, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონში აღნიშნულია, რომ არსებობს განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები, მათ შორის, ინფორმაცია პირის ნასამართლობის შესახებ, ნებისმიერი ინფორმაცია, რომლის გამჟღავნება შეუძლებელია მისი თანხმობის გარეშე. თქვენ, ჟურნალისტს ან ნებისმიერ დაინტერესებულ მესამე მხარეს არ აქვს უფლება მოითხოვოს და მიიღოს კონკრეტულად მისთვის საინტერესო სასამართლო გადაწყვეტილება.

აქედან გამომდინარე, ჩვენ ვცდილობთ, რომ მოვამზადოთ საკანონმდებლო ცვლილებები. თავდაპირველად ვცდილობდით, რომ სასამართლო გზით მიგვეღო ეს ინფორმაცია; გავასაჩივრეთ ეს უარი საერთო სასამართლოებში და წავაგეთ პირველი ინსტანცია თბილისის საქალაქო სასამართლოში, მერე სააპელაციოც წავაგეთ და ამის პარალელურად ჩვენ მივმართეთ საკონსტიტუციო სასამართლოს. ჩვენ ვთვლით, რომ არაკონსტიტუციურია ასეთი დანაწესი, როდესაც დარღვეულია ბალანსი კერძოს და საჯაროს შორის; როცა კონსტიტუციით გამყარებულია ღია სასამართლოს სხდომის პრინციპი, სასამართლო გადაწყვეტილებების გამოცხადების და საქვეყნოობის პრინციპი და, ამავე დროს, არ გვაქვს უფლება, რომ მოვითხოვოთ კონკრეტულ საქმეებზე მიღებული გადაწყვეტილებები.

  • სასამართლოს გადაწყვეტილებების ხელმისაწვდომობის გამიჯვნა არ ხდება სამართლებრივი ურთიერთობის მიხედვით. არსებითად განსხვავებული სამართლებრივი ბუნების, კატეგორიის საქმეებთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით დადგენილია გამჟღავნების ერთგვარი სტანდარტი. როგორი ფორმით გამჟღავნება იგულისხმება ერთგვარ სტანდარტში და რამდენად აკმაყოფილებს ის საერთაშორისო სტანდარტებს?

ჩვენ საერთაშორისო პრაქტიკაც მოვიკვლიეთ. სხვადასხვა ქვეყნებში განსხვავებული მიდგომებია. ჩვენ, როგორც ახალი დემოკრატიის ქვეყანა, სადაც მართლჯმსაჯულებისადმი ძალიან დაბალი ნდობა იყო და ახლაც არის, ყოველთვის იყო კითხვის ნიშანი იმასთან დაკავშირებით, აკონტროლებს თუ არა ხელისუფლება სასამართლოს; ახდენს თუ არა გავლენას კონკრეტულ ე.წ. პოლიტიკურ საქმეებზე; რამდენად სამართლიანად სჯის მოსამართლე და ხომ არ აქვს მას რაიმე კომერციული ან კერძო ინტერესები… ჩვენთვის სასამართლოს ღიაობა და საჯაროობა არის ძალიან მნიშვნელოვანი იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ვართ ახალი დემოკრატიის ქვეყანა, სადაც ინსტიტუტებს არ აქვთ ჩამოყალიბებული ტრადიციები.

როდესაც მოჰყავთ მაგალითები იმავე გერმანიიდან, საფრანგეთიდან ან სხვა განვითარებული ქვეყნებიდან, იქ ასეთი სახის პრობლემები არ არსებობს. ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია მაღალი სტანდარტები და არა ის სტანდარტები, რომლებიც ინსტიტუციურად მყარი დემოკრატიის ქვეყნებში არსებობს. ანუ ჩვენ მაგალითი უნდა ავიღოთ ახალი დემოკრატიის ქვეყნებიდან, სადაც ვითარდება სისტემები და ზოგადად დემოკრატიული სისტემების განვითარებისთვის დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულება არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი.

  • არსებულ წესრიგში, ფაქტობრივად, უპირობო უპირატესობა ენიჭება პერსონალური მონაცემების დაცვას. ამ საბაბით სასამართლო ასევე არ აქვეყნებს იმ საქმეებზე მიღებულ გადაწყვეტილებებს, რომლებსაც მედია, ფაქტობრივად, პირდაპირ ეთერში აშუქებს. რამდენად დამაჯერებელია  სასამართლოს ეს არგუმენტი მაშინ, როდესაც პროცესი ღიაა მედიისთვის? თქვენი აზრით, რა ფორმით უნდა ხდებოდეს ღია პროცესებიდან სასამართლო გადაწყვეტილებების გამოქვეყნება?

აქ არის ორი საკითხი: 1. სასამართლოს რეფორმის მესამე ტალღის ფარგლებში ყველა სასამართლოს დაეკისრა ვალდებულება, რომელიც იანვრიდან, პრინციპში, უკვე უნდა ამუშავდეს – მათ უნდა გამოაქვეყნონ ყველა გადაწყვეტილება საჯაროდ ვებ–გვერდის მეშვეობით, მაგრამ საქმე ის არის, რომ ეს გადაწყვეტილებები გამოქვეყნდება დაშტრიხული/დაფარული სახით; მათ შორის, არ გამოქვეყნდება დახურულ სასამართლო სხდომებზე მიღებული გადაწყვეტილებები. შესაბამისად, იმ მაღალი საჯარო ინტერესის მქონე საკითხებსა და სასამართლო გადაწყვეტილებებზე ინფორმაციის მიღება მაინც საკმაოდ რთული იქნება. ამის იდენტიფიცირების საშუალებაც რთული იქნება: რომელი საქმე რომელს უკავშირდება, არის თუ არა ეს გახმაურებული საქმე. ამიტომ ეს შემაფერხებელი გარემოება არსებობს და, რა თქმა უნდა, ვერ გადაწყვეტს ეს ჩანაწერი იმ პრობლემას, რომელიც დღეს დგას. ამიტომ ვითხოვთ კანონმდებლობის ცვლილებას, რომ დაწესდეს ისეთივე მაღალი საჯაროობის სტანდარტი, როგორიც არსებობს დიდ ბრიტანეთში, აშშ-ში, კანადაში, ესტონეთში, შვედეთში… სადაც ნებისმიერ მომთხოვნს აქვს საშუალება, მიიღოს სრული გადაწყვეტილება და თავად განსაჯოს, რამდენად სამართლიანი იყო ეს მოსამართლე, როგორი იყო მოსამართლის განაჩენი, როგორი პოზიციები ჰქონდათ დაპირისპირებულ მხარეებს და ვინ იყო საქმის მონაწილე პირი.

მაგალითად, ჩვენ ყველა სასამართლოდან მოვითხოვეთ იმიტომ, რომ ამ პროექტის ფარგლებში ვცდილობდით, მონიტორინგი ჩაგვეტარებინა: მინდა გითხრათ, რომ იყო შემთხვევები, როცა არ მოგვაწოდეს, მაგალითად, მოსამართლის სახელი და გვარები – დაშტრიხეს. იყო შემთხვევები, როდესაც ყველაფერი დაშტრიხეს, მათ შორის, პროკურორების სახელები და გვარები. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციაა ანალიზისთვის, კვლევისთვის და ამ სისტემის მდგრადობისთვის.

  • რიგ შემთხვევებში საერთო სასამართლოები ფართოდ განმარტავენ პერსონალური მონაცემების დაცვის ცნებას და დეპერსონალიზაციის შესაძლებლობას, რომელიც ვრცელდება იურიდიულ პირებზეც. იმ შემთხვევაში, თუ არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი შესაძლო ჩადენილი დანაშაულის გათვალისწინებით, უნდა იყოს თუ არა სასამართლოს გადაწყვეტილება მათ მიერ გამოქვეყნებული და რა ფორმით? მაგალითად, მაგდა პაპიძის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება უნდა გამოექვეყნებინა თუ არა სასამართლოს?

იმავე მაგდა პაპიძის საქმე რომ ავიღოთ, ეს შუქდებოდა პირდაპირ ეთერში და მთელმა საქართველომ იცის დაზუსტებით, როგორ მიმდინარეობდა პროცესი: არა მხოლოდ გადაწყვეტილება იცის საბოლოო, არამედ მთელი პროცესი – თავისი ჩვენებებით და დეტალებით. ამიტომ ყოვლად გაუგებარია, როგორ არ უნდა მიიღოს მომთხოვნმა საბოლოო გადაწყვეტილება ყველა არგუმენტისა და მოსამართლის მსჯელობის შესაფასებლად. საკმაოდ საოცარი და პარადოქსული სიტუაციაა, როცა სასამართლო სხდომა ღიაა და თვითონ გადაწყვეტილება დახურული, როცა ადამიანი ითხოვს ამ კონკრეტულ საქმეზე მიღებულ სასამართლოს გადაწყვეტილებას.

რაც შეეხება იურიდიულ პირებს, აქაც საოცარი სიტუაცია შეიქმნა, როცა პერსონალური მონაცემების დაცვის არგუმენტით იფარება, მათ შორის, ორი კომერციული სტრუქტურის დავის დროს ორივეს სახელწოდება. აქაც საოცარი სიტუაციაა. მაგალითად, თქვენ ვერ მოითხოვთ გადაწყვეტილებას “რუსთავი 2”–ის საქმეზე, რომელიც სამოქალაქო წესით მიმდინარეობს და მაღალი საჯარო ინტერესია. ესეც, ფაქტობრივად, დიდი რისკის შემცველია ზოგადად ქვეყანაში მართლმსაჯულების გამჭვირვალობის კუთხით იმიტომ, რომ არ შეიძლება მაღალი საჯარო ინტერესის მქონე საკითხები, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა საკითხები, რომლებიც შეიძლება შემდგომში აღმოჩნდეს საჯარო ინტერესის, იყოს დაფარული და არ იყოს ხელმისაწვდომი დაინტერესებული პირისთვის. აქ საუბარი არის ადვოკატებზე, ჟურნალისტებსა და მკვლევარებზე. ჩვეულებრივი მოქალაქეები ძალიან იშვიათად შეიძლება ითხოვდნენ მესამე მხარეზე სასამართლოს გადაწყვეტილებას. შეიძლება გადაწყვეტილება მოითხოვოს იურიდიულ ფაკულტეტის სტუდენტმა, რომელიც თავისი ნაშრომს ამზადებს; შეიძლება მოითხოვოს ჟურნალისტმა, რომელიც საგამოძიებო საკითხზე მუშაობს.

ერთი კონკრეტული მაგალითი არის სტუდია “მონიტორის” გამოძიება (“აგენტი პროვოკატორი” ხელისუფლების სამსახურში) იმ მოწმეზე, რომელიც ძალიან ბევრ საქმეში ფიგურირებდა პროკურატურის მხრიდან. იქ თავიდან არ ჩანდა საჯარო ინტერესი, მაგრამ როდესაც ჩვეულებრივ სისხლის სამართლის საქმეებში ერთი და იგივე ადმიანი ფიგურირებს, ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ რაღაც პრობლემური საკითხია… ჰოდა, თუ არ გვაქვს საშუალება, რომ მივიღოთ ასეთი მონაცემები, მაგალითად, ვერ დავადგინოთ მისი ვინაობა, სახელი და გვარი, ასეთი გამოძიება შეუძლებელი იქნებოდა. ამიტომ ვიძახით, რომ ჩვენნაირი ახალი დემოკრატიის ქვეყნებში მართლმსაჯულების გამჭვირვალობას აქვს ძალიან მაღალი ინტერესი. რა თქმა უნდა, პერსონალური მონაცემების დაცულობა მნიშვნელოვანი და აუცილებელია, მაგრამ განსაკუთრებულ შემთხვევებში. მაგალითად, თუ საქმე ეხება ბავშვებს ან რაიმე ისეთ ძალადობის საკითხს, რომლის გამჟღავნებაც ზედმეტია. თუმცა ასეთი ინფორმაციის დაცვის მექანიზმი არსებობს – სხდომის დახურვა ნაწილობრივი ან სრული, რომელიც შემდგომ მხოლოდ სარეზულუციო ნაწილის სახით შეიძლება იყოს ხელმისაწვდომი დაინტერესებული პირისთვის.

გადაწყვეტილების გამოქვეყნებაში ვგულისხმობთ მის სრულ ღიაობას: სახელი, გვარი, ყველას არგუმენტი, სახელწოდებები – ყველაფერი უნდა ჩანდეს და არ იყოს, უბრალოდ, ზოგადი იურიდიული დასაბუთება დაშტრიხული სახით, რომელსაც ვერც მე, ვერც თქვენ და ვერავინ გაიგებს, რა ხდებოდა კონკრეტულად ამ ქეისში.

  • საერთო სასამართლოები უარს ამბობენ სასამართლოს გადაწყვეტილებების გაცემაზე საკმარისი რესურსის არარსებობის გამო. რამდენად რეალური და მყარია მათი ეს არგუმენტი?

როდესაც ადამიანს არ შეუძლია მოითხოვოს კონკრეტული საქმე, მას რჩება ერთი გამოსავალი: მოითხოვოს ყველა საქმე, სადაც შეიძლება რომელიმე კონკრეტული მუხლი ფიგურირებდეს და ჰქონდეს ეჭვი, რომ მისთვის საინტერესო საქმეც მათ შორის მოხვდება და ასეთი გზით მიიღოთ ინფორმაცია. მაგალითად, თუ გვაინტერესებს თბილისის ყოფილი მერის საქმე და ვერ ვიღებთ გადაწყვეტილებას, შეგვიძლია მოვითხოვოთ იმ წელს მისთვის წაყენებული კონკრეტული მუხლით ყველა გადაწყვეტილება. ამ შემთხვევაში სასამართლო გასცემს დაშტრიხული სახით, მაგრამ ერთბაშად ბევრს. ჩვენ ასეთი დაჯგუფებით, იდენტიფიკაციის გარეშე, მაგრამ ყველა გადაწყვეტილება სპეციალურად მოვითხოვეთ, რომ გვენახა, ასეთ შემთხვევაში გასცემდნენ თუ არა ინფორმაციას.

როგორც აღმოჩნდა, ასეთი შემოვლითი გზით როცა ითხოვს ადამიანი ინფორმაციას, სასამართლო იმ არგუმენტზე დაყრდნობით, რომ “არ აქვთ რესურსი, რომ ყველა ეს გადაწყვეტილება დაშტრიხონ/დაფარონ”, არ გასცემს ამ მონაცემებს. შესაბამისად, იქმნება სიტუაცია, როცა არც კონკრეტული საქმის მოთხოვნა შეგიძლია, რომ მიიღო ის, რაც შენ გაინტერესებს და არც ყველა საქმის მოთხოვნა შეგიძლია იმიტომ, რომ სასამართლო ამბობს, რესურსი არ გვაქვს ყველა საქმის დასამუშავებლადო. გამოდის, რომ იკეტება ხელმისაწვდომობა ისეთი მნიშვნელოვანი ინფორმაციისადმი, როგორიც არის სასამართლო მართლმსაჯულება, გამჭვირვალობა და სისტემა.

  • როგორც თქვენ ამბობთ, სავარაუდოდ, სასამართლოები გადაწყვეტილებებს შაბლონური ფორმით გასცემენ. რა იგულისხმება შაბლონური ფორმით გაცემაში?

ჩვენ მოვთხოვეთ ინფორმაცია საქართველოს მასშტაბით ყველა სასამართლოს. რა თქმა უნდა, ყველა სასამართლო უნდა იყოს დამოუკიდებელი თავის საქმიანობაში, მათ შორის, სხვა სასამართლოებისგან, მაგრამ ჩვენს მოთხოვნაზე პასუხები იყო, ფაქტობრივად, იდენტური – ე.წ. Copy-Paste. ანუ ერთმანეთისგან გადაწერილი ზუსტი ფორმულირებით პასუხები, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ შეთანხმების სისტემა სასამართლოებს შორის არსებობს და პრაქტიკას ასე ამკვიდრებენ. გვქონდა ეჭვი, რომ სხვადასხვა სასამართლოს შეიძლებოდა სხვადასხვანაირად განემარტა ინფორმაციის გაცემის საკითხი, თუმცა აღმოჩნდა, რომ შეთანხმება არსებობს და ე.წ ქოფი–ფეისთის დონეზე ხდება პასუხების გაცემა.

  • თქვენ რა რეკომენდაციები გაქვთ? რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ის ხარვეზები, რომლებზეც ახლა ისაუბრეთ, აღმოფხვრას სახელმწიფომ?

ჩვენ კონკრეტული რეკომენდაციები გვქონდა. ამ რეკომენდაციებს რამდენიმე თვეა ვამუშავებთ არასამთავრობო სექტორებს შიგნით. ბევრი ორგანიზაცია მონაწილეობს ამ პროცესში იმიტომ, რომ ბევრი სხვადასხვანაირი მიდგომა არის სრულ თუ ნაწილობრივ ღიაობასთან დაკავშირებით. დღევანდელი ღონისძიებაც ამას ეძღვნებოდა სწორედ, რომ პოზიციები შევაჯეროთ. მიუხედავად იმისა, რომ ჩამოყალიბებული წინადადებები, რომელიც გვინდა, რომ პარლამენტს წარვუდგინოთ, პარალელურად, როგორც ავღნიშნე, საკონსტიტუციო სასამართლოში გვაქვს წაღებული საქმე. ვფიქრობთ, რომ სწორედ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სტანდარტის დადგენის შემდგომ გადავამუშავებთ უკვე საბოლოოდ ამ რეკომენდაციებს და ისე მივმართავთ საქართველოს პარლამენტს. საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესი 27 იანვარს არის ჩანიშნული.

მასალების გადაბეჭდვის წესი