სამართალი

ფიქტიურად დარეგისტრირებული საავტორო უფლება

4 ივლისი, 2012 • • 3228
ფიქტიურად დარეგისტრირებული საავტორო უფლება

საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონში წერია, რომ ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს უფლება აქვს, ნაწარმოების ორიგინალის ან ასლის დეპონირება განახორციელოს „საქპატენტში“.  დეპონირების დამადასტურებელ მოწმობაში მითითებული პირი კი მიიჩნევა ნაწარმოების ავტორად/საავტორო უფლების მფლობელად, თუ არ არსებობს საწინააღმდეგო დასაბუთება.

”საქპატენტი” ნაწარმოებს დეპონირების დამადასტურებელ დოკუმენტში ნაწარმოების ავტორად ისე არეგისტრირებს პირს, რომ არ ამოწმებს, ნამდვილად ის არის თუ არა ავტორი. კანონში წერია, რომ საქპატენტის წინაშე წარდგენილი ინფორმაციის სიზუსტეზე დეპონირების მომთხოვნი პირია პასუხისმგებელი. დეპონირების დამადასტურებელი მოწმობის აღება ”საქპატენტში” 50 ლარი ღირს.

”საქპატენტის”  იურიდიული და საავტორო სამართლის დეპარტამენტის უფროსის, ელენე ქემაშვილის განმარტებით, ნაწარმოების დეპონირება არ გულისხმობს, რომ მისი ავტორი აუცილებლად ის არის, ვინც დეპონირება მოითხოვა.

”დეპონირება გულისხმობს პირის მიერ წარმოდგენილი ნაწარმოების შენახვას და ”საქპატენტის” არქივში დარეგისტრირებას და პირისთვის დეპონირების დამადასტურებელი საბუთის გადაცემას,” – ამბობს ელენე ქემაშვილი. მისივე თქმით, ხშირად ჩნდებიან სხვა პირები, რომლებიც ნაწარმოების საავტორო უფლებაზე პრეტენზიას აცხადებენ. ამ შემთხვევაში მტყუან-მართალი სასამართლომ უნდა გაარკვიოს, დეპონირების დოკუმენტს კი, პრაქტიკულად, არანაირი სამართლებრივი ძალა არ გააჩნია და ამით პირი ვერ დაამტკიცებს, რომ ნაწარმოები ნამდვილად მას ეკუთვნის.

ერთი მხრივს, კანონი ცნობს დეპონირებას – საავტორო უფლების დამადასტურებელი მოწმობის გაცემას, მეორე მხრივ კი, მას არანაირი მტკიცებითი ძალა არ გააჩნია. აღნიშნულის გამო ხშირად კურიოზული ფაქტებიც ხდება.

მაგალითად, საავტორო უფლებების სპეციალისტი, ილიას უნივერსიტეტისა და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის მედიასამართლის ლექტორი ლიკა საჯაია იხსენებს, რომ საქართველოს ერთ-ერთმა მოქალაქემ კლასიკური ქართული სიმღერა ”ჩაკრულოს” დეპონირება მოახდინა, რაც ნამდვილად არ ნიშნავს, რომ ეს ნაწარმოები მის მიერაა შექმნილი.

ლიკა საჯაია მიიჩნევს, რომ დეპონირების ინსტიტუტი საქართველოში არაეფექტურია, რადგან სადავო საავტორო უფლებას საბოლოოდ სასამართლო ადგენს, საქპატენტის მიერ გაცემულ დეპონირების დამადასტურებელი დოკუმენტით ბევრი ვერაფერი დადასტურდება, რადგან ნაწარმოების დეპონირებისას საქპატენტი მოწმობას ინფრომაციის გადაუმოწმებლად გასცემს.

”საქპატენტის”  იურიდიული და საავტორო სამართლის დეპარტამენტის უფროსი ელენე ქემაშვილი ადასტურებს, რომ აღნიშნული უწყება არ ამოწმებს, კონკრეტული ნაწარმოების ავტორი არის თუ არა ის პირი, რომელიც დეპონირებას ითხოვს. ხშირად საქპატენტი დალუქული ნაწარმოებების დეპონირებასაც ახდენს.

ელენე ქემაშვილის ინფორმაციით, ”საქპატენტი” წელიწადში 600-მდე ნაწარმოების დეპონირებას ახდენს, რომელთა დიდი ნაწილი ან ლიტერატურული ნაწარმოებია, ან მუსიკალური.

იურისტი ლიკა საჯაია ამბობს, რომ საავტორო უფლებების დაცვის კუთხით დღეს არსებული სისტემა არაეფექტურია და ამას დეპონირების არსებობაც მოწმობს. მისი თქმით, საავტორო უფლებების დაცვას ”საქპატენტი”, ფაქტობრივად, ვერც ახერხებს. იურისტი მიიჩნევს, რომ ნაწარმოებებზე საავტორო უფლებების დასაცავად მხოლოდ ”საქპატენტის” არსებობა საკმარისი არ არის და უნდა შეიქმნას ისეთი არასამთავრობო ორგანიზაციები და პროფესიული გაერთიანებები, რომლებიც თავად დაიცავენ კონკრეტულ სფეროში საავტორო უფლებებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი