სამართალი

Must Carry დამტკიცებული ცვლილებებით მხოლოდ არჩევნების დღემდე იმოქმედებს

29 ივნისი, 2012 • 1368
Must Carry  დამტკიცებული ცვლილებებით მხოლოდ არჩევნების დღემდე იმოქმედებს

უმრავლესობამ არ გაითვალისწინა ოპოზოციის და არასამთავრო სექტორის რეკომენდაციები და  ცვლილებები წარმოდგენილი ვერსიით დაამტკიცა, ანუ Must Carry  გავრცელდება მხოლოდ არჩევნების დღემდე.

ცვლილებები მესამე მოსმენით პარლამენტმა ერთხმად, 103 ხმით  0 – ის წინააღმდეგ დაამტკიცა.

პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქარაძემ განაცხადა, რომ  ამით არჩევნების დღეს დასრულდება  სახელმწიფო ჩარევა კერძო ბიზნესის საქმიანობაში. მისივე თქმით, ხელისუფლება წაახალისებს ნებისმიერ შეთანხმებას, რომელიც საშუალებას მისცემს “საკაბელოებსა და მაუწყებლებს შორის გაგრძელდეს ის, რასაც ჩვენ სავალდებულო წესით ვამკვიდრებთ წინასაარჩევნო პერიოდში[MUST CARRY, MUST OFFER].

დამტკიცებული ცვლილებების მიხედვით,  ტელეკომპანია „მაესტრო“ და  ბიძინა ივანიშვილის მეუღლის, ეკა ხვედელიძის საკუთრებაში არსებული „მეცხრე არხი“ ხელმისაწვდომი იქნება საქართველოში მოქმედი ყველა საკაბელო მაუწყებლის პაკეტით, რადგან ისინი არიან სატელიტური ლიცენზიის მქონე ტელეკომპანიები.  თუმცა ამჟამად საკაბელო მაუწყებლების უმრავლესობას ეს არხები  მათ შეთავაზების პაკეტში არა აქვთ.


საკაბელო კომპანიები ასევე ვალდებული იქნებიან, გაავრცელონ ტელეკომპანია “კავკასიის” სიგნალი მას შემდეგ, რაც ცვლილებების პროექტში ჩაიწერა, რომ საკაბელო ოპერატორებმა  უნდა გაავრცელონ სატელიტური მაუწყებლობის ლიცენზიის მქონე მაუწყებლები და ის არხები,  რომლებიც ხელმისაწვდომია საქართველოს მოსახლეობის არანაკლებ 20%–ისთვის.  ეს ცვლილებები ტელეკომოანია “კავკასიის” გამო შევიდა.


დღეს პარლამენტში აღნიშნულ ცვლილებებს მხარი არ დაუჭირეს ქრისტიან-დემოკარეტებმა და არ მიიღეს კენჭისყრაში მონაწილეობა. დეპუტატმა ლევან ვეფხვაძემ ამის მიზეზად ის დაასახელა, რომ, მათი აზრით, Must Curry- ის წესი ახლავე უნდა ამოქმედდეს და არა არჩევნებამდე 60 დღით ადრე და  უნდა გაგრძელდეს მუდმივად.  


მოძრაობა “ეს შენ გეხებას”  და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების აზრით, Must Carry-ის წესი უნდა გავრცელებულიყო არჩევნების შედეგების გამოცხადებამდე და არა არჩევნების დღემდე, როგორც ეს დამტკიცებულ ვარიანტშია.


28 ივნისს აშშ-ის ელჩმა საქართველოში ჯონ ბასმაც გაამახვილა ამ თემაზე ყურადღება და განაცხადა, რომ განხილვის საგანი უნდა გამხდარიყო Must Carry- ის წესის გავრცელება მთელ საარჩევნო პერიოდზე.


პარლამენტში კენჭისყრამდე,  29 ივნისს, NDI–ის პრეზიდენტმა  კენეთ უოლაკიმ პოზიტიურ ნაბიჯად შეაფასა Must Carry–ის პრინციპის კანონმდებლობაში დანერგვას, თუმცა აღნიშნა,  რომ უნდა მოხდეს  Must Carry–ის პრინციპის არჩევნების შედეგების გამოცხადებამდე გაგრძელების შესაძლებლობის განხილვა.



ამ თემას პარლამენტი, სავარაუდოდ, აღარ დაუბრუნდება, რადგან საკანონმდებლო ორგანომ დღეს საგაზაფხულო სესიები დაასრულა.

Must Carry
Must Carry

მასალების გადაბეჭდვის წესი