“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”(საია) სისხლის სამართლის საქმეებზე თბილისის საქალაქო სასამართლოს პროცესების მონიტორინგს 6 თვის განმავლობაში ახორციელებდა, ხოლო “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” სასამართლოში ადმინისტრაციულ საქმეთა განხილვას ოთხი თვის განმავლობაში თბილისსა და ბათუმში აკვირდებოდა.
საიას მონიტორები თბილისის საქალაქო სასამართლოში ყოველდღიურად, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, ორ–ოთხ სხდომას ესწრებოდნენ. “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” მონიტორები კი, შემთხვევით შერჩეული სხდომების გარდა, აქცენტს უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ დავებზე აკეთებდნენ.
საიას მონიტორები, ჯამში, 283 სხდომას დაესწრნენ. “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” კი 252 სასამართლო სხდომის 108 საქმის მონიტორინგის შედეგები შეაჯამეს.
საჯარო განხილვის, ანუ საქმის განხილვის საქვეყნოობის პრინციპს ორივე ორგანიზაციის მონიტორები აკვირდებოდნენ.
საჯარო განხილვის უფლება
საქმის განხილვის საჯაროობის პრინციპი გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციის 85-ე მუხლით.
საიას მიერ გამოვლენილი შედეგების მიხედვით, 6 თვის განმავლობაში საქმეთა უმრავლესობაში საჯარო განხილვის უფლებები დაკმაყოფილებული იყო, რადგან სხდომები იყო საჯარო და ნებისმიერ ადამიანს შეეძლო მასზე დასწრება. თუმცა გამონაკლისს წარმოადგენდა ბრალდებულის პირველი წარდგენის სხდომები, სადაც სხდომის ჩატარების თარიღი და ადგილი სასამართლოს წინასწარ არც ერთხელ არ გამოუქვეყნებია.
იგივე პრობლემაზე კვლევაში “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომაც” მიუთითა. მონიტორებმა გამოავლინეს, რომ განრიგში არ ხვდებოდა ის სხდომები, რომლებიც საზოგადოების მნიშვნელოვან ინტერესს იწვევდა, მაგალითად, სხდომა, რომელიც დასუფთავების გადასახადის დენის გადასახადზე მიბმას ეხებოდა.
უზენაესი სასამართლოს წარმომადგენლის, დავით მეფარიშვილის განცხადებით, ის, რომ სხდომის დანიშვნის შესახებ ინფორმაცია დროულად არ ქვეყნდება, დიდ პრობლემას არ წარმოადგენს:
“სასამართლოს პირველი წარდგენის სხდომამდე მოსამზადებლად მხოლოდ 24 საათი აქვს, ამიტომ ძალიან ძნელია საზოგადოებას დროულად მიაწოდო ინფორმაცია, თუ როდის დაინიშნა სხდომა, არა მგონია ეს არსებითი პრობლემა იყოს”, – განაცხადა დავით მეფარიშვილმა.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტის თინათინ ავალიანის თქმით, სხდომების წინასწარი გამოცხადება სასამართლოს ვალდებულებაა:
“185 სხდომა, რომელსაც ჩვენ დავესწარით, ჩატარდა სამუშაო საათებში და არც ერთ მათგანზე არ ყოფილა გამოქვეყნებული წინასწარ სხდომის ჩატარების შესახებ ინფორმაცია. ეს არის სასამართლოს ინსტიტუციური ვალდებულება, რომ საჯარო განხილვის ფარგლებში მოახდინოს ამ პროცესის ჩატარების თარიღის წინასწარ გამოქვეყნება”, – განაცხადა თინათინ ავალიანმა.
სხდომის საჯაროობასთან დაკავშირებით “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” დააფიქსირა ერთი ფაქტი, როდესაც სხდომის ოქმის აუდიოჩაწერა შეწყდა და მოსამართლემ მიუთითა, მდივანს სხდომის ოქმში არ შეეტანა მის მიერ დასმული რვა შეკითხვა, რომელიც მხარეებს ახსნა–განმარტების წარმოთქმისას დაუსვა. “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” სასამართლოს მოუწოდებს, გამოასწორონ ოქმის აუდიოჩანაწერის გაკეთებისას წარმოშობილი ტექნიკური თუ სხვა პრობლემები.
შეჯიბრებითობის პრინციპი
კანონმდებლობით უზრუნველყოფილია შეჯიბრებითობის პრინციპი, რაც გულისხმობს მხარეთა თანასწორ პირობებში ჩაყენებას მთელი სასამართლო პროცესის განმავლობაში.
სხდომებზე თანასწორობის პრინციპის დაცვას ასევე ორივე ორგანიზაციის მონიტორები აკვირდებოდნენ.
საიას მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ უმეტესწილად სასამართლო სხდომის დარბაზში მხარეთა თანასწორობის შთაბეჭდილება იქმნებოდა, სასამართლო გადაწყვეტილებები მაინც ადასტურებს მოსამართლეთა არასათანადო ნეიტრალურობას და ბრალდების მიმართ მიკერძოებას.
არც ერთ სხდომაზე, რომელსაც საია აკვირდებოდა, სასამართლოს ბრალდებული აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების გარეშე არ დაუტოვებია. ყველა ბრალდებულს აღმკვეთი ღონისძიების სახით გირაო ან პატიმრობა შეეფარდა:
“ჩვენ ვფიქრობთ, რომ სასამართლო ამით ატარებს ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკას, რაც სახელმწიფოს მხრიდან არის დადგენილი. როგორც სასამართლოს წარმომადგენელმაც აღნიშნა, ძალიან იშვიათად ხდება სხვა უფრო მსუბუქი აღმკვეთი ღონისძიების გამოყენება, თუმცა ჩვენ მიერ შესწავლილ საქმეებში ასეთი საერთოდ არ დაფიქსირებულა”, – აღნიშნა თინათინ ავალიანმა.
ყველა იმ სხდომაზე, რომელსაც საია დააკვირდა, სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების შუამდგომლობები აღმკვეთი ღონისძიების საკითხის განხილვისას. 86–ივე საქმეში, სადაც პროკურატურამ ბრალდებულის დაპატიმრება მოითხოვა, სასამართლომ შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა. ასევე 99–ივე საქმეში, სადაც პროკურატურამ გირაო მოითხოვა, სასამართლომ ბრალდებულს გირაო შეუფარდა ზუსტად იმ თანხის ოდენობით, რასაც პროკურატურა ითხოვდა:
“ჩვენი დაკვირვებით 99 შემთხვევიდან, როდესაც პირს გირაო შეეფარდა, მხოლოდ 33%–ში წარმოადგინა პროკურორმა რეალური დასაბუთება იმისა, რომ ბრალდებულს ეს ფინანსური შესაძლებლობა ჰქონდა. სხვა შემთხვევაში სასამართლოს არც გამოურკვევია და არც უცდია, რომ გამოერკვია ბრალდებულის ფინანსური მდგომარეობა, რაც მისი პირდაპირი ვალდებულებაა”, – აცხადებს თინათინ ავალიანი.
“მინდა ვთქვა, რომ 2012 წლის მონაცემებით, ბოლო თვეებში პატიმრობის შეფარდება უფრო და უფრო იკლებს, რაც შეეხება გირაოს შეფარდებას, მინდა გითხრათ, რომ წინასწარ ყოველთვის არის გარკვეული ბრალდებულის ქონებრივი მდგომარეობა”, – განაცხადა დავით მეფარიშვილმა.
კვლევის მიხედვით, სასამართლო სხდომაზე დაფიქსირდა მოსამართლის მხრიდან აქტიური დაკითხვის ორი შემთხვევა. ორივე შემთხვევაში მოსამართლემ დაარღვია სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრული წესი, რომლის მიხედვითაც მოსამართლეს მხარეთა ნებართვის გარეშე კითხვების დასმა ეკრძალება. ორი შემთხვევიდან ერთ–ერთზე მოსამართლემ 37 დამაზუსტებელი, მათ შორის არსებითი ხასიათის შეკითხვა დასვა. თინათინ ავალიანის განცხადებით, თუნდაც ერთი ასეთი ფაქტი უკვე შემაშფოთებელია.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” დასკვნის მიხედვით, მხარეთა თანასწორობის პრინციპი უმეტესად დაცული იყო. მოსამართლეები მოსარჩელეთა და მოპასუხეთა მიერ წარდგენილი შუამდგომლობების დაახლოებით ერთსა და იმავე პროცენტულ რაოდენობას აკმაყოფილებდნენ.
77-დან მხოლოდ 4 შემთხვევაში გაჩნდა საფუძვლიანი ეჭვი იმისა, რომ მოსამართლე მიკერძოებულად იქცეოდა. ოთხივე შემთხვევაში მოპასუხე იყო თბილისის მერია. მოსამართლე მისი პოზიციის განმარტებასა და გამართლებას შეეცადა და მოსარჩელეს კითხვების დასმისას შეეკამათა. ოთხივე შემთხვევა თბილისის საქალაქო სასამართლოში დაფიქსირდა.
გარდა ზემოთ აღნიშნულისა, “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” 108 საქმის განხილვის შედეგებიც დააფიქსირა. კვლევაში აღნიშნულია, რომ ამ პროცესმა ადმინისტრაციული დავების განხილვის პოტენციურად ძალზე პრობლემური სფერო გამოავლინა. საქმეების 92.6%-ში (108-დან 100 საქმე) დავა სრულად ან ნაწილობრივ სახელმწიფოს სასარგებლოდ დასრულდა.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლის, კახა კობერიძის განცხადებით, ამ კუთხით საქართველო გამონაკლისი არაა:
“მთელ მსოფლიოში და მათ შორის ევროპულ ქვეყნებშიც საქმეთა უმეტესობა სახელმწიფოს სასარგებლოდ სრულდება”, – განაცხადა კახა კობერიძემ.
საიას მონიტორებმა გამოავლინეს თარჯიმნის ყოლის უფლების დარღვევებიც. საია 19 ისეთ პროცესს დაესწრო, სადაც თარჯიმნის მონაწილეობა სავალდებული იყო. სამ შემთხვევაში გამოვლინდა ბრალდებულის უფლების დარღვევა, რადგან თარჯიმნები არაკვალიფიციურ თარგმანს აკეთებდნენ, ერთ შემთხვევაში კი თარჯიმანმა საერთოდ დატოვა დარბაზი მოსამართლის ნებართვის გარეშე და მოსამართლეს რეაგირება არ მოუხდენია.
მონიტორინგის შედეგად ასევე დადგინდა, რომ უმეტეს შემთხვევაში მოსამართლემ პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილება არ დაასაბუთა. გადაწყვეტილება მოსამართლემ 86–დან მხოლოდ 30 შემთხვევაში დაასაბუთა.
თარჯიმნის პრობლემასთან დაკავშირებით კახა კობერიძემ აღნიშნა, რომ პრობლემა აუცილებლად აღმოიფხვრება, რაც შეეხება გადაწყვეტილების დასაბუთებულობას, კობერიძის თქმით, მოსამართლის საბოლოო გადაწყვეტილება ყოველთვის სათანადოდაა დასაბუთებული.
საიამ კვლევისას ისიც დაადგინა, რომ დაცვის მხარე ბევრად უფრო პასიური იყო ბრალდების მხარესთან შედარებით. საიას მიაჩნია, რომ ადვოკატებს შეუძლიათ უფრო მეტი გააკეთონ აღნიშნული ბალანსის აღსადგენად, თუ ბევრად უფრო აქტიურები იქნებიან ბრალდებულთა ინტერესების დაცვის პროცესში.