სამართალი

2003 წლის შემდეგ თითქმის უცვლელი ქართული დემოკრატია

7 ივნისი, 2012 • • 1704
2003 წლის შემდეგ თითქმის უცვლელი ქართული დემოკრატია

”გარდამავალი მთავრობა, ან ჰიბრიდული რეჟიმი” – ასეა შეფასებული ”ფრიდომ ჰაუსის” მიერ დღევანდელი საქართველოს დემოკრატიულობა, რომელიც 7-ქულიანი სისტემით 4.82 ქულით არის შეფასებული. როგორც წესი, საუკეთესო მაჩვენებლი 1 ქულაა, ყველაზე ცუდი კი – 7. საქართველოს დემოკრატიის ინდექსი 2012 წლის ანგაირშის მიხედვით 2011 წელთან შედარებით პრაქტიკულად უცვლელია. 0.25 ქულით გაუმჯობესდა მხოლოდ კორუფციის მაჩვენებელი. 2003 წელთან შედარებით საქართველოს დემოკრატიული მაჩვენებლები, ”ფრიდომ ჰაუსის” მონაცემებით, მნიშვნელოვნად შეცვლილი არაა. 2003 წელს საქართველოს დემოკრატია შეფასებული იყო 4.83 ქულით, 2011 წელს კი 4.82 ქულითაა შეფასებული. აღნიშნული მაჩვენებლი საუკეთესო 2007 წელს იყო და ის 4.68 ქულას შეადგენდა.

 

”ფრიდომ ჰაუსის” 2012 წლის ანგარიშის შესავალში წერია, რომ 2007 წელს დაწყებული პოლიტიკური კრიზისი 2010 წელს ჩაწყნარდა, თუმცა ახალი საპროტესტო ტალღა 2011 წელს წამოვიდა, რაც 2011 წლის 26 მაისს საპროტეტსო აქციის დაშლით დასრულდა.  მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლების ეს ქმედება საერთაშორისო საზოგადოებამ დაგმო და მცირედ შეარყია სააკაშვილის იმიჯი, ის კვლავ რჩება საკამრისად პოპულარულ პოლიტიკოსად.

 

”2013 წლის არჩევნებმა მისი მემკვიდრე უნდა გამოავლინოს, თუმცა პოლიტიკური ალტერნატივა მცირეა, რადგან ოპოზიცია დანაწევრებულია და მოუმზადებელია მმართველ პარტიასთან სერიოზული დაპირისპირებისთვის,”- მიიჩნევს ”ფრიდომ ჰაუსი”. ანგარიშში ასევე ნახსენებია 2010 წელს კონსტიტუციაში შესული ცვლილებები, რომელიც საქართველოს უახლოეს წლებში საპარლამენტო რესპუბლიკად გარდაქმნის.

 

”მიუხედავად მრავალი კრიზისისა, ხელისუფლებამ დიდი ძალისხმევის შედეგად ქვედა დონეზე აღმოფხვრა კორუფცია. მნიშვნელოვანი პროგრესია მიღწეული სახელმწიფო ინსტიტუტების გამჭვირვალობის გასაზრდელად და ახალი ტექნოლოგიების დანერგვით მინიმუმამდე შემცირდა ბიუროკრატია, ასევე, გაუმჯობესებულია ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა,” – წერია ”ფრიდომ ჰაუსის” 2012 წლის ანაგრიშში, რომელიც ორგანიზაციისთვის შსს-ს პოლიციის აკადემიის ამჟამინდელმა რექტორმა და ილიას უნივერსიტეტის პროფესორმა დავით აფრასიძემ მოამზადა.

საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიშში დემოკრატიის ერთიან ქულას სხვადასხვა კომპონენტების საერთო მაჩვენებლით ითვლის. შესაბამისად, ქვეყანაში დემოკრატიის კუთხით არსებული სიტუაცია ანაგრიშში სხვადასხვა სფეროების მიხედვითაა შეფასებული.

 

შესაბამისად, ანაგრიშში შეფასებულია სახელმწიფო დემორკატიული მმართველობა, ადგილობრივი დემოკრატიული მმართველობა(თვითმმართველობები),  საარჩევნო სისტემის პროგრესი, სამოქალაქო საზოგადოება, მედიის დამოუკიდებლობა, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა და კორუფცია.

 

საარჩევნო სისტემა

 

”ფრიდომ ჰაუსი” მიიჩნევს, რომ 2011 წლის დეკემბერში საარჩევნო კანონმდებლობაში შესულმა ცვლილებებმა მნიშვნელოვნად გააუმჯობესა საქართველოს საარჩევნო სისტემა, ეს საკითხი კი გამოკითხვებითაც დასტურდება, რომ ქართველებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემაა.

 

”პრინციპში, ახალი კანონი იძლევა სამართლიანი და თანასწორი საარჩევნო კამპანიის წარმოების საშუალებას, ასევე ფინანსების დაბალანსებულ და გამჭვირვალე მოძიებას, ასევე, ეს კანონი პარტიებს სთავაზობს სისტემას თავისუფალი და კონკურენტული არჩევნებისთვის,” – წერს ”ფრიდომ ჰაუსი”, თუმცა იქვე დასძენს, რომ ეს შედეგები უფრე მეტად შესამჩნევი იქნება 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისას. ანგაირშში ასევე აღნიშნულია, რომ პრობლემად რჩება სანდოობის დაბალი ხარისხი საარჩევნო სისტემის რეფორმისადმი. ორგანიზაცია მიუთეითებს, რომ პარტიების დაფინანსების ახლებურად დარეგულირებამ უფრო გამჭვირვალე გახადა პარტიების დაფინანსების პროცესი.

 

”ფრიდომ ჰაუსი” აღნიშნავს, რომ მიუხედავად პრობლემებისა, ვენეციის კომისიამ ახალი საარჩევნო კანონმდებლობა წინ გადადგმულ ნაბიჯად შეაფასა.

 

სახელმწიფოს დემორკატიული მმართველობა

 

აღნიშნულ ქვეთავში ”ფრიდომ ჰაუსი” ყურადღებას ამახვილებს ქართულ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის მოსვლაზე და წერს, რომ მის გამოჩენას ხელსიუფელბის მხრიდან მტრული რეაქცია მოჰყვა, მას და მის ცოლს შეუწყდათ საქართველოს მოქალაქეობა, ხელსიუფლების წარმომადგენლები აქცენტს აკეთებდნენ ივანიშვილის მილიარდების რუსულ წარმომავლობაზე, ასევე, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მილიარდერის ბანკ ”ქართუს” შემოწმება დაიწყო.

 

”ფრიდომ ჰაუსის” ანგარიშის მიხედვით, 2011 წლის პირველ ნახევარში ნინო ბურჯანაძის მიერ წარმოებული საპროტესტო აქციების მონაწილეებს რამდენიმე დღის მანძილზე პიკეტირებული ჰქიონდათ საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობა, დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს კი პარლამენტის შენობისკენ დაიძრნენ.

 

”როცა საპროტეტსო აქციის ორგანიზატორებმა პროვოკაციის გზით სამართალდამცავებთან კონფრონტაცია სცადეს, პოლიციამ მათ დასარბევად გადამეტებული ძალა გამოიყენა. 26 მაისის მოვლენებს 4 ადამიანის სიკვდილი უკავშირდება,” – წერს ”ფრიდომ ჰაუსი”.

 

სამოქალაქო საზოგადოება

 

”ფრიდომ ჰაუსი” მიიჩნევს, რომ საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არასამთავრობო სექტორის სისუსტეა, რაც, თავის მხრივ, გამოწვეულია ფინანსური არასტაბილურობით. საერთაშორისო დონორების ფინასები კი ქვეყანაში მხოლოდ რამდენიმე ძირითადი ჯგუფისთვის არის ხელმისაწვდომი.

 

ორგანიზაცია ასევე წერს, რომ სიტუაციის შესაცვლელად შეიცვალა კანონმდებლობა და სამინისტროებს მიეცათ არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის გრანტების მიცემის უფლება.

 

”ფრიდომ ჰაუსი” ყურადღებას ამახვილებს მედია ადვოკატირების კამპანიაში ათზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაციის მონაწილეობაზე, ასევე, საკონტიტუციო ცვლილებებზე მუშაობისას არასამთავრობო სექტორის ჩართულობაზე. ორგანიზაციისვე შეფასებით, პროფესიული გაერთიანებების მიერ მოწყობილ აქციებს ნაკლები ყურადღება და რეაგირება მოჰყვება სახელწმიფოს მხრიდან, თუმცა გამონაკლისია გასულ წელს ტყიბულელი მაღაროელებისა და ქუთაისელი მეტალურგების საპროტესტო აქციები.

 

მედიის თავისუფლება

 

”ფრიდომ ჰაუსის” პოზიციით, საქართველოში მედიასთან დაკავშირებული კანონმდებლბა საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება, მაგრამ დროთა განმავლობაში მნიშვნელოვან პრობლემად რჩებოდა მედიასაშულაებათა დაფინასებისა და მფლობელთა გამჭვირვალობის საკითხი, რაც 2011 წელს ასევე კანონმდებლობით გამოსწორდა.

 

2012 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს მოსახლეობისთვის ინფორმაციის ძირითადი წყარო ტელეარხები არიან, რომელთაგან ”იმედი” და ”რუსთავი 2” პროსახელისუფლებოა, ”მაესტრო” და ”კავკასია” პროოპოზიციური. რაც შეეხება ”საზოგადოებრივ მაუწყებელს”, ის შეფასებულია როგორც დაბალანსებული მაუწყებელი, რომელიც მაყურებელს კვირის მანძილზე სხვადასხვა პოლიტიკურ ტოქ-შოუებს სთავაზობს. საზოგადოებრივი მაუწყებლის პლიუსად არის მიჩნეული ”მეორე არხიც”, რომელიც პოლიტკურ მოთამაშეებს თანაბარ საეთერო დროს და თავისუფალ ტრიბუნას უთმობს.

 

”ზოგადად, ჟურნალისტთა უფლებები საქართველოში კანონითაა დაცული, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევებში ჟურნალისტთა წინაღმდეგ საეჭვო ბრალდებებსაც აყენებენ, რაც ეჭვებს იწვევს” – წერს ”ფრიდომ ჰაუსი” და საუბრობს 2011 წელს ჯაშუშობის ბრალდებით ფოტოგრაფების დაკავებაზე, რომლებმაც დაკავებიდან გარკვეული დროის შემდეგ ბრალი აღიარეს, თუმცა ეს ადვოკატებმა ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად მიიჩნიეს.

 

თვითმმართველობათა დემოკრატიული მმართველობა

 

”ფრიდომ ჰაუსის” შეფასებით, საქართველოს თვითმმართველი ერთეულები საკმარისად დამოუკიდებლნი არიან და საქართველოს რეგიონები პრეზიდენტის მიერ დანიშნული გუბერნატორებით იმართება. შეზღუდული ავტონომია კი მხოლოდ აჭარას აქვს, რომლის მმართველებსაც არჩევნების გზით ირჩევენ.

 

”ადგილობრივი თვითმმართველობის ხარისხი შეიძლება გაუმჯობესდეს მოქალაქეების თანამონაწილეობით. ადგილობრივი არასამთავრობოები და სამოქალაქო ჯგუფები არ იყენებენ არსებულ სამართლებრივ ბერკეტებს დააკვირდნენ ადგილობრივ მმართველებს. მაგალითად, ადგილობრივი საკრებულოების სხდომები საჯაროა, მაგრამ ადგილობრივი მოქალაქეები და ორგანიზაციები მათ იშვიათად ესწრებიან,” – აღნიშნავს ”ფრიდომ ჰაუსი”.

 

სასამართლო სისტემა და დამოუკიდებლობა

 

”ფრიდომ ჰაუსი” 2012 წლის ანგარიშში მიმოიხილავს ქართულ სასამართლო სისტემას და წერს სასამართლოთა განახლებულ ინფრასტრუქტურასა და მოსამართლეთა გაზრდილ ხელფასებეზე, ასევე  საპროცესო შეთანხმებების მზარდ პოპულარობაზე, რამაც სასამართლოს როლის მნიშვნელოვნად შეამცირა საქმეების განხილვისას, თუმცა გაიზარდა პროკურატურის გავლენა.

 

საერთაშორისო ორგანიზაცია ყურადღებას ამახვილებს ომბუდსმენის ანგარიშზეც, სადაც საუბარია ქართულ ციხეებში არასათანადო მოპყრობასა და მკურნალობის ხელმიუწვდომლობაზე.

 

”ფრიდომ ჰაუსის” მონაცემებით, საქართველოს გარდა ”ჰიბრიდულ რეჟიმად” მიჩნეულია ალბანეთი, ბოსნია და ჰერცოგოვინა, უკრაინა და მოლდოვა. რაც შეეხება მეზობელ სომხეთს, ის ნახევრად კონსოლიდირებულ ავტორიტარულ რეჟიმადაა შეფასებული. რუსეთს, აზერბაიჯანს, ბელარუსს, ყირგიზეთს, ტაჯიკეთს, თურქმენეთს და უზბეკეთს კი ”ფრიდომ ჰაუსი” ყველაზე უარეს შეფასებას აძლევს და ”კონსოლიდირებულ ავტორიტარულ” რეჟიმებად აფასებს.

 

საუკეთესო შედეგები აქვს სლოვენიას, რომლის დემოკრატია შეფასებულია 1.89 ქულით, ასევე ესტონეთი – 1.93, ლატვია – 2.11, პოლონეთი – 2.14, ჩეხეთი -2.18.

 

რაც შეეხება საქართველოზე მომზადებული ანგარიშის ავტორს, დავით აფრასიძე რამდენიმე დღის წინ შსს-ს პოლიციის აკადემიის რექტორად დაინიშნა, თუმცა მან რამდენიმე თვის წინ  შსს-ს არქივის დირექტორის პოსტზე დაიწყო მუშაობა.  დავით აფრასიძე  წლების მანილზე მუშაობდა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ასევე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელში გადაცემის წამყვანად.

 

დავით აფრასიძე 1993-98 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობდა და მიიღო საერთაშორისო ურთიერთობათა ბაკალავრის კვლაიფიკაცია,1999-2000 წლებში კი ამავე უნივერსიტეტის ასპირანტი გახდა საერთაშორისო ურთიერთობების განხრით. აფრასიძე 2001-2003 წლებში სწავლობდა გერმანიაში, ჰამბურგის უნივერსიტეტში, სადაც მიიღო ფილოსოფიის დოქტორის კვალიფიკაცია.

”ფრიდომ ჰაუსის” სრული ანგარიშის ნახვა შეგიძლიათ აქ.

მასალების გადაბეჭდვის წესი