სამართალი

ლგბტ პირთა დისკრიმინაცია საქართველოში

19 მაისი, 2012 • 2564
ლგბტ პირთა დისკრიმინაცია საქართველოში

2005 წლიდან მოყოლებული, ყოველი წლის 17 მაისს, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნება.

ამ დღის აღნიშვნა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გადაწყვეტილებას უკავშირდება, რომლის მიხედვითაც 1990 წლის 17 მაისს ჰომოსექსუალობა ფსიქიკური დაავადებების სიიდან ამოიღეს.

მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ამ დღეს სოლიდარობას გამოხატავენ ლგბტ ადამიანების მიმართ და მათ წინააღმდეგ ძალადობას აპროტესტებენ.

ამ დღესთან დაკავშირებით “ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი” 14–დან 19 მაისის ჩათვლით, პროექტ “ლგბტ მოძრაობის ხილვადობის გაზრდა საქართველოში” ფარგლებში, კვირეულს მართავს, რომლის განმავლობაშიც სხვადასხვა აქტივობებია დაგეგმილი.

კვირეულის ფარგლებში დღეს ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველოს” ოფისში მრგვალი მაგიდა ჩატარდა ქვეყანაში სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საფუძველზე ლგბტ ადამიანთა მიმართ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის გამოვლინებასთან დაკავშირებით.

“ქალთა ინიციატივის მხარდამჭერი ჯგუფის” წარმომადგენელმა, ეკა აღდგომელაშვილმა კვლევის შედეგები წარმოადგინა:

“კვლევა რეპრეზენტატული არ არის, მაგრამ ვთვლით, რომ მაინც კარგად ასახავს იმ დამოკიდებულებას, რომელიც ამ ადამიანების მიმართ ვლინდება საზოგადოების მხრიდან”, – განაცხადა ეკა აღდგომელაშვილმა.

კვლევა თბილისის მასშტაბით ჩატარდა, მასში შემთხვევითი შერჩევის პრინციპით წარმოდგენილი 150 ადამიანი  მონაწილეობდა. გამოკითხულებს სხვადასხვა კითხვებზე უწევდათ პასუხის გაცემა, მათ შორის ბოლო 2 წლის მანძილზე განცდილ ძალადობასთან დაკავშირებით.

აღმოჩნდა, რომ გამოკითხულთა 32%–ს ერთხელ მაინც განუცდია ფიზიკური ძალადობა, ხოლო ფსიქოლოგიური ძალადობა ყველა მათგანს აქვს განცდილი:

“ჩვენ ასევე დავინტერესდით იმ ადგილებით, თუ სად ხდება ყველაზე ხშირად ძალადობა. ჩამონათვალში სხვადასხვა პასუხებთან ერთად იყო ბარები და კლუბები, გვეგონა, რომ, სავარაუდოდ, ეს პასუხი იქნებოდა ყველაზე ხშირი, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ეს ადამიანები ძალადობის მსხვერპლი ყველაზე ხშირად ქუჩაში, ბაღებსა და სკვერებში ხდებიან”, – აღნიშნა ეკა აღდგომელაშვილმა. მისი თქმით, აღმოჩნდა, რომ ძალადობა ძალიან ხშირია ავტობუსებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებშიც.

კვლევამ ასევე აჩვენა, რომ ძალადობის შემთხვევაში პოლიციას ადამიანთა ძალიან მცირე ნაწილი მიმართავს, ხოლო მაშინ, როდესაც მიმართეს, 48%–ის შემთხვევაში პოლიციელებმა მტრული და ჰომოფობური დამოკიდებულება გამოავლინეს.

ეკა აღდგომელაშვილი თვლის, რომ ყველაზე დიდი მნიშვნელობა იმ გარემოს აქვს, რომელშიც ლგბტ საზოგადოების წარმომადგენლებს უწევთ ცხოვრება:

“გამოკითხულთა უმეტესობა (42%) მალავს ან შერჩევით მალავს საკუთარ ორიენტაციას. ღიად ამის შესახებ მხოლოდ 16% საუბრობს და ამ 16%–ის უმეტესობა ისეთ გარემოში მუშაობს და ცხოვრობს, რომელიც მათ მიმართ მტრულად არ არის განწყობილი. ასევე, აღმოჩნდა, რომ გამოკითხულთა უმეტესობა საკუთარი იდენტობის შესახებ დედასთან საუბრობს, მამებთან კი – ყველაზე იშვიათად. როგორც წესი, მამები შემთხვევით, სხვა ადამიანისგან იგებენ ამის შესახებ”.

კვლევის ფარგლებში 6 ჩაღრმავებული ინტერვიუც ჩატარდა, გამოიკითხა თბილისში მცხოვრები 6 ადამიანი, მათ შორის, 3 ტრანსგენდერი ქალია, 2 ტრანსგენდერი მამაკაცი, ხოლო ერთი არც ერთ ჯგუფს არ მიაკუთვნებს თავს. მათი ასაკი 19–დან 39 წლამდეა.

ინტერვიუების დროს ყურადღება გამახვილდა დასაქმებისა და სამედიცინო პრობლემებზეც. აღმოჩნდა, რომ გამოკითხულთაგან ორი ადამიანი სამუშაოდან სწორედ მათი სექსუალური იდენტობის გამო გამოუშვეს, მათ შორის ერთი მათგანი რესტორნის მიმტანად მუშაობდა, მეორეს გამოშვების მიზეზი კი ჟურნალისთვის მიცემული ინტერვიუ გახდა.

პრობლემები იქმნება სქესის შესახებ ჩანაწერთან დაკავშირებითაც:

“იმის გამო, რომ სქესის შესახებ ჩანაწერის შეცვლა კანონით არ რეგულირდება, ამ ადამიანებს სქესის შეცვლის ოპერაციის ცნობას სთხოვენ. აღსანიშნავია, რომ მოითხოვება სრული ოპერაციის ცნობა, მიუხედავად იმისა, რომ ტრანსგენდერ ადამიანებს შეიძლება სულაც არ უნდოდეთ სრული ოპერაციის ჩატარება, ან უბრალოდ არ ჰქონდეთ ამის ფული, რადგან საქართველოში ამ ოპერაციისთვის არანაირი თანადაფინანსება არ არსებობს”, – აცხადებს “ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის” მკვლევარი ნათია გვინიაშვილი.

ოპერაციის ჩატარება იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადამიანს ამის ფული აქვს, საკმაოდ რთულ პროცედურებთანაა დაკავშირებული, საჭიროა ფსიქოლოგიური და სხვადასხვა გამოკვლევები, ჰორმონალური თერაპია. ნათია გვინიაშვილის თქმით, გამოკითხულთა ნაწილი დისკრიმინაციას სწორედ სამედიცინო სერვისით სარგებლობისას განიცდის.

მიუხედავად კვლევის შედეგებისა, სტრატეგიული სამართალწარმოების იურისტი სოფიო ჯაფარიძე აღნიშნავს, რომ საქართველოში ძალიან იშვიათია, როდესაც სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლები სასამართლოს მიმართავენ:

“ამის უამრავი მიზეზი შეიძლება დასახელდეს, უმეტეს შემთხვევაში კი მიზეზი ისაა, რომ იმ ადამიანებს, ვინც ძალადობას განიცდის, საკუთარი თავის იდენტიფიცირების ეშინია”, – აცხადებს სოფიო ჯაფარიძე. მისი თქმით, სტრატეგიული სამართალწარმოებისას ძალიან მნიშვნელოვანია საქმის ფრთხილად არჩევა, რადგან შემდეგში ამ საქმემ მანკიერი პრაქტიკის შეცვლა უნდა განაპირობოს.

ევროსასამართლომ პირველი საქმე საქართველოდან სექსუალური ნიშნით დისკრიმინაციასთან დაკავშირებით წარმოებაში უკვე მიიღო, ეს არის საქმე “აღდგომელაშვილი, ჯაფარიძე საქართველოს წინააღმდეგ”, რომელიც სექსუალური უმცირესობების უფლებებზე მომუშავე ორგანიზაცია “ინკლუზივის” ოფისში 2009 წლის 15 დეკემბერს სამართალდამცავთა მიერ ჩატარებული ჩხრეკისას მყოფი ადამიანების შეურაცხყოფას და ღირსების შელახვას ეხება.

სოფიო ჯაფარიძე იმედოვნებს, რომ ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილება იმ პრობლემებს გამოავლენს, რაც ამ კუთხით ქართულ კანონმდებლობასა და საზოგადოებაში არსებობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი