სამართალი

მახარაშვილის ადვოკატის თქმით, მოწმემ წინააღმდეგობრივი ჩვენება მისცა

2 მაისი, 2012 • • 1313
მახარაშვილის ადვოკატის თქმით, მოწმემ წინააღმდეგობრივი ჩვენება მისცა

დღეს, 2 მაისს გორის რაიონულ სასამართლოში ”თავისუფალი დემოკრატების” წევრის, გიორგი მახარაშვილის შვილის, ელგუჯა მახარაშვილისა და მისი მეგობრების (აკაკი ელიაშვილისა და ჯაბა ელიაშვილის) მორიგი სასამართლო სხდომა გაიმართა.

განსასჯელთა ადვოკატის რეზო რევაზიშვილის განცხადებით, დღევანდელ სხდომაზე სასამართლომ დაკითხა ერთი დაზარალებული, 1994 წელს დაბადებული მერაბ გუგუტიშვილი, რომელმაც სასამართლოს წინა ჩვენებისგან აბსოლუტურად წინააღმდეგობრივი, ბუნდოვანი და განსხვავებული ტიპის ჩვენება მისცა.

“კი, ამბობს, რომ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მომაყენესო. ანალოგიური გაიმეორა ახლაც, მაგრამ ფაქტობრივი გარემოებები, რა პირობებში და როგორ მოხდა ეს ყველაფერი, აბსოლუტურად განსხვავებულად აღწერა. კერძოდ, მე ვკითხე, თქვენ როდესაც მიხვედით სიტუაციის ადგილზე, აშველებდით რეალურად იქ მყოფ ადამიანებს? მან ეს დაადასტურა, მაგრამ გამოძიებაში მიცემულ ჩვენებაში ამბობს, რომ არ ვაშველებდი და პირიქით, ვყვიროდიო, ხალხო, ნუ ჩხუბობთო და ერთ–ერთი ადამიანის გამოყვანას ვცდილობდი ჩხუბის ადგილიდანო. არის კიდევ ერთი შეუსაბამობა. გამოძიებაში ის ამბობს, რომ მე გუჯა მახარაშვილმა მცემაო, ახლა თქვა, რომ მე ცალკე გამომიყვანეს და მაშინ მცემა გუჯა მახარაშვილმაო. ხოლო როცა პროკურორმა მიმართა იგივე კითხვით, მას აბსოლუტურად სხვა რამე უპასუხა და თქვა, რომ სამივე მცემდაო”, – აღნიშნავს “ნეტგაზეთთან” საუბარში განსასჯელთა ადვოკატი.

ადვოკატი ასევე ხაზს უსვამს იმ ფაქტსა და გარემოებას, რომ პოლიციაში მის დაკითხვას არც მშობელი და არც პედაგოგი არ ესწრებოდა.

“მის დაკითხვას უნდა დასწრებოდა ან პედაგოგი, ან მშობელი. მაგრამ დღეს მან განაცხადა, რომ როდესაც მე გამომძიებელი მკითხავდაო, მხოლოდ მე და გამომძიებელი ვიყავით ოთახშიო. ესეც დაადასტურა, რომ მის დაკითხვას პედაგოგი ან მშობელი არ ესწრებოდა. შესაბამისად, იმის საფუძვლით, რომ წინააღმდეგობებრივი ჩვენებები მისცა დაზარალებულმა, ჩვენ ამის გამო მოვითხოვეთ მათი დაუშვებლად ცნობა”, – განაცხადა ადვოკატმა რევაზიშვილმა.

სწორედ ამ წინააღმდეგობების საფუძვლით ადვოკატმა ჩვენებების დაუშვებლად ცნობა მოითხოვა.

“ამ წინააღმდეგობების საფუძვლით სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 75–ე მუხლის მეორე ნაწილით მოვითხოვეთ დაუშვებლად ცნობა. აღნიშნული მუხლი გვეუბნება, რომ თუ მოწმის ჩვენებებს შორის წინააღმდეგობაა, უნდა იქნას ის დაუშვებლად ცნობილი. სწორედ ამ საფუძვლით მოვითხოვეთ დაუშვებლად ცნობა. ასევე იმ საფუძვლითაც, რომ სასამართლოში მოწმემ აღიარა, რომ დაკითხვას პედაგოგი არ ესწრებოდა, მაგრამ სასამართლომ, ჩემთვის გაუგებარი მიზეზებით, არ დააკმაყოფილა დაუშვებლად ცნობა ამ ჩვენებების”, – მიიჩნევს ადვოკატი.

შეგახსენებთ, დაკავებულებს ბრალი წაყენებული აქვთ სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, რაც გულისხმობს ხულიგნობას წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; ხელისუფლების წარმომადგენლის ან ხულიგნობის აღმკვეთი სხვა პირის მიმართ, ან ხულიგნობისათვის მსჯავრდებულის მიერ. დანაშაული, დამტკიცების შემთხვევაში, ისჯება  ჯარიმით, ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ასოთხმოციდან ორას საათამდე, ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთიდან ორ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.

პოლიციის ცნობით, 2012 წლის 16 თებერვალს შსს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს გორის რაიონული სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებაში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე დანაშაულით გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლით. საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილი იქნა შემდეგი: მიმდინარე წლის 16 თებერვალს სოფელ მერეთში მცხოვრებმა აკაკი ელიაშვილმა, ელგუჯა მახარაშვილმა და ჯაბა ელიაშვილმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს გორის რაიონის სოფელ კოშკაში მცხოვრებ გიორგი გლახაშვილს, რის შედეგადაც ის სახის და თავის არეში მიყენებული მძიმე ტრავმებით გადაიყვანეს გორის სამხედრო ჰოსპიტალში.

თუმცა “თავისუფალი დემოკრატების” გორის რაიონული ორგანიზაციის წევრი, გოდერძი მახარაშვილი შვილისა და მისი მეგობრების დაკავებას პოლიტიკურ გადაწყვეტილებად აფასებს.

“დაკავებას წინ უძღოდა გოდერძი მახარაშვილის მიერ ტელეკომპანია თრიალეთის ეთერში გაკეთებული განცხადება პოლიციის მხრიდან ზეწოლის შესახებ”, – ამის შესახებ ”ნეტგაზეთს” პარტიის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ვაკო ავალიანმა განუცხადა.

ადვოკატ რეზო რევაზიშვილის განცხადებით, მორიგი სასამართლო სხდომა 11 მაისითვის დაინიშნა.


ამავე თემაზე: 

გორში სასამართლო პროცესს ალასანიაც დაესწრება

მასალების გადაბეჭდვის წესი