საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი აცხადებს, რომ ტერორიზმში ბრალდებული პირები ამჟამად საპყრობილეებში საამრთალდამცავთა მხრიდან ზეწოლას არ განიცდიან და ომბუდსმენის წარმომადგენლები მათ მუდმივად აკონტროლებენ.
ომბუდსმენის პრესსამსახურის ცნობით, 2012 წლის 13 აპრილს მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, სახალხო დამცველის პრევენციის და მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომელმა გლდანის N8 დაწესებულებაში მოინახულა მსჯავრდებულები მერაბ ყოლბაია და გოგიტა არქანია. გოგიტა არქანიას განცხადებით, იგი არანაირ ზეწოლას არ განიცდიდა, არანაირი პრეტენზია არ გააჩნდა დაწესებულების თანამშრომლების მიმართ და სახალხო დამცველის დახმარებას არ საჭიროებდა. ყოლბაიამ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე არანაირი პრობლემა არ ჰქონდა, თუმცა შიშობდა, რომ 18 აპრილის სასამართლო პროცესის შემდეგ, შესაძლებელი იყო, მის მიმართ განხორციელებულიყო რაიმე სახის ზეწოლა. აღნიშნულიდან გამომდინარე, იგი ითხოვდა პროცესის შემდეგ დღეს, 19 აპრილს მონახულებას.
2012 წლის 19 აპრილს სახალხო დამცველის რწმუნებულმა გლდანის N8 დაწესებულებაში დაპირებისამებრ მოინახულა მსჯავრდებული მერაბ ყოლბაია, რომელმაც ისევ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე იგი არანაირ ზეწოლას არ განიცდიდა. მისი თქმით, მისი სასამართლო პროცესი გადაიდო 20 აპრილისთვის და მოითხოვა მონახულება პროცესის შემდეგ, 21 აპრილს.
2012 წლის 20 აპრილს სახალხო დამცველს განცხადებით მიმართა მერაბ ყოლბაიას, გოგიტა არქანიას და ჯონი აბულაძის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ბესიკ ტალახაძემ. მისი თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფებმა შეცვალეს სამართალდამცავი ორგანოებისთვის მანამდე მიცემული ჩვენება, რის გამოც შესაძლებელი იყო, მათზე განხორციელებულიყო ზეწოლა.
ომბუდსმენის ოფისის ცნობით, 2012 წლის 20 აპრილს სახალხო დამცველის პრევენციის და მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომელმა რუსთავის N6 დაწესებულებაში მოინახულა მსჯავრდებული ჯონი აბულაძე, რომელმაც განაცხადა, რომ ამ ეტაპზე არანაირ ზეწოლას არ განიცდიდა, თუმცა სურდა, სახალხო დამცველის წარმომადგენელს მოენახულებინა სასამართლო პროცესის შემდეგ, 24 აპრილს.
2012 წლის 21 აპრილს სახალხო დამცველის პრევენციის და მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომელმა გლდანის N8 დაწესებულებაში კვლავ მოინახულა მსჯავრდებული მერაბ ყოლბაია, რომელმაც განაცხადა, რომ მას ამ ეტაპზე კვლავ არ გააჩნდა პრეტენზია მოპყრობის მხრივ, თუმცა ითხოვა განმეორებით მონახულება 24 აპრილს, სასამართლო პროცესის შემდეგ.
იმავე დღეს, 21 აპრილს, იმავე დაწესებულებაში, ომბუდსმენის წარმომადგენლებმა განმეორებით მოინახულეს მსჯავრდებული გოგიტა არქანია, რომელმაც ისევ განაცხადა, რომ არ საჭიროებდა სახალხო დამცველის დახმარებას. 2012 წლის 24 აპრილს, დაპირებისამებრ, სახალხო დამცველის პრევენციის და მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომელმა გლდანის N8 დაწესებულებაში კვლავ მოინახულა მსჯავრდებული მერაბ ყოლბაია, ხოლო რუსთავის N6 დაწესებულებაში – მსჯავრდებულები ჯონი აბულაძე და დავით კეკუტია.
მერაბ ყოლბაიამ მონიტორინგის ჯგუფს კვლავ განუცხადა, რომ არანაირი პრობლემა მოპყრობის მხრივ არ ჰქონდა და არ განიცდიდა ზეწოლას. იგივე განაცხადეს აბულაძემ და კეკუტიამ. ამ უკანასკნელთა განცხადებით, მათ 2012 წლის 23 აპრილს გაესაუბრნენ პროკურატურის წარმომადგენლები საპროცესო შეთანხმების თაობაზე, თუმცა არც პროკურატურის წარმომადგენლებს და არც სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომლებს მათზე არ განუხორციელებიათ რაიმე სახის ზეწოლა ან მუქარა.
”აქვე ავღნიშნავთ, რომ სახალხო დამცველის აპარატის მიერ რეგულარული მონიტორინგი ხსენებული მსჯავრდებულების უფლებების დარღვევათა პრევენციის მიზნით კვლავ გრძელდება,” – აცხადებს საქართველოს სახალხო დამცველი.
მსჯავრდებულთა ადვოკატებმა ჟურნალისტებთან საუბარში 24 აპრილს აღნიშნეს, რომ სასამართლო პროცესის დაწყებამდე ჯერ საკნებში, ხოლო შემდეგ აქ, სასამართლოში განთავსებულ ე.წ ფუქსებში, სადაც სასამართლოს დაწყებამდე ათავსებენ მსჯავრდებულებს, ჩავიდა პროკურორი დავით ხიზანაიძე, რომელიც პირველ პროცესში იღებდა მონაწილეობას და სხვადასხვა პატიმარს სხვადასხვა ვადით დაპირდა საპროცესო შეთანხმების გაფორმებას, თუ ისინი აღიარებდნენ დანაშაულს, ხოლო ვინც არ ეთანხმებოდა, მათზე იყო მუქარა და ზეწოლა. იმ შემთხვევაში, თუ გაბედავენ პატიმრები და დაადასტურებენ ამ ფაქტს, ამას უნდა მოყვეს სისხლის სამართლებრივი დევნა დავით ხიზანაიძის მიმართ. ადვოკატები ამბობენ, რომ ხიზაინაიძე ზოგს პირდებოდა 8 წელს, ზოგს, ვისაც 30 წელი ჰქონდა, 22 წელს საპროცესო შეთანხმებით.
საქართველოს ტერიტორიაზე 2010 წლის შემოდგომაზე ტერაქტების განხორციელებაში მსჯავრდებულმა მერაბ ყოლბაიამ, იგივე “კოჭოაიმ”, 24 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ სასამართლო პროცესზე განაცხდა, რომ მან პირვანდელი აღიარებითი ჩვენება ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ მისცა.
ყოლბაიას თქმით, პირველი ჩვენების მიცემამდე მას ესროლეს ფეხებში 8 ტყვია, შემდეგ ნატყვიარში კალამს ურჭობდნენ, წაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც აწამებდნენ. იგი ამბობს, რომ სწორედ ამ ფონზე მისცა მან პირველი ინსტანციის სასამართლოს აღიარებითი ჩვენება, თითქოს ის ტერაქტების ორგანიზებას ახდენდა კიდევ ერთ მსჯავრდებულ, დავით კეკუტიასთან ერთად. ტერაქტების საქმეზე შსს-მ სულ 7 ადამიანი დააკავეს, რომელთაგან ბრალი თავდაპირველად მხოლოდ ყოლბაიამ და არქანიამ აღიარეს. დანარჩენებმა დანაშაული არ აღიარეს. ყველა მათგანს 25-30 წლამდე პატიმრობა მიესაჯა.
ამავე თემაზე:
ტერაქტებში ბრალდებული აცხადებს, რომ ჩვენება ზეწოლის ქვეშ მისცა
რატომ აპირებს ტერაქტებში ბრალდებული შიმშილობის დაწყებას
უვადო და 30-წლიანი პატიმრობა ტერაქტების მოწყობის