სამართალი

ტერაქტებში ბრალდებული აცხადებს, რომ ჩვენება ზეწოლის ქვეშ მისცა

24 აპრილი, 2012 •
ტერაქტებში ბრალდებული აცხადებს, რომ ჩვენება ზეწოლის ქვეშ მისცა

საქართველოს ტერიტორიაზე ტერაქტების განხორციელებაში მსჯავრდებულმა მერაბ ყოლბაიამ, იგივე “კოჭოაიმ”, დღეს, 24 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ სასამართლო პროცესზე განაცხდა, რომ მან პირვანდელი აღიარებითი ჩვენება ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ მისცა.

მან უარყო  რაიმე კავშირი საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებულ ტერორისტულ აქტებთან – კერძოდ, 2010 წელს თბილისში, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან  და ლეიბორისტული პარტიის ცენტრალურ ოფისთან მომხდარ აფეთქებებთან, რომლის დროსაც ადგილობრივი მცხოვრები ნინო გორდეზიანი დაიღუპა.

ყოლბაიას თქმით, პირველი ჩვენების მიცემამდე მას ესროლეს ფეხებში 8 ტყვია, შემდეგ ნატყვიარში კალამს ურჭობდნენ, წაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც აწამებდნენ.

იგი ამბობს, რომ სწორედ ამ ფონზე მისცა მან პირველი ინსტანციის სასამართლოს აღიარებითი ჩვენება, თითქოს ის ტერაქტების ორგანიზებას ახდენდა კიდევ ერთ მსჯავრდებულ, დავით კეკუტიასთან ერთად.

 დღევანდელ სასამართლო სხდომაზე სწორედ ბრალმდებელმა, პროკურორმა ვლადიმერ ვექილიანმა მერაბ ყოლბაიასგან მოითხოვა განმარტება, განხორციელდა თუ არა მისი მისამართით პირველი დაკითხვის დროს ზეწოლა, რაზეც ყოლბაიამ დადებითად უპასუხა. 

ბრალდებულმა ასევე შეცვლა წინა ჩვენების კიდევ ერთი ნაწილი და აღნიშნა, რომ ის დავით კეკუტიას საერთოდ არ იცნობდა და სასამართლომდე არც კი უნახავს. პირვანდელ ჩვენებაში კი “კოჭოიამ” აღნიშნა, რომ კეკუტია მასთან იყო დაკავშირებული.  

აღნიშნული, შეცვლილი ჩვენებიდან გამომდინარე, ადვოკატებმა დააყენეს შუამდგომლობა მერაბ ყოლბაიას ხელმეორედ დაკითხვასთან დაკავშირებით, რომელიც შემდეგი მიზეზით გაამყარეს:  ადვოკატ გელა ნიკოლაიშვილის განცხადებით, მერაბ ყოლბაიამ საქალაქო სასამართლოში პირდაპირ განაცხადა, რომ მას არანაირი შეხება არ ჰქონია მისი დაცვის ქვეს მყოფ დავით კეკუტიასთან.

“მან დაადასტურა, რომ არ იცნობდა საერთოდ სასამართლოს დაწყებამდე კეკუტიას. თუმცა ამის შემდეგ ბრალდების მხარემ, პროკურორმა დავით ხიზანაიძემ საქალაქო სასამართლოში მოიმიზეზა გადაღლილობა და მოსამართლისგან მოითხოვა სასამართლო სხდომის გადადება. დაცვის მხარის პროტესტის მიუხედავად, ის სხდომა და შემდეგი რამდენიმე სხდომაც გადაიდო, ხოლო მოგვიანებით ჩატარებულ პირველივე სხდომაზე მერაბ ყოლბაიამ შეცვალა ჩვენება და ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი დავით კეკუტია გამოაცხადა თბილისში მომხდარ ორ ტერაქტთან დაკავშირებულ პირად. თუმცა დღეს კიდევ დადასტურდა, რომ ეს იყო ზეწოლის ქვეშ მიღებული ჩვენება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოვითხოვთ, განმეორებით დაიკითხოს სააპელაციო სასამართლოში მერაბ ყოლბაია”, – განაცხადა სასამართლო სხდომაზე ადვოკატმა ნიკოლაიშვილმა. 


თუმცა ეს შუამდგომლობა მოსამართლე მიხეილ ბებიაშვილმა არ დააკმაყოფილა და სასამართლო სხდომა 3 მაისისთვის გადაიდო. 

სხდომის დასრულების შემდეგ ადვოკატები ცალსახად აღნიშნავდნენ, რომ მოსამართლემ სრულიად დაუსაბუთებლად უარი თქვა ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. მათი განცხადებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297–ე მუხლის გ და დ ფუნქტები ითვალისწინებს იმას, რომ თუ არის ახალი გარემოებები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საქმისთვის და მხარე აყენებს ამას, სასამართლომ უნდა დააკმაყოფილოს.

“მოსამართლემ ეს არ დააკმაყოფილა იმის გამო, რომ საერთოდ არ დანგრეულიყო ეს საქმე და აქედან გამომდინარე, მან გადადო სასამართლო პროცესი 3 მაისისთვის. სავარაუდოდ, ეს სასამართლო ისევ ძალაში დატოვებს გამამტყუნებელ განაჩენს”, – აღნიშნა ნიკოლაიშვილმა.

მსჯავრდებულთა ადვოკატებმა ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნეს, რომ სასამართლო პროცესის დაწყებამდე  ჯერ საკნებში, ხოლო შემდეგ აქ, სასამართლოში განთავსებულ ე.წ ფუქსებში, სადაც სასამართლოს დაწყებამდე ათავსებენ მსჯავრდებულებს,  ჩავიდა პროკურორი დავით ხიზანაიძე, რომელიც პირველ პროცესში იღებდა მონაწილეობას და სხვადასხვა პატიმარს სხვადასხვა ვადით დაპირდა საპროცესო შეთანხმების გაფორმებას, თუ ისინი აღიარებდნენ დანაშაულს, ხოლო ვინც არ ეთანხმებოდა, მათზე იყო მუქარა და ზეწოლა. იმ შემთხვევაში, თუ  გაბედავენ პატიმრები და დაადასტურებენ ამ ფაქტს, ამას უნდა მოყვეს სისხლის სამართლებრივი დევნა დავით ხიზანაიძის მიმართ. ადვოკატები ამბობენ, რომ ხიზაინაიძე ზოგს პირდებოდა 8 წელს, ზოგს, ვისაც 30 წელი ჰქონდა,  22 წელს საპროცესო შეთანხმებით.

ამ ფაქტზე ადვოკატები სახალხო დამცველს მიმართავენ.  

პროკურორმა სასამართლო პროცესზე ადვოკატებს ჰკითხა, აღნიშნული ზეწოლის ფაქტებზე დაცვის მხარემ მიმართა თუ არა საგამოძიებო ორგანოებს,  რაზეც ადვოკატებმა განუცხადეს, რომ ამ ფაქტებზე მათ მხოლოდ სახალხო დამცველს აცნობეს.

ეს ფაქტი კი ადვოკატმა ნიკოლაიშვილმა “ნეტგაზეთთან” საუბარში შემდეგნაირად განმარტა.    

“რა თქმა უნდა, არანაირად ეფექტური არ არის ის, რომ სახალხო დამცველს მივმართეთ. უბრალოდ, ის ვალდებულია და უფლებამოსილია, რომ შევიდეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში და გადაამოწმოს და თვითონ ოქმი შეადგინოს იმიტომ, რომ კიდევ ვიმეორებ, მე იმისათვის, რომ “გავუპრავო” მათ დანაშაული, არ ვაპირებ მიმართვას საგამოძიებო ორგანოებისადმი იმიტომ, რომ ეს იქნება “გაპრავება”. ჩემი მიმართვის შემდეგ ისინი იტყვიან, რომ გამოვიძიეთ ეს ფაქტი და ეს არ დადასტურდა, ანუ უკვე კანონიერი სახე მიეცემა იმას, რომ ეს თითქოს არ მომხდარა. არადა, სინამდვილეში პროკურორის მხრიდან მსჯავრდებულებზე წეზოლა განხორციელდა”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” ნიკოლაიშვილმა.  

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ასევე ცნობილი გახდა, რომ  საქართველოს ტერიტორიაზე ტერაქტების განხორციელების საქმეზე ერთ-ერთი მსჯავრდებული ჯენერი მატკავა, რომელიც 20-წლიან სასჯელს იხდიდა, გარდაიცვალა.

“რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა ჯენერ ბატკავა, ასაკოვანი, მოხუცი კაცი, რომელსაც ბრალად ედებოდა, რომ თითქოს მან შემოვლითი გზით ჭუბურხინჯიდან ზუგდიდის რაიონში გამოატარა ასაფეთქებლით დატვირთული ყოლბაია და არქანია. იქვე ცხოვრობდა, ის გლეხი კაცი იყო. თითქოს ამათ მას უთხრეს, რომ ჩვენ თბილისში მივდივართ ასაფეთქებლად. ეს სრული აბსურდია, რომ ამფეთქებლებს პირდაპირ ასე ღიად ეთქვათ, რომ ამ ბაზრის ჩანთებით, რომლებითაც მოვდივართ, მოგვაქვს ასაფეთქებელი. ის გარდაიცვალა ავადმყოფობით, ასაკოვანი კაცი იყო და ოპერაციაც გაუკეთდა, ნაწლავების დაავადება ჰქონდა და 3 კვირის წინ ოპერაციაც გაიკეთა”, –  განაცხადა ტერაქტის ორგანიზებაში მსჯავრდებულების ერთ-ერთმა ადვოკატმა გელა ნიკოლაიშვილმა.

დღევანდელი სხდომაზე შესაძლებელი იყო აუდიო და ვიდეოჩაწერა.


ამავე თემაზე: 

ტერაქტისთვის მსჯავრდებულების სასამართლო პროცესი მეორედ გადაიდო

რატომ აპირებს ტერაქტებში ბრალდებული შიმშილობის დაწყებას

მასალების გადაბეჭდვის წესი