სამართალი

საია უცხოელთათვის საპროტესტო აქციების გამართვის უფლების მინიჭებას ითხოვს

23 აპრილი, 2012 • • 1258
საია უცხოელთათვის საპროტესტო აქციების გამართვის უფლების მინიჭებას ითხოვს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა იმ კანონის გაუქმების მოთხოვნით, რომელიც უცხოეთის მოქალაქეებს საქართველოში საპროტესტო აქციის ორგანიზებას უკრძალავს.

საიამ სარჩელი სასამართლოში 2012 წლის 20 აპრილს მოლდოვას მოქალაქის, მარიანა კიკუს სახელით მიმართა. საია ითხოვს უცხოელისათვის საპროტესტო აქციის პასუხისმგებელ პირად ყოფნის აკრძალვის გაუქმებას.

”2011 წლის 11 აპრილს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა სახალხო დამცველის კონსტიტუციური სარჩელი, რომლითაც არაკონსტიტუციურად გამოცხადდა ,,შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ” კანონის ის მუხლი, რომელიც საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირებს პასუხისმგებელ პირად ყოფნის უფლებას ართმევდა. პასუხისმგებელ პირთა კატეგორიას განეკუთვნებიან შეკრების რწმუნებული და ორგანიზატორი, რომელთაც ამავე კანონით უფლება აქვთ შეიტანონ გაფრთხილება ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოში და მოუწოდოს შეკრების მონაწილეებს აქციის დაშლისაკენ. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ არაკონსტიტუციურად ცნობილი აკრძალვა ეხებოდა როგორც სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მქონე პირებს, ასევე აპატრიდებს – ადამიანებს, რომლებსაც არც ერთი ქვეყნის მოქალაქეობა არ გააჩნიათ,” – წერია საიას განცხადებაში, რომელიც დღეს, 23 აპრილს გავრცელდა.

ამავე განცხადებაში ნათქვამია, რომ 2011 წლის პირველ ივლისს ცვლილებები და დამატებები შევიდა ,,შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ” კანონში. პარლამენტმა ნაწილობრივ აღადგინა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმა: სხვა ქვეყნის მოქალაქეებს კვლავაც ეკრძალებათ შეკრებისა და მანიფესტაციების ორგანიზების უფლება.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას მიაჩნია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავისი გადაწყვეტილებებით ერთმანეთისაგან არ გაუმიჯნავს აპატრიდები და უცხოელები. უფრო მეტიც, მიზეზი, რის გამოც საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად სცნო აკრძალვა, იყო მისი ბლანკეტური ხასიათი: საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირს ეკრძალებოდა ყველა ტიპის საპროტესტო აქციის ორგანიზების უფლება, განურჩევლად შეკრებაზე გამოტანილი საკითხის შინაარსისა. პარლამენტის მიერ შეტანილი შესწორება კვლავაც ინარჩუნებს ბლანკეტურ ხასიათს და შესაძლებლობას ართმევს უცხოელს, ეფექტურად მიაწვდინონ მათი ხმა ხელისუფლებას იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებზეც საქართველოს მოქალაქეს და საქართველოში მყოფ აპატრიდს შესაძლოა ინტერესი არც ჰქონდეს.

საია მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს და კიდევ ერთხელ მოითხოვს ხსენებული აკრძალვის არაკონსტიტუციურად ცნობას.     

მასალების გადაბეჭდვის წესი