Interviewsკომენტარისამართალი

გოცირიძე: ხელისუფლება ცდილობს საკონსტიტუციო სასამართლო პოლიტიკურ დებატებში ჩაითრიოს

11 აგვისტო, 2016 • 1889
გოცირიძე: ხელისუფლება ცდილობს საკონსტიტუციო სასამართლო პოლიტიკურ დებატებში ჩაითრიოს

“ქართული ოცნების” წარმომადგენლები კვლავ ადანაშაულებენ საკონსტიტუციო სასამართლოს ნაციონალური მოძრაობის დაკვეთების შესრულებაში, საკონსტიტუციო გადატრიალების მცდელობაში, სასამართლოში ოფიციალურად შესული სარჩელების შეცვლასა და პოლიტიკურად მნიშვნელოვანი სარჩელების გამიზნულად “სანდო, პირველი კოლეგიისთვის” განაწილებაში.

გუშინ, 10 აგვისტოს ამ ბრალდებების შემცველი წერილი დიპლომატიურ კორპუსსაც გაუგზავნეს.

პარალელურად, პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე ზეწოლასთან დაკავშირებით.

რამდენად ახდენს გავლენას ხელისუფლების ბრალდებები საკონსტიტუციო სასამართლოს მუშაობაზე, რამდენად აქვს საფუძველი ხელისუფლების ბრალდებებს და რა უნდა გააკეთოს სასამართლომ ამ ბრალდებების საპასუხოდ – ნეტგაზეთი ამ საკითხებზე საიას იურისტ გიორგი გოცირიძეს ესაუბრა.

ხელისუფლების წარმომადგენლები აკრიტიკებენ საკონსტიტუციო სასამართლოს მუშაობას და მათ ადანაშაულებენ ნაციონალურ მოძრაობასთან კოორდინირებულ თანამშრომლობაში. რას ნიშნავს ეს განცხადებები და ეს კონტექსტი საკონსტიტუციო სასამართლოსთვის?

პირველ რიგში, არის მცდელობა ხელისუფლების მხრიდან, რომ არაპოლიტიკური ორგანო, საკონსტიტუციო სასამართლო ჩაითრიოს პოლიტიკური ხასიათის დებატებში და მოახდინოს მისი დისკრედიტაცია. ზოგადად, ძალიან მიუღებელია ის, რომ ხელისუფლების პოლიტიკური ორგანო ცდილობს სასამართლოზე ზეწოლას და მის პოლიტიკურ დისკუსიაში ჩათრევას. საკონსტიტუციო სასამართლომ, რა თქმა უნდა, უნდა გასცეს ასეთ ბრალდებებს პასუხი, მაგრამ მაქსიმალურად უნდა მოახერხოს ის, რომ პოლიტიკოსების მიერ ამ განცხადებების გაკეთების შედეგად არ მოხდეს სასამართლოს პოლიტიზება.

როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, აკონტროლებდა თუ არა ნაციონალური მოძრაობა საკონსტიტუციო სასამართლოს, ვნახოთ 2006, 2007, 2011 წლის სასამართლოს გადაწყვეტილებები. პასუხს ამ გადაწყვეტილებებში ვიპოვით. თუნდაც გავიხსენოთ შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონის არაკონსტიტუციურად ცნობა. 2011 წელს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო კონკრეტული სახელმწიფო დაწესებულებების შესასვლელებიდან 20 მეტრის რადიუსში საპროტესტო აქციიის ჩატარების აკრძალვა, რასაც იმდროინდელი ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების წარმომადგენლებისგან ძალიან მწვავე რეაქცია მოჰყვა. ასევე, 2006 წელს, სასამართლომ, საიას და კონსტიტუციის 42-ე მუხლის სარჩელის საფუძველზე არაკონსტიტუციურად ცნო სასამართლოს უპატივცემულობისთვის ადამიანის დაპატიმრება, როდესაც არ არსებობდა გასაჩივრების შესაძლებლობა. ეს რეგულაცია შემოღებული იქნა გირგვლიანის პროცესების შემდგომ, რომ დამსწრე პირების მხრიდან არ მომხდარიყო მოსამართლის ქმედებების კრიტიკა. ძალიან დიდი პოლიტიკური ინტერესი ჰქონდა ამ საქმეს და მიუხედავად ამისა, საკონსტიტუციო სასამართლომ ხელისუფლების პოლიტიკური ინტერესი არ გაითვალისწინა. ამ საქმეში და კონსტიტუციის 42-ე მუხლს წარმოადგენდა მანანა კობახიძე და მისი სარჩელი დააკმაყოფილეს. ანუ ეს არის კლიშე, რომ ნაციონალური მოძრაობა აკონტროლებდა საკონსტიტუციო სასამართლოს. შეგვიძლია იგივე ეჭვები გამოვთქვათ განსაკუთრებით 9 წლის განმავლობაში სისხლის სამართლის საქმეების განმხილველი მოსამართლეების მიმართ და ნამდვილად, ფაქტობრივად, არ გამოდიოდა გამამართლებელი განაჩენები მაშინ, როდესაც საკონასტიტუციო სასამართლო აკმაყოფილებდა მათ შორის ისეთ სარჩელებს, რომლის მიმართაც იმდროინდელ ხელისუფლებას ჰქონდა პლიტიკური ინტერესი.

მაშინ რატომ ცდილობს ხელისუფლება, ეს იარლიყი მიაწებოს საკონსტიტუციო სასამართლოს?

ხელისუფლება, და ეს დღეს გამოჩნდა ბატონი გედევან ფოფხაძის განცხადებებით,  განსაკუთრებით უკმაყოფილოა მოსმენების საქმესთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს ძალიან პროგრესული გადაწყვეტილებით. წარმოიდგინეთ, მე და თქვენ ტელეფონზე ვსაუბრობთ და ამ დროს, ის, რომ მე თქვენ დამიკავშირდით და თქვენი ზარი მივიღე, რამდენ ხანს გაგრძელდა საუბარი, სად იმყოფებოდნენ ისინი საუბრის მომენტში, ეს მონაცემი ავტომატურად იწერება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში და 2 წლის განმავლობაში შეინახება. სწორედ ეს რეგულაცია ცნო სასამართლომ არაკონსტიტუციურად. ის მიდგომა გაიზიარა, რაც 2014 წელს მართლმსაჯულების ევროპულმა სასამართლომ დაადგინა.

ბუნებრივია, ბატონი გედევან ფოფხაძე, რომელიც იყო ერთ-ერთი ინიციატორი იმისა, რომ სუს-ს ჰქონოდა სატელეფონო საუბრების მოსმენების გასაღები, უკმაყოფილო იქნება საკონსტიტუციო სასამართლოს ამ გადაწყვეტილებით და ნამდვილად, ალბათ, დიდი ენთუზიაზმით არ არის განწყობილი, რომ 2017 წლის მარტამდე აღასრულოს ეს გადაწყვეტილება და უბრალოდ ცდილობს, სავარაუდოდ, ნაციონალური მოძრაობის გავლენით ახსნას საკონსტიტუციო სასმაართლოს ეს პროგრესული გადაწყვეტილება. ხელისუფლების მხრიდან ასეთი ტიპის თავდასხმების მოტივაცია ძალიან ბევრია და, ბუნებრივია, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს არის ერთ-ერთი მათგანი.

ბესელიას და ფოფხაძის მიერ 10 აგვისტოს დიპლომატიური კორპუსისთვის გაგზავნილ წერილში ორგასაღებიან სისტემასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება მოხსენიებულია, როგორც ერთ-ერთი “საეჭვო” გადაწყვეტილება…

განცხადება ურთიერთგამომრიცხავია. მასში პირველ რიგში საუბარია იმაზე, რომ დაჩქარებული წესით განიხილა ეს საქმე, მაგრამ თუ ჩახედავთ ამ საქმეს, ნახავთ, რომ გადაწყვეტილება მიმართვიდან წელიწადსა და ორ თვეში მიიღო სასამართლომ. თუ ახსნის ბატონი გედევან ფოფხაძე, რატომ არის ეს დაჩქარებული, უკვე გასაგები იქნება. თუმცა ის, რომ რიგითობა არ დაიცვა და ერთ საქმეს მიანიჭო პრიორიტეტი, მაგალითად, წლის დასაწყისში სავარაუდოდ პოლიტიკოსების პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების ბუმი იყო, ბუნებრივია, შეიძლება საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ეს საკითხი იყო პრობლემატური და სხვა საქმეებთან შედარებით ამ საკითხს უნდა მინიჭებოდა პრიორიტეტი. ის, რომ რაღაც სააქმეებს მიანიჭო პრიორიტეტი და რიგითობა დაარღვიო, ეს საკონსტიტუციო სასამართლოც ნოუ-ჰაუ არ არის. ამას იყენებს იმავე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო და ამის გამო არავის უჩნდება ეჭვი ევროსასამართლოს პოლიტიკური ანგაჟირებულობის გამო.

56228_543735585643894_535502666_o

ბათუმი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო. ფოტო – საკონსტიტუციო სასამართლო

ვადების დარღვევით სასამარლო კანონს არღვევს?

ვადა არის განსაზღვრული ორგანული კანონით საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ. ეს არის ცხრა თვე და კიდევ შეიძლება ორი თვით იყოს გაგრძელებული. მოსმენების საქმე სასამართლომ განიხილა წელიწადსა და ორ თვეში. თუ დარღვევა იყო, ამ შემთხვევაში მოსარჩელემ უნდა იდავოს ამ საკითხზე.

მე ვიყავი წარმომადგენელი გვარების შეერთების საკითხზე. ეს შევიდა 2013 წლის 12 დეკემბერს. მოსმენების სარჩელი – 2015 წლის 3 თებერვალს. რა თქმა უნდა, უფრო ადრე მიიღო მოსმენებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება და ლოგიკურია, რომ ქვეყანაში, სადაც პრობლემა რეალურად არის თვალთვალი, მიყურადება და პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით შანტაჟი, ბუნებრივია, სასამართლო ვერ იქნებბა იზოლირებული ასეთი მოვლენებისგან და ადამიანის უფლებების ასეთი ტიპის დარღვევისგან და, ბუნებრივია, აქვს მას უფლება, რომ ასეთი ტიპის საქმეს, სადაც ადამიანის უფლებები ირღვევა, პრიორიტეტი მიანიჭოს იმ საქმესთან შედარებით, რომელიც ეხება საკუთარი და ბებიიის გვარის გაერთიანებას.

თქვენ არ აღგიძრავთ ეჭვს ის საკითხი, რომ საკონსტიტუციო სასამართლო პოლიტიკურად მნიშვნელოვან საკითხებს ხშირად აწერს პირველ კოლეგიას?

ეს მეორე კლიშეა, რომ ყველა პოლიტიკურად მგრძნობიარე საქმე ეწერება პირველ კოლეგიას. არანაკლებ პოლიტიკურად მგრძნობიარე საქმეს გაგახსენებთ. როდესაც სააკაშვილის მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულისათვის ქონება დაუყადაღეს მის დედას, გიული ალასანიას. ქონებაზე ყადაღის დადების ნორმა გიული ალასანიამ გაასაჩივრა საკონსტიტუციო სასამართლოში. ეს საქმე დაეწერა მეორე კოლეგიას. ამ შემთხვევაში, ეს საქმეც, უბრალოდ, არ დაკმაყოფილდა.

თუმცა ბოლო პერიოდში ბევრი გახმაურებული საქმე, თუნდაც რუსთავი 2-ისა და “კაბელების” საქმეები პირველ კოლეგიას დაეწერა. ეს რამდენად შეიძლება აღძრავდეს ეჭვებს?

ეს შეიძლება ეჭვებს აღძრავდეს, თუმცა მიხეილ სააკაშვილთან იყო ეს საქმე პირდაპირ დაკავშირებული, მისი დედა იყო მოსარჩელე და ეს საქმე დაეწერა მეორე კოლეგიას.

მოსმენების საქმეები ყოველთვის ეწერებოდა პირველ კოლეგიას. თუნდაც იმავე წინა ხელისუფლების დროს, როდესაც ჩვენ გვქონდა “თამარ ჩუგოშვილი და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, მოსმენებს ეხებოდა და დაეწერა პირველ კოლეგიას. მაგრამ იგივე ქმედუუნარობის საქმეები და ის ცნობილი საქმე, რომლითაც საკონსტიტუციო სასამართლომ ეს ინსტიტუტი ცნო არაკონსტიტუციურად, ყოველთვის ეწერებოდა მეორე კოლეგიას. ეს შეიძლება მოსამართლეების მიერ კონკრეტული საკითხის ცოდნასთან იყოს დაკავშირებული.

რუსთავი 2-თან დაკავშირებით ძალიან ბევრი ისეთი საკითხი იყო, რომელიც ერთმანეთს შეიძლება არ უკავშირდებოდეს და საერთო ის ჰქონდეს, რომ არის სამოქალაქო სამართლებრივი საკითხი. საქმეები შეიძლება განაწილებულიყო იმ პრინციპით, რომელმა კოლეგიამ იმსჯელა ამ საკითხებზე წარსულში და რომელი კოლეგია შეძლებს უფრო სწრაფად გადაწყვეტილების მიღებას.

თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ რუსთავი 2-ის საქმე ერთ შემთხვევაში იყო ამორალური გარიგება, მეორე შემთხვევაში -დაუყოვლნებლივი აღსრულება, ანუ ისეთი საკითხები, რაც შეიძლება ერთმანეთთან შინაარსობრივ კავშირში არ ყოფილიყო და, რა თქმა უნდა, არ შეიძლებოდა გვეთქვა, რომ ეს ეჭვი არის უსაფუძვლო, სხვა საქმეებიც უნდა განვიხილოთ და ზოგადად, ამ საქმეების განაწილების პრინციპი როგორ ხდებოდა წარსულში, ესეც მნიშვნელოვანია ამ შემთხვევაში.

ეკა ბესელიას და გედევან ფოფხაძის მიმართვაში კიდევ ერთ ბრალდებაზე არის საუბარი. კერძოდ, რომ ფარულად იცვლებოდა სასამართლოში უკვე ოფიციალურად შესული სარჩელები და სასამართლოში შესულ სარჩელს გადამოწმების შემდეგ შენიშვნებით უბრუნებდნენ მხარეს და მას უკვე შინაარსობრივად შესწორებული და მოთხოვნების კუთხით გაზრდილი სარჩელი შეჰქონდა. იმაზეც არის ლაპარაკი, რომ მოსარჩელეს შესწორებულ სარჩელს უბრუნებდნენ. არსებობდა ასეთი პრაქტიკა?

საკონსტიტუციო სამართალწარმოების კანონის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ კონსტიტუციურ სარჩელს და კონსტიტუციურ წარდგინებას საქმის მასალების ფორმალური და არა შინაარსობრივი მხარის შემოწმების შემდეგ რეგისტრაციაში ატარებს საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილი თანამშრომელი. მათში არაარსებითი, ფორმალური უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი რეგისტრაციაში ტარდება მდივნის თანხმობით. ანუ, თუ სარჩელში აღმოჩნდა ფორმალური უზუსტობა, მდივანს აქვს უფლება, რეგისტრაციაში გაატაროს კონსტიტუციური სარჩელი, მაგრამ მდივანი არ არის ვალდებული, ეს გააკეთოს. ანუ, იმ შემთხვევაში, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოს მდივანი, მოსამართლე ქეთევან ერემაძე არ გასცემს თანხმობას სარჩელის რეგისტრაციასსთან დაკავშირებით, სანამ ფორმალური უზუსტობა არ შესწორდება, სარჩელი არ რეგისტრირდება, სანამ მხარე ამ ფორმალურ უზუსტობას არ გამოასწორებს. მაგრამ მას შემდეგ, რაც ფორმალური უზუსტობის პრიობლემა აღმოიფხვრება, რა თქმა უნდა, სასამართლო ვალდებულია, ასეთ სარჩელი დაარეგისტრიროს. პირველად შეტანილ სარჩელზე, რომლის დარეგისტრირებაზე მდივანმა უარი განაცხადა, და მეორედ შეტანილ სარჩელს შორის შეიძლება ამავდროულად შინაარსობრივი განსხვავებაც არსებობდეს და ეს კანონდარღვევა არ იქნება.

კანონდარღვევა, რა თქმა უნდა, იქნება ის, რომ როდესაც სარჩელს უკვე აქვს ნომერი მინიჭებული, შემდგომ ხდება მისი გამოცვლა. ეს დარღვევაა. თუმცა, სანამ ნომერს მიანიჭებს კანცელარიის თანამშრომელი, მოსარჩელე მხარეს უფლება აქვს შეცვალოს იმიტომ, რომ წინა სარჩელი არ ითვლება სასამართლოში ჩაბარებულად.

ამ შემთხვევაში სჯობს კითხვები სხვანაირად დავსვათ: რატომ გაუგზავნეს ყველა მოსამართლეს ის სარჩელი, რომელიც რეგირტრირებული არ იყო?

“კაბელების საქმის” სარჩელი დარეგისტრირებამდე ელექტრონულად გაუგზავნეს ყველა მოსამართლეს. ეს რამდენად მიღებული პრაქტიკაა?

კანონის მიხედვით, როდესაც სარჩელი არ რეგისტრირდება ფორმალური უზუსტობის გამო, ერთადერთი მოსამართლე, რომელსაც ასეთი სარჩელი უნდა გაეგზავნოს, არის მდივანი იმიტომ, რომ ამაზე ერთადერთმა მოსამართლემ, ქეთევან ერემაძემ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. ძალიან უცნაურია, რომ ქეთევან ერემაძის გარდხა სხვა მოსამართლეებსაც გაეგზავნა არარეგისტრირებული სარჩელი, თუმცა, თავისთავად, შეიძლება ეს კანონდარღვევა არც არის.

თქვენთვის რამდენად დამაჯერებელია ის განმარტება, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ გამოაქვეყნა ამ საკითხთან დაკავშირებით?

ჩემთვის ცოტა უცნაურია, რომ ერემაძის გარდა, რომელიც არის საკონსტიტუციო სასამართლოს მდივანი, რატომ გადაეგზავნათ სხვებს არარეგისტრირებული სარჩელი. ბუნებრივია, ასეთი კითხვა შეიძლება დაისვას.

ხელისუფლების წარმომადგენლები ბოლო დღეების განმავლობაში აქტიურად იყენებენ “საკონსტიტუციო გადატრიალების” ტერმინილოგიას საკონსტიტუციო სასამართლოსთან მიმართებით, რომ საკონსტიტუციო სასამართლო “საკონსტიტუციო გადატრიალებას” ამზადებდა. თქვენ როგორ ფიქრობთ, ამ რიტორიკის გამოყენება სასამართლოს წარმომადგენლების მიმართ ხომ არ ნიშნავს ზეწოლას სასამართლოს წევრებზე?

მე ვერ ვხვდები, სამართლებრივად ეს რას ნიშნავს. საკონსტიტუციო გადატრიალება არის წმინდა პოლიტიკური დისკურსის ნაწილი, პოლიკური რიტორიკის ნაწილი. ეს არის პოლიტიკური ტერმინი და, რა თქმა უნდა, ეს პოლიტიკური განცხადებები შესაძლიოა გავლენას ახდენდეს სასამართლოს დამოუკიდებლობაზე. მე პოლიტიკოსი არ ვარ და მოკლებული ვარ შესაძლებლობას, ეს ტერმინი სამართლებრივად ავხსნა.

მართლაც იყო თუ არა ნიშნები იმისა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს უკანასკნელ გადაწყვეტილებებს, განსაკუთრებით, გახმაურებულ გადაწყვეტილებებს, მაგალითად, იყო საუბარი მაჟორიტარულ ოლქებთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე, შეექმნა კოლაფსი და არჩევნები ვეღარ ჩატარებულიყო?

შესაძლოა ასეთი ტიპის საფრთხეები იყო, მაგრამ იმავე ოლქების დაყოფასთან დაკავშირებით კანონმდებლობა, რომელიც ითვალისწინებდა ოლქების დაყოფას, ეს რვავე მოსამართლემ თქვა, რომ იყო კონსტიტუციური, ანუ კონსტიტუციას ეს არ ეწინააღმდეგებოდა. ანუ მხოლოდ და მხოლოდ ხმები 4-4-ზე გაიყო თვითმმართველ ქალაქებთან დაკავშირებით. მაგალითად, ცესკოს აქვს უფლება, თბილისი დაყოს საკუთარი შეხედულებით ოლქებად. მხოლოდ თბილისთან, რუსთავთან და ქუთაისთან დაკავშირებით გაიყო ხმები, მხოლოდ ამ საარჩევნო ოლქებს ესებოდა ეს აზრთა სხვადასხვაობა. თუმცა საკონსტიტუციო გადატრიალება ან გაუგებრობა ამას არ მოჰყოლია. თუმცა, თუ დაკმაყოფილდებოდა ამ ნაწილში, საკონსტიტუციო სასამართლოს შეეძლო უბრალოდ გადაედო ამ გადაწყვეტილების აღსრულება, ისევე, როგორც ეს მოხდა მოსმენების საქმესთან დაკავშირებით.

მაგრამ ეს მხოლოდ პოლიტიკური სპეკულაციაა იმიტომ, რომ ცესკოსთან მიმართებაში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ეს სარჩელი რომც დაკმაყოფილებულიყო ცესკოს ნაწილში, შესაძლებელი იყო, გავრცელებულიყო მომავალ საპარლამენტი არჩევნებზე და ცესკოს ჰქონოდა დრო, რომ კონკრეტიული კრიტერიუმები განესაზღვრა, რომლითაც თბილისი დაიყოფოდა მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქენად.

ვითარებაში, როდესაც მოახლოებულია საარლამენტო არჩევნები, ასევე, საკონსტიტუციო სასამართლოს აქვს გამოსაცხადებელი გადაწყვეტილება ძალიან დიდი პოლიტიკური მნიშნელობის მქონე საქმეებზე, საკონსტიტუციო სასამართლოს კრიტიკის ამ პერიოდში განსაკუთრებით გააქტიურება რას გამოიწვევს?

რა თქმა უნდა, ასეთი პოლიტიკური განცხადებები, როგორც ხელისუფლების, ასევე შესაძლოა ოპოზიციის მხრიდან, შეიძლება სასამართლოზე ზეწოლასაც ემსახურებოდეს. სასამართლო არ არის პოლიტიკური ორგანო და მოსამართლე მოკლებულია შესაძლებლობას, პოლიტიკურ განცხადებებს უპასუხოს.  ვითარება იყო არანორმალური, როდესაც მოსამართლეები ტელეეთერიდან პასუხობდნენ ერთმანეთს და პოლიტიკური ხასიათის კომენტარებს აკეთებდნენ. ეს არის მიუღებელი იმიტომ, რომ მოსამართლემ თავისი შეხედულება უნდა გამოთქვას ან გადაწყვეტილებაში, ან განსხვავებულ აზრში და მას აქვს ბევრად უფრო გავლენიანი ფორუმი. სასამართლოს დამოუკიდებლობა ყოველთვის კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, როდესაც მოსამართლე ერთვება სატელევიზიო დებატებში  პოლიტიკოსებთან ან სხვა მოსამართლესთან.

რა არის დაცვის ის მექანიზმი, რომელიც ამ ვითარებაში საკონსტიტუციო სასამართლოს დაიცავს?

რა თქმა უნდა, ყველა ხელისუფლებას ექნება მცდელობა საკონსტიტუციო სასამართლო აკონტროლოს თუნდაც ასეთი ტიპის განცხადებებით.  საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ  პირველ რიგში უნდა გამოიჩინოს გამძლეობა.

მიმიდნარე გამოძიება ზეწოლასთან დაკავშირებით რამდენად არის რეალურად დაცვის გარანტი?

გამოძება უნდა გაგრძელდეს.  ეს პრობლემა განსაკუთრებით საზოგადოებრივი მნიშვნელობისაა და განსაკუთრებული ინტერესის საგანს წარმოადგენს. იმის მიუხედავად, რომ ყველა მოსამართლემ უარყო მის მიმართ განხორციელებული სავარაუდო ზეწოლის ფაქტი,  საგამოიძიებო ორგანო მაინც ვალდებულია, გააგრძელოს გამოძიება, ვალდებულია მაინც მოძებნოს ის პირდაპირი მტკიცებულება, რომლითაც დაადასტურებს ან უარყოფს სავარაუდო ზეწოლას.

მასალების გადაბეჭდვის წესი