ახალი ამბები

პროკურატურა: პაპუაშვილის გარდა, ყველა მოსამართლე უარყოფს მათზე ზეწოლას

1 აგვისტო, 2016 • 1574
პროკურატურა: პაპუაშვილის გარდა, ყველა მოსამართლე უარყოფს მათზე ზეწოლას

პროკურატურის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, გიორგი პაპუაშვილის გარდა, ყველა მოსამართლე უარყოს მათზე ვინმეს მხრიდან რაიმე სახის ზეწოლის ან სამართალწარმოების განხორციელებაზე ზეგავლენის მიზნით სასამართლოს საქმიანობაში ამა თუ იმ ფორმით ჩარევას.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე განხორციელებული შესაძლო ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებული საქმის გამოძიების შესახებ შუალედური ინფორმაცია დღეს, 1 აგვისტოს, გამოაქვეყნა.

პროკურატურის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე განხორციელებული შესაძლო ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, საქართველოს პროკურატურა მიზანშეწონილად მიიჩნევს საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის გიორგი პაპუაშვილის საჯარო განცხადებების საფუძველზე დაწყებული გამოძიების შუალედური შედეგების შესახებ, რასაც მომავალში საქმეზე მიმდინარე გამოძიების ინტერესების გათვალისწინებით გააგრძელებს.

“ამ ეტაპზე გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ გამოკითხულია საკონსტიტუციო სასამართლოს ყველა მოსამართლე თავმჯდომარის გარდა. გამოკითხულთაგან ყველა უარყოფს მათ მიმართ ვინმეს მხრიდან რაიმე სახის ზეწოლის ან სამართალწარმოების განხორციელებაზე ზეგავლენის მიზნით სასამართლოს საქმიანობაში ამა თუ იმ ფორმით ჩარევას. მთავარ პროკურორსა და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს შორის აღნიშნულ საქმეზე თანამშრომლობის შეთანხმების თანახმად, ამ კვირაში გიორგი პაპუაშვილთან კოორდინაციით მოხდება მისი გამოკითხვა ზეწოლის ფაქტებთან მის ხელთ არსებული ინფორმაციის ირგვლივ,” – ნათქვამია საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებაში.

პროკურატურის განცხადებით, სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება გამოძიება მოსამართლეების მიერ ჩვენებებში დაფიქსირებულ გამოძიებისთვის საინტერესო გარემოებების გადამოწმების მიზნით, რომლებზეც გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ამ ეტაპზე ვერ ისაუბრებენ. თუმცა, როგორც პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული, გამოძიების შედეგების შესახებ ინფორმაცია პერიოდულად ეცნობება საზოგადოებას.

2016 წლსი 21 ივლისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, გიორგი პაპუაშვილმა განაცხადა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე ხორციელდება ზეწოლა სხვადასხვა ფორმით, რაც გამოიხატება მოსამართლეების თვალთვალსა და მუქარაში ოჯახის წევრებისა და ახლობლების მიმართ. აღნიშნულ საკითხზე საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გამოძიება 26 ივლისს დაიწყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი