სამართალი

დაარღვია თუ არა კონტროლის პალატამ კანონი “პერსონალური მონაცემების” შესახებ

8 მარტი, 2012 • • 1379
დაარღვია თუ არა კონტროლის პალატამ კანონი “პერსონალური მონაცემების” შესახებ

იურისტები  უფლებამოსილების გადაჭარბებად და “პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ” კანონის დარღვევად მიიჩნევენ კონტროლის პალატის მიერ ფიზიკური პირების პირადი შემოსავლების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებას.

კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა 7 მარტს გაავრცელა განცხადება, რომელიც ფიზიკური პირების მიერ პოლიტიკური სუბიექტებისთვის ანგარიშებზე შემოწირულობების განხორციელებას ეხება.   

ფიზიკურ პირთა ახსნა-განმარტებების გასაჯაროების მიზეზად კონტროლის პალატამ შემდეგი მიზეზი დაასახელა: “პოლიტიკური სუბიქტების ანგარიშებზე შემოწირულობების სახით თანხის გადარიცხვის თაობაზე კონკრეტული ფიზიკური პირების მიერ მედიით გავრცელებული განცხადებები არ ემთხვევა რეალობას, საჯაროს ვხდით მათ მიერ საქართველოს კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების მონიტორინგის სამსახურისთვის მიცემული ახსნა-განმარტებებიდან ამონარიდებს,” – ნათქვამია კონტროლის პალატის მიერ 7 მარტს გავრცელებულ  განცხადებაში.

გამოქვეყნებულ განცხადებებში საუბარია “ქართული ოცნებისა” და ნინო ბურჯანაძის პარტია “დემოკრატიულ მოძრაობა –”ერთიანი საქართველოსთვის” ფიზიკური პირების მიერ თანხის შეწირვაზე, ასევე, ფიზიკური პირების თვიური შემოსავლების, ხელფასებისა და  დანაზოგების შესახებ.  კონტროლის პალატის თქმით, ეს იმის გასარკვევად მოხდა, ჰქონდათ თუ არა აღნიშნულ პირებს იმდენი შემოსავალი, რომ გარკვეული პოლიტიკური სუბიექტებისთვის ათიათასობით ლარის შემოწირულობა გადაერიცხათ.

“90-იანი წლების შემდეგ ოფიციალურად არსად ვმუშაობ. ვარ შპს-ს დირექტორი, მაქვს მცირე შემოსავალი, თვეში მოგება მრჩება დაახლოებით 300-400 ლარი. იჯარით მაქვს აღებული მცირე ფართი, სადაც ვვაჭრობ საყოფაცხოვრებო წვრილმანი ნივთებით. თანხას, 1390 ლარს, ბიძინა ივანიშვილისგან დაახლოებით ორ წელზე მეტია, რაც ვიღებთ. სამწუხაროდ, ქველმოქმედება არასოდეს განმიხორციელებია, რადგან ამის მატერიალური საშუალება, სამწუხაროდ, არ მქონდა. რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაციისათვის ან კონკრეტული გაჭირვებული ადამიანისთვის თანხა არასოდეს შემიწირავს, გარდა ბოლო პერიოდისა, როდესაც „ქართულ ოცნებას“ შევწირე 5000 ლარი. ჩემთვის ცნობილი გახდა , რომ „ქართულ ოცნებას“ ჭირდებოდა თანხები, მე გადავწყვიტე, ჩემი დანაზოგი თანხა– 5000 ლარი შემეწირა „ქართული ოცნებისათვის“. მოგახსენებთ, 5000 ლარი შევწირე და დავიტოვე მხოლოდ საარსებო თანხა. ამ 5000 ლარს ვაგროვებდი წლების განმავლობაში. ეს იყო ჩემო ოჯახის დანაზოგი. დღეის მდგომარეობით რაიმე სახის დანაზოგი ბანკში არ მაქვს, მაქვს დანაზოგი მხოლოდ მცირე თანხა ოჯახური საჭიროებისამებრ 1000 ლარის ოდენობით,” –  ფიზიური პირის, თამაშა ჩიტაიას ახსნა-განმარტების ეს მონაკვეთი კონტროლის პალატამ საკუთარ ვებგევრდზე საჯაროდ გამოაქვეყნა.

“ქართული ოცნების” საინიციატივო ჯგუფის წევრი, ადვოკატი ზაქარია ქუცნაშვილი მიიჩნევს, რომ კონტროლის პალატის მიერ ინფორმაციის გასაჯაროება უნდა მოხდეს მხოლოდ იმ ნაწილში, რომელიც უკავშირდება პირის მიერ პარტიისთვის შეწირულ თანხებს და არა მის პირად შემოსავლებს.

“ვინ ვისგან რა შემოსავალსა და რა სახის პრემიას იღებს, ეს არ არის ქალბატონ მოგელაძის გასარჩევი. მხოლოდ იმ ნაწილში უნდა მოხდეს კონტროლის პალატის მიერ ინფორმაციის გასაჯაროება და ჩარევა, რომელიც უკავშირდება პირის მიერ პარტიისთვის შეწირულ თანხებს და არა როგორც ამ შემთხვევაში მოხდა, როდესაც გამოქვეყნდა ფიზიკური პირების შემოსავლებისა და დანაზოგების შესახებ,” – განუცხადა ”ნეტგაზეთს” ზაქარია ქუცნაშვილმა.  

“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” იურისტის, ლელა ტალიურის განცხადებით, კონტროლის პალატა კანონის თანახმად უფლებამოსილია, რომ საჭიროების შემთხვევაში, გამოითხოვოს ინფორმაცია, როგორც ფიზიკური პირებისაგან პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირებული პირებისათვის და პარტიებისთვის გადაცემული ქონების, ასევე, პირიქით, პარტიასთან დაკავშირებული პირებიდან მიღებული ქონების წარმომავლობის შესახებ.

ლელა ტალიურის თქმით, კონტროლის პალატის მიერ ახსნა– განმარტებიდან პირად შემოსავალთან დაკავშირებული ამონარიდების საჯაროდ გამოქვეყნება არის ჩარევა კონტროლის პალატის მხრიდან.

”თუმცა ამ შემთხვევაში განმსაზღვრელია კონტროლის პალატის ლეგიტიმური, კანონიერი მიზანი. რა მიზანს ემსახურებოდა ამ ინფორმაციების გასაჯაროება,. განსაკუთრებით მათი დანაზოგის, თვიური შემოსავლის შესახებ?. ტვირთი დასაბუთებისა, რომ ჩარევა კანონიერ, ლეგიტიმურ მიზანს ისახავდა, მთლიანად აკისრია კონტროლის პალატას,” – უთხრა ლელა ტალიურმა ”ნეტგაზეთს.”

საიას იურისტის შეფასებით, კანონში “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ” კონტროლის პალატას ცალსახად არ უწერია, რომ პირადი საიდუმლოება უნდა დაიცვას,
მაგრამ თუ გავეცნობით სხვა სტანდარტებს, რა სტანდარტებსაც იყენებს კონტროლის პალატა, მაგალითად, როდესაც აუდიტორულ საქმიანობას ახორციელებს, ამ შემთხვევაში მას ცალსახად უწერია, რომ  უნდა დაიცვას კანონით დადგენილი ყველა საიდუმლოება.

”ქართული ოცნების”იურისტთა ჯგუფის წევრის, სანდრო ბარამიძის შეფასებით, კონტროლის პალატამ უნდა დაასაბუთოს, რა მიზანს ემსახურებოდა ფიზიკურ პირთა პირადი შემოსავლების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნება.

“ვიცით, რომ კონტროლის პალატას ჰქონდა უფლება, რომ საჭიროების შემთხვევაში ინფორმაცია გამოეთხოვა პირისაგან, მაგრამ მისი განსაჯაროვება რა მიზანს ემსახურებოდა, ეს უნდა გვითხრას კონტროლის პალატამ. აქვე, პირველ რიგში, მინდა ვკითხო კონტროლის პალატას, ჰკითხა თუ არა პირებს, სურდათ თუ არა პირადი ინფორმაციის(მათი შემოსავლების) გასაჯაროება. ხოლო თუ ეს კონტროლის პალატამ არ მოითხოვა, ცხადია, ამით დაარღვია პირის უფლება პირადი ინფორმაციის დაცვის შესახებ,” – განუცხადა ”ნეტგაზეთს” ადვოკატმა სანდრო ბარამიძემ. მან დასძინა, რომ  როცა ინფორმაცია საჯაროდ ქვეყნდება, ის სრული სახით უნდა გამოქვეყნდეს და არ შეიძლება მისი გამოქვეყნება ისე, როგორც ეს კონტროლის პალატას მიაჩნია.

”ნეტგაზეთი” შეეცადა დაკავშირებოდა იმ ფიზიკურ პირებს, რომელთა პირადი შემოსავლების შესახებ ინფორმაცია კონტროლის პალატამ გაასაჯაროვა, თუმცა, ჯერჯერობით, მათთან დაკავშირება ვერ მოხერხდა. ასევე ვერ მოხერხდა კონტროლის პალატასთან დაკავშირება მათგან დამატებითი განმარტებების მოსაპოვებლად.

მასალების გადაბეჭდვის წესი