სამართალი

რატომ დაჭრა პატრულმა მამა-შვილი

7 მარტი, 2012 •
რატომ დაჭრა პატრულმა მამა-შვილი

ბონდო ფერცულიანი
ბონდო ფერცულიანი

3 ადამინი დაიჭრა ქუთაისში, ნუცუბიძის 5 ნომერში 6 მარტს მომხდარი ინციდენტის შედეგად, მათ შორისაა, ერთი სამართალდამცავი და ორი მოქალაქე, მამა-შვილი ფერცულიანები.

ფსიქიკურად დაავადებულმა ბექა ფერცულიანმა მის მშობლებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და ბასრი იარაღით სიკვდილით ემუქრებოდა. ინციდენტის შემსწრე მეზობლებმა მათი კორპუსის გვერდზე მდებარე პოლიციის შენობას დახმარებიისთვის მიმართეს. ყვირილის ხმაზე სამართალდამცავი გია ქურასპედიანი დახმარების აღმოსაჩენად მეოთხე სართულზე ავიდა. 26 წლის ბექა ფერცულიანი სამართალდამცავს არ დაემორჩილა და ჰაერში გამაფრთხილებელი გასროლის შემდეგ პოლიციელი დანით ხელში დაჭრა. სამართალდამცავმა მეორეჯერ გასროლის შედეგად მამა-შვილი ფერცულიანები დაჭრა.

როგორც თვითმხილველები ამბობენ, გამაფრთხილებელი გასროლის შემდეგ მამა შვილს წინ გადაეფარა, ამიტომ ბექასკენ მიმართული ტყვიით ბონდო დაიჭრა.

“ბავშვი ფსიქიკურად არის დაავადებული, ფსიქიატრიულში 2-ჯერ არის ნამყოფი, დედამისს უფრო ერჩოდა, თუმცა მამამისსაც ცემდა ხოლმე. ეს არ ყოფილა პირველი შემთხვევა, თავს ვერ აკონტროლებდა ხოლმე და არც გამკვირვებია ეს ფაქტი,” – ამბობს თვითმხილველი, ფერცულიანების მეზობელი ჯონი ტყეშელაშვილი.

დაჭრილები ზურაბ ცხაკაიას სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს. ბექა ფერცულიანი ცეცხლსასროლი იარაღით გულმკერდის არეში არის დაჭრილი.

“დაისვა დიაგნოზი ლავიწქვეშა არტერიისა და ლავიწქვეშა ვენის დაზიანება, შესრულდა რეკონსტრუქციული ოპერაცია ორივე სისხლძარღვის. ამჟამად მდგომარეობა სტაბილურია და ზემო კიდურში სისხლის მიმოსვლა დამაკმაყოფილებელია,” – ამბობს ქირურგი გაგა კეშელავა.

ბონდო ფერცულიანი ყელ-ყურ-ცხვირის ცნობილი ექიმია ქუთაისში. მისი შვილი ბექა ფერცულიანი მკურნალობას ხონის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადიოდა. ამ ეტაპზე არც სამართალდამცავები და არც ფერცულიანების ოჯახის წევრები არ საუბრობენ იმაზე, თუ რამდენად აუცილებელი იყო პოლიციელის მხრიდან ცეცხლის გახსნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი