საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა” და საქართველოს მოქალაქე თამარ ხიდაშელის კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ავრცელებს.
2012 წლის 29 თებერვალს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ მიიღო გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ და საქართველოს მოქალაქე თამარ ხიდაშელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
აღნიშნულ საქმეზე სადავო ნორმას წარმოადგენდა „ოპერატიულ–სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–8 მუხლის მე–2 პუნქტი, რომელიც განსაზღვრავდა ოპერატიულ–სამძებრო ღონისძიებების ჩატარების ვადების გაგრძელების შესაძლებლობის საკითხს.
მოსარჩელე მხარე მიიჩნევდა, რომ დაირღვა საქართველოს კონსტიტუციის მე–20 მუხლის პირველი პუნქტი (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება), ვინაიდან სადავო ნორმა პროკურორს აღჭურავდა უფლებამოსილებით, გაეგრძელებინა ოპერატიულ–სამძებრო ღონისძიებების ჩატარების ვადები, მათ შორის, ისეთი ღონისძიებების, რომლებიც ადამიანებზე ფარულ თვალთვალსა და მიყურადებას გულისხმობს, რაც ზღუდავდა პირის პირადი კომუნიკაციის ხელშეუხებლობის უფლებას სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე.
სადავო ნორმის აღნიშნული შინაარსით წაკითხვას არ დაეთანხმა მოპასუხე მხარე. მისი მტკიცებით, კანონმდებლობა გამორიცხავს ფარული მიყურადებისა და თვათვალის განხორციელების შესაძლებლობას სასამართლო კონტროლის გარეშე. აღნიშნული პოზიციის გასამყარებლად მან მიუთითა, როგორც კანონმდებლობის ნორმებზე, ასევე, სადავო ნორმის გამოყებების პრაქტიკაზე.
საქმის განხილვის შედეგად საკონსტიტუციო სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სადავო ნორმა უშვებდა შესაძლებლობას ისეთი ოპერატიულ–სამძებრო ღონისძიებების, რომლებიც ადამიანებზე ფარულ თვალთვალსა და მიყურადებას გულისხმობს, ჩატარების ვადის გაგრძელება მომხდარიყო სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე.
საკონსტიტუციო სასამართლომ სადავო ნორმით საკითხის ამგვარი გადაწყვეტა მიიჩნია საქართველოს კონსტიტუციის მე–20 მუხლის პირველი პუნქტით დაცულ ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებაში ჩარევად. საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილებაში მიუთითა ადამიანის ამ კონსტიტუციური უფლების განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე და ხაზი გაუსვა მასში ჩარევის შემთხვევებში სასამართლო კონტროლის აუცილებლობაზე.
საკონსტიტუციო სასამართლომ დაასკვნა, რომ სადავო ნორმა ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას ზღუდავდა სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე და ამასთანავე, არ არსებობდა უფლების შეზღუდვის კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობა. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაოფილა სარჩელი და არაკონსტიტუციურად სცნო სადავო ნორმა.