სამართალი

სოფო ნიკოლაშვილის საქმე გრიფით საიდუმლო არ არის

10 თებერვალი, 2012 • • 1437
სოფო ნიკოლაშვილის საქმე გრიფით საიდუმლო არ არის

სოფო ნიკოლაშვილი
სოფო ნიკოლაშვილი

პროკურატურის ინფორმაციით, მკვლელობის მცდელობისთვის, ასევე იარაღის უკანონო ტარებისთვის ბრალდებულ სოფო ნიკოლაშვილის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმე გრიფით “საიდუმლო” არ არის. იგივე დაუდასტურა ”ნეტაზეთს” ნიკოლაშვილის ადვოკატმა მაგული ღვალაძემ.

საქართველოს მთავარი პროკურატურის ცნობით, სოფო ნიკოლიშვილის დაკავებიდან კანონით გათვალისწინებული ყველა პროცედურა ღიად ჩატარდა, მხარეებს საშუალება ჰქონდათ, გაცნობოდნენ საქმეში არსებულ მასალებს. ღია იყო სასამართლო სხდომა, სადაც მტკიცებულებების განხილვა მხარეების თანდასწრებით მოხდა.

”აღნიშნულ საქმეზე დაინტერესებული მხარეებისთვის ინფორმაცია მომავალშიც იქნება ხელმისაწვდომი,” – წერია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. რამდენიმე მედიასაშუალება გასული დღეების განმავლობაში ავრცელებდა ინფროამციას, რომ პოლიციელის განზრახ მკვლელბის მცდელობაში ბრალდებული სოფო ნიკოლაშვილის საქმე გრიფით ”საიდუმლო” იყო.

”გრიფით ”საიდუმლო” არ არის ეს საქმე. უბრალოდ, ხელი მოვაწერე იმაზე, რომ პროცესის მონაწილეებს ეკრძალებათ საჯაროდ ინფორმაციის გაცემა. ეს სხვა საკითხია, გრიფოთ საიდუმლო კი სულ სხვა საკითხია,” -განუცხადა ბრალდებულის ადვოკატმა მაგული ღვალაძემ ”ნეტგაზეთს.” მისივე თქმით, ეს დაკავშირებულია ბრალდებულის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობასთან და სოფო ნიკოლაშვილის ნებართვის გარეშე ადვოკატები ვერ გაახმაურებენ საქმის დეტალებს, რადგან საქმეში არსებული მასალები ინტიმურ საკითხებსაც ეხება. მაგული ღვალაძე ამბობს, რომ პროკურატურას არ აუკრძალავს საქმის მასალების გასაჯაროება.

პოლიციელის განზრახ მკვლელობის მცდელობისა და იარაღის უკანონო ტარებისთვის დაპატიმრებულ სოფო ნიკოლაშვილს წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდეს. ადვოკატის თქმით, ნიკოლაშვილს გამოძიებისთვის დეტალური ჩვენება არ მიუცია, თუმცა თავს დამნაშავედ მხოლოდ ნაწილობრივ ცნობს.

ადვოკატმა მაგული ღვალაძემ ”ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ სოფო ნიკოლაშვილი მხოლოდ იარაღის უკანანო ტარების ფაქტს აღიარებს და ამბობს, რომ მას პოლიციელის – გიორგი სიბაშვილის მკვლელობა წინასწარ განზრახული არ ჰქონდა. ბრალდებულის მტკცებით, მან იარაღი სიბაშვილის შეშინების მიზნით იმიტომ ამოიღო, რომ შეეშინდა, პოლიციელს მასზე ძალა არ ეხამარა.

”ბავშვმა იარაღი ჩანთიდან ამოიღო შესაშინებლად, გაუპატიურება უნდოდა მისი. მან ხელი უტაცა იარაღზე. ამათ უნდათ, ბრალი წაუყენონ განზრახ მკვლელობის მუხლით. ეს განზრახ მკვლელობა რომ ყოფილიყო, მაშინ ჩანთიდან ესროდა. იარაღი სეიფიდან მე მომპარა,” – განუცხადა ”ნეტგაზეთს” სოფო ნიკოლაშვილის მამამ, დავით ნიკოლაშვილმა.

დაკავებულ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 19, 108 და 236 მუხლების(მკვლელობის მცდელობა, იარაღის უკანონო ტარება) მიხედვით წაუყენეს. აღნიშნული ინციდენტი 31 იანვარს გურჯაანში მოხდა.

გიორგი სიბაშვილისა და სოფო ნიკოლაშვილს შორის მეგობრული ურთიერთობას უარყოფს დაკავებულის მამა დავით ნიკოლაშვილი. მისი თქმით, რადგან სოფო ჟურნალისტი იყო, გიორგის ისევე იცნობდა, როგორც კახეთში მომუშავე ძალოვანი უწყების სხვა თანამშრომლებს.

დავით ნიკოლაშვილი მომხდარს თავის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებს. როგორც ის აცხადებს, წლების წინ ბადრი პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი იყო, ახლა კი ”ქართული ოცნების” საქმიანობაშია ჩართული. დავით ნიკოლაშვილი მომხდარს პოლიტიკურ ანგარიშსწორებად აფასებს და მიიჩნევს, რომ ”ყველაზე სუსტ ადგილზე” დაარტყეს.

დაკავებულს დადებითად აფასებს გაზეთ ”კახეთის ხმის” რედაქტორი მაია მამულაშვილი. მისი თქმით, სოფო ნიკოლაშვილი გაზეთში 2011 წლის აგვისტომდე მუშაობდა, შემდეგ კი სასწავლებლად თბილისში გადავიდა და სამსახურიც მიატოვა, თუმცა რედაქციის თანამშრომლებთან ბოლო დრომდე ჰქონდა მეგობრული ურთიერთობა. მაია მამულაშვილს მომხდარის მიზეზებზე საუბარი უჭირს.

რადიო ”ჰერეთის” ინფორმაციით, 21 წლის გიორგი სიბაშვილი, რომლის მკვლელობის მცდელობისთვისაც სოფო ნიკოლაშვილი დააკავეს, შს სამინისტროს  კახეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომელია. მისი მამა გოჩა სიბაშვილი კი გურჯაანის პოლიციის უფროსის მოადგილეა. გარდა ამისა, გიორგი სიბაშვილი კახეთის ვიცე-გუბერნატორის, გიორგი სიბაშვილის ძმისშვილია.

ამავე თემაზე:

სოფო ნიკოლაშვილი თავს ნაწილობრივ ცნობს დამნაშავედ

დავით ნიკოლაშვილი: ”სოფო თავს გაუპატიურებისგან იცავდა”

ჟურნალისტი პოლიციელის მკვლელობის მცდელობაშია ბრალდებული


მასალების გადაბეჭდვის წესი