სამართალი

დავით ნიკოლაშვილი: ”სოფო თავს გაუპატიურებისგან იცავდა”

2 თებერვალი, 2012 • • 1212
დავით ნიკოლაშვილი: ”სოფო თავს გაუპატიურებისგან იცავდა”

გაზეთ ”კახეთის ხმის” ყოფილ ჟურნალისტ სოფო ნიკოლაშვილს ბრალს პოლიციელის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის უახლოეს საათებში წაუყენებენ. დაკავებულის მამა კი აცხადებს, რომ მის შვილს გაუპატიურებას უპირებდნენ და მან პოლიციელის დაშინება სცადა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა სოფო ნიკოლაშვილი 31 იანვარს დააკავეს. შსს-ს ცნობით, დაკავებულმა დანაშაული უკვე აღიარა და მას ბრალს სისხლის სამართლის კოდექსის  19, 108 და 236 მუხლებით(მკვლელობის მცდელობა, იარაღის უკანონო ტარება) წაუყენებენ.

შემთხვევა გურჯაანში 31 იანვარს მოხდა. კახეთის საინფორმაციო ცენტრი წერს, რომ ”სამართალდამცავების ცნობით, სოფო ნიკოლაშვილი შეეცადა გიორგი სიბაშვილისთვის მამამისის კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა, თუმცა სიბაშვილმა მას იარაღი წაართვა. პოლიციაში აცხადებენ, რომ სოფო ნიკოლაშვილს გიორგი სიბაშვილი უყვარდა.”

გიორგი სიბაშვილისა და სოფო ნიკოლაშვილს შორის მეგობრული ურთიერთობას უარყოფს დაკავებულის მამა დავით ნიკოლაშვილი. მისი თქმით, რადგან სოფო ჟურნალისტი იყო, გიორგის ისევე იცნობდა, როგორც კახეთში მომუშავე ძალოვანი უწყების სხვა თანამშრომლებს.

”ბავშვმა იარაღი ჩანთიდან ამოიღო შესაშინებლად, გაუპატიურება უნდოდა მისი. მან ხელი უტაცა იარაღზე. ამათ უნდათ, ბრალი წაუყენონ განზრახ მკვლელობის მუხლით. ეს განზრახ მკვლელობა რომ ყოფილიყო, მაშინ ჩანთიდან ესროდა. იარაღი სეიფიდან მე მომპარა,” – განუცხადა ”ნეტგაზეთს” სოფო ნიკოლაშვილის მამამ, დავით ნიკოლაშვილმა.

ის მომხდარს თავის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებს. როგორც დავით ნიკოლაშვილი აცხადებს, ის წლების წინ ბადრი პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი იყო, ახლა კი ”ქართული ოცნების” საქმიანობაშია ჩართული. ის მომხდარს პოლიტიკურ ანგარიშსწორებად აფასებს და მიიჩნევს, რომ ”ყველაზე სუსტ ადგილზე” დაარტყეს.

დაკავებულს დადებითად აფასებს გაზეთ ”კახეთის ხმის” რედაქტორი მაია მამულაშვილი. მისი თქმით, სოფო ნიკოლაშვილი გაზეთში 2011 წლის აგვისტომდე მუშაობდა, შემდეგ კი სასწავლებლად თბილისში გადავიდა და სამსახურიც მიატოვა, თუმცა რედაქციის თანამშრომლებთან ბოლო დრომდე ჰქონდა მეგობრული ურთიერთობა. მაია მამულაშვილს მომხდარის მიზეზებზე საუბარი უჭირს.

მასალების გადაბეჭდვის წესი