სამართალი

საია: რუსთავი 2-ისთვის გადაწყვეტილების 12 დღეში გაგზავნით სასამართლო არსებულ პრაქტიკას არღვევს

23 ივნისი, 2016 • 1491
საია: რუსთავი 2-ისთვის გადაწყვეტილების 12 დღეში გაგზავნით სასამართლო არსებულ პრაქტიკას არღვევს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ სააპელაციო სასამართლო რუსთავი 2-ისთვის გადაწყვეტილების 12 დღეში გაგზავნით დამკვიდრებულ პრაქტიკას არღვევს, ვინადან, როგორც წესი, გადაწყვეტილებას გამოცხადებიდან 21-30 დღემდე ვადაში იბარებენ მხარეები.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება, რომლითაც რუსთავი 2-ის 100% კვლავ ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა, 10 ივნისს გამოაცხადა. 22 ივნისს სასამართლომ მხარეებს გადაწყვეტილება გაუგზავნა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის თანახმად, მხარე გადაწყვეტილების მისაღებად სასამართლოში მიდის არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა.

რუსთავი 2-ის დირექტორი, ნიკა გვარამია ამბობს, რომ გადაწყვეტილების ნაადრევად გაგზავნით სასამართლომ მათ 18 დღე “მოჰპარა”:

“ჩვენ გადაწყვეტილი გვქონდა, რომ 30-ე დღეს მივიდოდით და ბოლომდე გამოვიყენებდით ჩვენს ვადებს, ასევე ბოლომდე გამოვიყენებდით საკასაციო სასამართლოში გასაჩივრების ვადას,”- ამბობს გვარამია.

სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამიას განცხადების პასუხად განმარტა, რომ კანონში არ ეწერა, რომ მათ გადაწყვეტილების მხარისთვის გაგზავნა არ შეეძლოთ:

“259(1)-ე მუხლის მე-2 ნაწილი იმპერატიულად ადგენს, თუ რა კატეგორიის მხარეებთან მიმართებაშია ვალდებული სასამართლო გაუგზავნოს სასამართლო გადაწყვეტილება, რაც არანაირად არ გამორიცხავს სასამართლოს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ გაუგზავნოს ნებისმიერ სხვა მხარეს, მით უფრო, თუ ის 21 დღეზე ადრე იქნა მომზადებული,”- ვკითხულობთ სასამართლოს განცხადებაში.

საიას თავმჯდომარე კი ამბობს, რომ რუსთავი 2-ისთვის სასამართლოს გადაწყვეტილების გაგზავნა არის გადახვევა დამკვიდრებული ერთგვაროვანი პრაქტიკიდან, რომლის თანახმადაც, მხარე  მიდიოდა სასამართლოში  21-დან 30-დღის ვადაში და გადაწყვეტილებას იბარებდა.

“ეს ქმნის პრობლემას ორი მიმართულებით: ერთი, ეს არის, რომ ცალსახად გადახვევაა სასამართლოს პრაქტიკიდან ასეთი მოქმედება და მაინც ბუნდოვანია, რამდენად აქვს ამას კანონიერი საფუძველი. მეორე მნიშვნელოვანი ამბავი არის ის, რომ რადგან კანონშიც განსაზღრულია ვადები და რადგან პრაქტიკაც აქამდე სულ სხვა მიმართულებით არსებობდა, მხარეს, ამ შემთხვევაში, რუსთავი 2-ს და საქართველოს ადვოკატებს, ჰქონდა გონივრული მოლოდინი, რომ მათზე გავრცელდებოდა 21-30-დღიანი ვადა. ეს გონივრული მოლოდინი, რომელიც მათ სრულიად ლეგიტიმურად ჰქონდათ, კანონსა და პრაქტიკაზე დაყრდნობით, ეს გონივრული მოლოდინიც დარღვეულია,”- ამბობს ანა ნაცვლიშვილი.

მისივე თქმით, სათანადოდ არ არის დასაბუთებული სასამართლოს მიერ გაკეთებული განცხადებაც, ვინაიდან პრაქტიკა სრულიად სხვა მიმართულებით არის დადგენილი. ასევე, ასეთ რეზონანსულ საქმეზე სასამართლოს უფრო მეტად უნდა დაესაბუთებინა, თუ რამ გამოიწვია ასეთი გადახვევა დადგენილი პრაქტიკიდან.

“საიას აქვს იურიდიული დახმარების ცენტრი მთელი საქართველოს მასშტაბით და ასობით დავა გვაქვს წარმოებაში- ზოგი დამთავრებული, ზოგი მიმდინარე- და არ გვახსენდება ანალოგიური შემთხვევა, როდესაც ასე იქცევა სასამართლო. ჩვენ პირიქით, ხშირად გვაქვს პრობლემა, როდესაც მოქალაქეს ერღვევა ვადა, რომ ჩაბარდეს ეს გადაწყვეტილება.

კანონში წერია ის, რა წერია და არ წერია, რომ სასამართლოს ამის გაკეთების უფლება აქვს, ასე თვითონ განმარტა სასამართლომ. ეს განმარტება ნათლად და ცალსახად მოდის წინააღმდეგობაში სასამართლოშივე დამკვიდრებულ ერთგვაროვან პრაქტიკასთან. ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ აძლიერებს იმ ეჭვებს, რომელიც აქამდე გამოგვითქვამს ჩვენც და სხვა ორგანიზაციებსაც პროცესის დაჩქარებასთან დაკავშრებით და იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ნამდვილად არ არის ორ კერძო სუბუექტს შორის დავა და აქ გაცილებით უფრო სხვა გავლენები და მიზნები იკვეთება, ვიდრე ორ კერძო სუბიექტს შორის დავაში. ერთადერთი, რჩება უზენაესი სასამართლო, რომელთან მიმართებაშიც ჩვენ მედიაკოალიციის ფარგლებში მოწოდებაც გვქონდა, რომ აუცილებლად მიიღოს და დასაშვებად ცნოს ეს დავა იმიტომ, რომ ეს არის ბოლო შესაძლებლობა ეროვნული მართლმსაჯულებისთვის, რომ პროცესიის მიმართ აღადგინოს ნდობა, რომელიც ძალიან შეილახა როგორც პირველ, ასევე მეორე ინსტანციაში კონკრეტული საკითხების გამო, რომლებმაც ბევრი კითხვა გააჩინა,”- ამბობს ანა ნაცვლიშვილი.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი