ახალი ამბები

ნიკა გვარამია რუსთავი 2-ის საქმეზე სააპელაციო სასამართლოს კანონის დარღვევაში ადანაშაულებს

22 ივნისი, 2016 • 1861
ნიკა გვარამია რუსთავი 2-ის საქმეზე სააპელაციო სასამართლოს კანონის დარღვევაში ადანაშაულებს

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის დირექტორი ნიკა გვარამია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის დარღვევაში ადანაშაულებს. მისი თქმით, ქიბარ ხალვაშთან მიმდინარე დავის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებული ნაწილი მათ დროზე ადრე გაუგზავნა და ამით მხარეს “18 დღე მოჰპარა”. გვარამიას თქმით, ეს არის უკანონობა და ისინი არ აპირებენ, გადაწყვეტილება დროზე ადრე ჩაიბარონ.

“კანონი ადგენს, რომ გადაწყვეტილების ჩაბარება მხარის ვალდებულებაა და გადაწყვეტილების გამოცხადებიდან არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა, ის [მხარე] თავად უნდა მივიდეს სასამართლოში და გადაწყვეტილება ჩაიბაროს. თვითონ უნდა გადაწყვიტოს, როდის მივა ამ შუალედში… ცხადია, ჩვენ გადაწყვეტილი გვქონდა, რომ 30-ე დღეს მივიდოდით და ბოლომდე გამოვიყენებდით ჩვენს ვადებს, ასევე ბოლომდე გამოვიყენებდით საკასაციო სასამართლოში გასაჩივრების ვადას, ამის მიუხედავად, დღეს სასამართლომ თვითონ გამოგვიგზავნა გადაწყვეტილება, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, დაწერა 12 დღეში და  71 გვერდისგან შედგება. ქალბატონო [ნათია] გუჯაბიძე, მოგიწევთ მანტიის გახდა იმიტომ, რომ სრულიად შეუძლებელია, 12 დღეში 71 გვერდი დაგეწერათ თქვენი კვალიფიკაციის პატრონებს. ეს გადაწყვეტილება ჩვენ არ ჩაგვიბარებია, რადგან კანონის დარღვევაა. სასამართლო გადაწყვეტილების გაგზავნის ინსტიტუტს არ იცნობს. საპროცესო კანონმდებლობით მხოლოდ 2 გამონაკლისია დადგენილი: სოციალურად დაუცველი პირი და პატიმარი. მაინტერესებს, რომელ კატეგორიაში გაგვიყვანა ჩვენ სააპელაციო სასამართლომ. ამის რეალური შედეგი ის არის, რომ ჩვენ სასამართლოს მცდელობით 18 დღე მოგვპარეს. 18 დღე გასაჩივრებისთვის. ეს არის ჩვენთვის და ასევე საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მოპარული ვადა იმისათვის, რომ მან ვერ მოასწროს გადაწყვეტილების დადგენა 54-ე მუხლთან [ამორალური გარიგება] დაკავშირებით, რომელიც ჩვენ [საკონსტიტუციო სასამართლოში] გასაჩივრებული გვაქვს და რომელიც ერთადერთია, რასაც სააპელაციო სასამართლო ეყრდნობა თავის გადაწყვეტილებაში. ჩვენ გადაწყვეტილება არ ჩავიბარეთ, ვინაიდან ეს უკანონო აქტი იყო, მაგრამ ერთ-ერთ მხარეს ეს გადაწყვეტილება გადაეცა და აქედან ვფლობთ ინფორმაციას ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით”, – განაცხადა გვარამიამ.

მისივე თქმით, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილშივე და პროცესზეც სასამართლომ მათ უთხრა, რომ გადაწყვეტილებას ჩაიბარებდნენ არაუადრეს მე-20 და არაუგვიანეს 30-ე დღისა.

“ჩვენი გადაწყვეტილებისამებრ… ეს გადაწყვეტილება კი არ გამოგვეგზავნებოდა, არამედ მივდიდოდით სააპელაციო სასამართლოში და ამას გავაკეთებდით. ამას ადგენს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 259-ე პრიმა მუხლი, რომელიც ზუსტად იმიტომ არის მიღებული, რომ სასამართლომ თავიდან აირიდოს ზედმეტი ხარჯები და ასევე საპროცესო ეკონომია გააკეთოს გადწყვეტილების ზედმეტი გაგზავნა/გამოგზავნისგან. სასამართლომ მორიგ ჯერზე დაარღვია კანონი. გვაჩვენა, რომ ის არის დაინტერესებული მხარე და არა ჩვენ. მნიშვნელოვანი იყო გამოგზავნის ფორმაც. ამ კამპანიაში უკვე ფოსტის მუშაკებიც ჩაებნენ და ლამის შტურმით სცადეს ჩვენი და ჩვენი ადვოკატების ოფისების აღება, რაც მათ არ გამოუვიდათ. შტურმის მცდელობა ტელეფონების მეშვეობით ჰქონდათ სასამართლოს თანამშრომლებს, რაც არ გამოუვიდათ. ჩვენ დროზე ადრე ამ გადაწყვეტილებას არ ჩავიბარებთ”, – ამბობს გვარამია.

მხარისათვის გადაწყვეტილების ჩაბარების საკითხს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 259-ე პრიმა მუხლი არეგულირებს, რომელშიც ვკითხულობთ:

“თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

ამ კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით”.

რაც შეეხება ხსენებულ 46-ე მუხლს, იქ ჩამოთვლილია შემდეგი კატეგორიები:

ა) მოსარჩელეები – ალიმენტის გადახდევინების სარჩელებზე;

ბ) მოსარჩელეები – დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვა დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის სიკვდილით მიყენებული ზიანის ანაზღაურების სარჩელებზე;

გ) მოსარჩელეები – დანაშაულით მიყენებული მატერიალური ზარალის ანაზღაურების სარჩელებზე;

დ) მხარეები – უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიებად დაპატიმრების უკანონოდ გამოყენების ან გამასწორებელ სამუშაოთა სახით ადმინისტრაციული სახდელის უკანონოდ დადების შედეგად მოქალაქისათვის მიყენებული ზარალის ანაზღაურებასთან დაკავშირებულ სარჩელებზე ;

ე) მოსარჩელეები – არასრულწლოვანთა უფლებების დარღვევასთან დაკავშირებულ სარჩელებზე ;

ვ) მხარეები, რომლებიც დადგენილი წესით რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებენ საარსებო შემწეობას, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით;

ზ) მხარეები – წინასწარი (შუალედური) გადაწყვეტილების სააპელაციო და საკასაციო წესებით გასაჩივრებისას ;

თ) მხარეები − არამართლზომიერად გადაადგილებული ან არამართლზომიერად დაკავებული ბავშვის დაბრუნებასთან ან ბავშვთან ურთიერთობის უფლების გამოყენებასთან დაკავშირებულ სარჩელებზე ;

ი) მოსარჩელეები − „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე მოთხოვნის თაობაზე საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობით.

“ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა ჩვენს წინააღმდეგ, რითიც საბოლოოდ დადასტურდა, რომ ის, რაც სასამართლოში ხდება, ფიქციაა და სინამდვილეში ეს არის რუსთავი 2-ის შტურმით აღების მცდელობა”, – ამბობს გვარამია.

ნიკა გვარამია სააპელაციო სასამართლოს ქმედებასთან დაკავშირებით ახსნა-განმარტებისათვის იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს მიმართავს. ის ასევე მიმართავს მთავარ პროკურატურას გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით. გვარამიას თქმით, ის ასევე მიმართავს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესა და პრეზიდენტს პოზიციის დაფიქსირებისკენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი