სამართალი

3 წლამდე ასაკის ბავშვები ციხეში

30 იანვარი, 2012 • • 3404
3 წლამდე ასაკის ბავშვები ციხეში

სასჯელაღსრულების სამინისტრო უარყოფს ინფორმაციას, რომ ქალთა კოლონიაში 5 მსჯავრდებული ქალი, რომლებიც კოლონიაში შვილებს ზრდიან, შიმშილობს. სახალხო დამცველის აპარატში კი აცხადებენ, რომ საკითხის კომპლექსურ შესწავლამდე კომენტარს არ გააკეთებენ.

არასამთავრობო ორგანიზაცია ”ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის” ხელმძღვანელმა, ნანა კაკაბაძემ ”ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ ქალთა კოლონიაში(სასჯეაღსრულების #5 დაწესებულება) ხუთი მსჯავრდებული ქალი შიმშილობს. კაკაბაძის თქმით, აღნიშნულ ქალები ციხეში 3 წლამდე ბავშვებს ზრდიან. რადგან მათ შვილებს 3 წელი უსრულდებათ, კანონის მოთხოვნის შესაბამისად, ბავშვებმა ციხე უნდა დატოვონ.

ნანა კაკაბაძის ინფორმაციით, მსჯავრდებულ ქალებს ოჯახები არ ჰყავთ, შესაბამისად, მათ ბავშვებს ბავშვთა სახლებში მოუწევთ ცხოვრება. მსჯავრდებული ქალები კი შიმშილობის გზით მათთვის ბავშვების ჩამორთმევას აპროტესტებენ.

”ბავშვებს 3 წელი უსრულდებათ და ემუქრებათ ჩამორთმევა. სამწუხაროდ, კანონმდებლობა არ ითვალისწინებს გამონაკლისს. სწორედ ამიტომ ეს ქალები ამბობენ, ჩვენ რატომ გვართმევენ დედობის უფლებას, ჩვენ გვინდა დედობა და რატომ აიძულებენ ჩვენ შვილებს, გაიზარდონ დედის გარეშე?  ხელისუფლება ამას იმით ხსნის, რომ ბავშვს არა აქვს შეზღუდული თავისუფლება და როგორ შეიძლება ბავშვი იყოს ციხეში? თუ ბავშვი 3 წლამდე ციხეშია, როგორ არ შეიძლება იქ 6 წლამდეც გაჩერდეს? რატომ არ შეიძლება იმ პირობების შექმნა, რომ დედასთან კონტაქტის უფლება ბავშვს ჰქონდეს?” – განუცხადა ”ნეტგაზეთს” ნანა კაკაბაძემ.

აღნიშნულ საკითხზე ინფორმაციის გადამოწმება ”ნეტგაზეთმა” სახალხო დამცველის ოფისში სცადა. ომბუდსმენის პრესსამსახურის ხელმძღვანელის, ნინო ერემაშვილის განცხადებით, საკითხი  კომპლექსურ შესწავლას საჭიროებს და ეხება როგორც ბავშვებს, ისე მსჯავრდებულებს. ამიტომ ნაჩქარევი კომენტარის გაკეთება შეუძლებელი იქნება.

”ნეტგაზეთი” ასევე ესაუბრა ”ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის” წარმომადგენელს, ფსიქოლოგ მანანა სოლოღაშვილის. ის ქალთა ციხეებში ნარკო და ალკოჰოლდამოკიდებული ქალებისთვის  არსებულ ცენტრში პატიმარ ქალებს ფსიქოლოგიურ დახმარებას უწევს და, შესაბამისად, მათთან სისტემატური კონტაქტი აქვს.

როგორც მანანა სოლოღაშვილმა განგვიცხადა, მას მოშიმშილე მსჯავრდებული ქალების შესახებ არაფერის სმენია. მისი თქმით, მსჯავრდებულ ქალებს ციხეში ბავშვის გაზრდის უფლებას აძლევენ იმ შემთხვევაში, როცა ორსულია და ციხეში გააჩენს ბავშვს, ან სამ წლამდე ბავშვი ჰყავს.

როგორც ფსიქოლოგი ამბობს, თუ მსჯავრდებულ ქალს ჰყავს ოჯახი, რომელიც მის ბავშვზე მეურვეობას იკისრებს, სამი წლის შესრულების შემდეგ ბავშვი ამ ოჯახში გადაჰავთ. თუ ასეთი ოჯახი არ არსებობს, ამ შემთხვევაში, გადაწყვეტილებას ბავშვის სამომავლო საცხოვრებლის შესახებ სოციალური სამსახური და სასჯელაღსრულების დაწესებულების ხელმძღვანელობა იღებს.

ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით, 2010 წლის მდგომაროებით, საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში 1174 ქალი იხდიდა სასჯელს. 2011 წლის სტატისტიკა ჯერ არ გამოქვეყნებულა. ”ნეტგაზეთმა” სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიულ საკითხთა დახმარების სამინისტროსგან ვერ მიიღო ინფორმაცია იმის შესახებ, ქართულ ციხეებში რამდენი ქალი ზრდის 3 წლამდე ბავშვს.

საქართველოს სახალხო დამცველი 2010 წლის ანგარიშში რამდენიმე გვერდს უთმობს სასჯელაღსრულების სისტემაში ქალების საცხოვრებელ პირობებს.

ომბუდსმენის ინფორმაციით,  სასჯელაღსრულების სისტემაში განხორციელებული რეფორმის შედეგად 2010  წლის 6 ნოემბერს ექსპლუატაციაში შევიდა ახალი – #5  ქალთა პატიმრობის, ნახევრად ღია და დახურული თავისუფლების აღკვეთის შერეული ტიპის დაწესებულება,  სადაც ფუნქციონირებს დედათა და ბავშვთა საცხოვრებელი.  დაწესებულებაში 6  საცხოვრებელი ოთახია გამოყოფილია. როგორც სახალხო დამცველმა საქმის შესწავლიდან გამოარკვია, გამოყოფილი ოთახების რაოდენობა რეალურად არ შეესაბამება საჭიროებას.

ომბუდსმენის ინფორმაციით, 2006 წლიდან 2010 წლის ჩათვლით ქალთა გარკვეულ რაოდენობას უარი ეთქვა ქალთა კოლონიაში 3 წლამდე ბავშვის გაზრდაზე კოლონიაში საკმარისი ადგილების უქონლობის გამო.

გიორგი ტუღუში 2010 წლის ანგარიშში წერს, რომ პატიმარი დედისა და მცირეწლოვანი ბავშვის ურთიერთობის მოგვარების საკითხი კომპლექსურ მიდგომას მოითხოვს.  პრობლემის გადაჭრის უპირველეს მეთოდად განიხილება სასჯელაღსრულების დაწესებულებების პირობების შეცვლა.  თუმცა ნათლად ჩანს,  რომ პრობლემა არ წარმოადგენს მხოლოდ სასჯელაღსრულების,  პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს კომპეტენციას.  იგი ასევე მოითხოვს სხვა უწყებათა მობილიზაციასა და ურთიერთთანამშრომლობას.  კერძოდ, მსჯავრდებული დედისა და 3  წლამდე ბავშვისათვის ერთად ცხოვრებაზე გადაწყვეტილების მიღება ეხება მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოსაც,  რომელმაც უნდა განსაზღვროს ბავშვის საუკეთესო ინტერესი ზემოხსენებულ შემთხვევებში.  შესაბამისად,  მნიშვნელოვანია გაძლიერდეს სოციალური მუშაკების ჩართულობა მსგავსი შემთხვევების მართვაში.  საჭიროა, არსებობდეს სასჯელაღსრულების დეპარტამენტსა და სოციალური მომსახურების სააგენტოებს შორის თანამშრომლობის კონკრეტული რეგულაცია, რომელიც დაეხმარება სოციალურ მუშაკს, გააძლიეროს პატიმარი ქალების რესოციალიზაციის შესაძლებლობა გარესამყაროსთან, შვილებთან და ოჯახის წევრებთან ურთიერთობის ხელშეწყობით.

სახალხო დამცველმა 2010 წელს რეკომენდაციით მიმართა საქართველოს სასჯელაღსრულების,  პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს, სასჯელაღსრულების დეპარტამენტსა და სოციალური მომსახურების სააგენტოს. აღნიშნული რეკომენდაციის მიხედვით, უწყებებმა უნდა უზრუნველყონ  ქალი  მსჯავრდებულების  მცირეწლოვან  ბავშვებთან  ურთიერთობის  ხელშეწყობა  სასჯელაღსრულების  დაწესებულების  ადმინისტრაციისა  და  მეურვეობის  და  მზუნველობის  ორგანოს  სოციალური  მუშაკის ერთობლივი მუშაობის გაძლიერებით.

სახალხო დამცველის სრული ანგარიში 2011 წელს არსებული მდგომარეობის შესახებ ჯერ არ გამოქვეყნებულა.

მასალების გადაბეჭდვის წესი