სამართალი

მამისა და შვილის მკვლელობის საქმე – რაზე ისაუბრა სასამართლო პროცესზე ბრალდებულის დედამთილმა

13 ივნისი, 2016 • 1738
მამისა და შვილის მკვლელობის საქმე – რაზე ისაუბრა სასამართლო პროცესზე ბრალდებულის დედამთილმა

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 13 ივნისს, ნაფიცი მსაჯულების წინაშე 5 წლის შვილისა და ქმრის მკვლებაში ბრალდებულის დედამთილი დაკითხეს, რომელმაც მკვლელობის დღე დეტალურად გაიხსენა.

დ.მ-ს დაკითხვა სასამართლოს დღეს არ დაუსრულებია – მისი დაკითხვა მხოლოდ ნაწილობრივ შეძლო ბრალდების მხარემ. მისი დაკითხვა ხვალ, 14 ივნისს განახლდება. პროცესი 11:00 საათზეა ჩანიშნული.

სასამართლო პროცესზე პროკურორმა დ.მ-ს შეკითხვები დაუსვა მისი და მ.პ-ს ურთიერთობასთან დაკავშირებითაც. მინდიკაურმა განაცხადა, რომ ისინი ერთსა და იმავე კორპუსში, თუმცა სხვადასხვა ოთახებში, ერთმანეთის მახლობლად ცხოვრობდნენ.

დ.მ ჩვენების თანახმად, ის და მ.პ. არ ჩხუბობდნენ და მათ შორის განხეთქილება არ ყოფილა, თუმცა არც ახლო ურთიერთობა ჰქონიათ. როგორც დ.მ-მ თქვა, მ.პ-სთან დაახლოება რთული იყო.

“ამ 6 წლის განმავლობაში ვცდილობდი, რომ მასთან თბილი ურთიერთობა მქონოდა, მაგრამ ახლოს არ მიშვებდა. როცა უნდაოდა, დამელაპარაკებოდა, როცა არ უნდოდა, არ დამელაპარაკებოდა. არავისთან არ ახლობლობდა, დისტანციას იცავდა ჩემთანაც და მეზობლებთანაც… პრეტენზიები ჰქონდა, რომ ჩემთან მეზობლები შემოდიოდნენ… ნელ-ნელა ჩვენ შორის ბარიერი გაჩნდა. ზოგჯერ, როდესაც სახლში იყო, ვუკაკუნებდი და შეიძლებოდა კარიც არ გაეღო,”- განაცხადა მან.

რაც შეეხება ურთიერთობას საკუთარ შვილთან, დ.მ-მ განაცხადა, რომ ომარ ქაფიაშვილთან თბილი ურთიერთობა ჰქონდა.

2015 წლის 19 ივნისს, მკვლელობის დღეს, მინდიკაურის თქმით, ომარ ქაფიაშვილი მუშაობდა, მ.პ. კი სახლში იყო, ასევე კორპუსთან ეყენა ოჯახის კუთვნილი მანქანაც.

“5 საათისთვის მოვედი სახლში. მანქანა ადგილზე იყო. კარში შემხვდა მ.პ, მითხრა, რა კარგია, რომ მოხვედი, გაზზე საჭმელი მიდგას, მე გავალ და მალე მოვალო,”- იხსენებს ის.

ამის შემდეგ  განაცხადა, რომ მოამზადა საჭმელი, შევიდა ომარ ქაფიაშვილთან და შესთავაზა, რომ ეჭამა, რაზეც ომარმა უარი უთხრა იმ მოტივით, რომ მ.პ-სთან ერთად ისადილებდა. როგორც დ.მ აღნიშნავს, ომარს დაღლილი სახე ჰქონდა და დივანზე იწვა, ხოლო როდსაც ჰკითხა, თუ რატომ იყო დაღლილი, ომარმა მას უთხრა, რომ სამსახურში დაიღალა.

ნახევარი საათის შედეგ, მინდიკაურის თქმთ, ომარმა მას ბავშვი შეუყვანა ჭადრაკის სათამაშოდ, თუმცა ბავშვმა აღარ ისურვა თამაში, მამასთან ყოფნა მოინდომა და ამიტომ დ.მ-მ დაახლოებით საღამოს 6 საათისთვის იგი თავის შვილს ოთახში უკან მიუყვანა. დ.მ ამბობს, რომ ეს იყო ბოლო მომენტი, როდესაც თავისი შვილი და შვილიშვილი ცოცხალი ნახა.

ამის შემდეგ, დ.მ-ს თქმით, თავის ოთახში დაბრუნდა და ე.წ. “შპილკების” აწყობა დაიწყო, რაშიც მოგვაინებით, 8 საათზე მეზობლებიც დაეხმარნენ. როგორც ის განმარტავს, მათთან ასაწყობი “შპილკები” მოჰქონდათ, რასაც აწყობდნენ და აბარებდნენ. მიისვე თქმით, ამ საქმიანობაში მეზობლები ერთმანეთს ხშირად ეხმარებოდნენ.

ჩვენების თანახმად, ამის შემდეგ მ.პ. დ.მ-ს 10-ის ნახევარზე შევიდა იატაკის ტილოს გასარეცხად. მინდიკაურის თქმით,  მ.პ-ს ჰკითხა, სად იყო ბავშვი, რძალმა კი უპასუხა, რომ ბავშვი ომარ ქაფიაშვილმა ხაჭაპურის საჭმელად წაიყვანა. დ.მ-ს ეს გაუკვირდა და სცადა ომარ ქაფიაშვილთან დარეკვა, თუმცა, მისივე თქმით, შვილმა არ უპასუხა.

ამის შემდეგ, მოწმის თქმით, 10 საათამდე მ.პ. დედამთილთან კიდევ რამდენჯერმე შევიდა: ერთხელ – ჩაიდნის შესავსებად და სარეცხი მანქანიდან სარეცხის გადმოსაღებად, შემდეგ კი დივანის გადასაფარებელი შეიტანა გასარეცხად.

ამ პერიოდის განმავლობაში, დ.მ-ს თქმით, მ. პ. მშვიდად გამოიყურებოდა, თუმცა ერთხელ უჩვეულოდ მოიქცა, რადგან დალია წყალი იმ ჭიქიდან, რომლიდანაც მეზობელი სვამდა. მინდიკაური იხსენებს, რომ მ.პ-ს მსგავსი რამ არ ახასიათებდა.

“სარეცხი [დივანის გადასაფარებელი] რომ ირეცხებოდა, ქაფი გადმოვიდა მანქანის კარიდან. მეზობელმა მკითხა, რა ფერიაო. ქაფი ღია ვარდისფერი იყო. ადრე ქაფი არ გადოსულა მანქანიდან, შეიძლება ბევრი ფხვნილი ჩაყარა,”- იხსენებს მოწმე.

მეზობლების წასვლის შემდეგ, დაახლოებით 11 საათზე, მ.პ. ისევ შევიდა მასთან სარეცხის სანახავად. დ. მ ამბობს, რომ იკითხა, დაბრუნდნენ თუ არა შვილი და შვილიშვილი, თუმცა მ.პ-მ უთხრა, რომ არ ენერვიულა, ვინაიდან ომარ ქაფიაშვილი მანქანით არ იყო წასული.

ამის შემდეგ, დაახლოებით ღამის 2 საათზე, მან მ.პ-ს დაურეკა. მინდიკაურის თქმით, მ.პ-მ პირველად დარეკვისას არ უპასუხა, თუმცა მერე ყურმილი აიღო და დედამთილს უთხრა, რომ ქმრისა და შვილის მოსაძებნად ფეხით გავიდოდა. მინდიკაურის თქმით,  მ.პ-ს შესთავაზა, რომ მასთან ერთად წავიდოდა მოსაძებნად, თუმცა მ.პ.-მ  მობილური გაუთიშა, მაგრამ მალევე მისწერა, რომ არ მოდიოდნენ და არ ენერვიულა. ამ მესიჯის მიღების შემდეგ, მინდიკაურის თქმით, მ.პ-სთან გავიდა, თუმცა ამ დროს დერეფანში სინათლე არ იყო ანთებული.

“მე გავედი მ.პ-სთან, წმენდდა რაღაცას, ამომხედა, მოდიან, ლუკოილზე გავალ და დავხვდები მანქანით, შენ დაისვენეო. შევედი ოთახში, ჩავწექი ლოგინში, ვიფიქრე, რომ მოვლენ გავიგებ-მეთქი. დაახლოებით 10 წუთის შემდეგ გავიგონე ფეხის ხმა, რომ მ.პ-მ მანქანა დაქოქა. შემდეგ ჩამეძინა და მაღვიძებს კარზე მ.პ-ს ბრახუნი, რომ მიშველე, ორივე დასისხლიანებული გარეთ ყრიანო. გამოვედი, დავინახე ტრასაზე იდგა ჩვენი მანქანა, მარჯვენა კარი ღია იყო, შესასვლელთან გვამი იყო დაგდებული,”- იხსენებს ის.

დ. მ-ს თქმით, ომარ ქაფიაშვილი სისხლიში იყო ამოსვრილი, ხოლო როდესაც ბავშვი მოიკითხა, მ.პ-მ უთხრა, რომ ბავშვი მანქანაში იყო.

“ბავშვი მე გადმოვიყვანე, ვნახე, ვნახე, რომ უკვე გაციებული იყო. ამის შემდეგ გამოვიდნენ მეზობლები, მალევე მოვიდა სასწრაფო და პოლიციაც. გარეგნულად ბავშვს არაფერი აღენიშნებოდა, მხოლოდ გალურჯებული ჰქონდა ტუჩები. ომარს თავში რაღაც ჰქონდა ჩარტყმული და ყურზე ჰქონდა დაზიანება,”- განაცხადა მან სასამართლო პროცესზე.

რაც შეეხება უროს, რომელიც საქმეში ფიგურირებს [პროკურატურის მტკიცებით, სწორედ უროს ჩარტყმით მოკლა ქმარი მ.პ-მ], დ.მ-ს თქმით, არასოდეს უნახავს. მისივე განცხადებით, ომარ ქაფიაშვილს არასოდეს უთქვამს, რომ ურო რაიმეს შესაკეთებლად სჭირდებოდა.

სანამ სასამართლო დ.მ- დაკითხავდა, დაიკითხა მ.პ-ს მეგობარი ოთარ ბერძენიშვილი. ბერძენიშვილის დაკითხვის ნაწილში სხდომა დაიხურა.

როგორც მოსამართლემ, ეკატერინე გაბრიჩიძემ განმარტა, სხდომა დაიხურა პერსონალური მონაცემების დაცვის მიზნით, ვინაიდან ეხება ორი ადამიანის პირად ინფორმაციას.

პროცესის დასრულების შემდეგ ბერძენიშვილის ჩვენების შინაარსზე დაცვის მხარემ ჟურნალისტებთან არ ისაუბრა, თუმცა აღნიშნა, რომ მ.პ-სა და ოთარ ბერძენიშვილს დაქორწინების შესახებ გეგმები არ ჰქონიათ:

“არ დადასტურდა ის გარემოება, რომ მ.პ-ს და მას სამომავლოდ გარკვეული გეგემები ჰქონდათ, რომ მის ცოლად მოყვანას აპირებდა. მათ ერთანი, სამომავლო გეგმები არ ჰქონდათ. შესაბამისად, პროკურატურის პოზიცია, რომ მ.პ-მ ქმარ-შვილი დახოცა იმისთვის, რომ შემდეგ ოთარ ბერძენიშვილთან ერთად ცხოვრება გაეგრძელებინა სუფთა ფურცლიდან, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ოთარ ბერძენიშვილის ჩვენებით ეს არ დადასტურდა. მან [ბერძენიშვილმა] თქვა, რომ ჰქონდათ გარკვეული ტიპის ურთიერთობა. დანარჩენ დეტალებს, კონკრეტულად, რა და რა სახის იყო, ნამდვილად ვერ მოგახსენებთ,”- განაცხადა პროცესის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას მ.პ-ს ადვოკატმა, მარიკა ფხალაძემ.


 

  • სამართალდამცავებმა 5 წლის შვილისა და ქმრის მკვლელობაში ბრალდებული მ.პ. 2015 წლის 20 დეკემბერს დააკავეს.
  • პროკურატურის ვერსიის თანახმად,  2015 წლის 19 დეკემბერს, ღამის საათებში, თბილისში, გ.ფერაძის ქუჩის N6-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის N10 ოთახში მ.პ თავის არეში მკვრივი, ბლაგვი საგნის – უროს ჩარტყმით მოკლა მეუღლე ომარ ქაფიაშვილი და გაგუდა მცირეწლოვანი შვილი – 2010 წელს დაბადებული თორნიკე ქაფიაშვილი, რის შემდეგაც  შეეცადა დანაშაულის კვალის წაშლას.
  • მ.პ. არ ეთანხმება პროკურატურის ვერსიას და მომხდარის განსხვავებულ ვარიანტს ჰყვება. იგი ამბობს, რომ ქმარი და შვილი არ მოუკლავს.
  • 22 დეკემბერს მ.პ-ს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
  • 2016 წლის 10 ივნისიდან შვილისა და ქმრის მკვლელობაში ბრალდებულის საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი