სტატისტიკა მოსამართლეების შესახებ

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდის ცნობით, საქართველოს რაიონულ სასამართლოებში, ქვეყნის მასშტაბით, 69 მოსამართლეა დასაქმებული, მაშინ, როცა 138 მოსამართლის შტატი არსებობს. იუსტიციის საბჭოს რეზერვში 30 მოსამართლე ჰყავს, კიდევ 100-მდე იურისტს კი მოსამართლის სასერტიფიკატო გამოცდები აქვს ჩაბარებული. გასულ კვირას „ბათუმელები“ არკვევდა, რამდენად არის შესაძლებელი ასეთ პირობებში ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელება.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდის ცნობით, საქართველოს რაიონულ სასამართლოებში, ქვეყნის მასშტაბით, 69 მოსამართლეა დასაქმებული, მაშინ, როცა 138 მოსამართლის შტატი არსებობს. იუსტიციის საბჭოს რეზერვში 30 მოსამართლე ჰყავს, კიდევ 100-მდე იურისტს კი მოსამართლის სასერტიფიკატო გამოცდები აქვს ჩაბარებული. გასულ კვირას „ბათუმელები“ არკვევდა, რამდენად არის შესაძლებელი ასეთ პირობებში ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელება.

„ბათუმელები“ ორი კვირის განმავლობაში უკავშირდებოდა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს პრესმდივანს ერთი სტატისტიკის დასადგენად – რამდენი მოსამართლე მუშაობს საქართველოში? ნათია ვასაძე – ამ სამსახურის ხელმძღვანელი –ბოლო კვირის განმავლობაში ამბობდა, რომ მოგვაწვდიდა ინფორმაციას, საბოლოო ჯამში კი არაფერი გვაცნობა.

 

საქმე ეხება ინფორმაციას, რომელიც იუსტიციის საბჭოს თავის ვებგვერდზე ისედაც აქვს განთავსებული, მაგრამ ინფორმაცია ძველი რომ არის, ერთი მაგალითიდანაც ჩანს – გოჩა ფუტკარაძე, რომელიც ბათუმის სასამართლოს მოსამართლე იყო და ახლა ქუთაისში მუშაობს, ვებგვერდზე ისევ ბათუმის სასამართლოს მოსამართლეების სიაშია.

ამ გარემოების გათვალისწინებით, იუსტიციის საბჭოს ვებგვერდს თუ დაეჯერება, რაიონულ სასამართლოებში ზუსტად 69 მოსამართლის ვაკანსიაა. გარდა ამისა, ზოგიერთი მოსამართლე, მაგალითად, ლერი თედორაძე, რომელიც ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის წევრია, ქობულეთის მაგისტრი მოსამართლეც გახლავთ, ანუ ორ თანამდებობაზე მუშაობს.

რას შეიძლება ნიშნავდეს ამდენი ვაკანსია სასამართლოებში – კომპეტენციის პრობლემაა, უნდობლობის, თუ არასაკმარისი ფინანსების? სტატისტიკური მონაცემებით თუ ვიმსჯელებთ, არაკომპეტენტურობა ნაკლებად სავარაუდოა, მით უფრო მაშინ, როცა 30 მოსამართლე რეზერვში იმყოფება.

რეზერვის ყოფილი მოსამართლეა დავით ანანიძეც. მან ამ პოზიციაზე თავად თქვა უარი – ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის სიით იყრიდა კენჭს გასულ არჩევნებში და იმიტომ. რეზერვში წასვლის დროს მას მოსამართლედ მუშაობის სამი წელი ჰქონდა დარჩენილი. დავით ანანიძის აზრით, „რეზერვი არასასურველი მოსამართლის მოშორების მეთოდია. მოსამართლეები 10 წლის ვადით ინიშნებიან და მათი გათავისუფლება არ შეიძლება, ამიტომ მოიფიქრეს ეს მეთოდი – მუდმივი რეზერვი. რეზერვის მოსამართლეს ყოველთვიურად 500 ლარს უხდიან“.

დავით ანანიძე ასლან აბაშიძის დროსაც მოსამართლე იყო. ირაკლი შავაძე კი მოსამართლედ ამ ხელისუფლებამ დანიშნა. ირაკლი შავაძე, რომელიც უკვე საადვოკატო საქმიანობას ეწევა, 2009 წლამდე ოზურგეთის მოსამართლე იყო: „მითხრეს, რომ ხელვაჩაურში უნდა გადმოვსულიყავი. მე უარი ვუთხარი, ალბათ მათთვის მიუღებელი აღმოჩნდა ჩემი წინააღმდეგობა – მიიღეს როგორც დაუმორჩილებლობა და რეზერვში გადამიყვანეს. რეზერვში არ დავრჩი, რადგან სამეცნიერო საქმიანობის გარდა სხვა რამის კეთების უფლება არ მექნებოდა“.

ირაკლი შავაძეც ფიქრობს, რომ “რეზერვი” მოსამართლის დასჯის ფორმაა: „რეზერვი ის ინსტრუმენტია, რომელსაც მათთვის დაუმორჩილებელი მოსამართლეების გასაშვებად იყენებენ. თუმცა შეიძლება იმიტომაც არ ნიშნავენ მოსამართლეებს, რომ ბიუჯეტი სხვაგვარად განკარგონ – ამ მოსამართლეების შტატებზე გამოყოფილ ხელფასებს შეიძლება პრემიების სახით ირიგებენ“.

რეზერვის მოსამართლეა გივი აბაშიძეც. ის ამბობს, რომ სურვილით გადავიდა რეზერვში: „ჩვენ ლიკვიდაციის გამო ვართ რეზერვში – აჭარის უმაღლესი სასამართლო 2006 წელს ლიკვიდირებულ იქნა. დოქტორანტურაში ვსწავლობ და ისედაც მაწყობს რეზერვი“.

გარდა რეზერვის მოსამართლეებისა, საქართველოში საშუალოდ 100-მდე იურისტია (იუსტიციის საბჭოს ვებგვერდის ცნობით), რომლებმაც ან მოსამართლეობის გამოცდები ჩააბარეს, ან იუსტიციის სკოლაში ისწავლეს.

„მომავლის მოსამართლეთაგან“ ერთ-ერთი, რომელსაც ჯერ კიდევ არ დაუკარგავს იმედი, რომ ხელისუფლება ნდობას გამოუცხადებს და მოსამართლედ დანიშნავს, ადვოკატი ჯუმბერ ქართველიშვილია: „გამოცდები ჩაბარებული მაქვს და მონაცემებიც რამდენჯერმე გავაგზავნე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, მაგრამ არც ჩემთვის და არც არავისთვის უცნობებიათ, რატომ თქვეს უარი ჩვენთან გასაუბრებაზე. ამის ვალდებულება არც აქვთ… ბოლო სამი წელი აღარც მე მიაქტიურია. სხვათა შორის, იუსტიციის სკოლა კარგი სკოლაა და ალბათ შევიტან საბუთებს გაზაფხულზე“.

ჯუმბერ ქართველიშვილი ვარაუდობს, რომ არსებული ვაკანსიების პირობებში ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელება არ შეფერხდება: „არის რაიონები, სადაც მოსამართლის შტატები არსებობს, მაგრამ ბევრი საქმე არ აქვთ, ანუ ერთი მოსამართლე საკმარისია… განსჯადობით რთული საქმეები, ძირითადად, ქალაქში წამოვიდა“.

კიდევ ერთი გამოცდაჩაბარებული იურისტი აჭარის განათლების სამინისტროს თანამშრომელი თამარ სირიაა. მან ეს გამოცდა 2005 წლის ნოემბერში ჩააბარა. „მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდები იურიდიულ ძალას ინარჩუნებს 7 წლის განმავლობაში. ამ ვადის ამოწურვის შემდეგ პირი ვალდებულია, ხელახლა ჩააბაროს გამოცდები. მე ეს 7-წლიანი ვადა 2012 წლის ნოემბერში მეწურება. მანამდე იუსტიციის უმაღლესი საბჭო გამოაცხადებს კონკურსს და მივიღებ მონაწილეობას, მიუხედავად არაერთგზის წარუმატებელი მცდელობისა“.

იუსტიციის უმაღლეს სკოლაში ჩარიცხვის დროს მთავარი მნიშვნელობა ენიჭება ავტობიოგრაფიას, საიდანაც ვლინდება პირის პროფესიული გამოცდილება. ამის საფუძველზე იუსტიციის საბჭო წყვეტს, ჩარიცხოს თუ არა ის იუსტიციის უმაღლეს სკოლაში. თუმცა უპირობოდ მოსამართლედ დანიშვნის გარანტია არც ამ სკოლაში სწავლაა.

თამარ სირია: „სკოლაში სწავლა მოიაზრებს პერმანენტულ გამოცდებს. სწავლის დასრულების შემდეგ ითვალისწინებენ როგორც მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის შედეგებს, ისე იუსტიციის სკოლაში მიღებულ შეფასებას. ასევე ყურადღება ექცევა პირის მორალურ რეპუტაციას საზოგადოებაში. როდესაც ახალი ამოქმედებული იყო ეს ინსტიტუტი, ვებგვერდზე კონკურსანტების სია ქვეყნდებოდა, ანუ საზოგადოებას შეეძლო იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთვის მიეწოდებინა თავისი მოსაზრება ამ თუ იმ კანდიდატთან დაკავშირებით. ბოლო კონკურსი როდესაც ჩატარდა, სია არ გამოუქვეყნებიათ“.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ეთერ თურაძე