სამართალი

“ბათუმელებს” პროკურატურისგან და შსს-სგან პასუხი ჯერ არ მიუღია

2 დეკემბერი, 2011 • • 1158
“ბათუმელებს” პროკურატურისგან და შსს-სგან პასუხი ჯერ არ მიუღია

ბათუმელების მხარდამჭერი აქცია 2009 წელს
ბათუმელების მხარდამჭერი აქცია 2009 წელს

საქართველოს შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროებს გაზეთ “ბათუმელების” ჟურნალისტის, თედო ჯორბენაძის შანტაჟის საქმესთან დაკავშირებით გაზეთის დირექტორის, მზია ამაღლობელის განცხადებისთვის ჯერ არ უპასუხიათ.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ხათუნა იოსავამ “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ თედო ჯორბენაძის საქმესთან დაკავშირებით საქმის კურსშია, ამ საკითხზე გამოძიება მიმდინარეობს და წინასწარ ინფორმაციას ჯერ ვერ მოგვაწვდის. “როგორც კი გამოძიება მეტყვის რაიმე ხელჩასაჭიდს, აუცილებლად გაცნობებთ. სანამ რეაგირება არ იქნება ისეთი, რომელიც სამართლებრივ პროცედურებს ითვალსიწინებს, წინასწარ ვერაფერს ვერ გეტყვით,” – განაცხადა ხათუნა იოსავამ.

“ნეტგაზეთს” იგივე განუცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშილმა. მისი თქმით, გამოძიება მიმდინარეობს და დეტალები არ იცის. ხოლო სამართალდამცავები როდის დაკითხავენ მზია ამაღლობელსა და დავით დევნოზაშვილს, ეს “გამოძიებაზეა დამოკიდებული.” გაზეთ “ბათუმელების” ინფორმაციით, 2011 წლის 20 ნოემბერს დაადგინეს პიროვნება, რომელიც მათი გაზეთის საგამოძიებო ჯგუფის კოორდინატორს თედო ჯორბენაძეს აშანტაჟებდა. კერძოდ, 2009 წლის 25 ნოემბერს ბათუმში, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაში, ვინმე “დავითი” შანტაჟის გზით აიძულებდა თედო ჯორბენაძეს, სპეცსამსახურებთან ეთანამშრომლა.

2009 წლიდან დღემდე ქართველმა სამართალდამცავებმა ვერ მოახერხეს მოეძებნათ და სამართლებრივი პასუხი მოეთხოვათ იმ პოლიციელისთვის, რომელიც თედო ჯორბენაძეს აშანტაჟებდა. 2010 წლის 18 თებერვალს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საგამოძიებო ნაწილში დაიწყო წინასწარი გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333–ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. გამოძიება დღემდე არ დასრულებულა.

გაზეთმა “ბათუმელებმა” დამოუკიდბელი გამოძიებით დაადგინა, რომ აღნიშნული პოლიციელი 1971 წელს დაბადებული დავით დევნოზაშვილია, ის ნამდვილად მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტროში და ამჟამად ცხოვრობს თბილისში, დოლიძის ქუჩაზე. “ბათუმელების” დირექტორი პირადად მივიდა დევნოზაშვილის სახლში, ესაუბრა მას, მისგან მიიღო დასტური, რომ ის 2009 წელს ნამდვილად მუშაობდა ბათუმში. ამის შემდეგ მზია ამაღლობელმა საპატრულო პოლიცია გამოიძახა და აცნობა, რომ მან მიაგნო ადამიანს, რომელიც თედო ჯორბენაძეს აშანტაჟებდა. ადგილზე მისულმა საპატრულო პოლიციიის წარმომადგენლებმა, ამაღლობელის დაჟინების მიუხედავად, შესაბამისი ოქმი არ შეადგინეს.

შემთხვევიდან მეორე დღესვე “ბათუმელების” დირექტორმა მზია ამაღლობელმა განცხადებით მიმართა შინაგან საქმეთა მინისტრ ივანე მერაბიშვილს და მოითხოვა, დაუყოვნებლივ მიეწოდოს გაზეთს ყველა იმ დოკუმენტის ასლი (ინფორმაცია), რომელიც არის რეგისტრირებული შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის განყოფილებაში 2011 წლის 20 ნოემბერს გაზეთ “ბათუმელების” მიერ გაკეთებულ შეტყობინებასთან დაკავშირებით, ასევე დაიბარონ და დეტალურად გაარვკიოს შსს-მ იმ დღეს მომხდარი ფაქტები, გამოავლინოს დამრღვევი პოლიციის თანამშრომლები და დარღვევის სიმძიმის მიხედვით მისცენ პასუხისმგებლობაში.

თედო ჯორბენაძის საქმესთან დაკავშირებით “ნეტგაზეთი” ცდილობს ინტერვიუ ჩაწეროს შს მინისტრ ვანო მერაბიშვილთან, ასევე იუსტიციის მინისტრ ზურაბ ადეიშვილთან. ორივე უწყებიდან გვითხრეს, რომ დღეს ვერც ერთ მინისტრთან ვერ მოხერდებოდა ინტერვიუს ჩაწერა, ხოლო როდის შევძლებთ ამას, უახლოეს მომავალში გვეტყვიან.

ამავე თემაზე:

ნაპოვნია

კოალიცია “მედიის ადვოკატირებისთვის” “ბათუმელების საქმეს” ეხმაურება

საია პროკურატურას “ბათუმელების საქმეზე” მყისიერი რეაგირებისკენ მოუწოდებს

“ბათუმელების” დირექტორის წერილი ვანო მერაბიშვილს

მასალების გადაბეჭდვის წესი