სამართალი

სანკტ-პეტერბურგში “ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდა” აიკრძალა

25 ნოემბერი, 2011 •
სანკტ-პეტერბურგში “ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდა” აიკრძალა
რუსეთის სიდიდით მეორე ქალაქ სანკტ-პეტერბურგში “ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდა” კანონით რამდენიმე დღის წინ აიკრძალა. მსგავსი აკრძალვის შემუშავებას რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები უახლოეს მომავალში ქვეყნის დედაქალაქშიც აპირებენ.

სანკტ-პეტერბურგის საკანონმდებლო ასამბლეის მიერ მიღებული კანონი კრძალავს საჯარო სივრცეში “მამათმავლობის”, “ლესბოსელობის”, “ბისექსუალობის” და “ტრანსგენდერობის პროპაგანდას” არასრულწლოვნებს შორის. დარღვევის შემთხვევაში, კერძო პირს დაეკისრება ჯარიმა 1 000-დან 3 000 რუსულ რუბლამდე(დაახლოებით 300$-1000$), თანამდებობის პირს 3 000-დან 5 000 რუბლამდე, ხოლო იურიდიულ პირებს 10 000-დან 50 000 რუბლამდე.

რამდენიმე დღის წინ მიღებულ საკანონმდებლო აკრძალვაში ერთ-ერთი პუნქტი ითვალისწინებს სასჯელს პედოფილიის პროპაგანდისთვისაც. ადამიანის უფლებათა დამცველებს მიაჩნიათ, რომ ამ ფორმით რუსეთის ხელისუფლებამ ჰომოსექსუალიზმი პედოფილიას გაუთანაბრა, რაც წინააღმდეგობაში მოდის ცივილიზებული სამყაროს სტანდარტებთან. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ჰომოსექსუალიზმი ფსიქიკურ დაავადებათა სიიდან ჯერ კიდევ 1990 წლის 17 მაისს ამოიღო.

სანკტ-პეტერბურგში მიღებულ კანონს ადამიანის უფლებათა დამცველმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა უკვე უწოდეს “ანტიჰომოსექსუალური დრაკონული კანონი.”

მიუხედავად რუსი და უცხოელი LGBT (ლესბი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი) აქტივისტების მკვეთრი პროტესტისა, სანკტ-პეტერბურგში მიღებული აკრძალვის მოსკოვში შემოღებას აპირებს რუსეთის დედაქალაქის ხელმძღვანელობა.

“დიახ, ჩვენ ვგეგმავთ ამ კანონის მოსკოვში მიღებას და ახლა მის დახვეწაზე ვმუშაობთ,” – განაცხადა მოსკოვის საქალაქო საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელმა ლუდმილა სტებენკოვამ.

აღნიშნული კანონით იკრძალება ნებისმიერი ღონისძიების ჩატარება, რაც შეიძლება ხელისუფლებამ “ჰომოსექსუალიზმის” პროპაგანდად მიიჩნიოს. მაგალითად,  LGBT ორგანიზაციები ვერ გამართავენ კინოფესტივალებს, ვერ მოაწყობენ მანიფესტაციებს საკუთარი უფლებების დაცვის მოთხოვნით და საჯაროდ ვერ გამოფენენ  LGBT საზოგადოების სიმბოლურ ატრიბუტს – შვიდფეროვან დროშას.

რუსეთში მოქმედი LGBT  ორგანიზაცია “ქამინგ აუთის” გენერალური დირექტორი პალინა სავჩენკო აცხადებს, რომ “აღნიშნული კანონი არის აბსურდული როგორც სამართლებრივი ლოგიკის, ისე საღი აზრის თავლსაზრისით.”

“რა არის ამ შეზღუდვის რეალური მიზანი? ცხადია, რომ ამ კანონის მიღება მნიშვნელოვან შეზღუდვებს დააკისრებს  LGBT ორგანიზაციების აქტივობებს.  საჯარო აქციის ორგანიზატორები, რა თქმა უნდა, ვერ განსაზღვრავენ საჯარო სივრცეში 18 წლამდე პირების არდაშვების საკითხს, ისინი შეიძლება აქციის ტერიტორიაზე შემთხვევითაც აღმოჩნდნენ. შესაბამისად, ეს შეუძლებელს გახდის, ჩავატაროთ საჯარო კამპანიები სიძულვილის ენისა და ქსენოფობიის წინააღმდეგ”, – აცხადებს   პალინა სავჩენკო.

ადამიანის უფლებების დამცველმა საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International-მა მოუწოდა რუსეთის ხელისუფლებას, არ აამოქმედოს “ჰომოფობური კანონი”. ორგანიზაციის პოზიციის მიხედვით, ეს საფრთხეს შეუქმნის გამოხატვის თავისუფლებას და გააღვივებს დისკრიმინაციას ქალაქის LGBTI საზოგადოების მიმართ.

მიუხედავად იმისა, რომ ევროპის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით რუსეთი აქამდე უკვე სცნო დამნაშავედ ჰომოსექსუალთა აღლუმის აკრძალვის გამო, ის ევროსასამართლოს რეკომენდაციების შესრულებას, ჯერჯერობით, არ ჩქარობს. ევროპის საბჭო კი რუსეთის მიერ შეუსრულებელ ვალდებულებებზე ამ დრომდე სდუმს.

მასალების გადაბეჭდვის წესი