სამართალი

ადვოკატის პასუხი მთავარ პროკურატურას – “კაბელების საქმის” დეტალები

20 მაისი, 2016 • 2039
ადვოკატის პასუხი მთავარ პროკურატურას – “კაბელების საქმის” დეტალები

“არც ერთი პოზიცია არ გააჩნია პროკურატურას, რასაც დაცვის მხარე ვერ პასუხობს,” –  აცხადებენ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმეზე (“კაბელების საქმე”) მსჯავრდებულების ადვოკატები პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული განცხადებების პასუხად.

16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფოს კუთვნილი 4 მილიონზე მეტი ლარის გაფლანგვაში ბრალდებულ თავდაცვის სამინისტროს ყოფილ მაღალჩინოსნებს – გიზო ღლონტს, ნუგზარ კაიშაურს, გიორგი ლობჟანიძეს, არჩილ ალავიძესა და დავით წიფურიას 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ადვოკატების განცხადებით, მოსამართლის გადაწყვეტილება 30 მაისს გადმოეცემათ.

ამ განაჩენის გამოცხადების შემდეგ “თავისუფალმა დემოკრატებმა” პროკურატურა და სასამართლო ბიძინა ივანიშვილის დაკვეთის შესრულებაში დაადანაშაულეს, საიამ განაჩენს უსამართლო და უკანონო უწოდა, ხოლო სხვა რვა არასამთავრობო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ ამ საქმეზე პოლიტიზებისა და მიკერძოების განცდა არსებობს.

საპასუხოდ, პროკურატურამ გამოაქვეყნა განცხადება, სადაც, პროკურატურის განმარტებით, “საქმის პოლიტიზებით დაინტერესებული პირების უსაფუძვლო და დაუსაბუთებელ განცხადებებს” პასუხობენ.

პროკურატურის განცხადებაში მოყვანილ არგუმენტებსა და მტკიცებულებებთან დაკავშირებით ნეტგაზეთი მსჯავრდებულთა ერთ-ერთ ადვოკატს, იოსებ ბარათაშვილს ესაუბრა.

 

შეძლებდა თუ არა “დელტა” ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის გაყვანას

 

პროკურატურა თავდაცვის სამინისტროს ყოფილ მაღალჩინოსნებს 2013 წელს კოჯორი-ახალციხე-ბათუმის  მიმართულებით ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის მიყვანისთვის გამოცხადებული ტენდერში “სილქნეტისთვის” უპირატესობის უკანონოდ მინიჭებას და მის სასარგებლოდ 4 მილიონ ლარზე მეტის გაფლანგვას ედავება.

პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტს არ მოუძიებია ინფორმაცია, შეძლებდა თუ არა ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის აგებას სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი ,,დელტა“. ამავე განცხადების თანახმად, საექსპერტო კვლევის შედეგად დადგენილია, რომ “დელტა“ შეძლებდა ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის ასაგებად საჭირო მიწის სამუშაოების ჩატარებას, რაც მთლიანი ჩასატარებელი სამუშაოების 90%-ს შეადგენს.

“სამინისტროს მიერ შესასყიდი დარჩებოდა მხოლოდ კაბელის კანალიზაციაში განთავსების მომსახურება და, ცხადია, ამ გზით დაიზოგებოდა სახელმწიფოს კუთვნილი მილიონობით ლარი,”- ვკითხულობთ პროკურატურის განცხადებაში.

ადვოკატი იოსებ ბარათაშვილი ეჭვქვეშ აყენებს პროკურატურის კვლევის სანდოობას და აცხადებს, რომ 2013 წელს “დელტას” ამ სამუშაოების შესრულება რიგი მიზეზების გამო არ შეეძლო:

“კომპანია “დელტა’ შედიოდა და დღესაც შედის თავდაცვის მინისტრის მოადგილის დაქვემდებარებაში. თავდაცვის მინისტრის მოადგილე, 2013 წელს, იმ პერიოდში, როდესაც ხდებოდა ამ პროექტზე მუშაობდა, გახლდათ ზაზა ბროლაძე. ამავე დროს, თავდაცვის მინისტრის სამი ბრძანება არსებობს, რომელიც დაკავშირებულია სამხრეთის მიმართულებით ოპტიკურ-ბოჭკოვანი კავშირის საჭიროებასთან და შექმნილი იყო სპეციალური ჯგუფი ამ საკითხთან დაკავშირებით, რომელსაც სათავეში მინისტრის მოადგილე ზაზა ბროლაძე ედგა. ანუ კომპეტენცია ამ საკითხისა გააჩნდა ზაზა ბროლაძეს. იგი სასამართლო პროცესზე დაიკითხა და განაცხადა, რომ კატეგორიულად  გამორიცხავს იმას, რომ თავდაცვის სამინისტროს საკუთარი ძალებით შეეძლო ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის აშენება ორი მიზეზის გამო – არ გააჩნდა არავითარი გამოცდილება სამინისტროს სამშენებლო ქვედანაყოფს ასეთი მაგისტრალის მშენებლობისთვის და ასევე, 2013 წელს ეს სამშენებლო ბატალიონი დაკავებული იყო სხვა ობიექტების მშენებლობით.

დაიკითხნენ თვითონ სამშენებლო ბატალიონის ხელმძღვანელი, რამაზ მოსაშვილი,  თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე კაკალაშვილი, რომელიც ასევე საქმის კურსში იყო “დელტას” შესაძლებლობებთან დაკავშირებით. მათაც კატეგორიულად გამორიცხეს შესაძლებლობა იმისა, რომ თავდაცვის სამინისტროს შეეძლო თავისი ძალებით ამის გაკეთება. არაერთი მოწმე დაიკითხა, რომლებმაც დაადასტურეს, რომ არავითარი გამოცდილება თავდაცვის სამინისტროს ამგვარი ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის გაყვანისა არ გააჩნდა.

პროკურატურამ ჩაატარა ორი ექსპერტიზა – პირველი ექსპერტიზა  2014 წლის ოქტომბერში, ხოლო მეორე 2015 წლის ნოემბრის ბოლოს დასრულდა. ორივე ექსპერტიზა არის ერთი და იმავე შინაარსის, ამბობენ, რომ პროექტი იყო აუცილებელი და არც იმაზეა დავა, რომ შესრულდა ეს სამუშაო კომპანია “სილქნეტის” მიერ, მაგრამ ისინი ამბობენ, რომ კომპანია დელტაკომი 4 მილიონი ლარით უფრო იაფად შეასრულებდა ამ სამუშაოს, ვიდრე კომპანია “სილქნეტი”. ფაქტობრივად, არც ერთი პოზიციით არ არის ეს გამყარებული, არის მხოლოდ “დელტაკომის” წარმომადგენლების ზეპირი განცხადებები, რომ ისინი უფრო იაფად გააკეთებდნენ ამ ყველაფერს და არ ამყარებს ამას საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება. პირიქით, საქმეში არის უამრავი მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს, რომ “დელტაკომი” მილიონობით ლარით უფრო ძვირად შეასრულებდა იმავე სამუშაოს, რაც შეასრულა კომპანია “სილქნეტმა”.

შეძლებდა თუ არა სამინისტრო თავად ამ ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის გაყვანას, აქ არის ჩატარებული საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზა ბრალდების მხარის მიერ და როდესაც დაიკითხა ბრალდების ექსპერტი, მან, ჩვენდა გასაოცრად, განაცხადა, რომ არ იცის არც ის, სად იყო ამ დროს დელტაკომის ტექნიკა; არც ის, რა ობიექტებს აშენებდა, და არც ის, მას გააჩნია თუ არა გამოცდილება. მან თქვა, რომ ასეთი სიმძლავრის ტექნიკა, იდეაში, შეძლებდა გაეთხარა ეს თხრილი, რაც აბსოლუტურად დაუსაბუთებელი მოსაზრებაა, ვინაიდან მრავალი კომპონენტისგან უნდა შედგებოდეს ეს ყველაფერი,”- ამბობს ბარათაშვილი.

 

რისი შესყიდვა სურდა თავდაცვის სამინისტროს

 

როგორც პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტშია წარმოდგენილი, 2013 წლის 27 აგვისტოს გიზო ღლონტმა, გიორგი ლობჟანიძემ და არჩილ ალავიძემ კომპანიებს გაუგზავნეს შემდეგი წერილი: ,,გიგზავნით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ ქვედანაყოფებში ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელების მიყვანის, ქსელური აპარატურის შეძენის და მონტაჟის მოთხოვნას. გთხოვთ, არაუგვიანეს 2013 წლის 5 სექტემბრის 15:00 საათისა წარმოადგინოთ, დახურული პაკეტით, თქვენი პროექტი და დაწვრილებითი ხარჯთაღრიცხვა წერილის დანართში მოცემული მაგისტრალური ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის ჩადების ტექნიკური პირობების და დასამონტაჟებელი ქსელური აპარატურის ჩამონათვალის მიხედვით”.

პროკურატურის განცხადებით, ტენდერში მონაწილე სამი სხვა კომპანიის შეთავაზება ითვალისწინებდა მაგისტრალის მიწოდებას, სს ,,სილქნეტმა“ კი მხოლოდ მაგისტრალში არსებულ კაბელში წვერები შესთავაზა სამინისტროს.

გამოქვეყნებული დოკუმენტების თანახმად, თავდაცვის სამინისტრომ წერილობით მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და მოითხოვა თავდაცვის სამინისტროსთვის ოპტიკური ხაზისა და მის შესაერთებლად საჭირო აპარატურის შესყიდვისთვის საჭირო ხარჯების დაფინანსება.

პროკურატურა კი აცხადებს, რომ ფული სხვა მიზნისთვის იყო მოთხოვნილი და რეალურად სულ სხვა რამეში დაიხარჯა:

“საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №:57 დადგენილების თანახმად, ,,კავშირგაბმულობის ხაზი (ოპტიკის ხაზი) არის ხაზობრივი ნაგებობის სახეობა, ხოლო ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ხაზობრივი ნაგებობა არის უძრავი ქონება. შესაბამისად, მთავრობამ თანხა გამოყო უძრავი ქონების შესაძენად, სამინისტრომ კი შეისყიდა უძრავ ქონებაში (მაგისტრალი) განთავსებული მოძრავი ქონების (72-წვერიანი კაბელი) მცირე ნაწილი (24 წვერი),”- აცხადებს პროკურატურა.

იოსებ ბარათაშვილის თქმით კი, თავდაცვის სამინისტროს შეთავაზებაში არც ყოფილა ჩანაწერი მაგისტრალის ყიდვასთან დაკავშირებით:

“არასოდეს თავდაცვის სამინისტროს თავის შეთავაზებაში არ ჩაუწერია, რომ მას სურდა მაგისტრალის შესყიდვა. უწერია მხოლოდ, რომ მას სურდა შეესყიდა მხოლოდ აპარატურა და ამ აპარატურის შესყიდვა ნამდვილად განხორციელდა. რაც შეეხება იმას, თუ რა ეწერა შეთავაზებაში, იქ ეწერა კაბელის მიყვანა და კაბელის მიყვანა  – ეს არის ტერმინი, რომელიც ასახავს კავშირის დამყარების აუცილებლობას. ეს კავშირი იქნებოდა დამყარებული კაბელის შეძენის გზით, კაბელში წვერების შეძენის გზით, იქნებოდა თხრილთან ერთად, ეს იყო დამოკიდებული ფასზე, მდგრადობაზე და საიმედოობაზე. ყველა თვალსაზრისით თავდაცვის სამინისტრომ სწორი ხელშეკრულება განახორციელა, ვინაიდან შეარჩია ყველაზე იაფი ფასი, მდგრადობაც დაცულია და საიმედოობაც,”- განმარტავს იოსებ ბარათაშვილი.

 

იყო თუ არა ტენდერში მონაწილე კომპანიების შეთავაზებების კონვერტები წინასწარ გახსნილი?

 

პროკურატურის განცხადებით, მას შემდეგ, რაც ტენდერში მონაწილე კომპანიებმა სამინისტროში წარადგინეს წინადადება სრული მაგისტრალის მიწოდების ფასზე, მსჯავრდებულებმა ჩაატარეს სახელმწიფო შესყიდვის სხდომა ისე, რომ კომპანიების წარმომადგენლებს დაუმალეს და არ გააცნეს ერთმანეთის წინადადებები, ასევე, კონვერტები წინასწარ გახსნეს იმისათვის, რომ წინასწარ ენახათ კომპანიების მიერ წარდგენილი ფასები.

დაცვის მხარე იმოწმებს მოწმეების ჩვენებებს, რომლის თანახმადაც, სხდომაზე კომპანიის წარმომადგენლებისთვის არავის შეუშლია ხელი, გაერკვიათ სხვა კომპანიების შეთავაზებების შინაარსი. ასევე, არ ჰქონია ადგილი სხვა რაიმე პროცედურულ დარღვევას. დაცვის მხარე თავის დასკვნით სიტყვაში ასევე განმარტავს, რომ სხდომაზე დამსწრე ყველა კომპანიის წარმომადგენელმა ყოველგვარი შენიშვნის გარეშე მოაწერა ხელი სხდომის ოქმს, სადაც აღინიშნა, რომ კომპანიების წინადადებები გაიხსნა ტრანსპარენტული წესების დაცვით.

რაც შეეხება კონვერტების გახსნას, იოსებ ბარათაშვილის თქმით, კონვერტები მსჯავრდებულებს წინასწარ არ გაუხსნიათ:

“არც ერთ ბრალდებულს კონვერტი წინასწარ არ გაუხსნია. კონვერტები გაიხსნა სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ კანონის სრული დაცვით, საიდუმლო კანცელარიის თანამშრომლის მიერ, რომელიც დაიკითხა სასამართლო პროცესზე და მან აბსოლუტურად დამაჯერებლად განმარტა, რომ ის ექვემდებარებოდა კანონის მოთხოვნებს და კანონის არც ერთი პუნქტი არ დაურღვევია. კონვერტების გახსნასთან ბრალდებულების დაკავშირება სრულიად უსაფუძვლოა,”- ამბობს ბარათაშვილი.

 

რა იყო მსჯავრდებულების მოტივი?

 

პროკურატურა მსჯავრდებულთა მოტივს სილქნეტის სასარგებლოდ 4 მილიონ ლარზე მეტის გასაფლანგად შემდეგნაირად აღწერს:

“რაც შეეხება გაფლანგვას, ამ დანაშაულის სუბიექტი მოქმედებს ანგარებითი მიზნით, რაც ნიშნავს მართლსაწინააღმდეგო ქმედებით არა მხოლოდ საკუთარი ქონების უკანონოდ გაზრდას, არამედ სხვისი ქონების უკანონოდ გაზრდასაც. მოცემულ შემთხვევაში, ჩვენს მიერ დაწვრილებით აღწერილი ფაქტები პირდაპირ ადასტურებს, რომ სახელმწიფო შესყიდვის პროცესში ბრალდებულების მხრიდან კანონიერი საფუძვლის გარეშე ენიჭებოდა უპირატესობა ერთ კომპანიას და, შესაბამისად, ბრალდებულების მიერ კანონის ყველა უხეში დარღვევა მიმართული იყო სწორედ ამ კომპანიის მიერ მატერიალური სარგებლის მიღებისკენ. ყოველივე აღნიშნული კი დანაშაულის ამ სუბიექტური ნიშნის არსებობის დადასტურებაა,”- ვკითხულობთ პროკურატურის განცხადებაში.

ადვოკატი კი ამბობს, რომ პროკურატურას მოტივთან დაკავშირებით სათქმელი არაფერი აქვს:

“პროკურატურა საუბრობს, რომ უნდოდათ ვითომ უპირობო კეთილგანწყობის დამსახურება ბრალდებულებს “სილქნეტის” მხრიდან. ისინი არც იმას გვიმხელენ, რა არის ეს უპირობო კეთილგანწყობა, არც იმას გვეუბნებიან, რომელი თანამშრომლისგან უნდოდათ უპირობო კეთილგანწყობის დამსახურება, არც იმას, ვის უნდოდა და რაში გამოიხატებოდა ეს ყველაფერი. არც ერთი გვარი არ არის საერთოდ პროკურატურის მიერ არსად მითითებული, სილქნეტის იმ თანამშრომლისა, ვისგანაც უნდოდათ კეთილგანწყობის მოპოვება ბრალდებულებს. რატომ უნდა მიენიჭებინათ სილქნეტისთვის უპირატსობა, როდესაც არაფერი აკავშირებთ მათ “სილქნეტთან” საერთოდ.

ამავდროულად, უნდა ვთქვათ, რომ ორი ბრალდებული, გიზო ღლონტი და გიორგი ლობჟანიძე დაინიშნენ  2013 წლის ივლისის ბოლოს ამ თანამდებობაზე, ხოლო პროკურატურა ამბობს, რომ 2013 წლის აპრილში უკვე დანაშაულებრივი, წინასწარშეთანხმებულუ ჯგუფი იყო თითქოს შექმნილი. ეს საერთოდ პროკურატურის ყურადღების მიღმა არის დარჩენილი. თუ შეთახნმებული ჯგუფი იყო, როდის შეიქმნა, ვის მიერ შეიქმნა, და ასე შემდეგ. საერთოდ არ იცნობდნენ ერთმანეთს ეს ადამიანები, უმრავლესობა ერთმანეთს არ იცნობდა და გაიცნეს მხოლოდ დაკავების შემდეგ,”- ამბობს იოსებ ბარათაშვილი.

 

ჰქონდათ თუ არა ბრალდებულებს კომუნიკაცია “სილქნეტთან”

მსჯავრდებულთა მოტივზე საუბრისას პროკურატურა აცხადებს, რომ  თავდაცვის სამინისტროს როგორც j 6-ის, ასევე შესყიდვების დეპარტამენტის თანამშრომლებს  ჯერ კიდევ შესყიდვის ოფიციალურად გამოცხადებამდე (2013 წლის 27 აგვისტო) ოთხი თვით ადრე სისტემატიური სატელეფონო კავშირები ჰქონდათ „სილქნეტის“ წარმომადგენლებთან, რაც მიუთითებს მათ ნაცნობობას და ,შესაბამისად, ფაქტი, რომ საბოლოოდ აღნიშნული კომპანიის სასარგებლოდ გაიფლანგა სახელმწიფოს კუთვნილი ქონება, სწორედ ამ ურთიერთობების შედეგია.

“ფაქტია, რომ აღნიშნული ურთიერთობები გახდა ბრალდებულების მამოძრავებელი ძალა (მოტივი) საიმისოდ, რომ „სილქნეტს“ მიეღო სარგებელი და მისთვისვე უპირატესობის მინიჭების მიზნით, გაფლანგულიყო სახელმწიფოს კუთვნილი  – 4 102 872 ლარი,”- აცხადებს პროკურატურა.

იოსებ ბარათაშვილი აცხადებს, რომ ერთ-ერთ მსჯავრდებულს, არჩილ ალავიძეს მართლაც ჰქონდა სამსახურებრივი ურთიერთობა “სილქნეტთან”, თუმცა ეს ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის პროექტს არ უკავშირდებოდა:

“ეს არის აბსოლუტური სიცრუე. გიზო ღლონტი “სილქნეტის” არც ერთ თანამშრომელს არ იცნობდა. იგივე შეიძლება ითქვას ნუგზარ კაიშაურზე, რომელიც ერთ-ერთ თანამშრომელს იცნობდა ოდესღაც და მასთან 10-12 წელი კავშირი არ ჰქონია. აქ არის საუბარი იმაზე, რომ არჩილ ალავიძეს, სამსახურებრივი პოზიციიდან გამომდინარე, ჰქონდა ურთიერთობა შესყიდვების მენეჯერთან, ისევე როგორც “დელტასთან”, რომელიც საერთოდ არ ეხებოდა ამ საქმეს და თვითონ “სილქნეტის” წარმომადგენლებმა კატეგორიულად გამორიცხეს, რომ რაიმე შეიძლებოდა ყოფილიყო. ისიც დაბალი თანამდებობის პირია სილქნეტში და ესეც უფრო დაბალი თანამდებობის პირია თავდაცვის სამინისტროში”.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი