სამართალი

კონტროლის პალატა ტუბერკულოზის ცენტრს 2,4 მილიონის გაფლანგვას ედავება

24 ნოემბერი, 2011 • • 1368
კონტროლის პალატა ტუბერკულოზის ცენტრს 2,4 მილიონის გაფლანგვას ედავება
გიორგი ალასანია
გიორგი ალასანია

საქართველოს კონტროლის პალატამ სამწლიანი აუდიტის შედეგად გამოარკვია, რომ 2008-2011 წლებში ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელობამ ბიუჯეტიდან გამოყოფილი 2 400 000 ლარი არამიზნობრივად გაფლანგა.

ბიუჯეტიდან თანხების გაფლანგვის შესახებ ინფორაცია ჟურნალისტებს კონტროლის პალატის აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი ალასანიამ დღეს, 24 ნოემბერს, გამართულ პრესკონფერენციაზე გააცნო. აუდიტის შედეგები, პარალელურად, რეაგირებისთვის გადაეგზავნა სამართალდამცავ უწყებებს.

როგორც კონტროლის პალატის აუდიტის შედეგად გაირკვა, ტუბერკულოზის ცენტრის ხელმძღვანელს შექმნილი ჰქონდა ექვსი სხვადასხვა კომერციული ორგანიზაცია, რომლებისგანაც ყიდულობდა სხვადასხვა სახის მომსახურებას რეალურზე გაცილებით მაღალ ფასად და ამ გზით ითვისებდა საბიუჯეტო თანხებს.

კონტროლის პალატის აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი ალასანიამ ასევე განაცხადა, რომ 2008-2011 წლებში აღნიშნულ კომპანიებს ტუბერკულოზის ცენტრის ბიუჯეტიდან გადაერიცხათ 1 135 755 ლარი, რაც ცენტრის შეყიდვების 31%-ს აჭარბებს.

ალასანიას მტკიცებით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული ტუბერკულოზით დაავადებული პაციენტების ქირურგიული ოპერაციების ღირებულება გაზრდილია ხელოვნურად, ქირურგიული ოპერაციის ღირებულების 62% შეადგენს სამედიცინო მასალებს, რომლებიც პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან შეძენილია 4 174 ლარად. აღნიშნული მასალების რეალური ღირებულება კი არ აღემატება 1 200 ლარს.

კონტროლის პალატამ ასევე დაადგინა, რომ 2008-2011 წლებში ოპერაციებისთვის განკუთვნილი სამედიცინო მასალები გამოყენებული იყო ოპერაციების მხოლოდ 20%-ში. თუმცა ძვირადღირებული სამედიცინო მასალის ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებულია ყველა ოპერაციისათვის.

კონტროლის პალატის ცნობით, ქირურგიული ოპერაციების ხელოვნურად გაზრდილი ფასის გამო სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2008-2011 წლებში არამიზნობრივად გაიხარჯა 1 122 404 ლარი. სახელმწიფო ბიუჯეტმა საწოლი დღეების ხელოვნური ზრდის გამო დამატებით იზარალა 99 400 ლარი.

მთლიანობაში, “2008-2011 წლებში ტუბერკულოზის ეროვნულმა ცენტრმა არამართლზომიერად გაიხარჯა 2 400 000 ლარი,” – ამტკიცებს მარეგულირებელი ორგანო და რეაგირებისთვის სამართალდამცავებს მიმართავს.

“ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრი” წარმოადგენს საქართველოში ტუბერკულოზის კონტროლის სათაო დაწესებულებას, რომელიც შეიმუშავებს, ახორციელებს და მართავს ტუბერკულოზთან ბრძოლის სახელმწიფო პროგრამას. პროგრამის საბოლოო მიზანია საქართველოში ტუბერკულოზის გავრცელების შემცირება.

ცენტრის ძირითადი ფუნქციებია: ტუბერკულოზთან ბრძოლის სახელმწიფო პროგრამის მართვა, პარტნიორობა ადგილობრივ და უცხოურ სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ტუბერკულოზის დიაგნოზირების მაღალი დონის უზრუნველყოფა, ტუბდაავადებულთა მკურნალობა და  ტუბერკულოზის პრევენცია.

ცენტრი საქართველოში ფუნქციონირებს 2001 წლიდან. 2009 წლის აგვისტოდან ცენტრს ხელმძღვანელობს აღმასრულებელი დირექტორი იაგორ კალანდაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი