ნაფიცი მსაჯულები პირველად 7 ნოემბერს შეიკრიბებიან

7 ნოემბერს თბილისში პირველად შეიკრიბებიან ნაფიცი მსაჯულები და დაიწყებენ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობისა და ყაჩაღობის ბრალდებით წარმოებული საქმის განხილვას.

ნაფიც მსაჯულთა სასამართლოსთვის განკუთვნილი დარბაზი
ნაფიც მსაჯულთა სასამართლოსთვის განკუთვნილი დარბაზი

7 ნოემბერს თბილისში პირველად შეიკრიბებიან ნაფიცი მსაჯულები და დაიწყებენ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობისა და ყაჩაღობის ბრალდებით წარმოებული საქმის განხილვას.

ასეთი სახის სასამართლო პროცესი არის პირველი პრეცედენტი ქართული მართლმსაჯულების ისტორიაში. ნაფიც მსაჯულთა სასამართლო თბილისში 2010 წლის ოქტომბრიდან ამოქმედდა. დანარჩენ საქართველოში აღნიშნული ინსტიტუტი 2012 წლის ოქტომბრიდან ამუშავდება. კანონის თანახმად, ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მიხედვით ჩადენილ დანაშაულს, რაც გულისხმობს  განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებებში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრესსამსახურის ცნობით, 2010 წლის ოქტომბრიდან დღემდე, ამ მუხლით გათვალისწინებული ბრალდება კონკრეტული ბრალდებულების მიმართ რამდენიმე საქმეზე იყო წარდგენილი, მაგრამ ეს საქმეები ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს არ გადაეცა, რადგან ბრალდებულები აღიარებდნენ დანაშაულს.

7 ნოემბერს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ 1994 წელს მანასიანების ოჯახში ჩადენილ მკვლელობაში ბრალდებული პირები საქმეს.

1994 წელს თბილისში მინასიანების ოჯახის რამდენიმე წევრის განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობა რამდენიმე კვირის წინ გაიხსნა. პროკურატურის ინფორმაციით, ”სამართალდამცავებმა გამოავლინეს დანაშაულებრივი დაჯგუფება – ჯგუფის ორგანიზატორი და ხელმძღვანელი ვახტანგ გვრიტიშვილი, მისი ძმა კობა გვრიტიშვილი, გიორგი ოთარაშვილი, გელა ქავთარაძე, რევაზ დემეტრაშვილი, ალექსანდრე რევაზიშვილი და ამჟამად გარდაცვლილი მალხაზ მოდებაძე.” სამართალდამცავებისვე ცნობით, დასახელებულმა პირებმა იცოდნენ, რომ ნეშან მინასიანის ოჯახი მატერიალურად შეძლებული იყო და მისთვის ფულის გამოძალვის მიზნით, 1994 წლის 18 იანვარს  მოიტაცეს 19 წლის ვაზგენ მინასიანი, ახლობლებს კი გამოსასყიდის სახით  150 000 აშშ დოლარის გადახდა მოსთხოვეს.

პროკურატურის მტკიცებით, ბრალდებულებს მსხვერპლი 10 დღის განმავლობაში ჰყვადათ დამალული ჯერ ორმოში, შემდეგ კი – დიღომში მდებარე ერთ-ერთ სახლში. 15 000 აშშ დოლარის გადახდის შემდეგ ვაზგენ მინასიანი გაათავისუფლეს და ოჯახისაგან მიიღეს პირობა, რომ დარჩენილ თანხას უახლოეს დღეებში გადაუხდიდნენ. შემდგომში, იმ მიზნით, რომ გატაცების ფაქტი არ გახმაურებულიყო, ჯგუფის წევრებმა დახოცეს ნეშან მინასიანი, მისი მეუღლე – ფლორა მინასიანი და ვაჟი – ვაზგენ მინასიანი.

დღეისათვის  დაკავებულია დაჯგუფების სამი წევრი – გიორგი ოთარაშვილი, რევაზ დემეტრაშვილი და ალექსანდრე რევაზიშვილი. მათ თანამზრახველებზე კი გამოცხადებულია ძებნა.

საქართველოში პირველად ნაფიცი მსაჯულები სწორედ ამ საქმეზე შეიკრიბებიან.

”ასეთი სახის სასამართლო პროცესი არის პირველი პრეცედენტი ქართული მართლმსაჯულების ისტორიაში და, შესაბამისად, წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ეტაპს, როგორც სასამართლოს რეფორმის, ასევე ქვეყნის დემოკრატული განვითარების პროცესში, ვინაიდან მართლმსაჯულების განხორციელებაში ერთვება თავად საზოგადოება და მხოლოდ საზოგადოება წყვეტს საკითს ბრალდებულის დამნაშავეობის, ან უდანაშაულობის შესახებ,” – წერია უზენაესი სასამართლოს მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში.

მინასიანების ოჯახის წევრების მკვლელობაში ბრალდებული პირების საქმეზე მოსამზადებელი სასამართლო სხდომა დღეს, 26 ოქტომბერს, გაიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოში.

ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სხდომამდე, მოსამართლე მხარეთა მოსაზრებების მოსმენის შემდეგ,  შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, 18 წელს მიღწეულ  საქართველოს მოქალაქეთა ერთიანი სიიდან ადგენს ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატთა სიას არაუმეტეს 100 პირის შემადგენლობით.  ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატი უნდა ფლობდეს სამართლის პროცესის ენას,  ცხოვრობდეს ტერიტორიაზე, რომელიც შედის თბილისის საქალაქო სასამართლოს განსჯადობაში, არ  უნდა ჰქონდეს  ისეთი ფიზიკური ან ფსიქიკური ნაკლი, რაც ხელს  შეუშლის მის მიერ ნაფიცი მსაჯულის მოვალეობის შესრულებას. შერჩევის სხდომაზე გამოცხადებულ კანდიდატთაგან, მხარეთა მოსაზრებების გათვალისწინებით, შეირჩევა 12 ნაფიცი მსაჯული და სულ ცოტა 2 სათადარიგო მსაჯული, რომეიც მონაწილეობს საქმის არსებით განხილვაში და მიიღებენ გამამართლებელ, ან გამატყუნებელ ვერდიქტს.

უზენაესი სასამართლოს ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლო მომზადებული ხვდება მართლმსაჯულების განხორციელების ამ ახალ სისტემას, სასამართლოში ჩატარდა არაერთი იმიტირებული სასამართლო პროცესი და მოსამზადებელი ტრენინგი.

უახლოეს მომავალში სისხლის სამართლის კოდექსში შედის ცვლილება, რომელიც ნაფიც მსაჯულებს ეხება. კანონპროექტსი ავტორია საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მაოდგილე კახა ანჯაფარიძე. წარმოდგენილი კანონპროექტით სისხლის სამართლის კოდექსს ემატება 367-ე პრიმა მუხლი, რომელიც ითვალისწინებს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს თათბირისა და კენჭისყრის საიდუმლოების დარღვევის კრიმინალიზაციის, კერძოდ, ”ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს თათბირისა და კენჭისყრის საიდუმლოების დარღვევა ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლებიუს აღკვეთით ვადით ორ წლამდე.”

წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით, ნაფიც მსაჯულად სასამართლო პროცესში მონაწილეობის დროს სამუშაო ადგილი და ანაზრაურება უნარჩუნდება არა მხოლოდ საჯარო სექტორში, არამედ კერძო სექტორში დასაქმებულ პირსაც.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
თაზო კუპრეიშვილი