სამართალი

ოპერატიულ-სამძებრო მოქმედება, თუ პირადი ცხოვრების უფლების ხელყოფა

21 ოქტომბერი, 2011 • 1464
ოპერატიულ-სამძებრო მოქმედება, თუ პირადი ცხოვრების უფლების ხელყოფა

”ოპერატიული სამძებრო სამიანობის” შესახებ კანონში შეტანილი ცვლილება ადამიანის პირადი ცხოვრების უფლებას არღვევს”- ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტმა გიორგი გოცირიძემ სწორედ ეს საკითხი აქცია მთავარ განსახილველ თემად, მრგვალი მაგიდის დროს, რომელიც თბილისის ადამიანთა უფლებათა სახლის და ომისა და მშვიდობის გაშუქების ინიციატივით გაიმართა.

კანონში ”ოპერატიულ სამძებრო საქმიანობის” შესახებ ცვლილებები 2010 წლის 24 სექტემბერს შევიდა. ცვლილებების მიხედვით, სამართალდამცავ ორგანოებს, სასამართლოს ნებართვის გარეშე, ღია და დახურულ ინტერნეტ ურთიერთობებზე დაკვირვების საშუალება აქვს.

ცვლილება შევიდა საქართველოს კონსტიტუციის მეშვიდე მუხლის მეორე პუნქტში, რომელიც ასევცე ითვალისწინებს სხვა სახის ღონისძიებებს, მაგალითად,  სატელეფონო საუბრის მოსმენას. თუმცა კანონში მითითებულია, რომ სატელეფონო საუბრის მოსმენა უნდა განხორციელდეს სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე ან გადაუდებელი აუცილებლობის ვითარების დროს.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი, გიორგი გოცირიძე აღნიშნავს, რომ კანონში ინტერნეტ სივრცის მონიტორინგთან დაკავშირებით სასამართლო ბრძანების აუცილებლობა საერთოდ არ არის ნახსენები:

”ამავდროულად არ არსებობს ის ვითარება, რაც კონსტიტუციურად მოაზრებულია, როგორც გადაუდებელი ვითარება, აქედან გამომდინარე, ცალსახაა, რომ კონსტიტუციასთან შესაბამისი ეს მდგომარეობა არ არის.”- ნეტგაზეთთან საუბრისას აღნიშნა გიორგი გოცირიძემ.

ახლგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ  წარმოდგენილი საკანონმდებლო ჩანაწერი ბუნდოვანია და არღვევს საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებულ პირადი ცხოვრების უფლებას.

”კანონმდებელმა შემოგვთავაზა ორი ტერმინი– ღია ინტერნეტ ურთიერთობა და დახურული ინტერნეტურთიერთობა. თუმცა კანონში არ არის განმარტებული, რა იგულისხმება ამ ტერმინებში. აქედან გამომდინარე, შინაგან საქმეთა სამინისტროს არჩევანია, ესა თუ ის ურთიერთობა ღიად ან დახურულად შეაფასოს”-დისკუსიაზე განაცხადა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტმა გიორგი გოცირიძემ.

იურისისტის აზრით, თუკი ზოგადად განვმარტავთ ღია და დახურულ ინტერნეტურთიერთობებს, ღია ურთიერთობაში შესაძლოა გვესმოდეს ისეთი კომუნიკაცია და ინტერნეტ კონტენტი, რომელიც ნებისმიერი მომხმარებლისთვის არის ხელმისაწვდომი. ამ შემთხვევაში, ადამიანს არ აქვს პირადი ცხოვრების დაცვის მოლოდინი, რადგან ეს ინფორმაცია ფართო საზოგადოებისათვის ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე არის ხელმისაწვდომი.

დახურულ ინტერნეტ ურთიერთობაში კი იურისტი მოიაზრებს ისეთი ურთიერთობას, რომლის მიმართაც ადამიანს გააჩნია პირადი ცხოვრების დაცვის გონივრული მოლოდინი, ეს შეიძლება იყოს იმეილით კომუნიკაცია, როცა კომუნიკაცია ხორციელდება არა ფართო საზოგადოებისთვის, არამედ კომუნიკაციის გამგზავნსა და კომუნიკაციის მიმღებს შორის:

”თუ ასე მოვახდენთ  დახურული ინტერნეტ ურთიერთობების დეფინიციას, მაშინ საქმე გვაქვს ადამიანის პირად ცხოვრებასთან, და ამ სივრცეში მას პირადი ცხოვრების დაცვის გონივრული მოლოდინი აქვს.”-აღნიშნავს იურისტი.

როცა საქმე ადამიანის პირად ცხოვრებას ეხება, ასეთ დროს საქართველოს კონსტიტუციის მეოცე მუხლი მოქმედებს, რომელიც ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას იცავს და გულისხმობს, რომ პირად ცხოვრებაში ჩარევა უნდა მოხდეს

ან გადაუდებელი ვითარების შემთხვევაში, ან  სასამართლო ჩარევის საფუძველზე, როგორც ეს სატელეფონო მოსმენის შემთხვევაშია კანონით გათვალისწინებული.

”კანონში შესული ცვლილება ადამინის პირად ცხოვრებაში ჩასარევად არც გადაუდებელ ვითარებას და არც სასამართლო ბრძანების აუცილებლობას არ ითვალისწინებს, ამიტომ ის ცალსახად  არაკონსტიტუციურია”- აღნიშნავს იურისტი გიორგი გოცირიძე.

იურისტ გიორგი გოცირიძის აზრით, სასამართლოს გადაწყვეტილება ადამიანის პირად ცხოვრებაში ჩარევისთვის მნიშვნელოვანია, იმდენად, რამდენადაც ოპერატიული სამძებრო სამსახურის საქმიანობა დახურულია ყველასთვის და სასამართლო არის ინსტიტუტი, რომელიც გააკონტროლებს ამ სამსახურს, რათა არ მოხდეს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება.

”სასამართლო შეაფასებს, რამდენად არის აუცილებელი ადამიანის პირად ცხოვრებაში ჩარევა, შესაძლებელია თუ არა სხვა მსუბუქი საშუალებების გამოყენებით იმ მიზნის მიღწევა, რასაც ოპერატიული სამძებრო საქმიანობის წარმომადგენლები დახურული ინტერნეტსივრცის დაკვირვებით მოიპოვებენ”- ნეტგაზეთთან საუბრისას აღნიშნავს იურისტი გიორგი გოცირიძე.

მეორეს მხრივ, კანონში ასევე არ არის დაკონკრეტებული, რა სახით მოხდება ინტერნეტსივრცის კონტოლი. ზოგადად, ოპერატიულ სამძებრო საქმიანობათა შესახებ კანონი ითვალისწინებს ორგვარ დაკვირვებას– კონსპირაციული გზით დახურულ სივრცეში შეღწევა და ფარული გზით ინფორმაციის მოპოვება.

ინფორმაციის მოპოვება კონსპირაციული გზით არის მეთოდი, რომლის მიხედვითაც, შინაგან საქმეთა სამინისტრო ახდენს აგენტის ჩანერგვას.

”აგენტი კონკრეტულ ჯგუფს უმეგობრდება, შედის და მასთან დახურულ ინტერნეტსაუბრებს აწარმოებს, ასეთ შემთხვევაში ინფორმაციაა ნებაყოფლობითაა მოპოვებული, უბრალოდ ხდება ნდობის ბოროტად გამოყენება, თუმცა არ ირღვევა ადამიანის პირადი ცხოვრების უფლება”-ნეტგაზეთთან საუბრისას განმარტავს იურისტი.

ინფორმაციის მოპოვების ალტერნატიული გზაა ფარული გზით ინფორმაციის მოპოვება, როდესაც ინფორმაციას ინტერნეტ პროვაიდერების მეშვეობით მოპოვება ხდება, ან ქსელში ისეთი პროგრამის დაინსტალირება, რომლითაც შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ცნობილი ხდება, რაზე საუბრობს  კონკრეტული პირი ინტერნეტ სივრცეში. ასეთ დროს იღღვევა ადამიანის პირადი ცხოვრების უფლება, ვინაიდან მან არ იცის, რომ იგი დაკვირვების ობიექტს წარმოადგენს.

”კანონმდებლობის პრობლემაც სწორედ ამაში მდგომარეობს, რომ არ არის დაკონკრეტებული, დახურულ ინტერნეტსაუბრებს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი კონსპირაციული მეთოდით აკვირდება, თუ ეს ხდება ფარული გზებით. კანონმდებლობა უნდა იყოს იმდენად ცხადი, რომ არ იძლეოდეს მისი სხვადასხვა სახით წაკითხვის შესაძლებლობას. ”_ამბობს იურისტი გიორგი გოცირიძე.

დისკუსიაში ასევე მონაწილეობდა სოციალური მედიის კონსულტანტი დოდი ხარხელი, რომელიც ფარული მეთოდით დახურულ ინტერნეტ ურთიერთობებზე დაკვირვებას მნიშვნელოვან პრობლემად არ აღიქვამს.

დოდი ხარხელის აზრით, თუ ნებისმიერი მომხმარებელი თავად იქნება მოტივირებული, დაიცვას მისი პირადი ინტერნეტსივრცე და პაროლს არ გაუზიარებს ისეთ აპლიკაციებს, რომელთა წარმომავლობას საეჭვოა, “Facebook”-იდან და “Google”-იდან მასზე ინფორმაციას არ გასცემენ.

”ქართველ ინტერნეტ პროვაიდერებისთვის ღიაა მათ სერვერზე განთავსებული იმეილების კონტენტი, რომელიც ძლიან სწრაფად შეიძლება აღმოჩნდეს სამართალდამცავი ორგანოების ხელში, ამიტომ მე ყოველთვის ვუწევ რეკომენდაციას ისეთ კომპანიებს, როგორებიცაა –“Google” და “Facebook”. ეს კომპანიები თავიანთი მომხმარებლების პირად ინფორმაციას იცავენ”-ამბობს დოდი ხარხელი

დისკუსიაზე ასევე ისაუბრეს შემთხვევების შესახებ, როდესაც ”Google”-ისგან FBI-მ გამოითხოვა ინფორმაცია, თუმცა “Google” თავისი მომხმარებლების გვერდით დადგა და უარი თქვა ინფორმაციის გაცემაზე, ანოლოგიური შემთხვევაა ”Facebook”-იც, რომელიც ოფიციალურად უარს ამბობს, მისი მომხმარებლების პირადი ინფორმაციის სხვისთვის გაზიარების შესაძლებლობაზე, თუნდაც ეს FBI იყოს.

”დღეს ერთი რამ ცალსახად შეიძლება ითქვას,  საქართველოს სამართალდამცავმა სისტემამ ან ”Google”-ს, ან ”Facebook”-ს რომ მიმართოს კონკრეტული მომხმარებლის პირადი მიმოწერის გაზიარების შესახებ, ისინი უარს განაცხადებენ, რადგან საქართველოს სამართალდამცავი სისტემა, თუნდაც ჩვენი მოსახლეობისთვის ძალიან სერიოზული ორგანო,  ამ ქსელებისთვის მნიშვნელოვანი არ არის და ამის გამო საკუთარ რეპუტაციას საფრთხის ქვეშ არ დააყენებს.”-ამბობს სოციალური მედიის კონსულტანტი.

დოდი ხარხელის აზრით, კარგი იქნება, თუ ინტერნეტსივრცის მონიტორინგისას სასამართლოს დადგენილების აუცილებლობა კანონში ჩაიდება, ასევე ტერმინები– ღია და დახურულ ინტერნეტ ურთიერთობები– დაკონკრეტდება, თუმცა აქვე აღნიშნავს, რომ:

”მსგავსი ”გაუგებრობები” კანონში აღინიშნება, არა იმიტომ, რომ ჩვენი გაკონტროლება სურთ, არამედ პრობლემაა საკითხის კანონში ტექნიკურად დაკონკრეტების”- აღნიშნა ნეტგაზეთთან საუბრისას  დოდი ხარხელმა

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაცია თვლის რომ კანონში ”ოპერატიულ სამძებრო საქმიანობის” შესახებ შესული ცვლილებების გამო ადამიანის პირადი ცხოვრების უფლება ირღვევა და ამასთან დაკავშირებით ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციმ სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

”ჩვენ სექტემბერში მივმართეთ სასამართლოს, ჯერ ამ სარჩელმა უნდა გაიაროს დასაშვებობის ეტაპი, რომელიც გულისხმობს მსჯელობას, შედის თუ არა აღნიშნული საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციაში. მათ აქვთ 9– თვიანი ვადა კონკრეტული საქმის განხილვისა და მასზე გადაწყვეტილების მიღებისა.”-აღნიშნავს იურისტი გიორგი გოცირიძე.

ამავე თემაზე:http://netgazeti.ge/GE/33/Technology/3164/

მასალების გადაბეჭდვის წესი