სამართალი

პირველი ოქტომბრიდან მართვის მოწმობის ტარება სავალდებულო აღარ იქნება

30 სექტემბერი, 2011 • • 1997
პირველი ოქტომბრიდან მართვის მოწმობის ტარება სავალდებულო აღარ იქნება

ყველა იმ პირს, ვისაც  საქართველოს შს სამინისტროს მიერ გაცემული მართვის მოწმობა აქვს, 2011 წლის პირველი ოქტომბრიდან ავტომობილის მართვისას მოწმობის ტარება აღარ მოუწევს.  ამის შესახებ ინფორმაცია  შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ  საიტზე დღეს განთავსდა.

საჭიროების შემთხვევაში, საპატრულო პოლიცია მძღოლის მიერ მართვის უფლების ქონას საპატრულო მანქანებში დამონტაჟებულ სპეციალურ ელექტრონულ ბაზაში სახელის, გვარის და დაბადების თარიღის მიხედვით დაადგენს.

“სიახლე მიმართულია იქეთკენ, რომ კიდევ  უფრო გამარტივდეს ჩვენი მოქალაქეების ცხოვრება. ეს არის მცირე სიმბოლური ნაბიჯი  ჩვენ მიერ გადადგმული იმისათვის, რომ გავუმარტივოთ ჩვენს მოქალაქეებს გადაადგილება”, – განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მართვის მოწმობებთან დაკავშირებით შესაძლო ცვლილებებზე ვანო მერაბიშვილმა ჟურნალისტ დიმიტრი ვინოგრადოვთან ინტერვიუს დროს ჯერ კიდევ გასულ წელს ისაუბრა.

”მომდევნო წელს ჩვენ ვგეგმავთ, გავაუქმოთ მართვის მოწმობის ტარების ვალდებულება.  ეს არის სახელმწიფოში ბიუროკრატიის შემცირების კიდევ ერთი ნაბიჯი. იმიტომ, რომ რაც უფრო ნაკლებად ჩაერევა სახელმწიფო ადამიანის პირად ცხოვრებაში, მით უკეთესია თავად საზოგადოებისთვის,” –  ასე ახსნა შს მინისტრმა ცვლილების უპირატესობა.

ინტერვიუ ”რიანოვოსტის”  ოფიციალურ ვებ-გვერდზე 2010 წლის 6 ოქტომბერს გამოქვეყნდა.

კანონში ცვლილებების შეტანამდე, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექის 119-ე მუხლის მიხედვით, თუ ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის დროს პირს თან არ აღმოაჩნდებოდა  მართვის მოწმობა, ეს დარღვევა  ითვალისწინებდა ჯარიმას 10 ლარის ოდენობით.

მასალების გადაბეჭდვის წესი