გიორგი დემეტრაძის განაჩენი უცვლელი დარჩა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ქურდული სამყაროს წევრობაში ბრალდებულების გიორგი დემეტრაძისა და დავით გაგნიძის საქმის განხილვა დაასრულა. სააპელაციო პალატამ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი და შეფარდებული სასჯელის ზომა დასაბუთებულად და სამართლიანად ჩათვალა და განაჩენი უცვლელი დატოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ქურდული სამყაროს წევრობაში ბრალდებულების გიორგი დემეტრაძისა და დავით გაგნიძის საქმის განხილვა დაასრულა.
საქმე ეხება 2010 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე “მაზავშიკებთან” მართლსაწინააღმდეგოდ მოგებულ თანხებს. სააპელაციო პალატამ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი და შეფარდებული სასჯელის ზომა დასაბუთებულად და სამართლიანად ჩათვალა და განაჩენი უცვლელი დატოვა. ინფორმაციას სასამართლოს პრესსამსახური ავრცელებს.

პრესსამსახურისვე ინფორმაციით, მოგებული თანხების ამოღებისა და გადანაწილებაში “მოგებულებს” ქურდული ტრადიციების მიმდევრები– ვახტანგ ყიფიანი, გიორგი დემეტრაძე, დავით გაგნიძე და დავით ფეიქრიშვილი ეხმარებოდნენ. პირველი ინსტანციის სასამართლოში ბრალდებულთა დანაშაულებრივი ქმედება, საიდუმლო მიმოწერის მასალებით, დაკავებულთა პირადი ჩხრეკის ოქმებით, მოწმეთა ჩვენებებით და საქმეში არსებული სხვა უტყუარი მტკიცებულებებით დადასტურდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოსთვის დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი არგუმენტები არასაკმარისი აღმოჩნდა. სასამართლო პალატამ საქმეში არსებული და სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებების სრულყოფილი გამოკვლევის შედეგად, პირველი ინსტანციის განაჩენი კანონიერად, ხოლო მსჯავრდებულთა ბრალეულობა დადასტურებულად მიიჩნია.

ქართველმა სამართალდამცავებმა ფეხბურთელი, საქართელოს ნაკრების წევრი გიორგი დემეტრაძე ჯერ კიდევ გასულ წელს “ქურდული სამყაროს” წევრობის გამო დააკავეს. მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის I ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენაში წაუყენეს, რაც  ქურდული სამყაროს წევრობას გულისხმობს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 2011 წლის მარტში გიორგი დმეეტრაძე დამნაშავედ სცნო და მას 6 წლით პატიმრობა, ასევე, დამატებითი სასჯელის სახით ქონებისა და იმ 30 ათასი აშშ დოლარის ჩამორთმევა მიუსაჯა, რომელიც მას ჩხრეკისას აღმოაჩნდა. სასამართლოს პრესსამსახურის ინფორმაციით,  საქმე ეხებოდა 2010 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატთან დაკავშირებით  ე.წ. “მაზავშიკებთან” მართლსაწინააღმდეგოდ მოგებულ  თანხებს. აღნიშნული თანხების ამოღებისა და შემდგომი გადანაწილების პროცესში “მოგებულებს” ქურდული ტრადიციების მიმდევრები, კერძოდ კი, ვახტანგ ყიფიანი, გიორგი დემეტრაძე, დავით გაგნიძე და დავით ფეიქრიშვილი აქტიურად ეხმარებოდნენ, ხოლო მოგებული თანხის გარკვეული ნაწილი საბოლოოდ “ქურდულ საერთოში” იყრიდა თავს. სწორედ “სავალდებულო თანხის” გადაცემის მომენტში მოხდა დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრების დაკავება. მათი პირადი ჩხრეკისას სამართალდამცავების მიერ 40 700 აშშ დოლარი იქნა ამოღებული.  გიორგი დემეტრაძემ დანაშაული არ აღიარა და ამ დრომდე თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
თაზო კუპრეიშვილი