სამართალი

საპროცესო შეთანხმება “ყინწვისში ამბოხებულების” საქმეზე

21 ივლისი, 2011 • • 1203
საპროცესო შეთანხმება  “ყინწვისში ამბოხებულების” საქმეზე

ყინწვისის მონასტერთან 26 მაისს, გამთენიისას, შეთქმულების ბრალდებით დაკავებული 24 ადამიანის საქმე დასრულდა. დაკავებულთა უმრავლესობამ ბრალი აღიარა და მათთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა.

ყინწვისში 26 მაისს დანარჩენ 23 ადამიანთან ერთად ასევე დააკავეს 1977 წელს დაბადებული კახაბერ თოდაძე, რომელიც თავიდანვე ბრალს არ აღიარებდა, თუმცა, დაკავებიდან ერთი თვის შემდეგ დანაშაულიო აღიარა, რაც პროკურატურამ თანამშრომლობად ჩაუთვალა და საპროცესო შეთანხმებაც გაფორმდა. შედეგად, კახაბერ თოდაძეს სასჯელად 4 წლით თავისუფლების აღკვეთა და 4 წლით პირობითი პატიმრობა შეეფარდა. ამის შესახებ  “ნეტგაზეთს” დაკავებულის ადვოკატმა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციიდან, მიხეილ ღოღაძემ განუცხადა.

დაკავებულებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლის მიხედვით წაუყენეს, რაც გულისხმობს შეთქმულებას ან ამბოხებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად, სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად, ან ხელში ჩასაგდებად, რაც ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე.

მიხეილ ღორაძის თქმით, ის და სხვა ადვოკატები კახაბერ თოდაძის გასამართლებლად მთელი ერთი თვის მანძილზე მტკიცებულებებს აგროვებდნენ. ბრალდებას თავად დაკავებულიც უარყოფდა. ადვოკატის თქმით, თოდაძის მიერ ბრალის აღიარების მიზეზი სასამართლოსადმი უნდობლობა იყო.

„მან რისკზე წასვლას შეღავათების მიღება არჩია,“ – ამბობს მიხეილ ღოღაძე,

მისივე თქმით: „მე, როგორც ადვოკატმა, ეს პიროვნება გამოვკითხე, ცალკე ვესაუბრე ჩვენების მიცემამდე და ასევე, სანამ ხელს მოაწერდა ამ ჩვენებას. მას ავუხსენი, რომ შეეძლო ედავა  და არ იყო ვალდებული, ეღიარებინა დანაშაული. ასევე ვკითხე, ზეწოლას თუ ჰქონდა ადგილი, ფიზკური ზეწოლის შემთხვევაში კი შეგვეძლო ექსპერტიზის საშუალებით ამ ფაქტის დამტკიცება. თუმცა მან განაცხადა, რომ ამას ნებაყოფლობით აკეთებდა. როგორ მოხდა და რა მოხდა, ეს საზოგადოებამ შეაფასოს. უბრალოდ, მას ზეწოლის შესახებ ჩემთვის არაფერი განუცხადებია. დანაშაული დაკავებიდან დაახლოებით 1 თვეში აღიარა.“

ბრალდების მხარის მტკიცებით, 2010 წლის სექტემბერში ნიკოლოზ გოგუაძემ, რამაზ ღვალაძემ, ჯემალ გუნდიშვილმა და სხვებმა გადაწყვიტეს, შეექმნათ მოძრაობა, რომელიც ჩამოაყალიბეს 2011 წლის 11 მაისს და დაარქვეს „ეროვნულ-სარწმუნოებრივი მოძრაობა უფლისა და სარწმუნოებისთვის.“  საბრალდებო დასკვნაში ასევე წერია, რომ აღნიშნულ მოძრაობაში ხელისუფლებაზე განაწყენებული ადამიანები გაწევრიანდნენ და გადაწყვიტეს არაკონსტიტუციური გზით ხელისუფლების დამხობა.

გამოძიების ინფორმაციით, ამ მიზნით ნიკოლოზ გოგუაძე, რამაზ ღვალაძე, ჯემალ გუნდიშვილი და მათი სხვა თანამოაზრეები დანაშაულებრივად დაუკავშირდნენ კახაბერ თოდაძეს და სხვებს. მათი გეგმით კი ხელისუფლების დამხობა უნდა მომხდარიყო შემდეგნაირად: თბილისში სახალხო კრების აქციების ხელისუფლების მიერ დაშლის შემდეგ შეიმქნებოდა ქაოსი, რა დროსაც, გამოძიების ინფორმაციით, ცხინვალის რეგიონიდან შემოვიდოდა 2000-მდე შეიარაღებული, ქართულად მოსაუბრე პირი და ისინი დაიკავებდნენ საქართველოს ხელისუფლების მეირ კონტროლირებად რომელიმე  დასახლებულ პუნქტს და რადიკალურ მოთხოვნებსაც წამოაყენებდნენ.

პროკურატურის ცნობითვე, ბრალდებულები რეგულარულ შეხვედრებს აწყობდნენ თბილისში, ბაზალეთის ქუჩაზე მდებარე ნაქირავებ ოფისში და მოქმედების გეგმებს ადგენდენ. ბრალდების მხარის მტკიცებით, ისინი 24 მაისს გაემართნენ ქარელის რაიონში, ყინწვისის მონასტრისკენ, საიდანაც უნდა შეერთებოდნენ ცხინვალიდან შემოსულ 2000 შეიარაღებულ ადამიანს.   მათი ქმედება კი სამართალდამცავებმა აღკვეთეს.

კახაბერ თოდაძის ადვოკატის, მიხეილ ღოღაძის თქმით, ფატქიურად,  დაცვის  მხარეს სადავოდ არ გაუხდია ის მტკიცებულებები, რაც საქმეში იდო, რადგან ეს თავად განსასჯელის სურვილი იყო. აქედან გამომდინარე, დაცვის მხარეს  კონკრეტულად არ უდავია საქმესთან დაკავშირებით.

„ მტკიცებულებები ფაქტიურად სხვა დაკავებულების ჩვენებებით იყო გამყარებული. იმიტომ, რომ როცა ეს ჯგუფი დააკავეს, ვიღაც-ვიღაცეებმა თავიდანვე აღიარეს დანაშაული და თქვეს, რომ  ვინც აქ ვიყავით, ყველამ ვიცოდით, რისთვის ვიყავით აქო. ანუ, კახაბერ თოდაძის მიმართ ბრალი გამყარებული იყო მოწმეთა ჩვენებებით. ისინი ამბობდნენ, რომ კახაბერ თოდაძემ იცოდა, რომ ჩვენ ვგეგმავდით ამბოხებას. კახაბერ თოდაძისგან არანაირი იარაღი არ ყოფილა ამოღებული, საქმეში ეს არ არის.  ბრალდება აგებული იყო იმაზე, რომ ესენი ელოდებოდნენ მეამბოხეებს, რომლებსაც შემდგომ შეუერთდებოდნენ და გაჰყვებოდნენ ხელისუფლების დასამხობად. თავიდან ჩვენ, ადვოკატები დარღვევად ვთვლიდით იმას, რომ მსჯავრდებულთა დაკავება მოხდა დარღვევით, თუმცა ამაზე დავა შევწყვიტეთ, რადგან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება და არც კი გვიდავია მტკიცებულებებთან დაკავშირებით და არც დაკავების ოქმის კანონიერება არ გაგვისაჩივრებია,“ – ამობს მიხეილ ღოღაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი