სამართალი

სარჩელი „გონივრული ეჭვის“ წინააღმდეგ

13 ივლისი, 2011 •
სარჩელი  „გონივრული ეჭვის“ წინააღმდეგ

ჯერ უცნობია მიიღო თუ არა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ  წარმოებაში სარჩელი,  რომელიც პოლიციის  შესახებ კანონის იმ მუხლს ასაჩივრებს, რომელიც პოლიციელს უფლებას აძლევს გონივრული ეჭვის  საფუძველზე დააკავოს მოქალაქე.  სასამართლომ დასაშვებობის საკითხზე 12 ივლისს იმსჯელა.

განმწესრიგებელი სხდომის, რომელიც გუშინ გაიმართა ბათუმში, გადაწყვეტილება სარჩელის დასაშვებობაზე რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.

სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში მოქლაქეებმა  ლევან იზორიამ  და დავით შუბითიძემ  2010 წლის 27 ოქტომბერს შეიტანეს.

„ჩვენ ვასაჩივრებთ საქართველოს კანონის პოლიციის კანონის მე-9 პრიმა მუხლს, მისი არაკონსტიტუციურობის გამო“–  აცხადებს ლევან იზორია.

ამ მუხლის მიხედვით პოლიციელს გონივრული ეჭვის საფუძველზე შეუძლია შეაჩეროს პიროვნება და აწარმოოს მის ტანსაცმელზე ზედაპირული შემოწმება. მოსარჩელეების განცხადებით, ტერმინი „გონივრული ეჭვი“  არის ძალიან აბსტრაქტული, არაკონკრეტული განმარტება, რაც პოლიციელს სუბიექტური გადაწყვეტილების საშუალებას აძლევს: „იმისთვის რომ ეს გამოირიცხოს და მოქალაქის უფლებაც უზრუნველყოფილი იყოს სამართლებრივად და პოლიციელისაც, კონკრეტულად უნდა იყოს კანონში გაწერილი თუ რა შემთხვევაში შეიძლება გაუჩნდეს პოლიციელს გონივრული ეჭვი, პირის შეჩერებასთან დაკავშირებით“, წერია სარჩელში.

12 ივლისს გამართულ სხდომაზე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელს მაია შუბითიძეს, რომელიც სასამართლოსგან მოითხოვდა რომ არ მიეღოთ სარჩელი არსებითი განხილვისთვის,  მოსთხოვა განემარტა რა პრინციპული სხვაობაა  ტერმინების- „დაკავებასა“ და „შეჩერებას“ შორის?

ამ კითხვის შემდეგ მაია ჯვარშეიშვილმა თავი შეუძლოდ იგრძნო, რის გამოც   მოსამართლემ   შესვენება გამოაცხადა.

შესვენების შემდეგ, მოსამართლეების კითხვებს პარლამენტის მეორე წარმომადგენელი ზურაბ დეკანოიძე პასუხობდა.  მას პასუხების გაცემა მოსამართლე ვახტანგ  გვარამიას კითხვებზე მოუწია: „თუ არც პოლიციელმა იცის რისთვის აჩერებს მოქალაქეს და არც მოქალაქემ იცის რისთვის შეაჩერეს, ამ პროცესის სამართლებრივი აქტი კი არ დგება, მაშინ როგორ უნდა იდავოს მოქალაქემ, თუკი ის ჩათვლის რომ მისი უფლება პოლიციელის მხრიდან დარღვეულ იქნა?“

ამ კითხვას  დეკანოიძე პასუხობს: „როცა მოხდება პირის დაკავება, პოლიციელი მას წარუდგენს თავის თავს და თუკი პირი ჩათვლის რომ მის მიმართ მოხდა უკანონო მოქმედება, შესაბამისად ცნობილი იქნება იმ პოლიციელის ვინაობა ვინც ის შეაჩერა“. მოსამართლე გვარამიამ ზურაბ დეკანოიძის არგუმენტი არადამაჯერებლად მიიჩნია: „ანუ მიდიხარ ქუჩაში პოლიციელი აგაწევინეს ხელებს, გაგჩრეკს და შემდეგ გეტყვის, უკაცრავად შემეშალა, კანონი არაფერს ამბობს დაკავების მიზეზებზე?“.

დეკანოიძემ უპასუხა, რომ მტკიცების ტვირთი შემჩერებელზე, ანუ პოლიციელზე გადადის.

საქართველოს „კანონში პოლიციის შესახებ“  მუხლი, რომელსაც მოქალაქეები საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებენ, პარლამენტმა 2010 წლის შემოდგომაზე დაამტკიცა. მაშინ ეს საკითხი მწვავე დებატების თემა გახდა.

ამავე თემაზე:

ზედაპირული დათვალიერება

მასალების გადაბეჭდვის წესი