შსს “ქართული პარტიის” ოფისში პოლიციის შესვლაზე კომენტარს არ აკეთებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო კომენტარს არ აკეთებს “ქართული პარტიის” ოფისში სამართალდამცავების გუშინდელი შესვლის თაობაზე. ამის შესახებ “ნეტგაზეთს” შსს–ს ადმინისტრაციის უფროსმა შოთა ხიზანიშვილმა განუცხადა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო კომენტარს არ აკეთებს “ქართული პარტიის” ოფისში სამართალდამცავების გუშინდელი შესვლის თაობაზე. ამის შესახებ “ნეტგაზეთს” შსს–ს ადმინისტრაციის უფროსმა შოთა ხიზანიშვილმა განუცხადა.

სამართალდამცავების ჯგუფი “ქართული პარტიის” ოფისში გუშინ, 4 ივლისს, დაახლოებით 21:00 საათზე შევიდა. ეს ფაქტი დაფიქსირებულია პარტიის ოფისის გარეთ და შიგნით დამონტაჟებული ვიდეოსათვალთვალო კამერებით.

“ქართული პარტიის” პრეს–სამსახურის, ლია კამლაძის თქმით, რომელიც პოლიციელების შესვლის დროს პარტიის ოფისში იმყოფებოდა, სამართალდამცავებს ჩხრეკის ორდერი არ წარუდგენიათ და უთხრეს, რომ ეს იყო არა ჩხრეკა, არამედ დათვალიერება. ამ დროს ოფისში არ იმყოფებოდნენ პარტიის ლიდერები.

“ერთ–ერთი ოთახის გასაღები არ გვქონდა და კარი შეამტვრიეს”, – აღნიშნა კამლაძემ. მისივე თქმით, პოლიციის თანამშრომლები პარტიის ოფისში ზურაბ გიგუაშვილს ეძებდნენ.

ზურაბ გიგუაშვილი ირაკლი ოქრუაშვილის დედის ძმაა. რამდენიმე დღის წინ ის სამართალდამცავებმა საქართველო–სომხეთის საზღვართან დააკავეს, მაგრამ დაახლოებით სამ საათში გაათავისუფლეს.  მაშინ გიგუაშვილმა ერთ–ერთ ინტერვიუში აღნიშნული ფაქტის თაობაზე განაცხადა, რომ მას ქვეყნიდან გაუსვლელობის ხელწერილი დააწერინეს:

“დაპატიმრებული არ ვყოფილვარ. ორი დღით პირად საქმეზე მიწევდა საქართველოდან გასვლა სომხეთში. საზღვარზე შემაჩერეს, დაახლოებით სამი საათი დავყავი იქ. რატომ გამაჩერეს და რა მიზეზით, არ მითხრეს. უფრო სწორად, ვერ დამისახელეს მიზეზი. შემდეგ გადამიყვანეს რუსთავის პოლიციის სამმართველოში და მითხრეს, რომ უნდოდათ ჩემთან გასაუბრება… რუსთავში მითხრეს, რაღაც საქმესთან დაკავშირებით, რომელიც გამოძიებას უკავშირდება, საჭიროა, რომ თქვენ არ გახვიდეთ საქართველოდანო… მე უბრალოდ ხელი მოვაწერე ხელწერილს ქვეყნიდან გაუსვლელობის შესახებ”, – განაცხადა მაშინ გიგუაშვილმა.

“ქართული პარტიის” პრეს–სამსახურში აცხადებენ, რომ ისინი არ დაკავშირებიან თავად ზურაბ გიგუაშვილსა და მის ოჯახს, რათა გაერკვიათ, “ქართული პარტიის” ოფისის გარდა, სახლშიც ეძებდნენ თუ არა სამართალდამცავები ოქრუაშვილის ბიძას. პარტიაში არც იმაზე აკეთებენ კომენტარს, დატოვა თუ არა გიგუაშვილმა საქართველოს ტერიტორია.

ზურაბ გიგუაშვილი საზოგადოების ყურადღების ცენტრში პირველად 2008 წელს მოექცა, როდესაც მისი ცემის ფაქტი მაშინდელმა სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა (რომელიც ახლა “ქართული პარტიის” თანათავმჯდომარეა ირაკლი ოქრუაშვილთან ერთად) საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ საანგარიშო მოხსენებაში შეიტანა და რომელიც მოგვიანებით საქართველოში ადამიანის უფლებების შესახებ აშშ–ს 2009 წლის მოხსენებაშიც შევიდა.

“ზურაბ გიგუაშვილი თავდამსხმელების ინტერესის სფეროში თუნდაც იმიტომ შეიძლებოდა ყოფილიყო მოქცეული, რომ ყოფილი თავდაცვის მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის ბიძაა და წარსულში შინაგან საქმეთა ორგანოებში მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა… ზურაბ გიგუაშვილს ცემის დროს ეკითხებოდნენ, თუ რატომ უღალატა მან ვანოს,” – ნათქვამია ომბუდსმენის მაშინდელ მოხსენებაში.

ირაკლი ოქრუაშვილი იმ პერიოდისთვის სხვა პოლიტიკურ გაერთიანებას – “მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის”  ედგა სათავეში. გიგუაშვილის ცემის ფაქტი მაშინ აღნიშნული მოძრაობის ლიდერმა ეკა ბესელიამ გაახმიანა და თქვა, რომ 2008 წლის 10 ივნისს ზურაბ გიგუაშვილი ოთხმა ნიღბიანმა სახლიდან გამოსვლისას დააკავა და თბილისის გარეუბანში წაიყვანა, სადაც ის სასტიკად სცემეს და იქვე დატოვეს. მრავალჯერადი დაზიანებებით გიგუაშვილი მოგვიანებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას სხვა დაზიანებებთან ერთად ნეკნი ჰქონდა გატეხილი. პარტიის წარმომადენლებმა, ასევე, გაავრცელეს ინფორმაცია, რომ თავდასხმელებმა თან წაიღეს გიგუაშვილის ლეპტოპი და მობილური ტელეფონი.

იმ პერიოდში, როდესაც ირაკლი ოქრუაშვილი სააკაშვილის ხელისუფლებაში იმყოფებოდა, ბიძამისი – ზურაბ გიგუაშვილი გორის საგადასახადო ინსპექციის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობდა.

სამართალდამცავების შესვლა ქართული პარტიის ოფისში
სამართალდამცავების შესვლა ქართული პარტიის ოფისში

 

ამავე თემაზე:

სამართალდამცავები «ქართული პარტიის» ოფისში შევიდნენ

12 პარტია: შეწყდეს პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დაკავება და წამება!

ქართული პარტია: დაკავებულები პოლიტიკური ნიშნით



ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნეტგაზეთი