ავტორი: ნინო ჩიჩუა
„თუ მშვიდობის სანაცვლოდ სამართლიანობას დავთმობთ, რანაირი მშვიდობა იქნება ეს?!“ — სვამს კითხვას ალისა კოვალენკო, ჯილდოს მფლობელი უკრაინელი დოკუმენტალისტი კინორეჟისორი და უფლებადამცველი.
მან თავად გამოიარა კონფლიქტთან დაკავშირებული სექსუალური ძალადობა და არის სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ მებრძოლი ორგანიზაციის „SEMA უკრაინისა“ და „ომის დროს სექსუალური ძალადობის დასასრულებლად მსხვერპლთა და გადარჩენილთა გლობალური ქსელის“ აქტიური წევრი.
2022 წელს, რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის შემდეგ, ალისა ომში წავიდა და ფრონტის ხაზზე 4 თვე დაყო, რის შემდეგაც კვლავ კინორეჟისურას დაუბრუნდა. მისი ფილმები ფოკუსირებულია ომზე, სიმტკიცესა და კონფლიქტგამოვლილი ადამიანების გამოცდილებაზე. კოვალენკო არის ავტორი ფილმებისა: „კვალი“, „ჩემი ძვირფასი თეო“, „გოგონა სახლიდან შორს“, „ჩვენ არ გავქრებით“, „ალისა ომის ქვეყანაში“ და სხვა.
ალისა კოვალენკო „ნეტგაზეთთან“ იხსენებს, როგორ აღმოჩნდა რუსულ ტყვეობაში და რატომ გადაწყვიტა ომში წასვლა:
— ყველაფერი 2014 წლის რევოლუციით დაიწყო. ვგრძნობდი, რომ ეს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში მნიშვნელოვანი მომენტი იყო, ამიტომ მაიდანზე რევოლუციის დროს ბევრს ვიღებდი. მას შემდეგ, რაც დონბასში რუსული აგრესია დაიწყო, ჩავთვალე, რომ ამ მოვლენების დოკუმენტირებაც აუცილებელი იყო. წავედი დონბასში და ორი კვირის გადაღებების შემდეგ რუსულ საგუშაგოზე დამატყვევეს.
დამკითხა რუსმა ოფიცერმა, რომელმაც გამაუპატიურა. ტყვეობაში გატარებული ოთხი დღის შემდეგ გამათავისუფლა და მითხრა, მადლობელი ვყოფილიყავი, რომ არ დამხვრიტეს. იმან, რაც იქ გადავიტანე, ძალიან შემცვალა. ასევე ნათლად დამანახა, რა შეიძლება დაემართოს ჩემს ქვეყანას, თუ რუსული აგრესია გავრცელდება. საკუთარ თავს პირობა მივეცი, რომ თუ ეს რუსეთის სრულმასშტაბიან შემოჭრაში გადაიზრდებოდა, საომრად წავიდოდი. ასეც მოვიქეცი, გადავწყვიტე მოხალისეთა ქვედანაყოფში გაწევრიანება. ეს მოხდა 2022 წლის მარტში — დავემშვიდობე ჩემს შვილს და ფრონტზე გავემგზავრე.
— თქვენ იყავით ერთ-ერთი პირველი ქალი, ვინც ხმამაღლა ისაუბრა კონფლიქტთან დაკავშირებული სექსუალურ ძალადობაზე (CRSV) უკრაინაში. თუ იცით, სულ რამდენი ქალი გახდა რუსი ჯარისკაცების მხრიდან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი და მათ როგორ დაარღვიეს დუმილი?
— როდესაც ჩვენების მიცემა დავიწყე, ტყვეობიდან და ძალადობიდან თითქმის ორი წელი იყო გასული. იმ დროსთვის ერთადერთი ვიყავი, ვინც ამ გამოცდილებაზე საჯაროდ საუბრობდა. მოგვიანებით, 2019 წელს, მიმიწვია ტყვეობა და წამებაგამოვლილმა კიდევ ქალმა, ირინა დოვგანმა. ეს იყო დონბასში, წამება და სექსუალური ძალადობაგამოვლილი ქალების პირველი შეხვედრა. სულ 15 ქალი ვიყავით.
ეს იყო მსხვერპლთა პირველი შეხვედრა და დასაწყისი უფრო დიდი მოძრაობისა სტიგმისა და დუმილის წინააღმდეგ, რათა მომხდარიყო მათი აღიარება, ვინც კონფლიქტთან დაკავშირებული სექსუალური ძალადობა გამოიარა. ჩვენ ვიყავით პირველი ქალები, რომლებმაც 2020 წელს ჩვენებები მივეცით გენერალურ პროკურატურას.
შემდეგ სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაიწყო და კონფლიქტთან დაკავშირებული სექსუალური ძალადობა კიდევ უფრო ფართოდ გავრცელდა. ახლა ჩვენს ორგანიზაციაში გვყავს 80 ქალი, 17-დან 78 წლამდე. საერთო ჯამში კი შემიძლია ვთქვა, რომ უკრაინაში 2014 წელს რუსული აგრესიის დაწყებიდან აღრიცხულია 1080 სექსუალურ ძალადობა გამოვლილი, რაც სინამდვილეში მხოლოდ აისბერგის მწვერვალია. ბევრი ადამიანი ჯერ კიდევ დუმს მომხდარის შესახებ, რადგან ეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მიჩუმებული და სტიგმატიზებული სამხედრო დანაშაულია. ამიტომ ჩვენ კვლავ ვცდილობთ, დავუკავშირდეთ მათ, ვინც იზოლაციაში და დუმილშია, მხარი დავუჭიროთ და მოტივაცია მივცეთ, რომ ოფიციალური ჩვენება მისცენ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა სამხედრო დანაშაული იყოს დოკუმენტირებული. ეს აუცილებელია სამართლიანობისთვის და მომავალში რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო ტრიბუნალისთვის.
ამჟამად ძალიან რთულია ზუსტი რაოდენობის დასახელება. ეს მხოლოდ ქალებს არ ეხებათ, არიან კაცებიც. ბევრი მამაკაცია, რომლებმაც სექსუალური ხასიათის წამება გადაიტანეს. რუსები ხშირად აწამებენ კაცებს სასქესო ორგანოებზე ელექტროშოკის გამოყენებით. ამ წამების შემდეგ ბევრ მათგანს შვილის ყოლის შესაძლებლობაც კი აღარ აქვს.
უკრაინელი სამხედრო ტყვეების 90% — როგორც სამოქალაქო პირები, ისე სამხედროები — წამების სხვადასხვა ფორმის, მათ შორის სექსუალური წამების მსხვერპლი გახდა. შემიძლია ვთქვა, რომ სექსუალურ ძალადობაგამოვლილთა რაოდენობა ათასობითაა, ალბათ, 10 000-ზე მეტიც. მაგრამ ზუსტი რიცხვს დასახელება შეუძლებელია, რადგან, მაგალითად, სამხედროების შესახებ სტატისტიკა საიდუმლოა. არსებობს ცალკე გამოძიება სამხედროების და ცალკე სამოქალაქო პირების შესახებ. როდესაც 1080 ადამიანზე ვსაუბრობ, მხედველობაში მყავს მხოლოდ სამოქალაქო პირები 2014 წლიდან დღემდე.
— თქვენ ხართ დოკუმენტური კინორეჟისორი და აგროვებთ ამ ადამიანურ ისტორიებს. შეგიძლიათ გაგვიზიაროთ ისტორია, რომელმაც თქვენზე ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა?
— ჩემთვის ყველაზე საზარელი მეფოდიივნას [ლიუდმილა მეფოდიივნა მიმრიკოვა] ისტორია იყო. ის ჩვენი ორგანიზაციის ერთ-ერთი ყველაზე ხანდაზმული წევრია. ახლა ის 78 წლისაა, ხოლო ომთან დაკავშირებული სექსუალური ძალადობა 75 წლის ასაკში გადაიტანა. ის ხერსონის რეგიონში ოკუპაციაში იმყოფებოდა. ღამით რუსმა ჯარისკაცმა კარზე დაუკაკუნა. როდესაც გაუღო, ჯარისკაცმა მაშინვე იარაღით კბილები ჩაუმტვრია, მუცელი გაუჭრა, ნეკნები ჩაუმსხვრია, სასტიკად სცემა, გააუპატიურა და კალაშნიკოვის ავტომატის ტყვია დაუტოვა „სუვენირად“, რათა ეს დღე ხსომებოდა და არავისთვის მოეყოლა, რაც შეემთხვა.
როდესაც მისი ისტორია მოვისმინე, ვიგრძენი, რომ პირისპირ შევხედე უძირო ბოროტებას. ვერ ვიჯერებდი, მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი, რამდენად სასტიკი შეიძლება იყოს „რუსული სამყარო“, მეფოდიივნას ამბავმა მაინც შოკში ჩამაგდო. ამან მომცა მოტივაცია, შემექმნა დოკუმენტური ფილმი და ეს ფილმი მექცია ადვოკატირებისა და სამართლიანობისთვის ბრძოლის იარაღად. როდესაც ზოგჯერ გვესმის კითხვები ამნისტიის ან სამშვიდობო შეთანხმების შესახებ, სადაც სამართლიანობა მშვიდობის სანაცვლოდ უნდა დავთმოთ, ვკითხულობ: როგორი მშვიდობა გვექნება, თუ სამართლიანობას დავთმობთ? ყოველთვის მეფოდიივნას ისტორიაზე ვფიქრობ და ეს მაძლევს ძალას, გავაგრძელო ბრძოლა სამართლიანობისთვის, გავაგრძელო ადვოკატირება და მხარი დავუჭირო სხვა გადარჩენილებს მათ ბრძოლაში.
— თქვენ თქვით, რომ არ იცით, თქვენი ცხოვრებისეული როლებიდან რომელია ყველაზე მნიშვნელოვანი. მაგრამ თუ შეგიძლიათ გვითხრათ რა არის მთავარი სათქმელი, რომლის მიტანაც გსურთ ადამიანებამდე მსოფლიოში?
— ვფიქრობ, მსოფლიომ უნდა გააცნობიეროს, რომ ომი უკრაინაში არ არის ომი მხოლოდ ტერიტორიებისთვის. ეს არის ცივილიზებული სამყაროს ომი დემოკრატიული ღირებულებების, თავისუფლების გადასარჩენად და მსოფლიოს დასაცავად რუსეთის ამ ბარბაროსული სამყაროსგან. მინდა ხალხმა იგრძნოს, რომ ჩვენ მხოლოდ ჩვენი თავისთვის არ ვიბრძვით, ჩვენ მათ სამყაროსაც ვიცავთ.
ეს ყველაფერი სიკეთესა და ბოროტებას შორის არსებულ მყიფე ბალანსს ეხება. ეს ბალანსი ძალიან სუსტია, განსაკუთრებით ახლა, ამ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, როდესაც ავტოკრატიული რეჟიმები ძლიერდებიან, სადაც ყველაფერი სავსეა მანიპულაციებითა და პროპაგანდით. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია გავიგოთ, რისთვის გვიწევს ყველას ბრძოლა. ხალხი უნდა შემოგვიერთდეს ამ ბრძოლაში და არა მხოლოდ სიბრალული იგრძნოს ჩვენს მიმართ, არამედ მხარდამხარ დაგვიდგეს დემოკრატიული ღირებულებებისა და იმ უკეთესი სამყაროსთვის, რომელშიც გვინდა ცხოვრება.
რადგან, როდესაც ხედავთ ამ ბოროტებას, რუსების მიერ უკრაინაში ჩადენილ სისასტიკეს, ადვილად წარმოიდგენთ, რა შეიძლება მოხდეს ევროპაში, თუ ჩვენ დავეცემით — მთელი ეს ბოროტება აქაც გავრცელდება სხვადასხვა ფორმით. ეს არ ნიშნავს იმას, რომ აქ რუსული ტანკები შემოვა, მაგრამ ჩვენ უკვე ჰიბრიდულ ომში ვართ და რუსეთი უკვე ავრცელებს დიდ გავლენას პოლიტიკურ პროცესებზე. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს გვერდით თანასწორად იდგეთ.
