მომღერალი ნიაზ დიასამიძე „ოცნების“ მიერ ინიციირებულ რუსულ კანონს ეხმაურება და ამბობს, რომ დაპირისპირება უნდა დასრულდეს. არსებული სიტუაციიდან გამოსავალი კი მისთვის მომავალ საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვება იქნება, რაც „ერთი კაცის მმართველობას“ დაასრულებს.
„ერთი მთავარი, რაც მე მგონია, რომ უნდა შევცვალოთ ყველამ ერთად — მაქსიმალურად მინიმალური უნდა გახდეს ერთმანეთის ზიზღი. ეს ხალხი ასეთი ქცევით ამას არ გვაცლის, მაგრამ ჩვენ მაინც ასე მოვიქცევით — გავერთიანდებით, ევროპაშიც შევალთ და რუსეთში არასდროს არ დავბრუნდებით.
გადის დრო და დაპირისპირება აღარასდროს დამთავრდა, ძალიან ცოტანი ვართ იმისთვის, რომ ამხელაზე დაპირისპირებული ვიყოთ. ყველა, ვინც ამას [დაპირისპირებას] ხელს უწყობს, უნდა წავიდეს პოლიტიკიდან და დამთავრდეს. ამიტომ, ახლა არჩევნებია და, რა თქმა უნდა, ოპოზიციამ უნდა გაიმარჯვოს. ეს არის ერთადერთი გამოსავალი, რომ დაბალანსდეს ეს ქვეყანა და დამთავრდეს ეს, ერთი კაცის და პირადი კაცის ხვეჭის გარშემო [დაპირისპირება] აღარ დამთავრდა.
შარშან ხომ ვნახეთ, როგორი აქციები იყო. იმის მერე ერთი წელი გავიდა. რაც ნიშნავს, რომ იმ ახალგაზრდებს ახლებიც შემოემატნენ და ბევრად დახვეწილები არიან დღეს, ვიდრე გუშინ.
ამას ვერ ხვდება ეს ხალხი.
მე მჯერა, რომ ჩვენი ქვეყანა წავა წინ და ყველაფერი იქნება კარგად, მაგრამ ამას დასჭირდება ბრძოლა, ერთად ყოფნა და არდაზარება.
რას ვიზამთ, ცხოვრება ასეთია, ამ ქვეყანაში ასე აღმოჩნდა, რომ 30 წელი გავიდა და იმავეზე ვლაპარაკობთ. ჩვენ რუსეთთან კარგი არაფერი გამოგვსვლია არასდროს და არც გამოგვივა, ეს უნდა გავიგოთ და ვისაც არ ესმის, არ ვიცი“, — ამბობს ნიაზ დიასამიძე.
ნიაზ დიასამიძის კომენტარს ტელეკომპანია ფორმულა ავრცელებს.
- რა ხდება
მმართველმა პარტიამ მიცემული პირობა დაარღვია და ე.წ. რუსულ კანონის ჩაგდებიდან ერთი წლის შემდეგ კანონპროექტს ისევ აბრუნებს. „ქართული ოცნების” მიერ 3 აპრილს დარეგისტრირებულ კანონპროექტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, გასულ წელს „ხალხის ძალის“ მიერ ინიციირებული და საპარლამენტო უმრავლესობის 76 დეპუტატის მხარდაჭერილი კანონისგან განსხვავებით, ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ ჩანაცვლებულია „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით“.
კანონპროექტი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს — „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის”, ხოლო მათ შორის აშშ-ს, ევროკავშირსა და საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის” სტატუსებს მიანიჭებს.
საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმა, აშშ-ის, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ჩათვლით, შეშფოთება გამოთქვეს საქართველოს ხელისუფლების მიერ შარშან „უპირობოდ“ გაწვეული კანონპროექტის ხელახალი ინიციირების გამო.
მსგავსი კანონის მიღებამ რუსეთში სრულად გააქრო დამოუკიდებელი სამოქალაქო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები. დროთა განმავლობაში რუსეთი აღნიშნულ კანონს სულ უფრო ამკაცრებდა და ის ამჟამად ვრცელდება ფიზიკურ პირებსა და ნებისმიერ ადამიანზე, რომელიც რაიმე ფორმით იღებს ფულს დასავლეთისგან.